"ბოლო 9 წლის განმავლობაში ხომ მუდმივად იყო ამგვარ ჩანაწერებზე ლაპარაკი. ვინმე დაიჭირეს ამისთვის და აგებინეს მკაცრად პასუხი? რაღაც არ მახსენდება"
"მეგის ქარდავას ამ პრეცედენტმა, ვფიქრობ, შიში გააჩინა იმათ შორის, ვინც ჯერ კიდევ ახერხებენ პასუხისმგებლობისგან გაქცევას"
გასული კვირის მთავარ სკანდალად იქცა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფარული ჩანაწერები, რომლებმაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. 3000-მდე დოკუმენტი, ძირითადად, სასულიერო პირების სატელეფონო საუბრებსა თუ მიმოწერას შეიცავს. ბუნებრივად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს სუს-ის მიყურადება-თვალთვალის შედეგად დაარქივებული მასალაა, რომელმაც ღია სივრცეში გაჟონა. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იყო მოლოდინი, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვლებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" მმართველობის დროსაც არაერთხელ ვნახეთ, როგორ იყენებდნენ ფარულ ჩანაწერებს პოლიტიკური მიზნებით. ახლაც, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ბინძური მეთოდებით წინასაარჩევნო ბრძოლასთან. სწორედ ამ მტკივნეულ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:
- რაც მოხდა, აბსოლუტურად, მიუღებელი და ბურუსით მოცული პროცესია. გამომძიებლები არა ვართ, რომ გავერკვეთ იმ წინააღმდეგობრივ ინფორმაციაში, რაც ვრცელდება. ისმის უამრავი შეკითხვა, ვინ აწარმოებდა ამ ფარულ მოსმენებს? პირველი, სავარაუდო პასუხი ამ კითხვაზე არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ამგვარ მიყურადებასა და ჩანაწერების დასაწყობებას ეწეოდნენ არა მარტო სახელმწიფო უწყებები.
თუ ეს ჩანაწერები სუს-მა გააკეთა, ჩნდება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა - არსებობდა თუ არა სასამართლოს განჩინება თუ მიყურადება უკანონოდ ხდებოდა?
თუ სუს-ი ასეთი ორგანიზებული უწყებაა, ახერხებს ასეთ მასშტაბურ თვალთვალსა და მიყურადებას, როგორ მოხდა, რომ ამხელა ინფორმაცია გასაჯაროვდა? მოკლედ, არის კითხვების მთელი კომპლექსი, რომელზეც პასუხები არა გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარ პროცესებზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. მან უნდა გაარკვიოს, რა ხდება, რა სქემასთან გვაქვს საქმე და პასუხი აგებინოს ყველა დამნაშავეს.
დღეს ტექნოლოგიები ისეთ დონეზეა განვითარებული, არ გამოვრიცხავ ამ პროცესში ჰაკერების ხელს და არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მონაწილეობას. თანაც ეს ხომ პირველად არ მოხდა. წინა პერიოდს რომ თავი დავანებოთ, ბოლო 9 წლის განმავლობაში ხომ მუდმივად იყო ამგვარ ჩანაწერებზე ლაპარაკი. ვინმე დაიჭირეს ამისთვის და აგებინეს მკაცრად პასუხი? მე რაღაც არ მახსენდება.
დღეს ამგვარი ჩანაწერების გასაჯაროება რომ "ქართული ოცნების" ინტერესში არ შედის, ცხადია. ისიც აშკარაა, რომ ამის გამოყენებას ცდილობს ოპოზიცია, მაგრამ უნდა ითქვას უმთავრესი - ეს არის ფართომასშტაბიანი შეტევა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომესაც ერთადერთი მიზანი აქვს - ქვეყანაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის გამოწვევა. ეს თუ ქვეყანაშია გაკეთებული, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ
არ შეიძლება შენი ქვეყნის წინააღმდეგ ასე მუშაობდე, არ შეიძლება საკუთარი ვიწრო ინტერესების გამო სახელმწიფო ინტერესებს აზარალებდე, მით უფრო, რომ ასეთი ტიპის სვლები, ვფიქრობ, დიდ პოლიტიკურ მოგებას არავის მოუტანს. ამომრჩეველი აღარ არის ისეთი მიამიტი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ნანახი ბინძური თამაში ისევ ბრმად დაიჯეროს.
ეს ყველაფერი უკვე არაერთგზის ვნახეთ. მთელი ქვეყანა დეჟავიუს სინდრომით ცხოვრობს.
- როგორც თქვენც ბრძანეთ, უკვე შევეჩვიეთ ამ არასწორ, ამორალურ პოლიტიკურ თამაშებს, ქართული პოლიტიკური ელიტის მოქმედებებში რატომ არ იცვლება არაფერი? ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ელიტა უფრო და უფრო დეგრადირდება... - აბსოლუტურად სწორია თქვენი შეფასება. გაგიგიათ, ალბათ, ასეთი ნათქვამი, ქართველებს ამბიციები დიდი გვაქვს და შესაძლებლობები პატარაო. აქედან გამომდინარეც არის, ალბათ, რომ ადამიანები პოლიტიკაშიც ნოვატორულს ვერაფერს აკეთებენ.
დღევანდელ საარჩევნო კამპანიებს რომ დავაკვირდეთ, ორად ორ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ფსონი ერთმანეთის ლანძღვა-გინებასა და შეურაცხყოფაზე არ არის დადებული. ეს არის კახა კალაძის და გიორგი გახარიას საარჩევნო კამპანიები. დანტე ალიგიერი დღევანდელ პროცესებს რომ ადევნებდეს თვალს, ჩვენს პოლიტიკოსებს, ალბათ, მე-8 და მე-9 წრეში მოათავსებდა. გაგახსენებთ, მე-8 წრეში არიან მატყუარები, მე-9-ში კი მოღალატეები.
მოდი, ვიკითხოთ, როგორ წარმოიშვა ქართველი პოლიტიკური ელიტა.
ჩვენ ხომ კომუნისტური დროიდან მოვდივართ, როდესაც პოლიტიკაში, ძირითადად, მიდიოდნენ პირები, რომლებიც პარტიული კარიერით ცდილობდნენ ცხოვრების მოწყობას. შემდეგ გაჩნდა ოპოზიცია, რომლისკენაც, ძირითადად, ესწრაფოდნენ ხელმოცარული და ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანები, რომლებსაც არავითარი მნიშვნელოვანი ინტელექტუალური, შრომითი თუ სხვა შესაძლებლობები არ ჰქონდათ.
აი, აქედან მოდის ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ელიტა.
პოლიტიკური პარტია უნდა აერთიანებდეს იდეოლოგიურად ერთნაირად მოაზროვნე ადამიანებს, ჩვენთან კი არავითარი იდეოლოგია პოლიტიკურ პარტიებს არა აქვთ. არადა, 60 თუ მეტი საარჩევნო სუბიექტი გვყავს. ამიტომაც დეგრადაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ეს პარტიები 4-5-მდე არ შემცირდება ან არ შემოვიღებთ სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას.
- ისევ გავრცელებულ ჩანაწერებს დავუბრუნდეთ. მოგეხსენებათ, ძირითადად, სასულიერო პირების სატელეფონო საუბრები თუ მიმოწერა გასაჯაროვდა, რაც, ბუნებრივია, მათ გაბრაზებას გამოიწვევდა. იმის გათვალისწინებით, რომ ეკლესიას დიდი გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებზე, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი აისახოს არჩევნებზე? - ჩვენი ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში დიდი ხანია ჩართულია. ჰამლეტის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, მართლაც რაღაც დალპა ამ სახელმწიფოში. დღეს ეკლესია აკეთებს იმას, რასაც არ უნდა აკეთებდეს. შეადარეთ ჩვენი სასულიერო პირების და ვთქვათ, რომის პაპის გამონათქვამები. ერთია ტოლერანტული, მსოფლიო პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული, ჩვენთან კი სულ ფეხებზე კიდიათ სამყაროში თუ საქართველოში რა ხდება, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ. ეს არის ყველაზე მახინჯი პროცესი. ის, რომ ჩანაწერების გამოქვეყნება ნამდვილად არ არის მმართველი ძალის ინტერესში, ამაზე უკვე ვილაპარაკეთ და ეს პასუხია თქვენი კითხვის კონტექსტისაც.
ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამან მართლაც იქონიოს არჩევნებზე გავლენა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს არ იქნება მნიშვნელოვანი.
ვისი გაკეთებულიც უნდა იყოს ჩანაწერები, ის, რომ ისინი გამოაშკარავდა, მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში სუს-ი თავის საქმეს ვერ აკეთებს.
გინახავთ, ამ 9 წლის განმავლობაში ერთი ჯაშუში მაინც დაეჭიროთ? რა, ჯაშუშები არ არიან საქართველოში? სავსეა ქვეყანა უცხო ქვეყნის აგენტებით.
პირადად მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი იმართებოდეს იმ სახელმწიფოს ინტერესებით, რომელსაც არეულობა სურს საქართველოში. რასაკვირველია, ეს არის ვერსია და საამისო მტკიცებულება არა გვაქვს, მაგრამ აუცილებელია ამ თვალსაზრისითაც ფიქრი.
დაახლოებით 400-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცი, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებიან. მათ საქმიანობას არავინ იკვლევს. მოკლედ, რაღაც ძალიან არასწორად იმართება ამ სახელმწიფოში. სახელმწიფო ინსტიტუტები გადასული არიან თვითგადარჩენაზე და არა სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე და ეს ყველაფერი ამის შედეგია.
- მოღალატეები ახსენეთ და, ბოლო ხანს ამის წამოძახება განსაკუთრებით გახშირდა ქართულ პოლიტიკაში. ამას, ძირითადად, ვისმენთ "ქართული ოცნების" ლიდერებისგან გახარიას შესახებ... ღარიბაშვილი უფრო შორსაც წავიდა და ექსპრემიერს იუდა უწოდა... - ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები გახარიას შესახებ მხოლოდ და მხოლოდ იმას გვაჩვენებს, რომ ეშინიათ გახარიასი. როცა მე მოღალატეები ვახსენე, გახარიას საერთოდ არ ვგულისხმობდი. მან ღიად თქვა, პარტიული ხაზი არ მომწონს და მე ჩემს გზას უნდა გავყვეო. არაფერი დაუმალავს, საჯაროდ განაცხადა საკუთარი მიზნები. როცა ღალატზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ გაცილებით სხვა მოვლენებს. მაგალითად, არც ერთი პარტიის საიდუმლო სხდომა არ რჩება საიდუმლოდ, მაქსიმუმ 15 წუთში ყველამ ყველაფერი იცის, რადგან ამ სხდომებიდან მომენტალურად გამოაქვთ ინფორმაცია. ეს არის ღალატის ყველაზე მსუბუქი მაგალითი.
რაც შეეხება გახარიას ნარკომომხმარებლობას, ეს რომ ასე არ არის, როგორც ვიცი, უკვე დაადასტურა ვენაში ჩატარებულმა კვლევამ. სიმართლე გითხრათ, ამის გარეშეც კარგად ჩანდა, რომ ეს სრულიად უსაფუძვლო ბრალდება იყო. გახარია ძალიან აქტიური და ქმედითი ადამიანია, რომელიც პრემიერობისას პანდემიის პერიოდში 24 საათი მუშაობდა, შეუძლებელია ნარკომანი ასეთი აქტიური იყოს. ნარკოტიკის მომხმარებელი რომ იყოს, მისი პოტენციალი უკვე დიდი ხნის წინ დეგრადირდებოდა. გახარიას ნარკომომხმარებლობაზე ლაპარაკობს მმართველი პარტიის ორი ყველაზე ოდიოზური ფიგურა - კობახიძე და ღარიბაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პროცესი კალაძემ წამოიწყო, მისი განცხადებები ყველაზე მოზომილია. არ გამოვრიცხავ, რომ ამ არჩევნების შემდეგ კახა კალაძისა და "ქართული ოცნების" გზები ნელ-ნელა გაიყოს.
რაც შეეხება ღარიბაშვილსა და კობახიძეს, ამ ორ პიროვნებას საბოლოო გაჩერების სინდრომი დაემართა, რაც გულისხმობს იმგვარ ვითარებას, როდესაც ადამიანი იკავებს პოზიციას, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მის შესაძლებლობებს, რა დროსაც იწყება მისი პიროვნების დეგრადაცია. შეადარეთ დღევანდელი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის დროინდელ პრემიერ ღარიბაშვილს. მათ შორის ისეთი განსხვავებაა, როგორც ცასა და დედამიწას შორის.
რაც უნდა ხდებოდეს, კომიკურია, რომ ყველაფერი უკვე გახარიას ბრალდება. მათ შორის 20 ივნისიც, არადა, რა ხდებოდა მაშინ? ყველანი იყვნენ პარლამენტის შენობაში, ცახცახებდნენ შიშისგან და ერთადერთი ადამიანი, რომელიც მოქმედებდა, იყო გახარია. იმ დღეს თუ რამ გადაცდომა მოხდა, ამაზე პასუხისმგებელია გახარიასთან ერთად მთელი იმჟამინდელი ხელისუფლება.
მოკლედ, დღეს ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ასეთი დონის ციცერონები გვყავს, სამწუხაროდ...
ის, რაც დღეს ხდება "ქართულ ოცნებაში", აჩვენებს, რომ ამ პარტიას ჰუმანური რესურსების დიდი დეფიციტი აქვს.
გახარია დღეს ცდილობს დაიკავოს მესამე ძალის პოზიცია, რომელზეც მე უკვე წლებია ვლაპარაკობ. ეს აუცილებელია ქვეყნისთვის. "ქართული ოცნება" კი ცდილობს ის "ნაციონალურ მოძრაობასთან" გააიგივოს, რათა ისევ ორპოლუსიანი დატოვოს პოლიტიკური ველი, რაც "ქართულ ოცნებასაც" და "ნაციონალურ მოძრაობასაც" აწყობთ.
- გასულ კვირას უკრაინიდან მეგის ქარდავა ჩამოიყვანეს. ის წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებშია ბრალდებული. - მისი ჩამოყვანა დაგვიანდა, თუმცა ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა. ვფიქრობ, საინტერესო პროცესი იწყება. ვიმედოვნებ, ყველა დანარჩენიც, ვისაც ადამიანების წინააღმდეგ მიუძღვის ბრალი, პასუხს აგებს.
მეგის ქარდავას ამ პრეცედენტმა, ვფიქრობ, შიში გააჩინა იმათ შორის, ვინც ჯერ კიდევ ახერხებენ პასუხისმგებლობისგან გაქცევას. ეს აჩვენებს იმასაც, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა რაღაც დონის პროფესიონალიზმს მიაღწიეს, მოახერხეს დაემტკიცებინათ უცხოელი კოლეგებისთვის ქარდავას ბრალეულობა, რაც რამდენიმე სხვა შემთხვევაში ვერ მოხერხდა.
ამბობენ, ეს პოლიტიკური შეთანხმების თემა იყო და წინასაარჩევნო პიარისთვის გააკეთა ხელისუფლებამო, მაგრამ ვეჭვობ, საქართველოდან წარდგენილი დოკუმენტაცია საერთაშორისო მოთხოვნებს თუ ვერ დააკმაყოფილებდა, ვინმეს ქარდავას გადმოცემა პოლიტიკური შეთანხმების გამო გაებედა.
- სააკაშვილმა უკვე მერამდენედ დაიქადნა, რომ აპირებს სამშობლოში დაბრუნებას. - ამაზე მხოლოდ ასე შემიძლია გიპასუხოთ - ის ძალიან ეცდება ჩამოსვლას, მაგრამ ბილეთს ვერ იშოვის.
- მაინც როგორია თქვენი საარჩევნო პროგნოზი, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები? - რთულია მასშტაბური პროგნოზის გაკეთება, ვანგა არა ვარ და ბევრს ვერაფერს ვივარაუდებ, მაგრამ მგონია, რომ გახარიას პარტია აუცილებლად მიიღებს ორნიშნა მხარდაჭერას. იქნება თუ არა ეს ამ არჩევნების შედეგად მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის საკმარისი, არ ვიცი, მაგრამ
ვიმედოვნებ, რომ დაიწყება მესამე ცენტრის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც უკვე შემდგომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. ეს არჩევნები სწორედ ამიტომაც არის ზოგადეროვნული მნიშვნელობის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური პროცესების, მიმართულებების და ძირითადი ტრენდების მკვეთრი შეცვლა.