"ვუახლოვდებით კრიტიკულ წერტილს, რომლის მერეც შემობრუნება ძნელი იქნება..."
"თუკი ხელისუფლებას ვინმემ ურჩია ამგვარი ნაბიჯის გადადგმა, იცოდნენ, რომ ეს მათი და ქვეყნის მტერია და მათთვის ძალიან ცუდი სამსახური გაუწევია. ეს აზიანებს ხელისუფლებას და აზიანებს მთელ ქვეყანას"
ისედაც პოლარიზებული გარემო საქართველოში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაბრუნებისა და მის გარშემო განვითარებული პროცესების შედეგად უფრო კრიზისული ხდება.
ერთი შეხედვით, ხელისუფლების მოქმედება სულ უფრო ემსგავსება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, რის თაობაზეც უკვე ლაპარაკობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მაგალითად, "ამნესტი ინტერნეიშენალის" გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური რევანში. მას მერე, რაც ხელისუფლებამ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადაღებული კადრების გავრცელება დაიწყო, დასავლელი ექსპერტების თუ პოლიტიკოსების ტონი გაცილებით კრიტიკული გახდა. მაგალითად, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, შესაძლოა, დადგეს დრო, როცა ქართველებს დასჭირდებათ არჩევანის გაკეთება: ან - "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, ან - ევროკავშირში ნამდვილი ინტეგრაციაო. "ქართული ოცნება" უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას, საქართველო უკეთესს იმსახურებს", - ეს კი ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა "ტვიტერზე" დაწერა. მისივე თქმით, საჭიროა საქართველოსთან დაკავშირებით ფინანსური რეაგირებაც.
"არ შეიძლება დავუშვათ, რომ გადასახადების გადამხდელების ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის ბევრი დაპირების და საკუთარი მოქალაქეების მიმართ დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესასრულებლად", - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
მას მერე, რაც საქართველოში სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოსული ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ექსპრეზიდენტის სანახავად არ შეუშვეს, სავარაუდოდ, დასავლეთიდან კრიტიკა გაძლიერდება, ექსპერტთა ნაწილი საქართველოსა და კონკრეტული პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც არ გამორიცხავს. ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრება:
- ძალიან რთულ ვითარებაში ვართ, მეტიც, ვუახლოვდებით იმ კრიტიკულ წერტილს, რომლის მერეც პროცესების შემობრუნება ძნელი, თითქმის შეუძლებელიც კი იქნება. უკვე ისეთია დაპირისპირება, ისე უკან არის გადაწეული სახელმწიფოს ინტერესები და ისეთ არაადეკვატურ საქციელს ვხედავთ, შეიძლება პროცესებმა ძალიან მძიმე ხასიათი მიიღოს, რადგან საქართველოში ვნებათაღელვის მაღალი მუხტი სერიოზულ რისკს აჩენს. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე პროცესებით ქვეყანა უკვე დაზიანდა. სამწუხაროდ, თუ არ მოხდა დროულად დეესკალაცია, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მივიღოთ. ამ ყველაფერში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია, ქვეყანაში შექმნას სტაბილური გარემო და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ დაძაბულობა კი არ გაიზარდოს, არამედ რაც შეიძლება მალე განიმუხტოს. ვითარება არჩევნების წინაც კრიტიკული იყო, მაგრამ დღეს, როდესაც საზოგადოებაში ასეთი აგრესიაა და ხშირად ვითარების დამშვიდების ნაცვლად, პირიქით, რადიკალიზაციის მცდელობას, აგრესიულ განცხადებებს, მოწინააღმდეგის წინ წითელი ნაჭრის ფრიალს ვხედავთ, ძალიან რთული სავარაუდოა, რა შეიძლება მოხდეს.
განსაკუთრებით აუხსნელია ხელისუფლების ამგვარი სიჯიუტე. ის უკიდურესად უპასუხისმგებლოდ იქცევა მთელი ქვეყნის, მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების წინაშე. გვინახავს ამგვარი პროცესების მძიმე შედეგები ჩვენი ისტორიის ბოლო 30 წლის განმავლობაში, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და კარგად გავიაზროთ პასუხისმგებლობა, რაც ყველას გვაკისრია. ამ პროცესების შედეგი შეიძლება აღმოჩნდეს გაცილებით მძიმე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
- წითელი ნაჭრის ფრიალი ახსენეთ და დაახლოებით ასეთი ეფექტი ჰქონდა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გამოექვეყნებინა მიხეილ სააკაშვილის ე.წ. ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრები, რომელმაც ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც დიდი რეზონანსი გამოიწვია... ვხედავთ, როგორ გააქტიურდნენ ჩვენი პარტნიორები, ისმის ძალზე კრიტიკული განცხადებები. ხელისუფლება ამბობს, ოპონენტები ითხოვდნენ ამ კადრების გამოქვეყნებასო, მაგრამ ფაქტია, რომ ამან, უპირველესად, ქვეყანა დააზიანა... - არ ვიცი და არც მაინტერესებს, ამ კადრების გამოქვეყნების ვინ რა მიზეზს ასახელებს. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა - არანაირი გამართლება ამ კადრების გამოქვეყნებას არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს ბევრი თვალსაზრისით. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, დამნაშავეა თუ არა სააკაშვილი, ვინ ვის მოსწონს ან არ მოსწონს. ეს არის ყველანაირი სტანდარტის დარღვევა, ქვეყნის შეურაცხყოფა. საქართველოში სახელმწიფო სიმბოლოების, ინსტიტუტების ფეხქვეშ გათელვა რომ ჩვევად გვექცა, ეს ცალკე თემაა... სამწუხაროდ, არც მორალური, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური ახსნა, რაც მომხდარს ლეგიტიმურს გახდიდა, ბუნებაში არ არსებობს. არის რაღაც, რისი გაკეთებაც არ შეიძლება და ეს სწორედ ის შემთხვევაა. თუკი ხელისუფლებას ვინმემ ურჩია ამგვარი ნაბიჯის გადადგმა, იცოდნენ, რომ ეს მათი და ქვეყნის მტერია და მათთვის ძალიან ცუდი სამსახური გაუწევია. ეს აზიანებს ხელისუფლებას და აზიანებს მთელ ქვეყანას, ქვეყნის იმიჯს და, რაც ყველაზე მძიმეა, აზიანებს ქართველ საზოგადოებას, რომელსაც აჩვევს იმას, რამაც შეიძლება უფსკრულში გადაგვჩეხოს. ამგვარი ნაბიჯებით ვაზიანებთ ჩვენს შვილებს. რის პროპაგანდას ვახდენთ, რის დემონსტრირებას ვცდილობთ? და რა შედეგები მოჰყვება ამას? აღარაფერს ვამბობ ადამიანის უფლებების დაცვაზე. ყველაფერს თავისი წესი აქვს: ადამიანის დაკავებასაც, საპატიმროში ყოფნასაც, გასამართლებასაც და სასჯელის მოხდასაც... მსოფლიოს ისტორიაში, მათ შორის - თანამედროვეობაშიც, ყოფილა პრეზიდენტების გასამართლების მაგალითები და ეს მომხდარა დემოკრატიულ ქვეყნებშიც. აგერ, ცოტა ხნის წინ საფრანგეთის სასამართლომ სარკოზის გამოუტანა ვერდიქტი, მაგრამ არა - ამგვარად, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, წესი, რაც განასხვავებს და გამოარჩევს დემოკრატიულ სახელმწიფოებს. სამართლიანობის პრინციპია აქ მთავარი. მთავარია ღირებულებები იყოს დაცული. სხვა შემთხვევაში ყველაფერს აზრი ეკარგება - სასამართლოსაც, ვითომ სამართლიანობის აღდგენასაც და კიდევ ბევრ რამეს. შენი ქვეყნის პრეზიდენტყოფილს არ შეიძლება ასე მოექცე და მერე ეს მთელ მსოფლიოს აჩვენო... გარდა ამისა, ეს არ უწყობს ხელს საზოგადოების დამშვიდებას, მეტიც - ეს უფრო აპირისპირებს სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ ადამიანებს და მიმართულია ქართული სახელმწიფოებრიობის ნგრევისკენ.
- როდესაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა და დააკავეს, მისი შიმშილობის ფონზეც კი დასავლელი პარტნიორებისგან ვისმენდით ზომიერ შეფასებებს, რაც ბოლო ხანს რადიკალურად შეიცვალა. ახლა მათი დამოკიდებულება უკიდურესად კრიტიკულია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა საქართველოში, ევროპარლამენტარებმა მძიმედ შეაფასეს სააკაშვილთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მაგრამ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამაზე თითქმის არც რეაგირებს, მეტიც - საქართველოში სპეციალურად სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოსულ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ამის უფლება არ მისცეს... იუსტიციის მინისტრის თქმით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ანა ფოტიგას სააკაშვილი პოლიტპატიმრად ჰყავდა მოხსენიებული... - ის, რაც ფოტიგასთან დაკავშირებით მოხდა, წარმოუდგენელია. ვერც კი დავიჯერე, როცა თავდაპირველად გავიგე. ხელისუფლებამ, მისმა პირველმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული პროცესი სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური გამხდარიყო, ასე რომ, ახლა სხვას ნუ დაადანაშაულებენ პოლიტიკურ შეფასებებში... სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კლასი, ხელისუფლება ვერ კითხულობს, ვერ თუ არ იგებს იმ პოლიტიკურ გზავნილებს, რაც მოდის დასავლელი პარტნიორებისგან. როდესაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, მათი გზავნილი იყო ძალიან ნათელი - ეს თქვენი შიდა საქმეა, მაგრამ დაცული უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს სტანდარტებიო... და ჩვენ რა გავაკეთეთ? ზუსტად ამის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადავდგით, დავარღვიეთ ყველა სტანდარტი და სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრები ამის თვალსაჩინო მაგალითია... ჩვენ უარი ვთქვით ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მიღებაზე იმიტომ, რომ ის დაკავშირებული იყო სასამართლოს რეფორმასთან, არადა, ახლახან ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფომ აიღო დიდი ვალი სხვა წყაროდან, რომელიც არ უკავშირდება რეფორმების განხორციელების ვალდებულებას, ანუ პარადოქსულ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება... როდესაც ვლაპარაკობთ დასავლური სახელმწიფოს მშენებლობაზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ, ჩვენი რიტორიკა და ქმედება თუ ემთხვევა ერთმანეთს... ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი არ არის მხოლოდ მავთულხლართი, ოკუპაციის მაჩვენებელი ბანერი ან სხვა რამ... რუსეთი აბსოლუტურად სხვა პრინციპების ქვეყანაა, პრინციპების, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია. ვამბობთ, არა რუსეთსო, მაგრამ ვიქცევით სწორედ რუსული პრინციპებით და რაღაზე ვლაპარაკობთ?
დასავლურობა ნიშნავს ღირებულებების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ერთგულებას, სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემას. თუ ამ ყველაფერზე ვამბობთ უარს ნებსით, უნებლიეთ, უმეცრებით, წინასწარი განზრახვით თუ შეცდომით, ეს შედეგს ვერ ცვლის - ჩვენ ვერ გავხდებით იმ ტიპის სახელმწიფო, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ. თუ გვსურს ვიქცეთ დასავლურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც შეუერთდება ნატოსა და ევროკავშირს, მაშინ რუსული პრინციპებით მოქმედებაზე უარი უნდა ვთქვათ. რამდენიმე კვირაშია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. რით მივდივართ ამ სამიტზე? არადა ეს უნდა ყოფილიყო ჩვენგან ძალიან სერიოზული მოთხოვნების დაყენების ფორუმი...
ვამბობთ, რომ ვართ ქვეყანა, რომელმაც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრებისთვის განაცხადი უნდა შეიტანოს. ეს მხოლოდ ლაპარაკია და ჯერჯერობით ყველა ნაბიჯი, რაც ამ პერიოდში გადავდგით, ევროკავშირს სულ უფრო და უფრო გვაშორებს. გავიხსენოთ თუნდაც შარლ მიშელის შეთანხმებაზე ასეთი დემონსტრაციული უარი... ამ გზით ევროკავშირისკენ ნამდვილად ვერ მივდივართ. ამას ვინმე ცნობიერად აკეთებს თუ უმეცრებით, ამით შედეგი არ იცვლება - ქვეყნის მომავალი ზიანდება და შეიძლება ძალიან სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. თუკი ჩვენი ქვეყანა არსებობს და რუსეთის ფედერაციამ ჯერ კიდევ ვერ გადაყლაპა, ეს იმის დამსახურებაა, რომ საქართველოს ჰქონდა და კიდევ აქვს დასავლეთის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. თუ ყველაფერი გავაკეთეთ ამ ურთიერთობის გასაფუჭებლად, რაც ძალიან დიდი შრომის შედეგია, ამით ჩვენს სახელმწიფოებრიობას ამოვაყირავებთ.
- რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან? არსებობს მოლოდინი, რომ როგორც ქვეყანას, ისე ცალკეულ პოლიტიკოსებს შეიძლება სანქციები დაუწესონ... - ეს რომც არ მოხდეს, არ დაგვიწესონ სანქციები, მაგრამ ცოტა ხანში ჩვენზე ხელი ჩაიქნიონ და გვითხრან, არ ყოფილხართ ისეთი პარტნიორი, როგორიც გვეგონეთო, შესაბამისად კი შემცირდეს პოლიტიკური მხარდაჭერა, ან დახმარების პროგრამები, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ? ქვეყანა ჩამოიშლება! ჩვენ აღმოვჩნდებით მარტოდმარტო იმ სახელმწიფოს პირისპირ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ არა მხოლოდ საქართველოს წარმატებასა და განვითარებას შეუშალოს ხელი, არამედ საერთოდ გააქროს რუკიდან ეს ქვეყანა...
რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა მოგვაქციოს იმგვარი გავლენის სფეროში, სადაც ჩვენი განვითარება შეუძლებელი იქნება. შესაძლოა, ჩვენ ვიყოთ კარგი რესტორანი რუსული პოლიტიკური ელიტის გასართობად და ამაში დიდი ფულიც გადაიხადონ, მაგრამ ვერასდროს ვიქცევით სახელმწიფოდ.
ეს იქნება ის შედეგი, რაც შეიძლება მოგვიტანოს პროცესებმა, რომლებიც დღეს საქართველოში ვითარდება. ჯერჯერობით ყველა ნაბიჯი, რაც იდგმება, ამ სავალალო შედეგისკენ მიგვაქანებს. დღეს ყველა პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან თუკი რამეა იგნორირებული, ეს არის საქართველო, მისი ინტერესები და მომავალი.
- მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, შესაბამისად, ეს ქვეყანა მაქსიმალურად ჩართულია ექსპრეზიდენტთან დაკავშირებულ პროცესში. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ზელენსკიმ პრემიერს სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების შეშვება სთხოვა, თუმცა, როგორც პრემიერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, მან ამ თხოვნაზე უარი მიიღო. როგორ შეიძლება აისახოს ეს ორი სტრატეგიული პარტნიორის შემდგომ ურთიერთობაზე? - ადამიანებს გვაქვს უნარი, ყველაზე მნიშვნელოვანი რამაც კი ისე დავაზიანოთ, რომ საკუთარ თავს ვავნოთ... ამგვარი ურთიერთობისას, უპირველესად, თანხმდება ის, რა უნდა დარჩეს კონფიდენციალური და რა გახმაურდეს. ქვეყნებს შორის - მათ შორის სტრატეგიულ პარტნიორებს შორისაც - ურთიერთობა რთულია და სულაც არ ნიშნავს ყველაფერზე დათანხმებას. არის განსხვავებული პოზიციები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ რა ხდება, თუ ეს ყველაფერი გახმაურდება? აქსიომაა, რომ ორივე მხარის გავრცელებული განცხადებები უნდა იყოს შეთანხმებული. ვერ გეტყვით, რომ ამ სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია საუკეთესო ტონით გახმაურდა... არ მგონია, ეს იყოს ის გზა, რომლითაც პრობლემები გვარდება. ვფიქრობ, ჯობს, მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ პარტნიორებთან ურთიერთობას.
- გასული კვირის განმავლობაში დედაქალაქში აქციები პერმანენტულად იმართებოდა და ოპოზიცია კვლავაც იმავეს აპირებს. პროტესტის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის კერძო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. სხვათა შორის, სააკაშვილის განცხადებითაც, ის მზად არის, შეწყვიტოს შიმშილობა, რაც ვითარებას ოდნავ მაინც განმუხტავდა, თუ მისი რეაბილიტაციის კურსი დაიგეგმება სწორედ კერძო კლინიკაში. ხელისუფლება ამაზე დათანხმებას არ აპირებს. როგორ ფიქრობთ, მოუწევს მას ამ გადაწყვეტილების შეცვლა და მცირედის დათმობა მაინც? - სააკაშვილის მიმართ მრავალნაირი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ იმაზე, რაც არის დემოკრატიული სახელმწიფოს ანაბანა. მიუხედავად იმისა, ადამიანი დამნაშავეა თუ არა, არის სტანდარტები, რომლებიც სახელმწიფომ მასთან დაკავშირებით უნდა დაიცვას. მე არ მომისმენია ლოგიკური ახსნა იმისა, რატომ არ შეიძლება მისი გადაყვანა სხვა საავადმყოფოში, მაშინ, როცა ასეთი პრეცედენტები არსებობს, ისევე, როგორც არ მესმის და არ ესმით არც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რატომ არ შეიძლება, ადამიანი ესწრებოდეს თავის სასამართლო პროცესებს?
ძალიან მარტივ რაღაცებზე ვლაპარაკობთ. არგუმენტი, რომ იქ შეიძლება რაღაც მოხდეს, გაუგებარი და მიუღებელია. ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე, რომელსაც აკისრია ვალდებულება, დაიცვას ქვეყანა, დაგვიცვას ჩვენ და ამ დროს ხელისუფლება ამბობს, ერთი პატიმრის დაცვას ვერ ვახერხებო! ისეთი ალოგიკურია ეს ყველაფერი, რომ ძალიან ძნელია რაციონალური კომენტარის გაკეთება.
ისევ და ისევ ვამბობ, რომ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ყველაფერზე, მაგრამ არა - სახელმწიფოს ინტერესებზე. თუ სახელმწიფო ინტერესები დროულად არ გავიხსენეთ, მაშინ კოლაფსის, კატასტროფის წინაშე დავდგებით. რით განსხვავდება დემოკრატიული ქვეყანა ავტორიტარულისგან?
როდესაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, კაცობრიობამ გაასამართლა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი რეჟიმი - ფაშიზმი. ის, რომ ჩატარდა ნიურნბერგის პროცესი, იყო დასავლეთის ყველაზე დიდი გამარჯვება და სწორედ იმ სტანდარტის დამკვიდრება, რომ მტერსაც კი, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა, ისე არ უნდა მოექცე, როგორც ის იქცეოდა ან იმაზე უარესად.
მასზე მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებ, თუ მორალურად და სამართლებრივად უფრო მაღალი სტანდარტით იმოქმედებ. ყველას აქვს სამართლიანი სასამართლოს, თავის მართლებისა და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების უფლება. არგუმენტი - იცი, ეგენი რას აკეთებდნენო?! - სრულიად მიუღებელია. უნდა გვესმოდეს, რომ ლინჩის წესის დამკვიდრებით ქვეყანა არ შენდება. არც სიძულვილზე შენდება სახელმწიფო.
ნათია დოლიძე