ფრთხილად! ზონდერები ინტერნეტში... ანუ პოლიტიკური ტროლინგი! - კვირის პალიტრა

ფრთხილად! ზონდერები ინტერნეტში... ანუ პოლიტიკური ტროლინგი!

ეს ყველა ინტერნეტმომხმარებელმა უნდა წაიკითხოს!

ტროლები სკანდინავიურ მითოლოგიაში ადამიანისადმი მტრულად განწყობილი არსებები არიან, თუმცა, თანამედროვე რეალობაში ამ ტერმინმა სულ სხვა დატვირთვა შეიძინა. ადამიანისადმი მტრულად განწყობილი "არსებები" ვირტუალურ სამყაროში გააქტიურდნენ. საქართველოში უფრო მეტად პოლიტიკურმა ტროლინგმა იჩინა თავი, მით უფრო წინასაარჩევნოდ. "ინტერნეტზონდერები" ძირითადად ფორუმებსა და ელექტრონული მედიის სხვა საშუალებებში "ბინადრობენ". მათი, ერთი შეხედვით უწყინარი ქმედება, შესაძლოა კარგად დაგეგმილი და მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი იყოს, რითაც მავანთ საზოგადოებრივ აზრზე, მის განწყობაზე ზემოქმედება სურთ და იმის ჩვენება უნდათ, რომ თითქოსდა მათ პოლიტიკურ ხედვას ბევრი ადამიანი იზიარებს.

საქართველოში ტროლინგი შედარებით "ახალი ხილია", ამერიკაში კი მკვლევრების შესწავლის საგანი გახდა.

თანამედროვე მედიის ამერიკელმა სპეციალისტმა, ჯუდით დონათმა ამ მოვლენას ასეთი განსაზღვრება მისცა - ეს არის ვირტუალური კომუნიკაციის საშუალება ეთიკის დარღვევით, რომელიც სხვადასხვა აგრესიით ვლინდება. ინგლისურად ზმნა TROLL-ი სატყუარათი თევზის ჭერასაც ნიშნავს. ანკესის ბრჭყვიალა სატყუარა კი ამ შემთხვევაში შესაძლოა იყოს პროვოკაციული ინფორმაცია, რითაც "ქსელურ პარაზიტებს", ვირტუალურ სივრცეში, განსაზღვრულ ჯგუფებს შორის კონფლიქტის შექმნა სურთ. ყველაზე სასურველი გარემო ტროლინგისთვის თემატური ფორუმები, სოციალური ქსელები და საინფორმაციო პორტალებია, რადგან ისინი არასდროს უთითებენ თავის ნამდვილ ვინაობას და ათასგვარი "ნიკებით" (მეტსახელებით) ინიღბებიან. როგორც წესი, ისინი აფუჭებენ ჯანსაღ მსჯელობას ინტერნეტსაიტებზე, ან ავრცელებენ დესტრუქციულ იდეებს, რაც ინტერნეტმოსაუბრეებს შორის ნდობის დაკარგვას იწვევს. მათ სურვილი ეკარგებათ, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაჯანსაღ პოლემიკაში ჩაერთონ. ეს არის ფაქტობრივად სოციალური აგრესიის ფორმა, ხოლო ამ აგრესიის მასშტაბურობისთვის ტროლები მასობრივი ინფორმაციის ყველაზე პოპულარულ საიტებს იყენებენ.

ზონდერების გამოჩენა

kvirispalitra.ge, ambebi.ge, palitratv.ge - ეს საინფორმაციო საიტები დიდი პოპულარობით სარგებლობს, რასაც სხვადასხვა ინტერნეტრეიტინგიც ცხადყოფს. შესაბამისად, ამ საიტებს აქტიური მკითხველი და მაყურებელი ჰყავს, რომლებიც ხშირად გზავნიან კომენტარებს, რითაც ამა თუ იმ საკითხზე საკუთარ აზრს გამოხატავენ. შემდეგ ეს კომენტარები კონკრეტული სტატიის, სიუჟეტის, ნიუსისა თუ გადაცემის ქვემოთ ქვეყნდება და ზოგჯერ სტატიაზე არანაკლებ საინტერესო საკითხავია. თუმცა ბოლო დროს კომენტარებში აშკარად იმატა აგრესიულმა, შეურაცხმყოფელმა და მუქარის შემცველმა ტექსტებმა, რამაც დამაეჭვა, ტროლინგთან ხომ არ გვქონდა საქმე. მიკერძოებული, აგრესიული, საგანგებოდ სწორხაზოვანი და პროპაგანდისტული კომენტარები სულაც არ მატებს სოლიდურობას საინფორმაციო საიტებს. რაც მთავარია, ეს არც მათი მომხმარებლებისთვის იქნება სასიამოვნო.

ამიტომ როგორც მომხმარებლების, ისე "პალიტრამედიის" ჟურნალისტების ინტერესებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე საფუძვლიანად გამომეძიებინა, რა მოვლენასთან გვქონდა საქმე, რას ესწრაფოდნენ ეს დაუცხრომელი კომენტატორები.

რამდენიმეკვირიანი კვლევა-ჩხრეკის, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიებისა და შეჯერების შემდეგ აღმოჩნდა, არც შევმცდარვარ და რომ ჩვენს საიტებს მართლაც ტროლები შესჩვეოდნენ. ასეთი კომენტარების ავტორები საგულდაგულოდ ასაიდუმლოებენ საკუთარ ვინაობას და სხვადასხვა ნიკებით ინიღბებიან. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ტექსტების უმეტესობა პოლიტიკური შინაარსისაა, ცხადია, რომ პოლიტიკურ ტროლინგთან გვაქვს საქმე.

"შუშტაკა", იგივე "ჭორვილელი", იგივე lalala...

მაგალითისთვის სხვადასხვა დროს გამოგზავნილ რამდენიმე კომენტარს შემოგთავაზებთ. (სტილი დაცულია).

qause: "ალასანიავ, განა შეიძლება კიდევ იყოს ვინმე შენზე დიდი ვირთხა?"

მე ვარ დეგენერატი!: "ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი პიტალო ჩო....ია, მაგრამ მაინც მინდა, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში. ისიც ვიცი, ეს მთავრობა უფრო უარესი იქნება, ვიდრე სააკაშვილისა, მაგრამ მაინც მინდა. ისიც ვიცი, რომ მოქმედი ხელისუფლების ჩამოწერილი ხალხით (რომლებიც კაპიკად არ ვარგოდნენ) აპირებს მომავალი მთავრობის დაკომპლექტებას, რაც, რა თქმა უნდა, დიდ უბედურებას მოგვიტანს, მაგრამ მაინც მინდა. ისიც კარგად ვიცი, რომ ბიძინა რუსეთის ფსბ-ს აგენტია და საქართველოს სახელმწიფოს ჩამოშლის დავალება აქვს მიღებული და ის ამას გააკეთებს და მიუხედავად ამისა, მაინც ბიძინას მოსვლა მინდა ხელისუფლებაში და სწორედ ამიტომაცა ვარ მე დეგენერატი!!!"

gg-tt: (ზვიად ძიძიგურის კომენტარზე: "დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ არჩევნები მოგებული გვაქვს...")

"რა გაქვთ მოგებული, შე ცალტვინავ, მიტინგზე ლაქლაქი და არჩევნების მოგება ეს სულ სხვადასხვა ცნებებია.....არჩევნებს იგებს ის, ვინც ითვლის!!! და არა ვინც მიტინგებზე ათასგვარ სისულელეებს ლაქლაქებს!!!"

ჭორვილელი: "ისე მოიგოს კოტაანთ სანდროს ძროხამ, როგორც თქვენ არჩევნებს მოიგებთ!"

"ეს არაფრისმომცემი აქციებიც რომ გადაივლის და არჩევნებიც რომ მორჩება, ხელში შეგვრჩება მდგომარეობა: "კრება დარჩა მხიარული!!!" მიუხედავად ამისა, ჩვენი გამოთაყვანებული ხალხი მაინც ვერაფერს გაიგებს და ვერაფერს ისწავლის, როგორც ყოველთვის, ტრადიციულად!"

sss: "ბელადები საკუთარ თავს თვითონ კი არ ქმნიან, არამედ ხალხი ანუ ბრბო ქმნის ბელადებს. ეს პროცესი უკვე მოხდა ჩვენთან. რამდენიც უნდა იდემაგოგოს ბერძენიშვილმა, ფაქტი სახეზეა. ჩვენმა გამოშტერებულმა ხალხმა უკვე თავის ფსიქიკაში ივანიშვილის სახით წარმოსახა "მხსნელი ბელადი". ახლა ამ ჩვენს გამოშტერებულ ხალხის კატეგორიას აღარაფერი ეშველება. მათ ეს ასე ჰგონიათ, სწორედ ამიტომაც არიან გამოშტერებულები!!"

გორგასალი: "თარგამაძე მართალია გველის წიწილია, მაგრამ ივანიშვილზე ბევრად ერუდირებული მაინც არის, და მისგან განსხვავებით, ოცნებებით ცაში არ დაფრინავს და რეალისტია. არც ის ციტატაა მთლად უადგილო, სადაც ზვიადისნაირ დასასრულს "უწინასწარმეტყველებს" ბიძინას. ეხლა მთლად ასე არ იქნება როგორც თარგამაძე ამბობს, მაგრამ რაღაცას სწორად პროგნოზირებს!"

lalala: ვის რაში სჭირდება ივანიშვილის ლიკვიდაცია? (სალაპარაკო რომ მიეცეს ვიღაც-ვიღაცეებს?!) მოვა ოქტომბრის არჩევნები და დაინახავთ, როგორ გაფარჩაკდება ივანიშვილი თავისი ხარახურა გარემოცვით. ივანიშვილის გამარჯვება მხოლოდ გამოთაყვანებულ და გამოშტერებულ კატეგორიას სჯერა. რა ვქნათ, რომ ასეთი კატეგორიაც არსებობს!!!"

RUMENIGE: "ჩვენმა დეგრადირებულმა, გამოთაყვანებულმა და გაუნათლებელმა ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რა არის ჭეშმარიტება და მისკენ მიმავალი გზა. ათასგვარი სისულელეებით აქვთ თავები გამოტენილი და თავიანთი ტუტუცური აზრების გადმონთხევით ჰგონიათ, რომ ეს გზა მიიყვანთ ჭეშმარიტებამდე... ჩვენს დეგრადირებულ მასას მართლა ჰგონია, რომ ივანიშვილი უშველის საქართველოს და ერთ უბრალო ელემენტარულ აქსიომას ვერ აცნობიერებენ, რომ რანაირად შეიძლება მოხდეს ეს? რომ რუსეთის ფსბ-ს ნასედკამ გააკეთოს ყოველივე ის, რასაც ის პირდებათ. აქ უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჩვენი ხალხი ადვილად "ბოლდება" (უკვე მერამდენედ) ლამაზი, ეფექტური, პათეტიკური და შინაარსიანი ტყუილებით!!!"

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ კომენტარებს სხვადასხვა ადამიანი გზავნის, რეალურად კი ყველა ზემოთ მოყვანილი გზავნილი, ერთმანეთის მიყოლებით, ერთი და იმავე IP(ინტერნეტპროტოკოლი) მისამართიდან არის გამოგზავნილი. IP188.169.213.9 - რა თქმა უნდა, შესაძლებელია, აღნიშნული მისამართით ერთ უწყებაში, ორგანიზაციაში რამდენიმე კომპიუტერიდან სარგებლობდნენ, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ ამ უწყებაში სხედან ადამიანები - მთელი ჯგუფი, ერთი და იმავე პოლიტიკური პოზიციების მქონე და მყისიერად, საინფორმაციო საიტებზე სტატიისა თუ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე, გზავნიან კომენტარებს(?!). ასეა თუ ისე, ორივე შემთხვევაში სახეზეა პოლიტიკური ტროლინგის კლასიკური მაგალითი, მისთვის დამახასიათებელი ყველა თავისებურებით. ოღონდ თუ ეს ერთი ადამიანის ხელწერაა, პოლიტიკური ტროლი მარტოსულია და ასეთს "მსუქან" ტროლსაც უწოდებენ. თუ ჯგუფთანაა, მაშინ ასეთებს სხვაგვარად ტროლების სექტასაც ეძახიან. თუმცა ზემოთ მოყვანილი კომენტარებიდან ჩანს, რომ ეს ერთი ადამიანის ხელწერაა, ერთნაირი ლექსიკითა და ტერმინოლოგიით.

გადავწყვიტე ჟურნალისტური გამოძიება ჩამეტარებინა და სხვადასხვაგვარი ნიკით შენიღბული "ინტერნეტზონდერების" რეალური სახე მეჩვენებინა. უნდა ვაღიარო, რომ ეს არც ისე იოლი საქმე აღმოჩნდა, რადგან მხოლოდ კომპიუტერის IP მისამართი ძალიან მწირ ინფორმაციას იძლევა. დაახლოებით თვეზე მეტი დამჭირდა იმის დასადგენად, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ეს ადამიანები, თავიდან ინტერნეტის სხვადასხვა საძიებო სისტემებში ვეძებდი თუ რომელი პროვაიდერის სახელზე იყო რეგისტრირებული კონკრეტული IP, ვინ სარგებლობდა, როდის და რომელ საიტებზე აღინუსხებოდა შესვლა ამ კონკრეტული მისამართებიდან. სხვათა შორის, ძალიან ბევრი საიტი ინახავს დეტალურ ინფორმაციას ვიზიტორთა შესახებ და ასაჯაროებს კიდეც. ზოგ შემთხვევაში ძველი, რამდენიმე წლის წინანდელი კომენტარების და მათთან დართული ინფორმაციის შესწავლა და ანალიზიც გახდა საჭირო, სადაც საიტის ადმინისტრაციის მოთხოვნით მგზავნელები ელექტრონული ფოსტის რეალურ მისამართებს უთითებდნენ. ვებსაიტების ანალიზატორების ინფორმაციაც ძალიან დამეხმარა...

თუმცა გამოძიების საბოლოო შედეგმა იმდენად საინტერესო აღმოჩენებამდე მიმიყვანა, რომ შრომა და გარჯა ამად ნამდვილად ღირდა. "კოტაანთ სანდრო" ვინაა არ ვიცი, მაგრამ სხვადასხვა ლოგიკური ბმებით, ტროლის მიერ დატოვებული "კუდებითა" და საიდუმლო არხებით, ამ კომენტარების ავტორის ძიებამ კახეთამდე მიმიყვანა. ვფიქრობ, ეს "კოტაანთ სანდროც", რომელსაც ავტორი კომენტარებში ახსენებს, კახელი უნდა იყოს. აქვე დავძენ, რომ არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ ფაქტებს გიამბობთ. IP მისამართი, საიდანაც ზემოთ მოყვანილი კომენტარები იგზავნება, ვინმე გია შუშტაკიშვილის კომპიუტერს აქვს მინიჭებული. თავად ბატონი გია კი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებაში მუშაობს.

Ps Ps, lalala, Rumenige, gorgasali, ჭორვილელი, ალ კაპონე, კოლერი, შუშტაკა, მარე, ლევანი - 1, გულთმისანი, კობა დავითაშვილი, კოკორინა, სასწაული, გია - ყველა ჩამოთვლილი ნიკით შემოსულ კომენტარზე ერთი და იგივე IP მისამართი ფიქსირდება. კომენტარების გამოგზავნისას მისი "ტროლი" ავტორები, როგორც წესი, ელექტრონული ფოსტის მისამართსაც მცდარს უთითებენ, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში საინტერესო დეტალები მაინც გვხვდება. მაგალითად, ზოგჯერ მითითებულია ელექტრონული ფოსტა, რომელიც ბატონი გია შუშტაკაშვილის სახელის ინიციალისა და გვარის პირველი ნაწილისგან შედგება, ზოგჯერ კი ელექტრონული ფოსტის მითითებისას მზია ბურდულია ნახსენები. მზია ბურდული გია შუშტაკიშვილის მეგობართაგანია Facebook-ზე. სხვათა შორის, ბატონი გია სოციალურ ქსელებში საკმაოდ გულახდილია და არც მალავს, რომ მოსწონს ქართული მასონური ორდენი და მასონები საქართველოში, დიმიტრი შაშკინი, გიგი უგულავა, ნიკა გილაური და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ბატონი გია წარმოშობით ქიზიყიდანაა. სხვათა შორის, მისი სახელი და გვარი ასევე გვხვდება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ტრენერთა შორის.

giorgi-luka თუ უბრალოდ "თამარი"

კიდევ ერთი აქტიური და აგრესიულობით გამორჩეული ტროლი საინფორმაციო საიტებზე არის გიორგი ლუკა. ამას გარდა, მას კიდევ რამდენიმე ნიკი აქვს - daTo kacharava, barca forever, არჩილი, გივი და თამარი. ამ ტროლის "გასაშიფრად" მის მიერ გამოგზავნილი ბევრი კომენტარი წავიკითხე და შეიძლება ითქვას, რომ ფინანსურ საკითხებში საკმაოდ ღრმად არის ჩახედული. არც შევმცდარვარ, ტროლის ძიებამ კიდევ ერთ სახელმწიფო უწყებამდე მიგვიყვანა, რომელიც ქვეყანაში მონეტარულ პოლიტიკას ხელმძღვანელობს.

giorgi-luka: "პროფკავშირებს რაც ფული აქვთ ნაჭამი ჯერ კომუნისტების დროს და მერე განსაკუთრებით შევარდნაძის დროს, ახლა რა იყო, კიდევ მოუნდათ? მიდით, დაიყენეთ გვერდით ეგეთი ნაგვები პინგვინებმა, კარგ ფინალამდე არ მიგიყვანთ!!!"

"პროფკავშირები საქართველოში სულ კორუფციის და სხვისი ფულის ჭამის წყარო იყო და ახლაც არის, ამიტომ არ ვუხდი მე მაგათ ერთ თეთრსაც კი !!!!! :)"

daTo kacharava: "ალეკო (ალეკო ელისაშვილი - ავტ.) დაგავიწყდა სკოლაში ერთად რომ ვიპარავდით "ჟუვაჩკებს". შენა რა გგონია, შენს კლასელებს არ გვახსოვს, ვინ იყავი და ვინ ხარ? ხულიგნობა სულ გიყვარდა, მაგრამ ახლა რომ აღიარებ და კიდევ "კაი ბიჭობაზე" დებ თავს, ძალიან სახალისოა".

giorgi-luka: (კომენტარი სტატიაზე - გლობალ TV-ის ამერიკელი მეწილე უკანონო შემოსავლის ბრალდებით დააკავეს)

"ახლა აქ დაიწყებენ მეოცნებეები მარჩიელობას და მე-4 მუხლი რის მეოთხეო და რა თანხის ზემოთო (მე-5 მუხლი). ამიტომ დაგიდებთ კანონს ეროვნული ბანკის გვერდიდან, რომელიც "გუგლში" ყველაზე იოლად მოიძებნა - უბრალოდ უნდა ჩაგეწერათ დასახელება და პირველ 10-ეულში იყო...

http://www.nbg.gov.ge/uploads/legalacts/kanonebi/11ukanono-shemosavlebis-kanoni.pdf

წაიკითხეთ და მერე თქვით რომ ის ოპერაცია, რაც განახორციელეს, საეჭვო არ იყო - ისე, რომ იცოდეთ, ეგ ამერიკის მარეგულირებელს ეტყობა უკვე ეცნობა, და იქაც მოუძებნიან ანგარიშებზე მოძრაობას და გადმოგზავნიან საქართველოში - საერთაშორისო კოოპერაციის ფარგლებში - ვაი და რაღაცა ნახიმადრალი აქვთ :) :) :)"

არჩილი: რა იყო ბიძარასტები, გამოაცხადეთ გლოვა??? :) :) :)

giorgi-luka: "შენ თუ ინტრიგანი არა ხარ, რა იცი, რა იტრიალებს ვიდეომონიტორებზე? :) თუ ბიძომ ქვებზე გიმკითხავა?

შენა ბიჭო მაგარი ხულიგანი ყოფილხარ, ანუ მე თუ შენ გამაღიზიანებლად მიმაჩნიხარ, მაშინ უნდა გაგიდო წიხლქვეშ? გაბარიტებით გატყობ, არა ხარ დიდი წინააღმდეგობის გამწევი :) ესა ხართ რუსული მეოცნებეები? :) :) :) თან აღიარებით ჩვენებებს აძლევს :) :) ვიხულიგნეო, თან მოწონს თავი, ასეთები ხართ პინგვინები? :)"

ამ შემთხვევაშიც, სხვადასხვა ნიკით, სხვადასხვა დროს გამოგზავნილი კომენტარები ერთი IP მისამართიდან არის შემოსული, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის სახელზეა რეგისტრირებული. დაკვირვებული თვალიც კი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ გამოგონილი სახელების მიღმა ერთი და იმავე ადამიანის ხელწერა იკითხება. ელექტრონული ფოსტის მისამართს ისიც ყოველთვის არარსებულს უთითებს, როგორც ჩანს, მეტი კონსპირაციულობისთვის, თუმცა ერთ საინტერესო დეტალს მაინც მივაკვლიე. ის, ვინც ამ IP მისამართიდან გვწერს, ხშირად რუსულ საიტებზეც "პოსტავს", სადაც ავტორიზაციისას მითითებული აქვს თამარ ხომასურიძის მეილი და ნიკი - თამარა. რთულია მტკიცება, რომ ტროლი სწორედ ქალბატონი თამარია, მაგრამ დამთხვევები აქაც მეტად საეჭვოა - თამარ ხომასურიძე საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელია და ჩვენი ინფორმაციით, აუდიტის დეპარტამენტში მუშაობს. სხვათა შორის, ნიკით "თამარი" ძირითადად აპოლიტიკურ თემებზე წერს, კაცის ნიკებით კი პოლიტიკურ თემებზე გზავნის კომენტარებს.

"მართალი" "მზიკოს" შეგონებანი

ტროლინგს დღეს სხვადასხვა მეთოდებით ებრძვიან. ყველაზე მარტივი და პოპულარული ხერხი მათი ნიკების შავ სიაში შეყვანა და გასაჯაროებაა, რათა ინტერნეტმომხმარებლები მათ შესახებ ინფორმირებული იყვნენ. ჟურნალისტურმა მოკვლევამ კი უფრო ახლოს მიგვიყვანა მიზანთან და უკვე აღარც გამკვირვებია, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური ტროლის მისამართს ისევ სახელმწიფო უწყებაში მივაგენი. ეს მის მიერ გამოგზავნილი კომენტარების მცირე ნაწილია.

antiputinisti: "თქვენი პოლიტიკური აქტიურობის შედეგად კუდამოძუებული რუსები რომ მობრუნდნენ, თქვენს სისხლს დავლევთ, იცოდეთ!"

მართალი: ბატ. ბიძინა. თქვენ დაპირებებს (რომელიც აშკარად პოპულისტურია) რომ ვუსმენ, ვრწმუნდები, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად კი არ იბრძვით, არამედ ამხელა ფულს იმიტომ ხარჯავთ, რომ საქართველო როგორმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოთ, რათა რუსეთს საქმეები გაუადვილოთ, ბოლომდე გადაგვიაროს.

მზიკო: "კალაძეების ოჯახს მთელი სამტრედია იცნობს და კარგად იციან მაგათი ადამიანობა. შვილის გულისთვის 60 ათასი არ გადაიხადეს, რომ ცოცხალი ყოლოდათ მაგ ღორებმა და მეზობელს 10 ლარი რომ უნდოდეს, 10 ლარს არ აძლევენ, ისეთი კრიჟანები არიან. და მაგას იმედი აქ ვინმე დაუდგება გვერდში???"

antiputinisti: "მზიკო-ს! ჯიგარი ხარ! ყველამ იცის სამტრედიაში მაგათი არაადამიანობის შესახებ".

mond: "მართლა დავაი რა კახი კალაძე, რა სოფლელიც ხარ ისევ ის დარჩი".

მართალი: (ალეკო ელისაშვილს) "ალეკო ტელეფონით გიკავშირდებიან არა და გთხოვენ, ბიძინასთან გვიშუამდგომლეო? და ხელისუფლებაში ვერ გებულობენ, ვინ გიკავშირდება, გაცილებით ჭკვიანი მეგონე, მაგრამ ერთ-ერთი პინგვინთაგანი ყოფილხარ ძველბიჭური ელემენტებით".

რა გასაკვირია, რომ ამ კომენტარის ავტორმა ან ავტორთა ჯგუფმა კარგად უწყის, რომ ხელისუფლებას გაუგონარი არაფერი რჩება და დღეს საყოველთაო მოსმენები ხორციელდება. IP-ი, საიდანაც ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კომენტარია შემოსული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების მთავარ სამმართველოს ეკუთვნის. სულ ამ IP-დან შემოსული 16 ნიკი დავითვალე. არადა, ზემოთ მოყვანილ კომენტარებში ისე ჩანს, თითქოს მგზავნელები ერთმანეთს ელაპარაკებიან. სინამდვილეში კი გამოდის, რომ ამ კომენტარების ავტორი ან საკუთარ თავს ელაპარაკება, ან ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს რამდენიმე ადამიანი ერთი აზრისაა და ერთმანეთს ეთანხმება. ანტიპუტინისტი, დიონისე, ბრძენი, ლევან წერეთელი, სოხუმელი, კონსტანტინე, მზია, ფინანსისტი, ზიკო, ელეონორა, გია, პატარა ქართველი - ყველა ამ ნიკით შემოსული კომენტარი ერთი IP მისამართიდან (91.226.179.6) არის გამოგზავნილი, რომელიც მიხეილ გზირიშვილის სახელზეა რეგისტრირებული. მიხეილ გზირიშვილი კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

ამ ყველაფრის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს კარგად ორგანიზებული და ამ საქმეში დატრენინგებული ჯგუფია, რომლებიც ხელისუფების ე.წ. ზონდერჯგუფებს მახსენებენ (მათ შესაძლოა ვირტუალური ზონდერებიც ვუწოდოთ), რომლებსაც კონკრეტული დავალება აქვთ მიცემული და ასრულებენ კიდეც, რადგან დღის განმავლობაში შესაშური ენთუზიაზმით გზავნიან ათეულობით კომენტარს და ამ გზავნილების პათოსი წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ ტროლინგში შემჩნეული ბევრია, მაგალითად, გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, რომ ჩვენი მედიასახლის ამ სამ საიტზე ერთი და იმავე IP-დან არც მეტი, არც ნაკლები - 30 ან 46 ნიკით, ანდა სულაც 63 ნიკითაც კი შემოდიან. ამტომ მოკვლევას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ.

როგორ ვრცელდება "ეპიდემია"

UZUL , ერთ-ერთი ცნობილი "იუზერი" (მომხმარებელი) ინტერნეტფორუმზე:

"სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი საზოგადოების 80%-ს რეალობა ჰგონია ის, რასაც ტროლები ინტერნეტში ავრცელებენ. მაგალითად, ტროლინგის კლასიკური მაგალითი იყო, როცა ოთხი წლის წინ ფორუმზე გაიხსნა თემა, ძალიან კვალიფიციური, ცოტა მკრეხელური ტექსტით, რომ მოსკოვში ერთ-ერთი რეჟისორი, სომხური გვარით (მართლაც არსებობს ასეთი რეჟისორი, ოღონდ მისი გვარი ცოტა სხვაგვარად ჟღერს) იღებს პორნოგრაფიულ ფილმს შუშანიკზე. ეს იყო ფაქტობრივად რეცენზია ფილმზე და დიდი მღელვარება გამოიწვია ფორუმზე. ორი დღის განმავლობაში ფორუმის წევრები აგრესიას გამოხატავდნენ და აგინებდნენ როგორც ფილმის რეჟისორს, ისე ქვეყნის მთავრობას და სხვ. შემდეგ მოვლენები კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდა. ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ ეს ამბავი ნიუსის სახით გამოაქვეყნა. ამ სააგენტოსგან ეს ინფორმაცია სხვა სააგენტომაც გადაბეჭდა, შემდეგ კიდევ სხვამ და საქმე იქამდე მივიდა, რომ ეს ამბავი საკმაოდ სოლიდურმა რუსულენოვანმა საიტმა გადაბეჭდა. როგორც წესი, ნორმალურ ადამიანს ბუნებრივად უჩნდება კითხვა, ვინ არის ამ ინფორმაციის წყარო. როცა ეს კითხვა დაისვა ფორუმზე, დასტურად სწორედ ის რუსულენოვანი საიტი დაასახელეს, რომელმაც ინფორმაცია ქართულ საინფორმაციო საიტებზე დაყრდნობით გაავრცელა. სამი დღის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა მიხვდა, რომ ეს შემოგდებული ტყუილი იყო, მაგრამ ეს იყო ტროლინგის კლასიკური მაგალითი, როცა რამდენიმე დღის განმავლობაში ადამიანები ფაქტობრივად შეგიძლია მართო.

ფორუმზეც არის ისეთი შემთხვევები, რომ ტროლი ბევრი ნიკით წერს და საკუთარ თავს ელაპარაკება. როცა საიტის მოდერატორი ხარ, ამას, რა თქმა უნდა, ხედავ, მაგრამ მორალური უფლება არ გაქვს თქვა. თუმცა ხშირად მიმინიშნებია ამაზე".

Bondi,, ერთ-ერთი "იუზერი" (მომხმარებელი) ინტერნეტფორუმზე:

"ტროლინგის რამდენიმე მიმართულება არსებობს, არიან ტროლები კარგი იუმორის გრძნობით და კარგი გასართობი ხუმრობები აქვთ, მაგრამ არიან ტროლი-არამზადები, რომლებიც ძირითადად ბოღმას ანთხევენ, მათ შორის პოლიტიკურ თემებზე. ზოგი ამას მიზანმიმართულად აკეთებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურ ქსელებშია რეგისტრირებული, ზოგი ობიექტურ ინფორმაციას სხვადასხვა საინფორმაციო საიტებით ეცნობა, პოლიტიკურად ანგაჟირებული ტროლები კი ცდილობენ, საზოგადოების განწყობაზე მოახდინონ ზეგავლენა და ინტერნეტსაიტებზე მათთვის სასურველი განწყობები დაამკვიდრონ. ტროლები სარგებლობენ იმით, რომ ანონიმურობის შესაძლებლობა აქვთ და ავლენენ იმ თვისებებს, რის გამოვლენასაც რეალურ ცხოვრებაში მოერიდებოდნენ. ზოგისთვის თემასაც კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია აგრესია დააფრქვიოს და რამე ცუდი თქვას.

არიან ტროლები, რომლებიც ჯგუფურად "მუშაობენ". მათ პირობითად შეგვიძლია "ბრიგადები" ვუწოდოთ. ე.წ. ბრიგადნიკები შემოდიან და განსაზღვრული მიზნით პოსტავენ (წერენ-რედ.) საიტზე, შემდეგ ამის ნიადაგზე ვითარდება დაპირისპირება პოლიტიკურ თემებზე. სხვათა შორის, ტროლებს შორის რამდენიმე თანამდებობის პირია. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაღალ სამთავრობო ეშელონებს წარმოადგენენ, მაგრამ საშუალო რგოლის მოხელეები არიან. გამოცდილი თვალი ატყობს, ტროლი პროფესიონალია და მოწოდებულია ნერვების მოსაშლელად, ერთობა, თუ უბრალოდ სულელია. როგორც ამბობენ, ტროლებს კილომეტრზე სდით ტროლინგის სუნი.

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ შესაძლოა ვინმე ამას ორგანიზებასაც უწევდეს. თუ ოფიციალურ უწყებებში აკეთებს ამას ვინმე, ალბათ, კარიერულ კიბეზე სხვა გზით ვერ ადის და ასე აბარებს პატაკს ზემდგომს: "აი, ბატონო მიშა, ან ბატონო ვანო ამდენი კომენტარი გავაკეთე, ანდა ამდენი ლაიქი მოვიდაო". სხვათა შორის, უწინ მე ვმუშაობდი შს სამინისტროში, მაშინ ასეთი განყოფილება არსებობდა - ლეგალურ საინფორმაციო წყაროებთან სამუშაო განყოფილება. გაზეთს, პრესას, ზოგადად მედიას უნდა გავცნობოდით და ამ ყველაფრის ანალიზი გაგვეკეთებინა. ახლა რომ ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერნეტს აკონტროლებსო, სწორედ იმას ნიშნავს, რომ კითხულობენ ყველაფერს და შესაბამისად, პასუხებსაც სცემენ.

ინტერნეტს, როგორც სხვა მედიასაშუალებებს ინფორმაციის გავრცელებაში ჩვენს დროში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, ამიტომ არც უნდა იყოს გასაკვირი, რომ ვიღაც დღეს ვირტუალურ სივრცეს თავისი ინტერესების გატარებისთვის იყენებს".

ნატალი ებანოიძე