"ზღვა შეცდომას არ გაპატიებს!"
რას ნიშნავს "ადამიანური ფაქტორი" პირდაღებულ ზღვაში
მამაცი კაპიტანი უწყლო "ხმელეთიდან"
დაკარგული საზღვაო სანაპიროებისა და ქართული ფლოტის გაყიდვის შემდეგ ქართველ კაცს საზღვაო სახელმწიფოდ გახდომაზე ფიქრი არ ასვენებს. ამის გახსენებაზე მეც ბოღმა მახრჩობს და სიამაყით ვივსები, როცა ვიგებ, ქართველი მეზღვაურები შორეული ნაოსნობის უმამაცეს ზღვაოსნებად ითვლებიანო. როგორც კი გავიგე, პატარძეულელი გემის კაპიტანი გიორგი უნაფქოშვილი საქართველოშიაო, სასწრაფოდ მოვძებნე და ვთხოვე, ზღვებზე, ოკეანეებსა და საზღვაო კატასტროფებზე მოეთხრო. ნუ გაიოცებთ, პატარძეულელებს წყალი არა აქვთ და კაპიტანი როგორ გაზარდესო? არადა, მეორე პატარძეულელი კონტრადმირალი მიხეილ ჭინჭარაძე ალბათ ერთადერთი იყო, რომელიც მსოფლიო ომის დროს, უმაღლესი მთავარსარდლის, სტალინის ბრძანებას არ დაემორჩილა და ალმოდებული სევასტოპოლი არ დატოვა. უფრო სწორად, ზღვაში გასულმა გემი მიაბრუნა და ქალაქიდან 1200 დაჭრილი მეომარი გამოიყვანა.
- ჩემი საზღვაო ახირებით გაბეზრებული მამაჩემი და მე კონტრადმირალ მიხეილ ჭინჭარაძეს ერთად მივადექით. მამამ, - 16 წლის ხარ, ასე უპატრონოდ სად უნდა გაგიშვაო და ბატონ მიხეილს წერილის მიწერა სთხოვა ბათუმის საზღვაო სასწავლებლის უფროსთან. როცა კურსანტად ჩავირიცხე, წერილი მერეღა წამაკითხეს. კონტრადმირალი დასაწყისში კი წერდა, ეს ბიჭი ჩემი სოფლელია და ყურადღება არ მოაკლოთო, მაგრამ ბოლოში დიდი ასოებით ჰქონდა მიწერილი: "შეამოწმეთ. თუ სუსტია, არავითარი შეღავათი!" ახლა მეც იმავეს ვაკეთებ. მართალია, წერილებს აღარ ვწერ, მაგრამ ჩემი აღზრდილი უფროსი ოფიცრებისთვის გაწეულ ჩემს რეკომენდაციებს საზღვაო მენეჯმენტებში სერიოზულად უყურებენ - თუ სუსტია, არავითარი შეღავათი! მოხუცი კონტრადმირალის მზერაც მახსოვს, - არ გეგონოს, იქ პატარძეულელ ბიჭბუჭებთან გექნება საქმე, მარტო რუსი მეზღვაურები გეყოფაო! 16 წლის ვიყავი და - ეგენი ვერ მომერევიან-მეთქი! თითი დამიქნია, - ფრთხილად იყავი, მოურეველი კაცი არ არსებობსო. მართლაც ასეა, მით უფრო ზღვაში, რომელიც შეცდომას არ გაპატიებს. თანაც ზღვაზე ხიფათი მაშინ მოდის, როცა ყველაფერი თითქოს წესრიგშია და ყველაზე ნაკლებად ელი.
- ამის ბრალია, რომ ზღვა კატასტროფებით და ჩაძირული ხომალდებით არის სავსე?
- ასეა. ლონდონში, ლოიდის საზღვაო სადაზღვევო კომპანიაში, გემის დაღუპვისას ზარს შემოჰკრავენ ხოლმე. მაგრამ ეს ზარი ყველა გემს ვერ ეძღვნება, - ზოგიერთი ისე იძირება, ინფორმაცია არსად ქვეყნდება. ესენი უმთავრესად დაურეგისტრირებელი და ტექნიკურად გაუმართავი მცირე წყალწყვის გემები არიან, რომელთაც არალეგალები გადაჰყავთ, თევზს იჭერენ ან რაიმე სხვა საქმიანობას ეწევიან. მაგრამ როცა კატასტროფა "კოსტა კონკორდიასნაირ" გემზე ხდება, ამას მსოფლიო იგებს. "კოსტა კონკორდია" ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებით იყო აღჭურვილი, მაგრამ ზღვა უახლესი ტექნოლოგიების ხათრით შეცდომას არ გაპატიებს. მსგავსი ავარიები შეცდომის ან დაუდევრობის ბრალია. "ადამიანური ფაქტორით" - ეკიპაჟის უყურადღებობით ხომალდი მეჩეჩზე შეჯდა. ცნება "ადამიანური ფაქტორი" საზღვაო კატასტროფების 80%-ის მიზეზად ითვლება. დანარჩენი 20% ბუნებრივი კატაკლიზმების დროს ხდება. ასევე ძალიან სახიფათოა მოულოდნელად გაჩენილი ე.წ. "არანორმალური ტალღები".
ახლა ზღვაზე ეს ტალღები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ადრე იყო, რადგან კანონზომიერებებიც არ არის მარადიული. მაგალითად, ოკეანეებში ტალღების სიმაღლე ზოგიერთ რაიონში უკვე 30 მეტრსაც აღწევს. ასეთ ტალღებს არაერთი გემი შუაზე გაუწყვეტია.
- ის რომელი კანონზომიერებაა, როცა ღია ზღვაში ერთმანეთს ორი ხომალდი ეჯახება?
- მაგას ნაპირზე ხშირად მეკითხებიან, - ამხელა ოკეანეში ერთმანეთს როგორ ეჯახებითო. ესეც "ადამიანური ფაქტორის" ბრალია. ზღვაში არსებობს კანონი - გემებმა ერთმანეთს გზა უნდა დაუთმონ. და თუ ეს არ ხდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ეკიპაჟს ყურადღება აქვს მოდუნებული. მეც მქონდა ასეთი შემთხვევა. გიბრალტარს ვუახლოვდებოდით, თითქოს ვიღაცამ ხელი მკრა და გამაღვიძა. დილის 5 საათი იყო. ილუმინატორის ფარდა გადავწიე და ვხედავ, კონტეინერმზიდი გვიახლოვდება. თვალის დახამხამებაში კაპიტნის ხიდზე ავვარდი. ჩემი თანაშემწე და მორიგე მეზღვაური თავდავიწყებით ქაქანებდნენ. ორივე გვერდზე გავწიე, საჭეს მივვარდი და გემს სასწრაფოდ კურსი შევუცვალე.
- სხვა თქვენს ადგილზე ამ ხალხს პირველსავე პორტში ჩამოსვამდა.
- ეგ საქმეს ვერ უშველის. ზღვაში ისედაც ბევრი საფრთხეა და ადამიანი იმ დროს არ უნდა დასაჯო, როცა თავადაც დასჯილად გრძნობს თავს. ამ საფრთხეთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეკობრეობაა.
1970 წელს, როცა ზღვაში პირველად გავედი, მეკობრეები მალაკის სრუტეში დაცურავდნენ და მათი მეთაური ქალი იყო. მაგრამ ხალხი მძევლად არ აჰყავდათ - მხოლოდ ძვირფასტვირთიან გემებს ძარცვავდნენ. დღეს კი სომალელები მეკობრეობენ. უბედურება ის არის, რომ ამ ქვეყანას ბუნებამაც უღალატა. 6 წელია, წვიმა არ მოსულა, ხალხიც შიმშილით იხოცება. ზღვით თავის რჩენის გარდა არაფერი დარჩენიათ, სწრაფი კატარღებით ესხმიან თავს დაბალსიჩქარიან გემებს და თავის ეკიპაჟიანად ძალზე ადვილად ატყვევებენ. ამიტომაც ქირაობენ ძლიერი გემთმფლობელი კომპანიები შეიარაღებულ დაცვას. თავად წელიწადში 3-ჯერ მაინც მიხდება ამ სანაპიროებთან გავლა და მეკობრეებს ყოველთვის დაცვის მეშვეობით ვიგერიებთ. ძლიერი კომპანია იმითაც არის საიმედო, რომ რა თანხაც უნდა მოსთხოვონ, გადაიხდის, რადგან, ყველაფერთან ერთად, სახელსაც უფრთხილდება და ეკიპაჟს გაჭირვებაში არ მიატოვებს. საბედნიეროდ, სწორედ ასეთია ის გერმანული კომპანია, სადაც ვმუშაობ.
- ოდესმე მეზღვაურებს მეკობრეებისაგან თავად თუ დაუღწევიათ თავი?
- ასეთი შემთხვევა ქართველ მეზღვაურებს ჰქონდათ: მოასწრეს - როცა მეკობრეები გემიდან საწვავს იღებდნენ, მოახერხეს და რაღაც ნაწილი რეზერვუარში გადამალეს. როგორც კი მეკობრეებმა ყურადღება მოადუნეს, მეზღვაურებმა გემი გაიტაცეს. სხვადასხვა ეროვნების მეზღვაურები მყავს, მაგრამ ისინი ქართველებთან ვერც ერთგულებით, ვერც პროფესიონალიზმით, ვერც სიმამაცით ახლოსაც ვერ მოვლენ. ვთქვათ, გემს 24-საათიანი მუშაობა სჭირდება, სხვა გეტყვის, - დავიღალე, ჩემი სამუშაო საათები დამთავრდაო. ქართველი კი, თუ საერთო საქმეს სჭირდება, ხმის ამოუღებლად იმუშავებს.
- მით უფრო სამწუხაროა ქართული ფლოტის დაშლა და გაყიდვა. იმედიც აღარ არის, რომ საზღვაო სახელმწიფო გავხდებით?
- მე მაინც მჯერა, რომ საქართველოს ძლიერი გემთმფლობელი კომპანიები და საზღვაო ფლოტი ეყოლება. საქართველოს საზღვაო სანაპიროს სიგრძე 310 კილომეტრია დროებით დაკარგული აფხაზეთის ჩათვლით და ჩვენ უსათუოდ მოვახერხებთ ამ სანაპიროს გამთლიანებას. მამაც მეზღვაურებსაც გავუშვებთ ზღვაში, მიუხედავად იმისა, რომ ზღვაში თვეობით ყოფნა ადვილი არ არის და არც ადამიანია თევზი, რომ თვეობით უხმელეთობამ არ შეაწუხოს. მეც როცა გუნება შემეცვლება, ვხვდები, რომ ხმელეთზე მინდა. ეს ხანდახან ადამიანის ფსიქიკაზეც აისახება ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, როცა გონებადაბინდული მეზღვაური ზღვაში გადამხტარა გემიდან. ოკეანე ზოგჯერ არათუ სუსტ, ძლიერი ფსიქიკის ადამიანებსაც ერევა. "კოსტა კონკორდიას" კაპიტანმა მგზავრებზე ადრე გააღწია ნაპირზე. როცა უბრძანეს, უკან დაბრუნდიო, ვეღარ შეძლო...
მრავალი შემთხვევიდან ერთს გავიხსენებ: ამერიკაში გემს ვამოწმებდი. ეკიპაჟი მთლიანად ფილიპინელებისგან შედგებოდა. ტრაპის შუამდე არ ვიყავი ასული, უეცრად რომ ამოტრიალდა და 25 მეტრის სიმაღლიდან წყალში გადავეშვი. ამ ადგილზე წყლის სიღრმე 10 მეტრი იყო, ტემპერატურა - 5 გრადუსი, ყინულის ხორგებიც კი დაცურავდა. ფსკერს რომ შევეხე, გონი მაშინ დამიბრუნდა და ზედაპირისკენ წამოვედი. ჰაერი ჩავისუნთქე და მაშველი ვიხმე. საუბედუროდ, ჩემი ხმა ეკიპაჟმა ვერ გაიგონა. ამასობაში თურმე 20-25 წუთი გავიდა. ბოლოს, მაშველი რგოლი ტერმინალის დამკვირვებელმა გადმომიგდო, მაგრამ დინებამ რგოლი გაიტაცა. ამასობაში ეკიპაჟიც გამომეხმაურა. თოკის კიბე ჩამოუშვეს და გემზე ავედი, ფილიპინელი კაპიტანი კომპიუტერზე თამაშობდა. სხვა გზა არ იყო და პატაკი დავწერე, რადგან ამ ფაქტმა მთელი ეკიპაჟის უპასუხისმგებლობა წარმოაჩინა. შემდეგ ნავსადგურში მთელი ეკიპაჟი შეიცვალა.
- თქვენ უცხოეთში ყველგან ცხოვრების შანსი გექნებოდათ, რატომ არ გაარიდეთ ოჯახი ჩვენი ქვეყნის არცთუ მარტივ მდგომარეობას?
- აზრადაც არ მომსვლია. ის კი არა, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები სადმე დროებით რომ მყავდა, სულ საქართველოსკენ ვიხედებოდით. დავჯდებოდი პატარძეულის ხევთან და ვეკითხებოდი ჩემს თავს, - რა არის ამისთანა, რომ აქეთკენ მიზიდავს-მეთქი. პატარძეულთან ერთი აღმართია, სანამ შევუდგებოდე, ხშირად პირჯვარი გადამიწერია და ღამით სანთელიც ამინთია მანქანაში. ერთხელ გემზე მორიგი განსაცდელის შემდეგ ხუთიოდე წუთით ჩამეძინა და პატარძეულის დანგრეული საყდრის ნიში დავინახე. იმ ნიშთან გავლისას პაპაჩემი მეტყოდა, - აი, ჩვენი გადამრჩენელი სალოცავიო. მერე პაპაჩემი და ჩემი თავიც დავინახე - ორივენი იმ ხნისანი ვიყავით, როცა ამას მეუბნებოდა ხოლმე.
ის ნიში აღვადგინე. ალბათ ის არის, რომ მეძახის და არსად მიშვებს. მე განგებას კარგი ინტუიციის მონიჭებისთვისაც ვუხდი მადლობას, რომელიც საფრთხეს რაღაცნაირად წინასწარ მაგრძნობინებს ხოლმე.
პატარძეულის სახლში მინისაზღვაო მუზეუმიც მაქვს. სხვა რომ ოჯახისთვის საჭირო ნივთებს ყიდულობდა და გზავნიდა, მე ამ მუზეუმისთვის საზღვაო ნივთებს ვგზავნიდი შინ. ასე რომ, არც აქამდე გადავბარგებულვარ უცხო ქვეყანაში ჩემი ორი შვილითა და 4 შვილიშვილით და ახლა მით უმეტეს, არსად წამსვლელი არა ვარ...
"გემების სასაფლაო"
შეუძლებელია, აღირიცხოს საზღვაო კატასტროფებისა თუ მეკობრეთა თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. მით უფრო, რომ ზოგიერთი ქვეყანა გულმოდგინედ მალავს ამ სტატისტიკას. ყოველ საზღვაო რუკაზე დატანილია ადგილები, სადაც ყველაზე მეტი გემი იძირება. ამის გამო რუკებზე ზოგი ადგილი ვიზუალურად ისე გამოიყურება, თითქოს წვრილი მზესუმზირით არის დაფარული. ყველაზე მეტი ხომალდი ატლანტის ოკეანეში, ბისკაის ყურის ფსკერზეა, რომელსაც მეზღვაურები "გემების სასაფლაოს" ეძახიან.
დაღუპული გემების ოფიციალური აღრიცხვა 1912 წელს "ტიტანიკის" ჩაძირვის შემდეგ დაიწყო, საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების კონვენციით. ამ მონაცემებით, ბოლო წლებამდე დღეში საშუალოდ ერთი გემი იღუპება (ბოლო წლებში ეს რიცხვი გაიზარდა).
კოსტა კონკორდია" 2012 წლის 13 იანვარს ტირანის ზღვაში, დასავლეთ იტალიის სანაპიროსთან რიფებს შეეჯახა. გემზე 4252 კაცი იყო. აქედან 25 დაიღუპა, 7 - დაკარგულად ითვლება, დანარჩენის ევაკუაცია მოხერხდა. რომ არა კარგი ამინდი, რომელმაც მაშველების მუშაობას ხელი შეუწყო, მსხვერპლი ბევრად მეტი იქნებოდა
987 წელს ფილიპინებზე სამგზავრო ბორანი ნავთობის ტანკერს შეეჯახა და 4400 კაცი დაიღუპა.
ეს მსოფლიოში ყველაზე დიდ საზღვაო კატასტროფად მიიჩნევა