"აშკარაა, რომ ვითარება რუსეთის­ სასარგებლოდ მომწიფდა" - რატომ გაახსენდათ კრემლში "გეორგიევსკის ტრაქტატი" - კვირის პალიტრა

"აშკარაა, რომ ვითარება რუსეთის­ სასარგებლოდ მომწიფდა" - რატომ გაახსენდათ კრემლში "გეორგიევსკის ტრაქტატი"

"მმართველი გუნდის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი ხელისუფლება არ აჰყვება რუსულ თამაშს, მაგრამ პოზიციის შესანარჩუნებლად მყარი საერთაშორისო გარანტია და დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო, რასაც ვერ უზრუნველყოფს მმართველი გუნდის ბოლოდროინდელი ნაბიჯები..."

"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავზე რუსეთი შეეცადა მორიგი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივის შეთხზვას ე.წ. ახალი რეალობისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ", - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ბიკანტოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი თბილისთან ურთიერთობის აღსადგენად მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ არსებობს არანაირი პარალელური რეალობა, საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო სამართალი ერთიანია რუსეთის აგრესიული ქმედებების, ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიის პროცესის პირისპირ.

"წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი სახელი დაარქვა 2008 წლის აგვისტოს ომს და დაადგინა სამართლებრივი ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ძალა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო, პასუხისმგებელია უშუალოდ ომის დროს და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და ხაზი გაუსვა 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მიერ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ზალკალიანის უწყების განმარტებით, ცინიკური და სრულიად მიუღებელია სოციალურ მედიაში რუსეთის საგარეო უწყების მიერ "გეორგიევსკის ტრაქტატის" საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული კომენტარი, რადგან რუსეთმა სწორედ ამ შეთანხმების დარღვევით დაიწყო საქართველოს ტერიტორიების ანექსია. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, რუსეთი რეალურად "ტრაქტატი-2"-ის გაფორმებას გვთავაზობს. ამასთან, განცხადების კონტექსტში იკითხება მუქარა, რომ ეს არის წინადადება "რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება". როგორია რუსეთის ზრახვები, გაართმევს თუ არა თავს ამ ახალ გამოწვევას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი და რა პოზიციას დაიკავებს დასავლეთი, ამ საკითხებზე ანალიტიკოსი გიორგი გობრონიძე გვესაუბრება:

- რუსული ვერსია ასეთია: ქართლ-კახეთის მეფესა და რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ს შორის დაიდო ტრაქტატი, რომლის მიხედვითაც ქართველებმა ვაღიარეთ რუსეთის სუვერენიტეტი და საქართველომ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გაერთიანება, რუსეთმა კი განმტკიცება კავკასიაში. "გეორგიევსკის ტრაქტატის" რა მოგახსენოთ, მაგრამ საქართველოს ცალკეული პოლიტიკოსის მიმართვას კი ძალიან საინტერესოდ ემთხვევა. ვგულისხმობ "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვას. რუსეთის ფედერაციის ინტერესი სამხრეთ კავკასიასა და სახელდობრ, საქართველოში გარკვეულია. საქმე მარტივადაა, მოსკოვი ცდილობს უფრო გააძლიეროს პოტენციალი, რომელიც რეგიონში ყარაბაღის მეორე ომის წყალობით შეიძინა. მართალია, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსეთ-თურქეთის კონკურენცია გამწვავდა, მაგრამ ამასთანავე, მოხდა ის, რაც აქამდე არ ყოფილა - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები არიან. ფაქტობრივად, რეგიონის სამივე ქვეყანაში არიან რუსეთის შეიარაღებული ძალები: სომხეთში - სამხედრო ბაზაა, აზერბაიჯანში - სამშვიდობოები, საქართველოში - საოკუპაციო ძალები. რუსული გეოპოლიტიკური აზროვნების პარადიგმიდან გამომდინარე, კრემლი რეგიონში მხოლოდ "რბილი ძალით" ყოფნას წარმატებად არ თვლის. ე.წ. სამხედრო ყოფნა რუსებისთვის უპირატესობის განცდა და ჰეგემონიის უმნიშვნელოვანესი საზომია. შესაბამისად, კრემლი ცდილობს განბლოკოს კომუნიკაციები, რაც საშუალებას მისცემს კავკასია ეკონომიკურად მიიბას, და მეორე მხრივ, გახსნას გზები ახლო აღმოსავლეთისკენ, ანუ ირანისკენ, და ასევე თურქეთის გავლით, სირიისა და ერაყისაკენ.

ყურადსაღებია რუსეთის აზრი ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე. კრემლი არ ცნობს საქართველოსთან კონფლიქტის არსებობას. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, როდესაც ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობა აღიარეს, განაცხადეს, რომ "სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებს მოჰყვა ომი, რაც დასრულდა ორი ახალი სახელმწიფოს წარმოქმნით. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში გაჩნდა ახალი რეალიები". ესე იგი, კრემლის ხედვით, სამხრეთ კავკასიაში არსებობს არა სამი, არამედ ხუთი სახელმწიფო.

საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალები კი, მათი ვერსიით, განთავსებულია ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, სუვერენული აფხაზეთისა და სუვერენული ცხინვალის ტერიტორიებზე. კრემლი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ერთი ჯარისკაციც არა ჰყავს და შესაბამისად, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება შესრულებულია. ირწმუნება, რომ ინციდენტი ამოწურულია, საქართველოსთან გასაყოფი აღარაფერი აქვს, რადგან "სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმი" აღარ არსებობს და რეგიონში სტაბილური ვითარებაა. ამიტომ მზად არიან თანამშრომლობისთვის.

კრემლის ვერსია ასეთია: რუსეთს საქართველოსთან კონფლიქტი არა აქვს. ქართველები ცალმხრივად წყვეტენ ურთიერთობას და ამწვავებენ ვითარებას. იმას, რასაც რუსები სუვერენული სახელმწიფოს შექმნას უწოდებენ, ჩვენ სავსებით სწორად აღვიქვამთ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციად, რომელიც ეთნიკური წმენდის საფუძველზე მოხდა. რაც შეეხება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, რუსეთმა არათუ არ შეასრულა, ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს რეგიონში ვითარების დეესკალაციისათვის. მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების მეორე პუნქტი, ძალის გამოყენებაზე ორმხრივად უარის თქმა. ძალის გამოყენებაზე უარი უნდა თქვას რუსეთმაც და არა მარტო ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა. შესაბამისად, რუსული შეიარაღებული ძალები უნდა დაუბრუნდნენ პირვანდელი დისლოკაციის ადგილებს.

კრემლმა ასევე უგულებელყო ტვირთების მონიტორინგის შესახებ ხელშეკრულება, რის სანაცვლოდაც ჩვენ ხმა მივეცით რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებას.

- რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის საქართველოსთან ურთიერთობის იმ დონეზე დასალაგებლად, რა დონისთვისაც მზად არის საქართველო...

- რუსეთი გვეუბნება, რომ თუ ქართველები ვისაუბრებთ ფრენების აღდგენასა და სხვა საკითხებზე, ამ საკითხებზე იმსჯელებენ - ანუ გვთავაზობს ცხინვალისა და აფხაზეთის საკითხის ფრჩხილებს გარეთ გატანას და სხვა საკითხებზე საუბარს. თუ ამ წინადადებას გავიზიარებთ, შეიქმნება განცდა, რომ რუსეთი კონსტრუქციული და პატიოსანი მოთამაშეა. თუმცა რეალობა ხომ ასეთი არ არის? ნახეთ, როგორი ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონებში - ყოველდღიურად მძიმდება ჰუმანიტარული ვითარება და ეკონომიკური გარემო. უმძიმესია ეთნიკურ ქართველთა უფლებრივი მდგომარეობა. 2018 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ქართველები მეორეხარისხოვან ადამიანებად გამოაცხადეს. მათ არა აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ეკონომიკური აქტივობისა და თავისუფლად გადაადგილების უფლება. მეტიც, ამ წლების განმავლობაში ვიღებდით მკაფიო გზავნილებს, რომ ქართველის სიცოცხლეს ფასი არა აქვს. ამის ნათელი მაგალითია ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და კვარაცხელიას საქმეები. ამასთან, რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალთან 2015 წლიდან აფორმებს ისეთ ხელშეკრულებებს, რომელთა საშუალებით ეს ტერიტორიები სრულ ანექსიას ექვემდებარება. ამ დროს კი გვეუბნებიან, რომ მზად არიან ურთიერთობის აღსადგენად. სინამდვილეში რუსეთი მზად არ არის ურთიერთთანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ტერიტორიების ურღვევობის პრინციპების დაცვისთვის.

- შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების პასუხები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე ადეკვატური იყო. ჩვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ რუსულ-ქართულ დიპლომატიაში არსებობს წითელი ხაზები და ეს ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს. თუმცა, მზად ვართ იმ გამოწვევისთვის, რაც შესაძლოა რუსეთის ამ განცხადებებს მოჰყვეს? - რუსეთი ნიადაგის მოსინჯვას ცდილობს - თუ საქართველოსთან მოახერხებს დიალოგის დაწყებას, აუცილებლად შექმნის სამშვიდობო პროცესის იმიტაციას და დასავლეთსაც მიანიშნებს, ქართველებს ისედაც ველაპარაკებით და თქვენი ჩარევა საჭირო აღარ არისო. მით უმეტეს, ბოლოდროინდელი მოვლენების გამო დასავლეთში ქართველების ნდობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, თუნდაც მმართველი გუნდის მიერ შარლ მიშელის ხელშეკრულების ანულირების გამო. ვერც ოპოზიციამ გაამართლა დიდად დასავლელი პარტნიორების ნდობა - "ნაცმოძრაობამ" სერიოზული პრობლემა შექმნა იმით, რომ შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. ყველა ეს მოვლენა ერთმანეთთან კავშირშია. პოლიტიკური პოლარიზაციის, დაქსაქსულობის, სახელმწიფოებრივი ხედვების უქონლობის გამო ძალიან გაგვიჭირდება ეროვნული ინტერესების დაცვა.

- იმ მოვლენებს, რამაც პოლარიზება და დაპირისპირება გამოიწვია, რუსეთი მართავდა? - გამიჭირდება ამის მტკიცება. ეს შეთქმულების თეორიას დაემსგავსება, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ ვითარება რუსეთის სასარგებლოდ მომწიფდა. ახლა რუსეთი შეეცდება ხელისუფლებასთან დაალაგოს სიტუაცია. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ღია საარჩევნო გზავნილებში ასეთი შინაარსის განცხადებებიც ხომ მოვისმინეთ? ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვისო. ამას გამოეხმაურა მოსკოვი, მაგრამ მმართველმა გუნდმა არაფერი გააკეთა. თუ მოსკოვი მოახერხებს და საქართველოს პარლამენტში 15%-მდე გაზრდის, მათი შეფასებით, ევროსკეპტიკურ, ჩვენი შეფასებით კი პრორუსი დეპუტატების რიცხვს, ეს კრემლისთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება.

- როგორ ფიქრობთ, მმართველი გუნდი აჰყვება რუსულ თამაშს? - მათი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლება არ აჰყვება რუსულ თამაშს, მაგრამ პოზიციის შესანარჩუნებლად მყარი საერთაშორისო გარანტია და დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო, რასაც ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს მმართველი გუნდის ბოლოდროინდელი პოლიტიკური ნაბიჯები. ჩემი დაკვირვებით, "ოცნება" ცდილობს ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამ დროს ისეთ შეცდომებს უშვებს, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ინტერესების დაცვას. სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ ამ კონკრეტული ხელისუფლების პრობლემა. ასეთივე პრობლემა ჰქონდა ყველა ხელისუფლებას ჩვენი 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში. ჩვენი პოლიტიკური კლასის პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფოს განვითარების გრძელვადიანი ხედვა არა აქვს, ყველაფერი დაიყვანება იმაზე, რომ თავად იყვნენ ხელისუფლებაში.

- ამიტომაც აღარ აქვს ამ პოლიტიკურ კლასს საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა და ახალი ძალის ჩამოყალიბებას ელის. - მე არ ვფიქრობ, რომ ხალხი მესამე ახალ პოლიტიკურ ძალას ელოდება. ჩემი აზრით, საქმე გვაქვს პოლიტიკურ აპათიასთან, რომელიც ძალიან საშიშ ნიშნებს შეიცავს. დიახ, პოლიტიკური აპათიის ნიშნები კარგად ჩანს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 70%-ში. საზოგადოება ვერ ხედავს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც რეალურად შეუძლია ქვეყანაში რაიმეს შეცვლა.

- საშიშ ნიშნებში რას გულისხმობთ? - როგორც წესი, ამგვარი აპათია ძალიან ცუდად მთავრდება სახელმწიფოსთვის. მაგალითად, დაწყებული დესტაბილიზაციით, დამთავრებული სახელმწიფო გადატრიალებითა და ხელისუფლებაში უცნაური ძალის მოსვლით. ამის კარგი მაგალითია ირანი, სადაც შაჰის პოლიტიკურმა რეჟიმმა განგრძობადი აპათია გამოიწვია და შედეგად ხელისუფლებაში ისლამისტური რეჟიმი მოვიდა. ჩვენთანაც ყველაფერია მოსალოდნელი, თუ პოლიტსპექტრი არ მოეგება გონს.

ხათუნა ბახტურიძე