"ცხინვალზე კონტროლის დამყარება რამდენიმე თვის ამბავია" - რას იქადნებოდა ირაკლი ოქრუაშვილი (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ცხინვალზე კონტროლის დამყარება რამდენიმე თვის ამბავია" - რას იქადნებოდა ირაკლი ოქრუაშვილი (ექსკლუზივი)

"კოკოითისნაირი მხდალი კაცი არ მინახავს.კოკოითის პრობლემა დროებითია და მის "შავ სიასაც" არასერიოზულად ვუყურებ."

"ჭორია, თითქოს დაპირისპირება მქონდა პრეზიდენტთან და ბარამიძესთან."

2004 წლის 13 სექტემბერი - ექსკლუზიური ინტერვიუ ყოფილ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან ("კვირის პალიტრის" არქივიდან)

...მაშ ასე, ყველაზე "მრისხანე" მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჭორ-მართლისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრება.

- ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ ხელისუფლებას - რისთვის შეიყვანა შინაგანი ჯარი ცხინვალის რეგიონში, თუ ამ ტერიტორიას არ დაიბრუნებდა და ყველაფერი ისევ ისე, პასიურ საომარ ვითარებაში დარჩებოდა, როგორც ბოლო 12 წლის მანძილზე იყოო.

- ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. მოვლენებს გადავხედოთ და გამოჩნდება, რომ ცხინვალის რეგიონში შესვლა შედეგიანი იყო - როდესაც იქიდან კონტრაბანდის შემოსვლა ავკრძალეთ და ერგნეთის ბაზრობა დაიკეტა, ამას სპონტანურად მოჰყვა რეგიონში ვითარების დაძაბვა. აუცილებელი გახდა ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა. იქ ყველაფერი ერთი გასროლით დაიწყო... მდგომარეობა უნდა გაგვენეიტრალებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთივე საომარ ვითარებაში ჩაგვითრევდნენ, როგორიც 12 წლის წინ მოხდა.

ადრე თუ გვიან ამ პრობლემას უთუოდ მივუბრუნდებით. არ გვაქვს იმის ილუზია, თითქოს ვითარება ცხინვალში ისე ჩაწყნარდა, რომ მისი პოლიტიკური გზით მოგვარება შეიძლება. კოკოითი არ გახლავთ ის კაცი, რომელიც ოდესმე საქართველოს ხელისუფლებასთან რაიმე პირობებზე ილაპარაკებს. ის უშიშროების ფედერალური სამსახურის კაბინეტებიდან მართული მარიონეტია და ამიტომ არასოდეს წამოვა კონტაქტზე. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ერთი ჩვეულებრივი ბიზნესმენია, რომელიც შექმნილ ვითარებას მოხერხებულად იყენებს და ფულს აკეთებს. აქამდე მისი მთავარი შემოსავალი კონტრაბანდა იყო. ცხინვალში შემოსული კონტრაბანდის 90% მას და მის ძმას ეკუთვნოდა, რომელიც შემდგომ სხვა ქვეყანაში, კონკრეტულ კაბინეტებში ნაწილდებოდა. კონტრაბანდის ჩაკეტვით მას შემოსავლის წყარო შეუწყდა, ალტერნატიული შემოსავლის წყაროდ კი კონფლიქტი აქცია.

- ითქვა, ცხინვალიდან ჯარის გამოყვანის თაობაზე მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობა იყოო.

- დიახ, ითქვა და ამას მოჰყვა ჭორი, თითქოს დაპირისპირება მქონდა პრეზიდენტთან და ბარამიძესთან. სინამდვილეში ასე არ ყოფილა. დღეს აღარ არის ის მთავრობა, როდესაც ერთი მინისტრი ერთს გაიძახოდა, მეორე - მეორეს. გადაწყვეტილებებს იმის გათვალისწინებით ვიღებთ, როგორც ქვეყანას სჭირდება.

- იყო ლაპარაკი ცხინვალის რეგიონში ჩვენი ძალოვნების არასწორ ქმედებებზე, იყო მსხვერპლი, რასაც ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თანამდებობაც შეეწირა, თქვენ რას გვეტყვით?

- ახლა უკვე გვიანია ამაზე ლაპარაკი. თუმც ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ჯარისკაცები ამ შეცდომების გამო დაიღუპნენ. იქ იყო ჩვეულებრივი ომი. ბოლო ღამე, როდესაც ოპერაციას ვგეგმავდით, მოწინააღმდეგის ზურგში გავატარეთ. ჩასაფრება იმათ ზურგს უკან გვქონდა, ვინც ჩვენს ბიჭებს ებრძოდნენ და საკუთარი თვალით დავინახე, ბრძოლაში ნაღმმტყორცნები კი არა, მთელი არტილერია იყო ჩართული... შეუძლებელი იყო ორივე მხარეს არ ყოფილიყო სერიოზული მსხვერპლი. ამ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი და მთავარი რამ დავინახე, რასაც სამწუხაროდ, დღეს ყურადღება არ ექცევა. მთავარი ის იყო, რომ ამ სასტიკ ბრძოლაში ფეხი არც ერთ ჯარისკაცს არ მოუცვლია. ყველამ ბოლომდე, ვაჟკაცურად იბრძოლა. ამაზე მნიშვნელოვანი იმ ბრძოლაში არაფერი ყოფილა! ყველა მეომარმა იცოდა, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას თავგანწირვა რომ სჭირდება და ამიტომაც გაწირეს თავი.

- ბატონო ირაკლი, როგორც გავიგე, კოკოითის "შავ სიაში" პირველი ყოფილხართ.

- (იცინის). მაგ რეგიონში კოკოითისნაირი მხდალი კაცი არ მინახავს. ის იმდენად მხდალია, ჯავაში უნდოდა ჩასვლა და 3 დღე ფიქრობდა, გავიარო თუ არა შემოვლით გზაზეო. კოკოითის პრობლემა დროებითია და მის "შავ სიასაც" არასერიოზულად ვუყურებ. ასევე არასერიოზულად უყურებს ადგილობრივი მოსახლეობა კოკოითის ოცნებას, სამაჩაბლო რუსეთს შეუერთოს. ადგილობრივთა 90% დარწმუნებულია, რომ ეს სრული სისულელეა და არასოდეს განხორციელდება.

- არსებობს საშიშროება, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ხალხის გატაცებებმა იმატოს...

- გეთანხმებით, არის საშიშროება, რომ კონტრაბანდის გზის გადაკეტვის შემდეგ სწორედ ადამიანთა გატაცებები გახდეს მავანთათვის შემოსავლის წყარო. ცოდვას ვერ ვიტყვი, ასეთი შემთხვევების დროს ოსი სამართალდამცველები ჩვენთან არ თანამშრომლობენ-მეთქი. პირიქით, ჩვენ ძალზე აქტიურად ვთანამშრომლობთ.

- თქვენი აზრით, რამდენ ხანში მოვახერხებთ სრული კონტროლის დამყარებას ამ ტერიტორიაზე?

- ეს რამდენიმე თვის ამბავია...

იზო რიკაძე