"შეხედეთ, ბოკერიამ თავის თავს რა დამართა, დამლაგებელი აღარ დარჩა პარტიაში"
შეხედეთ, ბოკერიამ თავის თავს რა დამართა, დამლაგებელი აღარ დარჩა თავის პარტიაში - მტერს დაემართა ის, რაც ბოკერიას პოლიტიკურად დაემართა, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
როგორც ელისაშვილი აცხადებს, საქმეების გარჩევა და იწილო-ბიწილო უკუშედეგის მომტანია.
"ერთმანეთის საქმეების გარჩევა, იწილო-ბიწილო უკუშედეგის მომტანია. ბუმერანგია, რომელიც განგრევს. თუ ვინმეს აინტერესებს, შეხედეთ, ბოკერიამ და "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის თავს რა დამართა. დამლაგებელი აღარ დარჩა თავის პარტიაში.
ძალიან სასაცილოა, გუშინ შეიკრიბა "ევროპული საქართველო" და გადავწყვიტეთ ჩვენი პარტია პარლამენტში არ შევაო, როგორ უნდა შევიდნენ პარლამენტში?! მანდატი არ აქვთ. ვისაც მანდატი ჰქონდა "ევროპული საქართველოს" სახელით ყველა პარლამენტში შევიდა. რას უცხადებს "ევროპული საქართველო" ბოიკოტს?! მე რომ ვთქვა, ჩემი ფეხი არ იქნება კონგრესში, ან საფრანგეთის პარლამენტს უცხადებს პარტია "მოქალაქეები" ბოიკოტს, ხო ყველა სიცილით მოკვდება?! ვინ შედის? ბოკერიას მანდატი არ აქვს, მეტი ვინღა დარჩა იქ? დამლაგებელი აღარ დარჩათ", - აღნიშნავს ელისაშვილი.
კითხვაზე, როგორ აფასებს პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ როგორც ერთპარტიული პარლამენტია ცოდო, ისევე ცოდო საყურებელია ერთპარტიული ბოიკოტი, ელისაშვილი დასძენს, რომ ის უგულავაზე კომენტარს არ გააკეთებს.
"გიგი უგულავა არარაობა არის, რომელზეც არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. მტერს დაემართა ის, რაც ბოკერიას პოლიტიკურად დაემართა. ასე დაემართება ყველას, ვინც ხალხის რეალურ პრობლემებს არის აცდენილი, მარტო ამრევი რომ ხარ, ურევ, ურევ და ურევ, კი ნიჭიერი ამრევია, მაგრამ ეს ფუჭი ქმედებები ბუმერანგია, რომელიც აქეთ განგრევს. ხომ დაენგრა? ყველას ყველაფერს ურევდა. მთაწმინდის არჩევნებიდან მოყოლებული, მაბრალებდა ამას ითხოვდა, იმას ითხოვდაო. ხომ გამოჩნდა, ვინ იყო ამრევი. მინდოდა ყველაფერი ნორმალურად ყოფილიყო, ამ ხალხთან არაფერი გამოდის. ცოდვა მადლი ხო იცით, ურმით დადისო, წამოეწია ის ურემი და თავზე დაემხო ყველაფერი. ეს ყველასთვის მაგალითია",- აღნიშნავს ელისაშვილი.
ამასთან, გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას, სადაც ის აღნიშნავს, რომ "მოქალაქეები" პარლამენტში შეთანხმების დოკუმენტამდე შეიპარნენ, ელისაშვილი აცხადებს, რომ შეხვდეს მას გიგი უგულავა, შემდეგ კი "ანახებს ვინ საიდან შეიპარება და გამოიპარება".
"ერთი სადმე შემხვდეს უგულავა, ვინ სად შეიპარა მაგას ვანახებ, ვინ საიდან შეიპარება და გამოიპარება. ეს მექრთამე არარაობა. "ქართულ ოცნებას" რა ვუთხარი, მაგის ციხიდან გამოშვება იქნებოდა?! კაცი, რომ 50 მლნ-ს მოიპარავს, 3 წელიწად ნახევარი რომ მხართეძოზე იკოტრიალებს, იმის ციხიდან გამოშვება შეიძლება. დაბერებული და თავჩაქინდრული უნდა გამოსულიყო", - აღნიშნავს ელისაშვილი.
მან "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ერთი სული აქვთ პარლამენტში შემოვარდნენ".
"გაბანძებულები არიან. რაზეც ჩვენ გვლანძღავდნენ, იმას აკეთებენ ახლა. დაყენებული სახეებით გამოდიან და "არა, პარლამენტში თუ შევალთ, ქუჩა გამორიცხულია" ისეთ რაღაცებს იძახიან, რასაც ჩვენ თვეების განმავლობაში ვეუბნებოდით და ყური არ გვიგდეს. ბოკერიას რომ იყვნენ აყოლილები, იმიტომ არიან გაბანძებულები და თავჩაქინდრულები, ვითომ არ იმჩნევენ, "იქ წავალთ, აქ წავალთ". ჩვენ რაზე გვლანძღეს, ან რა ნამუსით შემოდიან იქ?! დარჩნენ ქუჩაში და იყვნენ, ხომ მაგრები არიან?! 15 მაისის აქციაზე ხომ გამოიყვანეს ათი ათასობით კაცი", -აღნიშნავს ელისაშვილი.
"ინტერპრესნიუსი"