მიხეილ ხუბუტია: "ნანიკო აუცილებლად უნდა გადარჩეს! მოგიწოდებთ და გთხოვთ, დაეხმაროთ!" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

მიხეილ ხუბუტია: "ნანიკო აუცილებლად უნდა გადარჩეს! მოგიწოდებთ და გთხოვთ, დაეხმაროთ!" (ექსკლუზივი)

ინტერნეტ სივრცეში 19 წლის ნანიკო ხაჩიურის დასახმარებლად გავრცელებულ მოწოდებას, რუსეთში ქართველთა კავშირის ხელმძღვანელი მიხეილ ხუბუტია გამოეხმაურა. ,,მსურს გამოვეხმაურო ,,პალიტრა მედიით" გავრცელებულ ინფორმაციას და ამ ულამაზესი გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად 50 ათასი დოლარი გადავრიცხო. მოვუწოდო ბიზნესმენებს და შეძლებულ ადამიანებს გავერთიანდეთ ნანიკო ხაჩიურის გარშემო, რომელსაც ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება." - წერს ხუბუტია

მიხეილ ხუბუტიას მოსკოვში დავუკავშირდით:

- თქვენს საიტზე წავიკითხე სტატია ამ გოგონას შესახებ, რომელსაც გადარჩენისთვის 150 ათასი ევრო ან 200 ათასი დოლარი სჭირდება. დღეს გადავურიცხე 50 ათასი დოლარი ნანიკო ხაჩიურს და ვნახოთ, რა თანხა შეგროვდება. ყველამ იცოდეს, ამ ბავშვს უპატრონოდ არ დავტოვებთ. ყველა ბიზნესმენმა და ქართველმა ადამიანმა უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა. ვისთვისაც კი ადამიანის სიცოცხლე რამეს ნიშნავს.

- აქამდეც იყავით საქართვველოში ქველმოქმედებით დაკავებული?

- მე ჩემს თავს არ ვუწოდებ ქველმოქმედს, ბიზნესმენი კაცი ვარ. ეს, რაც გავაკეთე, ქველმოქმედება კი არა, გაჭირვებული ადამიანისთვის ხელის გაწვდენა, დახმარებაა. დღესდღეობით ქველმოქმედების არ მჯერა. ყველა "ქველმოქმედს" სხვადასხვა ინტერესები აქვს. სადაც ჩავთვლი, რომ საჭიროა დახმარება, ვეხმარები ადამიანებს. ძალიან ბევრი წერილი მომდის და მთხოვენ დახმარებას, ყველას ვერ დავეხმარები, მაგრამ ამ გოგონაზე, ნანიკოზე ისე დამწყდა გული, რომ აუცილებლად უნდა გადარჩეს! ამიტომაც მოვუწოდებ ყველას, რომ დაეხმარონ.

- მაინცდამაინც ამ გოგონაზე რატომ შეაჩერეთ ყურადღება?

- ღმერთმა მომცა ამის საშუალება და მინდა, მას დავეხმარო. მისმა ისტორიამ შემძრა. ის ხომ ჯერ პატარა ბავშვია, ვის აქვს სიცოცხლის უფლება თუ არა მას?

- ალბათ ხვდებით, რომ საქართველოში ბევრი თქვენს ნაბიჯს პიარს მიაწერს, რადგან ამხელა თანხას ერთი პიროვნება მეორეს უანგაროდ იშვიათად ეხმარება...

- ღმერთმა დამიფაროს, ასეთ საქმეში პიარს ვუმიზნებდე. ყველაზე უღირსი რამაა, როდესაც ვინმე ასეთ საქმიანობას აპიარებს. არაფერში არ მჭირდება საერთოდ გამაპიაროთ, მაგაზე ათჯერ მეტს ვაკეთებ, მაგრამ ასეთი თემებით ჩემს ცხოვრებაში პიარი არ გამიკეთებია. მე მინდა, რომ ნანიკოს სხვა ბიზნესმენებიც ამოუდგნენ გვერდში და მათ მოვუწოდე დახმარებისკენ. არავითარ შემთხვევაში ასეთი თემით თვითპიარს არ ვიკადრებ. ჩემი "პიარი" და ფასი ჩემმა ოჯახმა ძალიან კარგად იცის და მეტი პიარი სხვებში მე არ მჭირდება.

ზაზა გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)

ასევე იხილეთ: ”სიკვდილი მინდა!” - 19 წლის ულამაზესი გოგონას გადასარჩენად მშობლებს გროშიც არ აქვთ!