"მაგას როგორ ამბობს ღარიბაშვილი... ეს არ უნდა ეკადრებინა, სერიოზულად მეწყინა, თვითონაც დაბერდება და მაშინ არ მგონია, ასეთი საუბარი მოეწონოს"
"მიშას ჩამოსვლამ რეიტინგი აუწია როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე - "ნაცმოძრაობას", წლებია, ერთმანეთს კვებავენ"
4 დღეში არჩევნების მეორე ტურია და ამომრჩეველთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. თიანეთში ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს და ყოფილ თანაგუნდელს, თამაზ მეჭიაურს თავისი კანდიდატურის მოხსნა ურჩია მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ.
"თიანეთში ჩვენ გვაქვს მეორე ტური, აქ ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული, ახალგაზრდა, გამოცდილი, ძალიან წესიერი, კვალიფიციური კაცი - ლევან წიკლაური, რომელიც, რა თქმა უნდა, გახდება თიანეთის მერი. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური უპირისპირდება ამ ახალგაზრდა, წესიერ კაცს და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან სამწუხაროა, რომ გუნდის ყოფილი წევრი უპირისპირდება ჩვენი გუნდის წევრს და მე მოვუწოდებდი ბატონ თამაზ მეჭიაურს, რომ გზა დაუთმოს ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანს და "ნაციონალების" წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს. ვიცი, რომ თიანეთის მოსახლეობა მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას, არჩევანს გააკეთებს და ამის შემდეგ გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას", - თქვა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე.
ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ მრავალპარტიულობის წინააღმდეგია.
თამაზ მეჭიაურმა 2 ოქტომბერს ამომრჩეველთა 30% მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა კი - 43%. მეჭიაური მმართველი პარტიის ყოფილი წევრია, 2012-2016 წლებში იყო მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, ხელმძღვანელობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. "ქართული ოცნება" მან 2016 წელს, უთანხმოების გამო დატოვა და დააფუძნა პარტია "ერთიანი საქართველოსთვის", რომლის თავმჯდომარეცაა. ის 2017 წელს თიანეთის მერად აირჩიეს და 2020 წლამდე იკავებდა ამ თანამდებობას, სწორედ ამ პერიოდზე ისაუბრა ღარიბაშვილმა: "თიანეთი კარგი მაგალითია, იმიტომ, რომ 4 წლის წინ გაიმარჯვა დამსახურებულად თამაზ მეჭიაურმა და ეს 4 წელი იყო არასტაბილურობის 4 წელი, არასწორი კოორდინაცია, მუდმივი დაძაბულობა, საკრებულოსთან მუშაობაში, იყო ბევრი სირთულე და, საბოლოო ჯამში, ეს აისახა ჩვენს მოსახლეობაზე, თიანეთის მოსახლეობაზე. ათჯერ მეტი საქმის გაკეთება შეგვეძლო, შეეძლო მასაც, საკრებულოს, ჩვენს გუნდს, სამხარეო ადმინისტრაციას, ცენტრალურ მთავრობას, მაგრამ ვინაიდან მერი არ იყო პარტიის კანდიდატი, ეს იყო მუდმივი დაძაბულობის მიზეზი, საბოტაჟის მიზეზი და კოორდინაციის არარსებობა. ამას ვგულისხმობდი, როცა 2 დღის წინ გავაკეთე კომენტარი და ეს არის კლასიკური მაგალითი, რომ იტყვიან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, მეორე ტურებს, ტყუილად ირჯებიან დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები, ვერც ერთ ქალაქში ისინი ვერ გაიმარჯვებენ, ეს ჩვენ ვიცით წინასწარ კვლევებით, გამოკითხვებით და ჩვენ გვჯერა ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილების", - თქვა ღარიბაშვილმა.
თამაზ მეჭიაურისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ღარიბაშვილის ეს განცხადება და ის ბრძოლას ბოლომდე აპირებს.
თამაზ მეჭიაური:
- მოულოდნელი იყო ღარიბაშვილის ეს განცხადება, იმიტომ, რომ გაცილებით მეტი წარმოდგენის ვიყავი მასზე, მის კორექტულობაზე. ყველაფერი მობილიზებული აქვთ მაქსიმალურად, იმდენი რესურსი აქვთ, კომისიებში გავლენები, ადმინისტრაციული ორგანოები მთლიანად ჩართულია და, წესით, არ უნდა იყვნენ ასე ძალიან შეშინებულები. ან ხალხის რომელი მტერი მე მნახეს, რომ ვიყავი ამ თანამდებობაზე რამდენი რამე გავაკეთე. თუ რამეში დამხმარებია კონკრეტული პირი თუ ხელისუფლება, ამას ვუფასებდი და ყოველთვის ვიძახდი, ეს საქმე გავაკეთე, მაგრამ ესა თუ ის პირი დამიდგა გვერდში, ან მთავრობა-მეთქი. არასოდეს მიმიწერია სხვისი გაკეთებული საქმე. ღარიბაშვილმა რატომღაც მოინდომა წარმოეჩინა, თითქოს იმის გამო, რომ მე არ ვიყავი მათი პარტიის წევრი, პრობლემებს ვუქმნიდი და, თურმე, უფრო მეტი გაკეთდებოდა. არადა, რაც გავიმარჯვე და მათი მერი შევცვალე, 10-ჯერ მეტი გაკეთდა ჩემს პერიოდში. იგივე გზები, ჭაბურღილები, საბავშვო ბაღები, იგივე, კულტურის სახლი, საიდანაც ყელს იღერებდნენ და გვმოძღვრავდნენ, ჩემი გაკეთებულია. მაქვს ფოტოები და ვიდეოები, რამდენიც გინდა, რა სიტუაცია დამხვდა. რამდენი ძალისხმევა დამჭირდა, ეს რომ გამეკეთებინა. უნდათ, რატომღაც წარმოაჩინონ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არის დანამატი და მხოლოდ მარიონეტები უნდათ ამ თანამდებობაზე, რომელიც ყველაფერზე თავს დაუქნევს. მერი არ არის დანამატი, არც მთავრობის და არც გუბერნიის ხელის ბიჭია, მერი უნდა იყოს თანამდებობით არჩეული, მოსახლეობის წარმომადგენელი ხელისუფლებაში და ყველგან უნდა იცავდეს თავისი ამომრჩევლის ინტერესს. ეს არის მისი ფუნქცია, თუ მაინცდამაინც უნდათ, თვითონ ნიშნავდნენ მერსაც, შეიტანონ კანონმდებლობაში ცვლილება, იყო ასე შევარდნაძის დროს, მერებიც ინიშნებოდნენ, არჩევნები არ ტარდებოდა. მაშინ რატომ ვხარჯავთ ამდენ ფულს არჩევნებში, თუ მაინცდამაინც მმართველი პარტიის წევრმა უნდა გაიმარჯვოს? მე კი არ შევუშალე ხელი, მათი საკრებულო, რომელსაც ჰქონდა უმრავლესობა, პირველი დღიდანვე მაქსიმალურად მიშლიდა ხელს და, მიუხედავად მათი ხელის შეშლისა, მაინც ვახერხებდი ბევრი საქმის გაკეთებას. 2017 წლის 13 ნოემბერს შევედი მერიაში და 15 რიცხვამდე იყო ბიუჯეტის წარდგენის ვადა, ერთი დღე იყო დარჩენილი და, მიუხედავად იმისა, რომ უცხო არ იყო ჩემთვის ეს სფერო და პარლამენტში ამ საკითხებთან მქონდა შეხება, შეგნებულად არ შევიტანე ცვლილება იმისთვის, რომ მათ ეს ცვლილება არ გამოეყენებინათ ჩასაგდებად. შევიტანე პროექტი, რაც მათ მოამზადეს და, რაც უნდა გაგიკვირდეთ, მაინც ჩააგდეს - ერთხელ, მეორედ და მესამედაც. კანონი არ ჰქონდათ კარგად წაკითხული, სადაც ეწერა, თუ არ მიიღებოდა ბიუჯეტი, მაშინ უნდა დავეთხოვეთ მერიც და საკრებულოც, ეს საფრთხე როგორც კი იგრძნეს, სასწრაფოდ მიიღეს. მე რატომ შევუშლიდი ხელს, მე მოვედი იმიტომ, რომ საქმე მეკეთებინა და ისინი იმიტომ იყვნენ, რომ როგორმე ჩემთვის იმპიჩმენტი მოეწყოთ, ეს მიზანი ჰქონდათ. მაგას როგორ ამბობს ღარიბაშვილი, მგონია, მაინც შეცდომაშია შეყვანილი, მე ხელწამოსაკრავი ვინმე ხომ არ ვიყავი, მათ გვერდით ვიყავი და იმდენი ღვაწლი მაინც მაქვს, ჩემთვის ეკითხა. ტელევიზიიდან რომ არ ეთქვა, ასაკოვანი ვარ და ნიჭიერებს და ახალგაზრდებს უნდა დავუთმო, თურმე, გზა. არც ნიჭს ვუჩივი, კომაროვი მაქვს დამთავრებული, ჩემზე გაცილებით ასაკოვანი პრეზიდენტი ჰყავს ამერიკას და რუსეთსაც, ამხელა ქვეყნებს უძღვებიან, თვითმფრინავის ტრაპზეც არ ვიქცევი, ეს არ უნდა ეკადრებინა, სერიოზულად მეწყინა, თვითონაც დაბერდება და მაშინ არ მგონია, ასეთი საუბარი მოეწონოს. მე არ ვარ ბებერი, ან ვინ არის უფრო ინტელექტუალური და ნიჭიერი, ვინ უნდა განსაზღვროს?
- აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას? - რა თქმა უნდა, ბრძოლიდან გასვლას არ ვაპირებ, შეიძლება ჩამქოლონ, ბრძოლიდან რომ გავიდე. ისინიც კი, ვინც ჩემ წინააღმდეგ იყვნენ პირველ ტურში და ზოგიერთები, რომლებიც არც აპირებდნენ არჩევნებზე წასვლას, დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ მივლენ არჩევნებზე და ხმას მე მომცემენ. გამოდის, რომ ხალხს არჩევანს არ ეკითხებიან? გამოდიხარ და იმპერატიულად იძახი, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთო, მე უნდა გადავწყვიტო, ეს უფრო ახალგაზრდა და ნიჭიერია, ამიტომაც მეორემ უნდა დათმოს კანდიდატურა, თუ არადა, ბიუჯეტში პრობლემები გექნებათ და მაინც არ დაგაფინანსებთო, ამას რომ ამბობს პრემიერი, იმდენად შეურაცხმყოფელი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ ვფიქრობ, კიდევ მეტად გაერთიანდება ამომრჩეველი და მათ ეტყვის - "არას". მათი ბრძოლის მეთოდები არ შეცვლილა, ესეც ვიცით. იგივე ხალხია, პირიქით - "გააკეთილშობილეს" უფრო კრიმინალური წარსულის პიროვნებებით, ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა ჩვეულებრივ გრძელდება და იმედს ვიტოვებ, რომ ამ ესკალაციის ფონზე, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და მაქსიმალურად შეამცირებს იმას, რაც პირველივე ტურში აშკარად იყო. კორექტულ მინიშნებას გავაკეთებ ძალოვნებზე. ჯობია, კონფლიქტურ რეგიონში გადაიტანონ მათი ძალისხმევა. ის მოწოდება, რომ უნდა გაიმარჯვოს მათმა კანდიდატმა, ნიშნავს, რომ ნებისმიერი საშუალებით უნდათ, მოიგონ ეს არჩევნები, თორემ მათ სკამებს საფრთხე შეექმნებათ. ისინი ყველა საშუალებას გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს არჩევნები მოიგონ. დღემდე ღარიბაშვილი განიხილავს ადგილობრივ თვითმმართველობას, როგორც დანამატს ცენტრალური ხელისუფლებისა. თუ ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა თვალი, ეს არის გუბერნატორები და რაც შეეხება მერებს, მათ ირჩევს ხალხი და ისინი ზუსტადაც უნდა იყვნენ ხალხის წარმომადგენლები ცენტრალურ ხელისუფლებაში და ეს თანამშრომლობა არ უნდა იყოს მონური მორჩილება ცენტრალური ხელისუფლების მიმართ.
- თქვენ, ოპოზიციის კანდიდატი, უკვე იკავებდით ამ თანამდებობას, ახლა ვხედავთ, რომ ბევრ ადგილას მიდის სერიოზული ბრძოლა ოპოზიციონერი კანდიდატების, რამდენად რთული იქნება, არჩევის შემთხვევაში, მათი ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა? - რეჟიმი შევარდნაძის დროსაც მინახავს, სააკაშვილის დროსაც და ახლაც ბოლომდე ვერ ყალიბდება. ივანიშვილი რაღაც დოზით, ალბათ, რჩევას აძლევს, მაგრამ პირდაპირ ამას ვერ ვხედავ. შესაბამისად, მისი ხელი მოაკლდა მმართველ ელიტას და ხშირად უფრო მეტ შეცდომებსაც უშვებენ. საკმაოდ რთული იქნება მათთვის რეჟიმის დამყარება. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე რაიონში გაიმარჯვებს ოპოზიცია, ეს უფრო წაადგება დემოკრატიას და ვერ მოახერხებს ცენტრალური ხელისუფლება, რომ ესა თუ ის რეგიონი დასაჯოს. ბიუჯეტი არ არის ამ პარტიის საკუთრება, ამ ბიუჯეტში გადასახადი შეაქვს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად თავისი პარტიულობისა, ის კრედიტები რომელსაც იღებს ხელისუფლება, განსაკუთრებით არჩევნების წინ, და რომელიც იხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე თუ, ვთქვათ, სხვა სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე, ესეც არ შეიძლება მიმართული იყოს ერთი პარტიის ინტერესებისთვის. ამიტომ არ შეიძლება, პრემიერი იქნება თუ სხვა რომელიმე თანამდებობის პირი, ამ ბიუჯეტს განიხილავდეს, როგორც მის, პარტიულ კუთვნილებას და ვინმეს ამადლიდეს, რატომ გაიმარჯვა სხვა პარტიის წევრმა.
ჩემი მერად მუშაობის დროს უმრავლესობა ჰყავდა საკრებულოში "ქართულ ოცნებას", ამიტომ გამაწამეს, მაგრამ კონტროლმა რაღაც თემები, იგივე, შესრულებული სამუშაოების ხარისხი გააუმჯობესა. მოიკითხონ, ახმეტა-თიანეთის გზა რომ დაიწყეს და დღეს მიტოვებულია. სამწუხაროდ, ამის პასუხისმგებელ პირებს ვერ ვხედავ და მე გავხდი კრიტიკის სამიზნე, რასაც ნამდვილად ვერ მივიღებ. ჯობია, იყოს სხვადასხვა პარტიის ბევრი წარმომადგენელი, რომ კონტროლი მეტი იყოს და საქმეც უკეთესად გაკეთდეს. "ქართული ოცნება" დაცილდა თავისი შექმნის დროს გამოყენებულ იდეებს, რომ აღადგენდა სამართლიანობას, ჩანერგა "ნაცმოძრაობიდან" ის ხალხი, რომლებიც მაინცდამაინც არ ბრწყინავდნენ "ნაცმოძრაობაში" და აქ უფრო წარმატებული კარიერა გაიკეთეს. ეს რომ ხდებოდა, მე მაშინ გავემიჯნე მათ და ვიწინასწარმეტყველე, რომ ეს ყველაფერი მიდიოდა ორპულუსიანობისკენ, რომ დარჩენილიყო "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ეს ხდება დღემდე. გამოჩნდებიან პატარა პარტიები, თითქოს, მესამე ძალის შექმნის ჩანასახი გამოჩნდება, მაგრამ მერე ვითომ დაუპირისპირდება ეს ორი პარტია ერთმანეთს, ისევ შუაში გაიხლიჩება და მიდის ორპოლუსიანი დაპირისპირება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიდევ იყო შანსი, შექმნილიყო მესამე ძალა და შევიდნენ კიდევაც პატარა პარტიები პარლამენტში, მაგრამ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ პოლარიზაცია ისევ გაიზარდა და ისევ დაზარალდა პატარა პარტიები. ერთი ნაწილი, იმის შიშით, რომ მიშა დაბრუნდა, ისევ "ქართულ ოცნებას" აძლევს ხმას, ხოლო მეორე ნაწილი, რომელმაც მისი ჩამოსვლის შემდეგ ირწმუნა, რომ სააკაშვილი მზად იყო, ისევ დაბრუნებოდა "ნაცმოძრაობას", მისკენ წავიდა. ამით ისევ ამ ორმა პარტიამ იხეირა.
- მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და მის გათავისუფლებას ითხოვენ, მოუწევს ხელისუფლებას რაიმე დათმობაზე წასვლა? - რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამართლიანობა არ უნდა აღდგეს. კანონის მხრივ, ყველა თანასწორი ვართ, თუმცა პრეზიდენტის მიმართ, თუნდაც კანონიერი ღონისძიებების გატარება, ხშირად აღიქმევა პოლიტიკურად და დამატებითი დაპირისპირების მიზეზი ხდება. ვერ შევალ იმის განხილვაში, რამდენად სწორად მიუსაჯეს ან არ მიუსაჯეს. სააკაშვილის შექმნილი სასამართლოა დღეს, თუ თვლის, რომ არასწორად მიუსაჯეს, მისი ბრალიც არის. იგივე სასამართლოა მის მიერ შექმნილი და გადაბარებული ახლანდელის მიერ და ორივეს მიუძღვის წვლილი, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება სამართლიანობაში. მიშას დროს მეც ვიყავი დაჭერილი, სრულიად უსამართლოდ, დიდხანს არ ვიყავი, მერე ქვეყანა დამატოვებინეს, ჩემს შვილებსაც არასწორად მოექცნენ, არ მინდა, ამის გამო შურისმაძიებლად გადავიქცე და შემიძლია ჩემი წილი მივუტევო კიდეც თუ მოინანიებენ, რა თქმა უნდა. მაგრამ მე ვერ მივუტევებ სხვა დაზარალებულების მაგივრად, თუ სხვებიც მიუტევებენ, შეწყალება შეუძლია პრეზიდენტს. ადამიანურ პირობებში რომ უნდა იყოს ციხეში და არა ისეთ პირობებში, რომელშიც ჩვენ გვიწევდა ყოფნა, ესეც ფაქტია. როგორც პრეზიდენტს, შეიძლება რაღაც პრივილეგიებიც ჰქონდეს, სხვებისგან განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანასწორია, თუნდაც იმის გამო, რომ არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის მიზეზი. თუნდაც მისი მკურნალობაც ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. ალბათ, ამ ნაწილშიც ხელისუფლება გაითვალისწინებს ამ საკითხებს. უფრო მეტი საფრთხის შემცველია მისი პატიმრობა თუ გარეთ ყოფნა, ესეც ძნელი სათქმელია. ახლა შედარება არ არის, ტელევიზორი ციხეში სიზმარშიც არ გვინახავს. საშინელი პირობები იყო, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის, ყველა პატიმრის პირობები გაუმჯობესდა და - პრეზიდენტისაც გაუმჯობესდა. კანონიერ ძალაში შესული განაჩენი რომ არ იყოს, მივესალმებოდი აღმკვეთი ღონისძიების სხვა ფორმა გამოეყენებინათ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, თუნდაც პირობითი მსჯავრი ან გაუსვლელობის ხელწერილი, ან სამჯური, თუნდაც სასამართლოს დასრულებამდე. მით უფრო, იმ პირობებში, როცა თვითონ შემოვიდა. ხომ იცოდა რომ დაიჭერდნენ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ახლა მისი გაქცევა შეუძლებელია, არც ის დააპირებს ამას და შეიძლება შინაპატიმრობაში ან სხვა ფორმით გამოეყენებინათ აღმკვეთი, მაგრამ - მისჯილი აქვს.
- თქვენი დაკავების ამბავი გაიხსენეთ... - არაფერი სამხილი არ ჰქონდათ და მერე გირაო გამიკეთეს, ქვეყანა დამატოვებინეს, ეს იყო 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, როცა გადადგა სააკაშვილი და დანიშნა რიგგარეშე არჩევნები. გასაგები იყო, წინააღმდეგი ვიყავი და ამის გამო გამიკეთეს. ჩემი შვილები და დედა იყვნენ სოფელში, 4 იანვარს იყო საპრეზიდენტო არჩევნები და 3 იანვარს მივიდნენ ჩემს სახლში "პიკაპებით" და ავტომატებით პოლიციის მაღალჩინოსნები, გამოიყვანეს დედა და ჩემი ორი შვილი და სადღაც, მამკოდის ტყეში, ქუჩაში დატოვეს შუა ზამთარში, იმიტომ, რომ არჩევნებში არ მიეღოთ მონაწილეობა. ასეთი ამბები ხდებოდა მასობრივად, თავისთავად, სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი იყო. თუ საუბარია მიტევებაზე, ამას წინ უნდა უძღოდეს გულწრფელი მონანიება და აქედან უნდა იწყებოდეს ყველაფერი. ფაქტი ერთია, მიშას ჩამოსვლამ რეიტინგი აუწია როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე - "ნაცმოძრაობას", ორივეს წისქვილზე დაასხა წყალი და წლებია, ისინი ერთმანეთს კვებავენ, ერთი ინარჩუნებს ხელისუფლებას, მეორე ოპოზიციის სტატუსს, ერთმანეთს აძლიერებენ და ქვეყანა ზარალდება. ეს უნდა დასრულდეს.
(სპეციალურად საიტისთვის)