"პულსზე გვიჭირავს ხელი, ვართ თავდაჯერებულები" - კობახიძე IRI-ის კვლევის შედეგებზე - კვირის პალიტრა

"პულსზე გვიჭირავს ხელი, ვართ თავდაჯერებულები" - კობახიძე IRI-ის კვლევის შედეგებზე

ყოველი არჩევნების წინ ქვეყნდება ხოლმე ასეთი კვლევები და ეს ხდება სპეკულაციების საფუძველი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენი პროგნოზი მართლდება ხოლმე - პულსზე ხელი გვიჭირავს, აქედან გამომდინარე, ვართ თავდაჯერებულები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და ამით, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ახალ კვლევას გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, როგორც თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვება, ასევე დედაქალაქის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება,“ როგორც წინა არჩევნების დროს, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც გაიმარჯვებს.

„თქვენ გახსოვთ, რომ ყოველი არჩევნების წინ ქვეყნდება ხოლმე ასეთი კვლევები და ეს ხდება სპეკულაციების საფუძველი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენი პროგნოზი მართლდება ხოლმე, წინა შემთხვევაშიც ასე მოხდა, საპარლამენტო არჩევნების დროს, მანამდეც ასე ხდებოდა. ამასობაში, რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო 6 სხვადასხვა მსხვილი არჩევნები. ამ შემთხვევაშიც, ძალიან კარგად ვიცით, რა არის დღევანდელი მდგომარეობა, ჩვენ გვაქვს ამაზე ინფორმაცია - პულსზე ხელი გვიჭირავს. აქედან გამომდინარე, აქაც ვართ თავდაჯერებულები.

რაც შეეხება თვითმმართვლობის არჩევნების შედეგებს, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მოგება და ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა. იგივე თბილისის მაგალითზეც რომ ვთქვათ, ყველა არის დარწმუნებული, რომ კახი კალაძე მოიგებს დედაქალაქის მერობის არჩევნებს,თუმცა, მას სჭირდება ძლიერი გუნდი და უმრავლესობა საკრებულოში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელოვანს ვანიჭებთ, როგორ მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არჩევნებს, როგორც მაჟორიტარული კუთხით, ასევე პროპორციული სისტემით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შეკითხვაზე: რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები ტარდებოდეს, ხმები ასე გადანაწილდა: "შრომის პარტია - შალვა ნათელაშვილი" -3%; "გირჩი, მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე" - 2%; "სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე - 2%; "ლელო - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე" - 2%, "პატრიოტთა ალიანსი" - 2%; "მოქალაქეები" - 2%; "ერი- ლევან ვასაძე" - 1%; "ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია" - 1%; "ხალხისთვის - ანა დოლიძე" - 1%; "დროა" - ელენე ხოშტარია 1 %; "გირჩი" - 1%; სხვა პარტიები - 1%. პასუხი "არ ვიცი" აირჩია - 20%-მა, პასუხზე უარი განაცხადა -7 %-მა.

"ინტერპრესნიუსი"