ნუნუ გაბუნია: "გოჩა აბაშიძის სიკვდილს ლეილა აბაშიძეს ვერ დავაბრალებ" - კვირის პალიტრა

ნუნუ გაბუნია: "გოჩა აბაშიძის სიკვდილს ლეილა აბაშიძეს ვერ დავაბრალებ"

ამონარიდი ჟურნალ ”რეიტინგიდან”:

- თითქოს თქვენსა და გოჩას შორის ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ გოჩას თქვენი მეგობარი შეუყვარდა. ლეილა აბაშიძე...

- ლეილა და გოჩა მარტო მოგვარეები არ ყოფილან. დედის და მამის მხრიდან ნათესავები იყვნენ. ლეილასთან მართლა ძალიან ვმეგობრობდი. ჩემს თავს ყველას აცნობდა, როგორც რძალს. ჩემი მული იყო და მიხაროდა, რომ "ჭრიჭინა" ჩემი ასეთი ახლობელი იყო. მერე სულ ვამბობდი, კაცებზე ამბობენ, რომ ცოლებს ღალატობენ და გასაგებია, მაგრამ ლეილამ მე როგორ მიღალატა-მეთქი.

- როგორც ვიცი, თქვენი დედამთილი მათ ემხრობოდა.

- დედამთილს ვერც გავამტყუნებ. მე ძალიან პატარა ვიყავი, მამა არ მყავდა. დედას ჩემთვის ბევრი არაფრის გაკეთება არ შეეძლო. დედამთილმა რომ მნახა, მაინცდამაინც არ მოვეწონე. მამაჩემის ავადმყოფობას, ფაქტობრივად, ყველაფერი დასჭირდა. სახლში აღარაფერი აღარ გვქონდა დარჩენილი. ალბათ ფიქრობდა, რად მინდა ეს ღარიბი გოგო, გაჭირვებული ოჯახის შვილი რაში მჭირდებაო. ჩემი ნიჭი ნაკლებად აინტერესებდა. თან მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ან ვიქნებოდი წარმატებული, ან - არა. ცხადია, რძლად არ მოვეწონე. იქვე მის მეზობლად ცხოვრობდა ექიმი, რომელიც შეძლებული იყო და მისი ქალიშვილი გოჩაზე იყო შეყვარებული.

- ე.ი. დედამთილმა თავიდანვე ცუდი თვალით შემოგხედათ...

- რა თქმა უნდა, ასე იქნებოდა. ლეილა კი უკვე ცნობილი მსახობი იყო. მერე რა, თუ ის გოჩაზე თერთმეტი წლით უფროსი იყო. მერე რა, რომ ისინი ნათესავები იყვნენ. ჩემმა დედამთილმა მითხრა, ჩემი ქმარიც აბაშიძე იყო, მეც აბაშიძე ვარ, მაგრამ მშვენიერი შვილები მყავსო... "მაია წყნეთელის" გადაღებებზე გოჩა ძალიან ცუდად გახდა. თელავში გადაღებებზე ჩავედი. მეგონა, გოჩა მკვდარი დამხვდებოდა. მართლა ძალიან ცუდად იყო. ექიმებს უკვე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული. სისხლი ეწამლებოდა. გადაღებების დროს ცხენზე იჯდა, ცხენი დაფრთხა და სადავე რომ მოქაჩა, ძალაუნებურად დამბაჩას გამოჰკრა ხელი. საფანტი მაჯასთან იყო დაგროვილი. ექიმები ჭრილობას უსუფთავებდნენ. მაგრამ სისხლი ეწამლებოდა. ბოლოს მიხვდნენ, რომ სადაც საფანტი იყო, იმ ადგილას უნდა გაეჭრათ და ასე გამოვიდა მდგომარეობიდან. სანამ მივიდოდი, ლეილამ თავის ოთახში გადაიყვანა და უვლიდა. როგორც მოუარა, ყველამ და მათ შორის მეც ვნახე. გადაღებებზე რომ ჩავედი, ერთ ოთახში იყვნენ. მიუხედავად ამისა, ლეილა საოცრად კარგად შემხვდა. მერე მსახიობები მიყვებოდნენ, გაოცებულები ვიყავით, როგორ თბილად გელაპარაკებოდაო.

- ლეილა აბაშიძეს აღარ შეხვედრიხართ?

- ხელოვანი ხალხი ვართ. შემთხვევით რაიმე ღონისძიებაზე ერთად მოვხვედრილვართ. ერთხელ "გეპეიში" რაღაც საღამო იყო, რომლის მერეც ერთ ოჯახში შევიკრიბეთ. მაშინ თქვა ლეილამ, ღმერთის და ნუნუს წინაშე ბოდიშს ვიხდიო, რაზეც ბორის წიფურია აღფრთოვანდა, ეს რა თქვიო. მას მერე, სადმე შემთხვევით რომ ვხვდებით, შემომხედავს ხოლმე და მე ვერ ვხედავ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ ”რეიტინგის” ორშაბათის ნომერში.