"ბატონმა მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები, კანონის უზენაესობას ყველა ქართველმა ლიდერმა პატივი უნდა სცეს" - რა შეფასებები გააკეთეს აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე მსჯელობისას - კვირის პალიტრა

"ბატონმა მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები, კანონის უზენაესობას ყველა ქართველმა ლიდერმა პატივი უნდა სცეს" - რა შეფასებები გააკეთეს აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე მსჯელობისას

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობდა. ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეები - ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი.

"საკმარისი არ არის ჩაატარო არჩევნები, რომლებიც აკმაყოფილებს ლეგიტიმურობის ზღვარს, დემოკრატიულ არჩევნებს უნდა ჰქონდეს მყარი მექანიზმები, რათა გადაწყვიტოს უთანხმოება, მექანიზმები, რომლებიც მიჩნეულია სამართლიანად დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის მიერ ,- ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს დემოკრატიულობის გაძლიერების საკითხზე მსჯელობისას განაცხადა.

მან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას კრიტიკული უწოდა და განაცხადა, რომ ამ მდგომარეობის გადაწყვეტა, ან დაუბრუნებს ქვეყანას დემოკრატიულობას, ან გაანადგურებს საქართველოს მიერ წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას.

"დღევანდელი განხილვის მიზანია, რომ მოვისმინოთ ამჟამად არსებული ვითარება საქართველოში, რათა უკეთ გავიგოთ, როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს, მხარი დაუჭიროს არსებული პოლიტიკური ჩიხიდან დემოკრატიულ გამოსავალს. საქართველომ გაიარა გრძელი გზა დროის შედარებით მოკლე პერიოდში, რაზეც, ვფიქრობ, რომ ყველა ვთანხმდებით. ის მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტების დანერგვასა და გაძლიერებაზე, გზა ყოველთვის სწორი არ იყო, მაგრამ საერთო ტრაექტორია ნამდვილად პოზიტიური იყო. მე მქონდა პატივი საქართველოში ჩავსულიყავი სენატორ რიშთან ერთად 2012 წელს, რათა დავკვირვებოდი მათ არჩევნებს, როდესაც "ქართული ოცნება" გახდა მმართველი პარტია. არჩევნები აღსანიშნავი იყო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემით, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და ამ არჩევნების შემდეგ, საქართველოში დემოკრატია ზოგადად გაძლიერდა და გაღრმავდა. საქართველომ, ასევე, გამოხატა მისი სურვილი, რომ შეუერთდეს ევროპულ საზოგადოებას, მან განამტკიცა მისი სურვილი, რომ გახდეს ნატო-ს წევრი, რასაც მე მხარს ვუჭერდი და ვაგრძელებ მხარდაჭერას. და ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც ჩვენ გვსურს ახალი დემოკრატიებისთვის და ამას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა სენატში. მაგრამ, სამწუხაეროდ, ვითარება საქართველოში არის კრიტიკული, რომლის გადაწყვეტაც ან დაუბრუნებს საქართველოს დემოკრატიულ გზას ან გაანადგურებს ქვეყნის მიერ წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას. ეუთო-ს ანგარიშის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, ვციტირებ: " კონკურენტული და ეფექტურად ადმინისტრირებული, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებისა". ის ასევე ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რაც ვთხოვე მე საქართველოს მთავრობას, რომ მიზანმიმართულად გაეტარებინა. საკმარისი არ არის ჩაატარო არჩევნები, რომლებიც აკმაყოფილებს ლეგიტიმურობის ზღვარს, დემოკრატიულ არჩევნებს უნდა ჰქონდეს მყარი მექანიზმები, რათა გადაწყვიტოს უთანხმოება, მექანიზმები, რომლებიც მიჩნეულია სამართლიანად დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის მიერ", - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

"საქართველოში არსებული ვითარებით ერთადერთი მხარე იმარჯვებს და ეს არის რუსეთი, ის სარგებლობს არსებული უწესრიგობითა და ქაოსით და ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრები არიან საპატიმროში, ეს არის რუსეთის გამარჯვება, ყოველი დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია არის ზიანი საქართველოს მოსახლეობისთვის და გამარჯვება რუსეთისთვის".

მისივე თქმით, ამ გარემოების გათვალისწინებით, ის გაოგნებული და იმედგაცრუებულია, რომ საქართველოში პოლიტიკური აქტორები უფლებას აძლევენ კრიზისს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. მან საქართველოში პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდა გვერდზე გადადოს მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და ქვეყნის დემოკრატიულობა განავითარონ.

"ამერიკის შეერთებული შტატები იყო თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობარი და მოკავშირე და ეს დღესაც ასეა, თუმცა ეს ურთიერთობა დამოკიდებულია საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით ვალდებულების შესრულებაზე. უფრო მკაფიოდ რომ ვთქვა, დემოკრატიულობის მიმართ ერთგულება გამოხატული უნდა იყოს ყველა ქართველის მიერ, მიუხედავად იმისა ისინი არიან ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში. იმპერატიულია, რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და იმუშაოს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რათა ამ კრიზისიდან გამონახოს გამოსავალი მოლაპარაკების გზით. ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა უნდა რეაგირებდეს მოსახლეობის სურვილისამებრ, მაგრამ წარმატებული დემოკრატია უნდა ფუნქციონირებდეს და პასუხობდეს მისი მოქალაქეების საჭიროებებს. საქართველოში არსებული ვითარებით ერთადერთი მხარე იმარჯვებს და ეს არის რუსეთი, რუსეთი სარგებლობს არსებული უწესრიგობითა და ქაოსით და ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრები არიან საპატიმროში, ეს არის რუსეთის გამარჯვება, ყოველი დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია, არის ზიანი საქართველოს მოსახლეობისთვის და გამარჯვება რუსეთისთვის. სწორედ ამიტომ, ვარ გაოგნებული და იმედგაცრუებული, რომ ყველა მხარე უშვებს, რომ კრიზისი ამდენ ხანს გაგრძელდეს და დღეს მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები, რათა ამის ნაცვლად უზრუნველყონ საქართველოს დემოკრატიულობის გაძლიერება, იმედი მაქვს, რომ ეს მოსმენა ნათელს მოჰფენს, როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს, დახმარება გაუწიოს თავის მოკავშირე საქართველოს, რომ დააკმაყოფილოს მისი დემოკრატიული ამოცანები", - განაცხადა შაჰინმა.

სენატორ რონ ჯონსონის განცხადებით, საქართველოს და ყველა პოლიტიკური აქტორის ინტერესშია, რომ სწრაფად დასრულდეს დაპირისპირება და ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიულობის მძიმე შრომას.

მისივე თქმით, საქართველო ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითია რეგიონში.

"საქართველო ცდილობს თავი დააღწიოს კორუფციულ მემკვიდრეობას და უბრალოდ ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთის გავლენებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტია -ოპოზიცია და მმართველი პარტია შეთანხმდეს და გაიაზროს, რომ ეს მათ საუკეთესო ინტერესშია, ყველას საუკეთესო ინტერესშია, საქართველოს ინტერესშია, რომ დასრულდეს ეს დაპირისპირება და ქვეყანა დაუბრუნდეს მმართველობის მძიმე შრომას, დემოკრატიულობის მძიმე შრომას. საქართველო ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითია რეგიონში", - განაცხადა სენატორმა ჯონსონმა.

"საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი შემაშფოთებელია", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

მისი თქმით, საქართველომ, აშშ-ის მხარდაჭერით, დემოკრატიის განვითარებას და დამოუკიდებლობას მიაღწია. თუმცა, მან ჯერ კიდევ უნდა იმუშაოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ნორმების გასაძლიერებლად.

"საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი შემაშფოთებელია. ეუთომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შეაფასა, როგორც კონკურენტული, სადაც ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იყო, თუმცა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ბუნდოვანმა ზღვარმა, პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა.

სამწუხაროდ, ოპოზიციის უმეტესმა ნაწილმა, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა,"- აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

მან ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მელიას დაკავებამ კრიზისი კიდევ უფრო დაძაბა.

"ოპოზიციის ლიდერის, მელიას დაკავებამ კრიზისი კიდევ უფრო გააძლიერა. მელიას დაპატიმრება ქართული დემოკრატიისთვის უკანგადადგმული ნაბიჯი იყო", - აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ სიტუაციის დეესკალაცია ვერ მოახერხეს.

"ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი აშშ უნდა იყოს გულწრფელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან, განსაკუთრებით მმართველ პარტიასთან : დასავლეთთან ინტეგრაცია გამოწვევებით სავსე გზაა, რომელიც დემოკრატიული წესების, საერთო ღირებულებების მიმართ აშკარა ერთგულებას მოითხოვს.

საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, გადალახონ ეს კრიზისი. პასუხისმგებლობა, როგორც მარცხზე, ასევე წარმატებაზე მათ ეკისრებათ. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მარცხი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, შეაფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას", - აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რჩება შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში. მისი თქმით, შეერთებული შტატები წლებია საქართველოს მხარს უჭერს რეფორმების გატარებასა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე ეხმარება მას რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვაში, რომელსაც საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ოკუპაციის გარდა საქართველოს წინააღმდეგ კიბერ თავდასხმებსა და დეზინფორმაციის კამპანიას ახორციელებს.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველო რჩება შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს არჩევანს, გახდეს ნატოს წევრი",- აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

"ბატონმა მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები, მოიხსნა ელექტრონული სამაჯური", - ამით მან უპასუხა სენატორ ჯინ შაჰინის შეკითხვას, სჭირდებოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მისი გათავისუფლება იმისთვის, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს.

"კანონის უზენაესობას ყველა ქართველმა ლიდერმა პატივი უნდა სცეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა. მაგრამ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს გამოსავლის პოვნის სურვილი, როგორც მათ გასულ წელს გააკეთეს, როდესაც 8 მარტის შეთანხმებას მიაღწიეს", - განაცხადა ჯორჯ კენტიმ.

მისი თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას ქვეყნის გამო, ვინაიდან, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის.

"მე ვფიქრობ, ჩვენ დავინახეთ გამოკითხვის შედეგებით, რაზე ფიქრობენ და ზრუნავენ ქართველები და ეს არის სამუშაო ადგილები, შემოსავალი, უმუშევრობა, კოვიდპანდემია, სიღარიბე, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს მმართველობის პროცესს და საარჩევნო რეფორმა უნდა განხორციელდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ კარა მაკდონალდმა აღნიშნა.

მისივე თქმით, ორივე მხარე უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა სწრაფად წავიდნენ წინ ინკლუზიური გზით საარჩევნო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით.

"საარჩევნო რეფორმის პროცესი, რა თქმა უნდა, არის მოლაპარაკების ნაწილი და ჩვენ გვჯერა, რომ ქართველების როლია, რომ ფლობდნენ ამ პროცესს. ჩვენ მოვუწოდეთ მათ, რომ ეს იყოს ინკლუზიური პროცესი, გამჭირვალე, ფასილიტირებული, იყოს უკუკავშირი ამომრჩევლებსა და მათ ლიდერებს შორის ყველა მხარეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდეთ ოპოზიციურ პარტიებს, რომ დაეკავებინათ მათი ადგილები. მე ვფიქრობ ჩვენ დავინახეთ გამოკითხვის შედეგებით, რაზე ფიქრობენ და ზრუნავენ ქართველები ამ მომენტში და ეს არის სამუშაო ადგილები, შემოსავალი, უმუშევრობა, კოვიდპანდემია, სიღარიბე, და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს მმართველობის პროცესს და საარჩევნო რეფორმა უნდა განხორციელდეს", - განაცხადა მაკდონალდმა.

"სასამართლო სისტემაში მმართველი პარტიის დომინირება მოიცავს ძლიერი მოსამართლეების მიერ სხვა მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენას და მოსამართლეებზე ზემოქმედების მიზნით, დისციპლინური დაწინაურების და დანიშვნის სისტემის გამოყენებას"

მან ქვეყანაში "დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და ხალხზე ორიენტირებული" სასამართლო სისტემის რეფორმის" აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "სასამართლო სისტემისა პოლიტიზირება და სამართლებრივი დევნა, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევა, ხელს უწყობს დემოკრატიულ დაუცველობას."

"მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული პრობლემები, რომლებიც ვნახეთ სასამართლო სისტემაში არის მაგალითად ის, რომ მოსამართლეების უმაღლეს საბჭოს, რომელიც გავლენას ახდენს სხვა მოსამართლეებზე, დისციპლინარული და დაწინაურების სისტემების გამოყენებით, მას კლანად მოიხსენებენ", -აღნიშნა კარა მაკდონალდმა.

მისივე თქმით, "პატივსაცემი ლიდერების მიმართ მმართველი პარტიის მნიშვნელოვნად გაუარესებული მოპყრობითა და ეროვნული მედიის მზარდი პოლარიზაციით საქართველოს ზიანი ადგება".

"რუსეთის აგრესია გრძელდება, ისინი არ ისვრიან და ომი არ არის, მაგრამ ნამდვილად არის დაშინება, ასევე გრძელდება კიბერ თავდასხმები", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველებს აქვთ ყველა უფლება, ჰქონდეთ პრეტენზია რუსეთის წინააღმდეგ, რადგან რუსეთმა 2009 წლის ომის შემდეგ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო რამდენიმე ინციდენტი, როდესაც ისინი ღობეებსა და მავთულხლართებს ამონტაჟებდნენ არა მხოლოდ ზოგადად ამ შეთანხმებული რაიონების – ოსეთისა და აფხაზეთის სადემარკაციო ხაზზე, არამედ ამ ხაზს წინ წევდნენ. ქართველებს აქვთ ყველა უფლება, ჰქონდეთ პრეტენზია რუსეთის წინააღმდეგ, რადგან რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ აიღო ვალდებულება, რომ მონიტორინგის სრულ წვდომას უზრუნველყოფდა, რასაც არ აკეთებს. მათ ასევე აიღეს ვალდებულება, რომ სამხედრო ძალებს გაიყვანენ ომამდელ პოზიციებზე და ესეც არ შეუსრულებიათ. ქართველები არიან დაკავებულები და იმყოფებიან ციხეში. სწორედ ამიტომ, გვაქვს ჟენევის დისკუსიების პროცესი, სადაც ამ საკითხებს განვიხილავთ. მორიგი რაუნდი ამ კვირაში გაიმართება. ასე რომ, რუსეთის აგრესია გრძელდება. ისინი არ ისვრიან და ომი არ არის, მაგრამ ნამდვილად არის დაშინება. ასევე გრძელდება კიბერ თავდასხმები. რუსეთი აგრძელებს, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ ზეწოლას, კიბერ თავდასხმებს, დეზინფორმაციის კამპანიას და საქართველოს 20 %-ის ოკუპაციას,"- განაცხადა ჯორჯ კენტმა.

"ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს ვერ გაგრძელდება, თუ პროგრესი არ იქნება, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე დახმარებების შეწყვეტა მხოლოდ განიხილება, თუმცა "ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში, რომ პროგრესი გამოჩნდეს".

"ჩვენ საქართველოში 2012 წლის თავდაპირველ არჩევნებზე ვიყავით და უკან ძალიან ოპტიმისტური განწყობებით დავბრუნდით. [მას შემდეგ] ვნახეთ უკუსვლა და როგორც ჩანს, ვითარება არ უმჯობესდება, ის უარესდება. ვიცი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მიმდინარეობს მედიაცია. ორივე პოლიტიკურ პარტიას მტკიცედ მოვუწოდებ დასხდნენ და გამოსავალი მონახონ. თუ ახლა ვერ მონახეს სწორი გამოსავალი, მას ვერასოდეს მონახავენ. მეორეს მხრივ, ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ განიხილება, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში ის, რომ პროგრესი გამოჩნდეს", - განაცხადა სენატორმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას.

სენატორის განცხადებით, ამ ეტაპზე დახმარებების შეწყვეტის კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ მიმდინარეობს.

,,არ ვფიქრობ იმ ეტაპზე ვიყოთ, რომ ვადებზე ვისაუბროთ. ამ ეტაპზე არა", - განაცხადა ჯიმ რიშმა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით იხილეთ ვიდეო: