"მთავრობა ჩვენ უნდა გვემსახუროს და არა - საკუთარ თავს... საქართველოში თანამდებობას ეჩვევიან და შინ წასვლა აღარავის უნდა, თუ ძალით არ გააგდებენ"
"იცით, ყველაზე მეტად რა მაკვირვებს? - ქართველები სოციალური პრობლემების გამო ქუჩაში რატომ არასდროს გამოდიან და არ აპროტესტებენ"
2 ოქტომბრის არჩევნები ახლოვდება და ჩვენს ქვეყანაში ვნებათაღელვა თანდათან იმატებს: პარტიები და პოლიტიკოსები ცდილობენ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვონ, ქართველი საზოგადოება კი, ორ პოლუსად არის გაყოფილი: ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილებების დროა, მეორე ნაწილი კი - სიმშვიდის და სტაბილურობის მომხრეა.
მსახიობ ეკა ნიჟარაძეს დღევანდელი სიტუაციის შეფასება ვთხოვეთ:
- ქალბატონო ეკა, როგორი განწყობით ელოდებით მომავალ არჩევნებს, რას შეცვლის ის ჩვენს ცხოვრებაში?
- რას შეცვლის, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა ერთი რამ ცხადია: ჩვენს სამშობლოს ჰაერივით სჭირდება წესიერი, პატიოსანი ადამიანები, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და ვისაც მასზე გული შესტკივა. ვინც აცნობიერებს, თუ როგორ უჭირს დღეს ჩვენს ხალხს და რა უკიდურესი მდგომარეობაა ამ ქვეყანაში, არ შეიძლება, ცვლილებებს არ ემხრობოდეს. იცით, ყველაზე მეტად რა მაკვირვებს? - ქართველები სოციალური პრობლემების გამო ქუჩაში რატომ არასდროს გამოდიან და არ აპროტესტებენ. მე არ მახსოვს, ჩვენთან სოციალურ თემებზე მიტინგი ან სერიოზული აქცია ჩატარებულიყოს. მაგალითად: ბუნებრივი აირის ფასი რომ გაზარდეს, ხმა არავის ამოუღია. ახლა გარეთ სითბოა და გადასახადებში ნაკლებს ვიხდით, მაგრამ ზამთარში რას ვაპირებთ?! რატომღაც, ჩვენი მოსახლეობა აუტანელი სიდუხჭირის გამო პროტესტს არ გამოთქვამს და ეს მაშინ, როცა მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები სოციალურ პრობლემებს ყოველთვის აპროტესტებენ.
- იქნებ, იმიტომაც არის ჩვენი ხალხი ღარიბი, რომ გაჭირვებას ეგუება და მშვიდად იტანს?
- შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
- მიუხედავად რთული სიტუაციისა, ბევრი ფიქრობს, რომ მხოლოდ სიმშვიდე და სტაბილურობა გადაგვარჩენს - როგორია თქვენი აზრი ამაზე?
- რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ როცა სტაბილურობაზე ლაპარაკობენ, ასეთ რამეს გულისხმობენ: ჯანდაბას, იყოს რაც არის, შეჩვეული ჭირი ყველაფერს ჯობიაო... მე მგონი, ასე არაფერი გამოვა! ჩემი აზრით, ქვეყანაში ყველაფერი რადიკალურად უნდა შეიცვალოს. ვერ გეტყვით, ვინ იქნება შემცვლელი, უკეთესი იქნება თუ უარესი, მაგრამ ამ ეტაპზე ცვლილებები საჭირო და აუცილებელია. ამ ვითარებაში ცხოვრება უკვე გაუსაძლისია და საერთოდ, მე იმის მომხრე ვარ, მთავრობა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იცვლებოდეს. მოწინავე ქვეყნებში ასე ხდება და ეს ტრადიცია ჩვენც უნდა გადმოვიღოთ. განვითარებულ ქვეყნებში მთავრობებს არჩევნების გზით, მშვიდობიანად ისტუმრებენ. აქ კი, სკამს და თანამდებობას ეჩვევიან და შინ წასვლა აღარავის უნდა, თუ ძალით არ გააგდებენ.
- ყოველთვის ასე რატომ ხდება საქართველოში?
- იმიტომ, რომ თვითონ მშვენივრად ცხოვრობენ, გადასარევად არიან და ქვეყანაში რა ხდება, ხალხი როგორ ცხოვრობს, წარმოდგენაც არ აქვთ, ან - აქვთ და არ აწუხებთ, რაც კიდევ უარესია! მთავრობა ჩვენ უნდა გვემსახუროს და არა - საკუთარ თავს, როგორც აქ ხდება. ამიტომ ეს ამბავი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს: მთავრობა უნდა გადავირჩიოთ და შინ გავისტუმროთ არჩევნების გზით და სიხარულით, რადგან არჩევნები ყველა ქვეყანაში ერთგვარი დღესასწაულია, რატომღაც, ჩვენთან იქცევა ხოლმე ჯოჯოხეთად. რომ ვაკვირდები, თავიდან ყველა მონდომებულია, ერთი-ორი წელი საქმეს მართლა აკეთებს, მერე კი, დუნდება და პრივილეგიებს და სკამებს ეჩვევა. ამიტომ ვამბობ, რომ მთავრობა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, საქართველოშიც უნდა იცვლებოდეს. ისინი ხომ ჩვენზე არიან დამოკიდებული, რადგან ჩვენი გადასახადებით არსებობენ? ამიტომ, როგორც კი დავინახავთ, რომ მთავრობა ჩვენზე აღარ ზრუნავს, მაშინვე უნდა შევცვალოთ.
- ბოლო წლებში ხალხის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან ლარი გაუფასურდა და ხელფასები ყველას შეუმცირდა.
- სამწუხაროდ, ასე მოხდა, მაგრამ ხელისუფლების გარდა ხელფასი ვინმეს მოემატა? - არა. ჩემ ირგვლივ, მაგალითად, არავის მომატებია. ჩვენს პრობლემებზე არავინ ფიქრობს. მაღაზიებში რომ შევდივარ და ფასებს ვნახულობ, მიკვირს ხალხი როგორ არსებობს. ამას ხომ ცხოვრება არ ჰქვია - ადამიანი იძულებულია, მარტო იმაზე იფიქროს, ოჯახს რა აჭამოს და შვილები როგორ გამოკვებოს. ჩემზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ ხომ ვხედავ, ჩემ ირგვლივ ადამიანები როგორ ცხოვრობენ, რამდენ რამეს იკლებენ და რა სიდუხჭირეში არიან? ბაზარში შეხვალ და ხალხი აღარ დადის, მყიდველი არავინაა. ხილს ისეთი ფასი ადევს, გეგონება, ციმბირში ვცხოვრობთ და არა - საქართველოში - მადლიან მიწაზე, სადაც ყველაფერი ხარობს და ყვავის. ზოგჯერ მიკვირს, როგორ ვახერხებ და ოპტიმიზმს როგორ ვინარჩუნებ, მაგრამ რაღაცნაირად მჯერა: 2 ოქტომბრის არჩევნებით საქართველოში და ჩემი ხალხის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება.
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)