"არც ერთი ქვეყნის პროდასავლური ხელისუფლება ანალოგიურ შემთხვევაში ასეთ გზას არ დაადგებოდა" - კვირის პალიტრა

"არც ერთი ქვეყნის პროდასავლური ხელისუფლება ანალოგიურ შემთხვევაში ასეთ გზას არ დაადგებოდა"

"წლებია უკვე ვამბობ, რომ საინფორმაციო უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში ზღუდეები სრულად მოშიშვლებულია. ხელისუფლებას რუსული პროპაგანდის წინაშე ფაქტობრივად, კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, რაც მიზანმიმართული პოლიტიკის შთაბეჭდილებას ტოვებს", - ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.

"როცა "ქართული ოცნების" პოზიციის მოტივაციაზე ვლაპარაკობთ, ამას რამდენიმე ასპექტი აქვს, თუმცა უმთავრესი მაინც ისაა, რომ ეს გზა "ქართულმა ოცნებამ" ორ ცუდ არჩევანს შორის მისთვის ნაკლებად უარესის პრინციპით აირჩია - ან უნდა დაეთმო სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლი, რაც, როგორც ჩანს, მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ან დაეკარგა ევროკავშირის კეთილგანწყობა. როგორც ჩანს, დაასკვნეს, რომ პირველი "ოცნების" ძალაუფლებისთვის გაცილებით საშიშია, მეორე არჩევანი კი დასავლელი პარტნიორების შეშფოთება-აღშფოთებას გამოიწვევდა, ასევე მოკლევადიან პერიოდში ფინანსური მხარდაჭერის დაკარგვას. საბოლოოდ, ეს გზა უფრო ეიოლათ.

აქვე გავიხსენებ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის საყურადღებო განცხადებას, აშშ გაითვალისწინებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ფინანსური დახმარება აღარ სჭირდებაო. უფრო გასაგებად თუ ვთარგმნით, ეს ნიშნავს, რომ ფინანსური დახმარების შეწყვეტას უნდა ველოდოთ აშშ-ისგანაც. კიდევ ერთი მოტივი ხელისუფლების ამ ნაბიჯისა არის ისიც, რომ წინასწარ იცოდნენ, ევროკავშირი ამ დახმარებაზე უარს ეუბნებოდა, რაც წინასაარჩევნოდ არ აწყობდათ. მიიჩნიეს, რომ ეს "ქართული ოცნების" ამომრჩეველზე ნეგატიურად იმოქმედებდა და დაასწრეს ევროკავშირს და თვითონ გამოაცხადეს, არ გვჭირდება ფინანსები და უარს ვამბობთო.

დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი ქვეყნის პროდასავლური ხელისუფლება ანალოგიურ შემთხვევაში ასეთ გზას არ დაადგებოდა. შეეცდებოდა სხვა ფორმები მოენახა საკუთარი ინტერესების დასაცავად, როგორც ძალაუფლების, ისე იმიჯის შენარჩუნების მიზნით. ეს მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ "ქართული ოცნებისთვის" პროდასავლური გზა არ არის ორგანული არჩევანი.

- ცხადია, შექმნილი ვითარებით სარგებლობას ცდილობს რუსეთი. არ დააყოვნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებამაც, მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად მზადააო.

- დიახ, კრემლი კარგად გრძნობს იმ იმპულსებს, რაც საქართველოდან მიდის. ამის პასუხია ლავროვის განცხადებაც. ფაქტობრივად, ფართოდ გაუღეს კარი საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენას, თუმცა ლავროვმა ისიც თქვა, ეს არ უნდა ხდებოდეს დასავლეთთან თამაშის ჭრილში აშშ-ისა და ევროპისგან მეტი ბენეფიტის მისაღებადო.

- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარის თქმას გაუგებარი ნაბიჯი უწოდა. "გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა, ანალიზს ვერ უძლებს. რამხელაც უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც "კოვიდმა" მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და რის შემცირებასაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული სესხი 75 მილიონი ევროს ოდენობით", - განაცხადა მან.

- პრეზიდენტი საკმაოდ ხისტი და მკაცრი იყო. ბევრი ამბობს, რომ მან ამგვარი მკვეთრი პოზიციის გამოხატვა დააგვიანა და ასეც არის, მაგრამ ქვეყნისთვის სახის შენარჩუნებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ. სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ღიას ტოვებს დიალოგის დერეფანს დასავლეთთან ურთიერთობაში, რაც ასე აუცილებელია. რამდენად სტაბილური იქნება ის ამ მისწრაფებაში, რამდენად შეძლებს საქართველოს ხელისუფლების მზარდი ანტიდასავლური ნაბიჯების შემთხვევაში კვლავაც ასეთი პრინციპული პოზიციის გამოხატვას ან როგორ გაუძლებს, თუ მასზე ისეთივე მასირებული შეტევა დაიწყო "ქართულმა ოცნებამ", როგორც გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში მოხდა, ამას დრო გვიჩვენებს.

თუ მომავალ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებლად გაიმარჯვა, მივიღებთ უფრო აგრესიულ "ქართულ ოცნებას", მით უფრო მან აშკარად აჩვენა, რომ დასავლეთის აზრის გათვალისწინებას დიდად აღარ აპირებს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდგომ დასავლეთთან ურთიერთობის დალაგება სცადონ კიდეც. ისეც არ არის, რომ "ოცნება" ვერ აცნობიერებდეს დასავლეთის ფინანსური დახმარების მნიშვნელობას.

ნიშანდობლივი იყო პრეზიდენტის აქცენტი ავღანეთში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების საჭიროებაზე. მან თქვა, ახლა განსაკუთრებით გვჭირდება უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები და დასავლეთის მხარდაჭერაო, რაზეც საქართველოში ნაკლებად ფიქრობენ.

ამაზე დიდად არც ხელისუფლება ნერვიულობს და არც ოპოზიცია, რომელიც, პირდაპირ ვიტყვი, ამ ქვეყნის დამატებით თავსატეხად იქცა.

ყოველივეს ფონზე უაღრესად საინტერესოა ბაიდენის ადმინისტრაციის ახალი დოქტრინა. ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არის სახეცვლილება ტრამპის ხედვისა - ამერიკა უპირველეს ყოვლისა! აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლებაც იმ პოლიტიკას აგრძელებს, რომ აშშ აღარ ჩაერიოს იმ ქვეყნების შიდა საქმეებში, რომლებსაც თვითონ არ სურთ ცვლილებები და ტრანსფორმაცია. ავღანეთიდან გამოსვლა ჯო ბაიდენმა სწორედ ამით ახსნა.

ეს ყველაფერი ჩვენთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ავღანეთი საქართველოს ანალოგად არ გამოდგება, თუნდაც იმიტომ, რომ ფინანსურად სად ავღანეთში გაწეული ხარჯი და სად საქართველო, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ დღევანდელ საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და უკეთესი სახელმწიფოს აშენების მოსურნეთა რიცხვი ძალიან შემცირებულია, განსაკუთრებით პოლიტელიტაში.

აქვე დავსვამდი ერთ შეკითხვას - რაში დაიხარჯა ის მილიარდები, რომელიც აშშ-მა და ევროპამ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლისთვის ჯერ კიდევ გახარიას პრემიერობის დროს მისცეს? რამე ეტყობა ქვეყანას, რომ ამდენი თანხა დაიხარჯა კორონავირუსთან ბრძოლაში? ლოგიკურად, ეს თანხები უპირველესად ვაქცინების შეძენას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ ამ პროცესმა ძალზე დაიგვიანა და დღეს ასეთი მძიმე მდგომარეობა სწორედ ამიტომ გვაქვს. რეალურად ხომ გახარია ისევეა პასუხისმგებელი დღევანდელ უმძიმეს ვითარებაზე, როგორც დღევანდელი ხელისუფლება. საინტერესოა, რატომ არ ითხოვს ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას იმის გასარკვევად, რატომ არ დაიწყო დროულად ვაქცინაცია? სად წავიდა მილიარდები?! ოპოზიციას აზრადაც არ მოსდის მსგავსი ინიციატივით გამოსვლა ან უბრალოდ, არ აინტერესებს. არადა, ქვეყნის თავდაცვის ხაზი დღეს სწორედ პანდემიასთან ბრძოლაზე გადის.

ჩვენისთანა ქვეყანასთან ურთიერთობის გაგრძელებისა და მისი დახმარების სურვილი აშშ-ს რატომ უნდა ჰქონდეს? - ამ კითხვაზე, როგორც წესი, პასუხია, რომ აქვს სტრატეგიული ინტერესი ჩვენს რეგიონში, მაგრამ მსოფლიოში არაერთი მაგალითი ვიცით, როცა აშშ დიქტატორებსა და ავტორიტარებთან სტრატეგიული ინტერესების კვეთისას მშვენივრად თანამშრომლობდა. ისმის კითხვა, აქვს კი აშშ-ს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესი ამ რეგიონში, რომ ამდენ რამეზე დახუჭოს თვალი? (იხილეთ სრულად)