წიგნის თაროები მედიასახლ "პალიტრისაგან"
"ახალი თაროები ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს. ისინი შეიძლება დაიდგას როგორც კედელთან, ასევე გამოიყენოთ ოთახის გადასატიხრად. მას მკითხველი რამდენიმე თვეში "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში შეიძენს..."
საზოგადოებას არ სჭირდება შეხსენება, რა პროექტი იყო "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", თანდათან როგორ მოიპოვა პოპულარობა ამ წამოწყებამ და იქცა პროექტად - "50+ბიბლია+49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ". ასი წიგნი კი, მოგეხსენებათ, ერთი პატარა, მაგრამ მაინც მთელი ბიბლიოთეკაა. წიგნის მყიდველთა რაოდენობა კი მატულობს, თუმცა გაჩნდა პრობლემა - ძველი წიგნის კარადა ვეღარ იტევს ამდენ ახალ წიგნს, არადა, მკითხველი გვწერს და გვირეკავს, პროექტისთვის მადლობას გვიხდის და შემდეგ გულს გვიხსნის, - ძალიან გვინდა, ეს წიგნები ისეთ ადგილას დავალაგოთ, რომ ბავშვების ყურადღება მიიქციოს და რაც შეიძლება მეტი მკითხველი გაიზარდოს საქართველოშიო. მოგეხსენებათ, კითხვის პოპულარიზაცია მედიასახლ "პალიტრის" ერთ-ერთი პირველი და უმთავრესი პრიორიტეტია. ამიტომ დავფიქრდით და გადაწყდა, მკითხველისთვის ახალი დიზაინის გამორჩეული თაროები შეგვეთავაზებინა. ამას რამდენიმე დადებითი მხარე ექნებოდა: ჯერ ერთი - ოჯახში მოიხსნებოდა ახალი ბიბლიოთეკის ნაწილის განთავსების პრობლემა, მეორე - სიახლე დადებითად იმოქმედებდა ყველაზე, უფროსებზეც, რომლებიც ინტერიერის გადახალისებას და პრაქტიკულად მოწყობას შეძლებდნენ და პატარებზეც, რომელთა ყურადღების ცენტრში აუცილებლად მოხვდებოდა სახლში ამხელა სიახლე...
კონკურსი გამოცხადდა მარტივი და პრაქტიკული თაროების თუ წიგნის კარადის შესაქმნელად. ჩვენ სისტემატურად გაცნობდით მოხდენილი თაროებისა თუ წიგნის კარადის ესკიზებს. ახლა შედეგები შეჯამებულია, ლამაზი თაროები - შექმნილი. "პალიტრამედიამ" გამარჯვებულებსაც უმასპინძლა.
მარიკა დარჩია, მედიასახლ "პალიტრის" კრეატიული დირექტორი: - შემოსული იყო სამასამდე ესკიზი. პირველ ეტაპზე კონკურსი გაიარა 40-მა. შემდეგ ეტაპზე წიგნის მოყვარულთ საშუალება მიეცათ, ენახათ ეს ნიმუშები და თავად აერჩიათ სასურველი. პარალელურად მუშაობდა ჩვენი შიდა ჟიურიც. საბოლოოდ შევჯერდით ოთხ ვარიანტზე. კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა ზეინაბ ასიტაშვილმა, რომელიც ამჟამად საქართველოში არ არის და როცა ჩამოვა, თავად აირჩევს პრიზს - წიგნებიან კარადას ან ფულად ჯილდოს.
მეორე ადგილზე გავიდა ოზურგეთელი ქეთევან ჭეიშვილი, რომელსაც არჩეულ პრიზს ოზურგეთში გადასცემენ.
შემდეგი გამარჯვებული გახლავთ თბილისელი თამარ მოსიაშვილი. მას მედიასახლმა ფულადი ჯილდო გადასცა.
ასაკით ყველაზე უმცროსი თამარ ცანავა კი რჩეული გახლავთ. მისმა ესკიზმა ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა დასამზადებლად რთული აღმოჩნდა. ჩვენი მოთხოვნა მარტივი, ხარისხიანი და იაფი წიგნის თაროების შექმნა გახლდათ, რაც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. მოგეხსენებათ, ამ პროექტის მთავარი ღირსება სწორედ მის ღირებულებაშია... თუმცა ჩვენ თამარ ცანავა უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია და ამ ნიჭიერ გოგონას მედიასახლმა ახალგაზრდა ქართველ მწერალთა ნაწარმოებების სრული სერია გადასცა.
დაჯილდოებული გოგონები კონკურსის მადლიერი და კმაყოფილი დარჩნენ. როგორც მათ აღნიშნეს, სამწუხაროდ, ასეთი სახის კონკურსები იშვიათად ტარდება და მასში მონაწილეობა საინტერესო იყო...
ახალი თაროები კი მართლაც დაამშვენებს ნებისმიერ ინტერიერს. ისინი შეიძლება დაიდგას როგორც კედელთან, ასევე გამოიყენოთ ოთახის გადასატიხრად. მას მკითხველი რამდენიმე თვეში "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში შეიძენს.
მოაწყვეთ თქვენი ბინები საუკეთესოდ და იკითხეთ საუკეთესო წიგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, ვიდრე ცოცხალი ხართ...