ძმისგან ჩარიცხული თანხა და მეუღლის წილი შპს-ში - რა ქონებას ფლობს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა - კვირის პალიტრა

ძმისგან ჩარიცხული თანხა და მეუღლის წილი შპს-ში - რა ქონებას ფლობს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა

41 წლის კახა კუჭავა პარლამენტმა 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე 27 აპრილს აირჩია. კუჭავა "ქართული ოცნების" დეპუტატი 2016 წელს გახდა. თავდაპირველად მას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა, ხოლო 2019 წლის ნოემბერში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო, "ქართული ოცნებიდან" რიგი წამყვანი დეპუტატების წასვლის შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მან დეპუტატის მანდატი მმართველი პარტიის პროპორციული სიით მიიღო და კვლავ ვიცე-სპიკერის პოსტი დაიკავა.

საკანონმდებლო საქმიანობამდე კუჭავა მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე კერძო სექტორში, მათ შორის - საკონსულტაციო, საინვესტიციო და სამთო-მოპოვებით დარგებში.

კახა კუჭავამ 2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, ხოლო 2003 წელს დიდი ბრიტანეთის ნოტინგემ ტრენტის უნივერსიტეტში მოიპოვა კორპორაციული სამართლის მაგისტრის ხარისხი.

საქართველოს 41 წლის პარლამენტის თავმჯდომარეს 36 წლის მეუღლე ჰყავს. კახა კუჭავას ცოლი ელიზავეტა (ლიზა) ოსმინინა მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა. იგი ცნობილი ბლოგერია და "ინსტაგრამის" საშუალებით საქართველოს უწევს პოპულარიზაციას. წყვილს სამი შვილი ჰყავს: 12 წლის ელენე, 9 წლის ნიკოლოზი და 5 წლის ანა.

რა ქონებას ფლობს პარლამენტის თავმჯდომარე 2021 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით?

კახაბერ კუჭავა ფლობს 2011 წელს 75,000 დოლარად შეძენილ ბინას (75,96 კვ.მ) თბილისში. საანგარიშო პერიოდში მას "თიბისი" ბანკის სახელფასო ანგარიშზე ერიცხებოდა 2575,99 ლარი, ხოლო ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 279,85 ლარი, "საქართველოს ბანკის" ანგარიშზე დარიცხული თანხის ოდენობამ 474,89 ლარი, ხოლო "საქართველოს ბანკის" ანაბარზე დარიცხული თანხის ოდენობამ 0,64 დოლარი შეადგინა.

პარლამენტის წევრობისთვის ანაზღაურების სახით დაერიცხა 77 962,61 ლარი.

2020 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯისა და შემოსავლის ჩამონათვალში მითითებულია, რომ კახაბერ კუჭავას 2015 წელს აღებული 20,000 დოლარის სასესხო ვალდებულება აქვს, ამასთანვე, მის საბანკო გადასახადებში შედის 2018 წლის 29 ოქტომბერს აღებული "საქართველოს ბანკის" იპოთეკური სესხის - 70,000 დოლარის საბანკო ვალდებულება, რომლის დასაფარად აღნიშნულია 2033 წლის 25 ოქტომბერი და  აღნიშნული სესხისთვის მან გაიღო ხარჯის სახით 6285,24 დოლარი.  დეკლარაციაში მითითებულია, რომ  კახაბერ კუჭავას ძმამ ჩაურიცხა 3000 ლარი.

სხვა მონაცემები უძრავი ან მოძრავი ქონების ფლობის შესახებ, კახაბერ კუჭავს მიერ 2021 წლის 31 იანვარს შევსებულ დეკლაციაში არ არის ასახული.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის ქონებას, რაც დეკლარაციის შევსების მომენტისთვის არის მითითებული, ასე გამოიყურება: ელიზავეტა ოსმინინას დანაზოგის სახით ჰქონდა 4000 დოლარი. იგი არის შპს "მაისითი თბილისის" 100% წილის მფლობელი. ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით ოსმინინამ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიიღო 7708,19 ლარი.

იხილეთ ასევე: "პოლიტიკოსს მომავალი მეუღლე ერთი ნახვით მოეწონა" - ვინ არის პარლამენტის თავჯდომარის რუსი მეუღლე, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა

(სპეციალურად საიტისთვის)