"ევროკავშირის მედიაციის ჩაშლის აღსანიშნავად მოსკოვში შამპანურსაც კი გახსნიდნენ"
"ახლა მთავარია ქვეყანა გამოვიდეს ამ მართლაც ძალიან რთული და სამარცხვინო ვითარებიდან, რაც აზარალებს საქართველოს განვითარებასა და სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ"
ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის 2-რაუნდიანი მისია ჩაიშალა, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი პასუხისმგებლობა კომპრომისისა და შეთანხმებისთვის.
"ჩვენი დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო... ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა და სამწუხაროა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ გაიზიარა", - განაცხადა დანიელსონმა ქვეყნიდან წასვლამდე. ამას მოჰყვა ჩვენი ევროპელი პარტნიორების არაერთი კრიტიკული შეფასება: "საქართველოს პოლიტიკურმა მხარეებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის მთავარია პოლიტიკური ვაჭრობა და არა ქვეყანა", - განაცხადა "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპის პროგრამების დირექტორმა ჰედერ კონლიმ. ასევე გავრცელდა 7 მაღალი რანგის ევროპარლამენტარის ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც იკვეთება ქვეყნის ევროპული მომავლის მძიმე პერსპექტივა.
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ბევრს გაახსენა ცნობილი სცენა "კავკასიური ცარცის წრიდან", როდესაც ბავშვის გაყოფას ცდილობს 2 ქალი - დედა და ცრუდედა. სამწუხაროდ, დღეს ქვეყნის ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საკუთარი სიჯიუტით დაემსგავსნენ ცრუდედას და მზად არიან ქვეყანა შუაზე გაგლიჯონ. რა არის ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის ასეთი გაჯიუტების მიზეზი და სად არის გამოსავალი, ამ საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი თენგიზ ფხალაძე:
- ბანალური ვითარებაა - ვერ ხერხდება სახელმწიფო ინტერესებზე კონცენტრირება, რაც უპირველესად პოლიტიკური კლასის უმწიფრობაზე მიუთითებს. ამაზე დანიელსონმაც ილაპარაკა. ჩვენ შევეჩვიეთ მხარეების ურთიერთბრალდებებს, ახლაც იგივე ხდება, ერთმანეთს აბრალებენ მოლაპარაკების ჩაშლას. შესაბამისად, ამ ვითარებაში ყველაზე სანდო მედიატორის სიტყვებია, რომელმაც თქვა, მხარეები არ აღმოჩნდნენ კომპრომისისთვის მზად და კომპრომისი უპირველესად ხელისუფლების პასუხისმგებლობააო. სამწუხარო მოსასმენი იყო მისგან, რომ საქართველოში პოლიტიკური ლიდერები არ არიან მზად ეროვნული ინტერესების პარტიულზე მაღლა დასაყენებლად და შეთანხმების მისაღწევად. იმას, რაც ბოლო დროს ჩვენთან ხდება, ევროპულ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.
როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი უფრო მეტად ზრუნავს შენს ქვეყანაზე, ვიდრე აქაური პოლიტიკოსი, ეს ქვეყნის ტრაგედიაა.
ბოლო ხანს დანიელსონისგან და სხვა არაერთი ევროპელი პარტნიორისგან მუდმივად გვესმის, რომ ქართველი პოლიტიკოსები უნდა ზრუნავდნენ საქართველოზე და ხელმძღვანელობდნენ არა პარტიული, არამედ ეროვნული ინტერესით. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკოსებს ამის ახსნა სჭირდებათ, იმ ქვეყნის საქმე კარგად ნამდვილად ვერ იქნება.
ვფიქრობ, ამ მედიაციის ჩაშლით სერიოზული შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან, რაც ცუდია არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ვიმეორებ - ამ პროცესში ჩვენ ნათლად დავინახეთ საქართველოს პოლიტიკური ელიტის სრული უმწიფრობა, მას არ შეუძლია ევროპული სტანდარტებით პოლიტიკური პროცესის წარმართვა. დანიელსონმა, ფაქტობრივად, თქვა, რომ არ აქვს ქართველი პოლიტიკოსების იმედი, მაგრამ დასძინა, რომ ქვეყანაში არის ძლიერი მედია და სამოქალაქო საზოგადოება. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი გადაფურცლავს თავისი ისტორიის ამ საკმაოდ მძიმე ფურცელს.
- ხელისუფლებისთვის წითელ ხაზად იქცა ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა - ვადამდელი არჩევნები, თუმცა იმ პუნქტებში, რაც დანიელსონის დოკუმენტში შევიდა, ამის თაობაზე დაზუსტებული ჩანაწერი არ ყოფილა. იმავდროულად, ჩვენი დასავლელი პარტნიორები გასულ წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევენ. აქედან გამომდინარე, რამდენად შეიძლება სწორი იყოს ოპოზიციის გაჯიუტება ან ამ ვითარებაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ხომ არ წარმოშობს იმის პრეცედენტს, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ დამარცხებული პოლიტიკური ძალები ისევ შექმნიან პოლიტიკურ კრიზისს? - თუ ჩვენ ჰიპოთეზურ საფრთხეზე ვსაუბრობთ, მაშინ პოლიტიკური კრიზისი ყოველთვის შეიძლება შეიქმნას, მიუხედავად იმისა, რა შეთანხმება დაიდება ახლა. ვადამდელი არჩევნებიც იმიტომ იმართება, რომ კრიზისი განიმუხტოს.
რაც შეეხება დანიელსონის დოკუმენტს, რატომღაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იმასაც კი მოელის, რომ ევროკავშირი ან აშშ გვეტყვის, რა უნდა გავაკეთოთ, მაგალითად, დაინიშნოს თუ არა ვადამდელი არჩევნები. არადა, ჩვენმა პარტნიორებმა ნათლად გვითხრეს, რომ ისინი ასე არ მუშაობენ.
ისინი პატივს სცემენ საქართველოს როგორც სუვერენულ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ქვეყანას და მხოლოდ გვეხმარებიან, რომ გონივრულ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ვიღაცამ ის გააკეთოს, რაც ქართველი პოლიტიკური ლიდერების საქმეა, ასეთი რამ არ მოხდება. ეს ვერ გაიგო ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა და ეს არის ქვეყნის უბედურება. ჩვენი პოლიტიკოსები ბევრს ლაპარაკობენ ქვეყნის ევროპულ მომავალზე, მაგრამ რა არის ევროპული პოლიტიკა, წარმოდგენა არა აქვთ. დანიელსონი სათითაოდ ხვდებოდა ყველას, ისმენდა თითოეულის აზრს და აქედან გამომდინარე შეადგინა მოლაპარაკების ის პუნქტები, რომლებიც მოცემულია დოკუმენტში და რაზეც მხარეებს, მისი აზრით, შეეძლოთ შეთანხმება.
ის, რომ უცხოელი მომლაპარაკებელი გვჭირდება, დიდი პრობლემაა, მაგრამ უცხოელი რომ გვეუბნება, ქართველებო, სამშობლო გიყვარდეთ და ეროვნულ ინტერესებზე იზრუნეთო და ამის მერეც არ ვათხოვებთ ყურს, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ. ამიტომაც მას შემდეგ, რაც ხელი ავუკარით ევროკავშირს, მივედით ევროპარლამენტართა იმ წერილამდე, რომელშიც უკვე სხვა კილოთი გველაპარაკებიან - გვაფრთხილებენ, რომ თუ პოლიტიკური კრიზისი არ აღმოიფხვრა, მალე საქართველოსთან შეიძლება ვეღარ გაგრძელდეს ძველებურად ურთიერთობა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა მოელის ქვეყანას. სამწუხაროდ, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, კარგი არაფერი. ცუდია, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ამაზე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს...
ახლა მთავარია ქვეყანა გამოვიდეს ამ მართლაც ძალიან რთული და სამარცხვინო ვითარებიდან, რაც აზარალებს საქართველოს განვითარებასა და სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
- დანიელსონმა კი დაგვიბარა, კიდევ ჩამოვალო, მაგრამ თქვენ ელით მედიაციის გაგრძელებას და თუ ეს მოხდა, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მოლაპარაკების ახალი რაუნდი? - ის, რომ დასავლეთი ამ პროცესში უფრო ქმედითად ჩაერთვება, ეჭვი არ მეპარება. ველი, რომ გააქტიურდება ამერიკა, ის მეტად იქნება წარმოდგენილი მომავალ მოლაპარაკებაში. ამასთანავე, ცნობილია, რომ სენატი მუშაობს რეზოლუციის პროექტზე. კარგი იქნებოდა, საქართველოსთან დაკავშირებულ სხვა ტიპის რეზოლუციაზეც ემუშავა, მაგრამ ჯერ ასეთია რეალობა...
რაც შეეხება დანიელსონის კიდევ ერთხელ ჩამოსვლას, მედიატორი ჩამოდის მაშინ, როდესაც ხედავს, რომ აზრი აქვს მის მედიაციას და მხარეები ხვდებიან, რომ მოლაპარაკება საჭიროა. ისიც კი მოვისმინეთ ხელისუფლების ზოგიერთი წევრისგან, მოლაპარაკება აღარ გაგრძელდებაო. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მხარეები მიხვდნენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოლაპარაკება და შეთანხმება ქვეყნისთვის. ამაში ხელისუფლების პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია. სწორედ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს პასუხისმგებლობას და არა პრივილეგიას. დანიელსონის მისია რომ გაგრძელდეს, საჭიროა შეიქმნას სათანადო ნიადაგი - ან პოლიტელიტა, ბოლოს და ბოლოს, თვითონ გადადგამს პირველ ნაბიჯს, ან საკმაოდ მტკივნეული პროცესის გავლით მოუწევს შეთანხმების მიღწევა. ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება. ეს ქვეყნისთვის აუცილებელია.
- "მტკივნეულ პროცესზე" მინიშნება ნათლად გამოჩნდა ევროპარლამენტართა განცხადებაში, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირთან ჩვეულ ურთიერთობას. ევროპარლამენტი არ გამორიცხავს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების საკითხის გადახედვასაც, მათ შორის ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერების საკითხსაც. "ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. საქმე შეეხება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალს", - გვაფრთხილებენ ევროპარლამენტარები. - ნამდვილად მძიმე განცხადებაა. სამწუხაროდ, ისევ იქამდე მივდივართ, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს ვერ გაუცნობიერებიათ საკუთარი პასუხისმგებლობა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე რითაც ეს ქვეყანა მოვიდა, ამათი უპასუხისმგებლობით ინგრევა. იმედია, გააცნობიერებენ საკუთარ მოვალეობას ქვეყნის წინაშე და ქედმაღლური ლაპარაკის ნაცვლად ჩვენ ვნახავთ სახელმწიფოებრივ მიდგომებს.
- ხელისუფლების წევრებისგან ასეთი რამეც მოვისმინეთ, ამ განცხადებას 7 ევროპარლამენტარი აწერს ხელს, ამ სტრუქტურას კი გაცილებით ბევრი პირი წარმოადგენსო. - ეს უმეცრების ან უტიფრობის კიდევ ერთი ნიმუშია. ვისაც პოლიტიკაში იმის ახსნა სჭირდება, თუ ვინ არის ის 7 ევროპარლამენტარი, კიდევ უფრო ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. სწორედ ისინი ქმნიან ამინდს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხში. მათ სიტყვას და შეფასებას დიდი წონა აქვს. ჯობს იმ მძიმე პერსპექტივაზე დაფიქრდეს ყველა, თუ იძულებული გავხადეთ ჩვენი პარტნიორები მართლაც იფიქრონ ქვეყნისთვის სანქციების დაწესებაზე.
- როგორც ევროპელებმა, ისე ამერიკელებმა არაერთხელ თქვეს, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. იბადება კითხვა, ამ პროცესში ხომ არ მონაწილეობენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ისეთი ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად, უცხო ქვეყნის ინტერესების გამო იქცევიან ასე, რათა დასავლეთს ჩააქნევინონ ხელი საქართველოზე და ის რუსეთს დარჩეს საბურთაოდ. - ჩვენს პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით პოზნერის ჩამოსვლის შემდეგ, გაახსენდათ ქართველი კლასიკოსები, მაგალითად, ვაჟა, მე კი ალექსანდრე ყაზბეგის პერიფრაზით გიპასუხებთ: გულს არ სჯერა, რომ ამ მიწა-წყლის შვილი ადგება და ასე უღალატებს ქვეყანას და გაყიდის... მირჩევნია, რაც ხდება, ეს დავაბრალო უჭკუობას და არა მოღალატეობას. ის, რომ აქ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, განსაკუთრებით რუსეთის, აქტიურად მუშაობენ, ეს ვარაუდი კი არა, მოცემულობაა. უბრალოდ, პოლიტიკური ლიდერების ვალია, რომ ეს საფრთხე გაანეიტრალონ და არა ის, რომ საკუთარი ქმედებებით, ნებსით თუ უნებლიეთ, მტრის წისქვილზე ასხან წყალი. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის მედიაციის ჩაშლის აღსანიშნავად მოსკოვში შამპანურსაც კი გახსნიდნენ ისეთი საჩუქარი მივართვით ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, რაზეც ძნელად იოცნებებდნენ.
- რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებში მედიაციის ჩაშლით გამოწვეული სიხარული აშკარად ჩანდა. მეტიც, ისე წარმოაჩენდნენ მომხდარს, როგორც ევროკავშირის უნიათობის მაგალითს. სხვათა შორის, ამ აზრის გატარებას ქართული სოცქსელებითაც ცდილობენ, რაშიც აშკარად გამოჩნდა ჰიბრიდული ომის ნიშნები. - ეს უბრალოდ ნიშნები კი არ არის, ეს არის ფართომასშტაბიანი ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი დიდი ხანია უკვე აწარმოებს. საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ჰიბრიდული ომის წარმოების ყველა საშუალებას და ჩვენ იმდენი ჭკუა უნდა გვეყოს, რომ ამას ხელი არ შევუწყოთ.
გვახსოვდეს, რუსეთის ამოცანაა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მოსპობა. მთელი რუსული საგარეო ნარატივი ამას ემსახურება. როდესაც ისინი ელაპარაკებიან ევროკავშირსა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს, ეს დგას ერთ გზავნილზე: რა ჯანდაბად გჭირდებათ საქართველო, შეუმდგარი ქვეყანა, რომელიც ვერასდროს გახდება ჭეშმარიტი ევროპული სახელმწიფოო
და ჩვენ პოლარიზაციის გაღრმავებით და კრიზისის ამ დონემდე მიყვანით მხოლოდ და მხოლოდ ამის არგუმენტებს ვაძლევთ კრემლს, მის თამაშს ვთამაშობთ. ქვეყანა გვეშლება თვალწინ და არაფერს ვაკეთებთ...
როდესაც ვლაპარაკობ უპასუხისმგებლობასა და უმწიფრობაზე, მხოლოდ ხელისუფელებას არ ვგულისხმობ. უმწიფარია მთელი პოლიტიკური სპექტრი, უბრალოდ, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აკისრია. ბოლო სოციალური კვლევები გვიჩვენებს, რომ ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად პოლიტიკური კლასი შორდება საზოგადოებას. ნახეთ, როგორ ქვეითდება პოლიტიკური ძალების რეიტინგები. ერთი უბედურება ის არის, რომ პოლიტიკოსები შორდებიან ხალხის განწყობასა მოთხოვნებს და მეორე ის, რომ პოლიტიკოსები არც კი ცდილობენ ვითარების რამენაირად განმუხტვას. ჩვენ ვართ მოცემულობაში, ხელისუფლება მიცემულია თვითკმაყოფილებას, რადგან სხვა პარტიებთან შედარებით მეტი რეიტინგი აქვს. ის ვერ ხედავს საზოგადოებაში უკმაყოფილების ზრდას;
მეორე მხრივ ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი რეიტინგი, მაგრამ საკუთრ შესაძლებლობებზე მისი წარმოდგენა ჰიპერბოლიზებული და უკიდურესად გადაჭარბებულია. შედეგად პოლიტიკური პროცესი სრულიად აცდენილია რეალობას. მგონი, ერთხელ ვთქვი თქვენს გამოცემასთან და გავიმეორებ - პოლიტიკოსთა ნაწილს ისევ 2012 წელი ჰგონია და ისევ სისხლიან 9 წელზე ლაპარაკობენ, მეორე ნაწილს კი 2003 წელი ჰგონია და რევოლუციას ელის. ორივე პოზიცია და სცენარი ირეალურია...
- ხმაურიანი გამოდგა ცნობილი რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტი... - ამას ვიზიტს ვერ დავარქმევ. ეს იყო ჩამოსვლა რესტორანში, უფრო სწორად, დუქანში - სწორედ ასეთი დამოკიდებულება გამოჩნდა. აქ "საგრიალოდ" ჩამოვიდნენ, არც გაითვალისწინეს, რა ჰქონდათ მანამდე საქართველოზე ნათქვამი და არც ჩვენი კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვები.
არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი პასპორტი აქვს პოზნერს, რუსული, ფრანგული თუ ამერიკული, დიახ, სამივე ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? საქართველოს შეურაცხმყოფელმა ადამიანმა, ვისი მოქალაქეც უნდა იყოს, უნდა მიიღოს ამ შეურაცხყოფაზე პასუხი. იმაზე ამოფარება, რომ ის ამერიკული პასპორტით ჩამოვიდა და ამიტომ შემოვუშვითო, ძალიან უსუსური არგუმენტია.
ამბობენ, რომ პროტესტი იყო გადაჭარბებული, რასაც ვერ გავიზიარებ. პროტესტი იყო აბსოლუტურად სამართლიანი და სწორი. მაგრამ რატომ მივიდა ეს ხალხი აქამდე? აი, ამაში ძალიან დიდია ისევ და ისევ ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
- უკრაინაში შექმნილ ურთულეს ვითარებაზეც უნდა გკითხოთ. ამ ქვეყნის საზღვრებთან რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების თავმოყრას, უკვე ლაპარაკობენ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის განახლებაზე. - რუსეთი ცდილობს აჩვენოს, ვინ არის ამ რეგიონში მთავარი მოთამაშე. ის ხედავს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ მსოფლიოში სხვა დღის წესრიგი ყალიბდება და ცდილობს მაქსიმალურად გაიმაგროს პოზიცია და არ დათმოს ის ქვეყნები, რომელთაც კრემლში საკუთარ უკანა ეზოდ მიიჩნევენ. ის ახლა ვა-ბანკსა და შანტაჟზე მიდის. რუსეთი სარგებლობს, რომ ევროკავშირი დაკავებულია შიდა პრობლემებით, მათ შორის პანდემიით და მიიჩნევს, რომ კარგი დროა ძალის საჩვენებლად, ითამაშოს ემოციებზე და იქნებ ამით გადარჩეს დამატებითი სანქციების დაწესებას. რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას გარდაქმნისა და ნორმალური პოლიტიკის წარმოების რესურსი არა აქვს. ის ერთადერთ გზად ხედავს შეიარაღებული ძალის დემონსტრირებას. ასე რომ, შავის ზღვის რეგიონი ტურბულენტურ ზონაში შედის. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოც ამ დიდი თამაშის ნაწილია და ამან უფრო უნდა დაგვაფიქროს იმაზე, რა ელოდება ქვეყანას, რომელსაც ასეთი პოლარიზაციისა და დაპირისპირების ჭაობისკენ მიაქანებენ პოლიტიკოსები.