"ასე მოვედით, ასე მივდივართ, დარდით, ოცნებით და სიყვარულით"
გურამ გეგეშიძის ნაწარმოებების კითხვისას ან უბრალოდ ფიქრისას იგი ჩემში თითქმის ყოველთვის ასოცირდება დიდ ქართველ მწერალთან, ჭეშმარიტ კლასიკოსთან, 26 წლის მარადიულ ჭაბუკად დარჩენილ ლეგენდარულ გურამ რჩეულიშვილთან. ამ ცოდვილ ქვეყანაზე ყველაფერს თავისი შინაგანი კანონზომიერება აქვს, ღვთის განგებით ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული, თავისით არაფერი ხდება. შემთხვევითად არ მეჩვენება, რომ ორივე ერთსა და იმავე წელს, ერთსა და იმავე თვეშია დაბადებული - გურამ რჩეულიშვილი 4 ივლისს, გურამ გეგეშიძე კი 21 ივლისს. არც ის იყო შემთხვევითი, რომ ისინი არიან ნაღდი თბილისელები, ტრადიციული ქართული ოჯახის შვილები, ზედმიწევნით განათლებულები, სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარულები, პატრიოტული და ვაჟკაცური სულისკვეთებით ყელთამდე სავსენი. რაღა თქმა უნდა, არც ის იყო შემთხვევითი, რომ ახლად აღდგენილ ჟურნალ "ცისკრის" პირველსავე ნომერში, შორეული 1957 წლის ივლისის თვეს, ორივეს პროზაული ნაწარმოებები ერთად დაიბეჭდა და ხალხის განწყობის უტყუარი ბარომეტრის მიხედვით ორი ჭეშმარიტად გამორჩეული მწერალიც დაიბადა და ივლისის თვეში ორივეს შეუსრულდა ოთხმოცი წელი.
ფართო ლიტერატურულ ასპარეზზე გამოსვლისას 23 წლის გურამ რჩეულიშვილი ბარისახოდან ახალქალაქში სწერდა 23 წლის გურამ გეგეშიძეს: "ვფიცავ კარგებს, ჩემს ყველა კარგებს, რომ შენ გაქვს რამდენიმე მოთხრობა, რაშიც მე მივცემდი ერთის გარდა ყველას, რაც კი დამიწერია". ამას წერდა და ამას აღიარებდა უკვე ნიაღვარივით მოვარდნილი ახალგაზრდა მწერალი, ვინც იმ დროისათვის საყოველთაოდ აღიარებულ მწერლებს ტოლს არ უდებდა.
20 წლის წინათ, როდესაც მას დაბადებიდან სამოცი წლისთავის საიუბილეო თარიღი შეუსრულდა, პატარა წერილი გამოვაქვეყნე. არ მინდა ვინმემ იფიქროს, თითქოს ამ წერილის მსგავსს ვეღარ დავწერ ან იმდენად მაღალ დონედ მიმაჩნია, რომ აქაც მინდა გავიმეორო, უბრალოდ წერილის დაწერის მერე საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ვინც კი წაიკითხავს, მინდა დაინახოს ის უწყვეტი სიყვარული თუ შემოქმედებითი შეფასებები, რაც შეუცვლელად ვრცელდება, მტკიცდება, ახალ სიმაღლეს აღწევს ან შეიძლება ასეც ითქვას - დღემდის გაუხვებული და ფერუცვლელი სახით არის მოსული.
"საქართველოში თუკი ვინმემ ჭეშმარიტი მწერლისათვის დამახასიათებელი ზედმიწევნით პატიოსანი, ვაჟკაცური, სტოიკური ცხოვრებით იცხოვრა და ცხოვრობს, მათ შორის ერთ-ერთი პირველთაგანი გურამ გეგეშიძეა. ჩვენს არეულ და ურთულეს დროში მან ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ განგების ნებით ქვეყნად მოვლენილი ჭეშმარიტი მწერლისათვის უმთავრესია სიტყვა, სათქმელი, შემოქმედება და არა სხვა რამ.
თითქმის ორმოცი წელია, რაც გურამ გეგეშიძე ეწევა მძიმე და თავდადებულ შემოქმედებით შრომას, ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს ქართულ ლიტერატურას, მიაბიჯებს მხოლოდ საკუთარი გზით, საიდანაც წამითაც არ გადაუხვევია და საკუთარი მყარი შენობაც ამ სწორი გზით მავალმა ააგო.
ძალზე ნიშანდობლივია ის, რომ 1957 წლის ზაფხულში ახლად დაარსებული ჟურნალ "ცისკრის" პირველი ნომრიდანვე ქართულ მწერლობაში გაბედულად, შინაგანი ძალების რწმენით ტყუპებივით შემოაბიჯეს გურამ რჩეულიშვილმა და გურამ გეგეშიძემ. ისინი ერთ წელსა და ერთ თვეს არიან დაბადებულნი, ოღონდ გურამ რჩეულიშვილი ნახევარი თვით არის უფროსი.
მე ყოველთვის ვამაყობდი და ვამაყობ, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურის ორი მშვენება - გურამ რჩეულიშვილი და გურამ გეგეშიძე ჩემი უახლოესი მეგობრები იყვნენ, არიან და სამუდამოდაც იქნებიან, მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის გურამ რჩეულიშვილი საუკუნის მესამედზე მეტია რაც აღარ არის ჩვენს შორის.
გურამ გეგეშიძე უმშვენიერესი ახლებური მოთხრობებით შემოვიდა ქართულ ლიტერატურაში. მან ბევრი სიახლე შემოიტანა ჩვენს მწერლობაში. ჯერ კიდევ 1984 წელს, როცა ტოტალიტარული რეჟიმი ოდნავადაც არ იყო შერყეული და მართალი სიტყვის თქმა ძალიან ჭირდა, გურამ გეგეშიძემ მოთხრობა "ჟამში" უამრავ გაბედულ აზრთან ერთად მამაცი მწერლის მამხილებელი პათოსით განაცხადა: "თუ დამონებულ ერს არ აღმოაჩნდა შინაგანი ძალა, რომელიც არ დაემორჩილება და წინ აღუდგება თავსმოხვეულ დამღუპველ ზემოქმედებას, მაშინ ასეთი ერი გადაიქცევა ადამიანების ჯგროდ, რომელიც ვერაფერს ფასეულს ვერ შექმნის და საბოლოოდ ალბათ, გადაშენდება კიდეც."
მისი მწერლური წინასწარმეტყველება კინაღამ აცხადდა. ძლივს მოხერხდა უძირო უფსკრულის პირას ჩვენი შეჩერება, ისედაც დახლეჩილი საქართველოს კიდევ უფრო მეტი დანაწევრება.
გურამ გეგეშიძის ადრეული რომანები "ცოდვილი" და "სტუმარი", მისი გვიანდელი ეპოქალური რომანები "ხმა მღაღადებლისა" და "სისხლის წვიმები" უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო ქართულ ლიტერატურაში. მალე ჩაფიქრებული ტრილოგია გასრულდება და ქართველი მკითხველი მიიღებს დიდი მწერლის მიერ შექმნილ XX საუკუნის საქართველოს ურთულესი ცხოვრების მხატვრულ მატიანეს.
გურამ გეგეშიძე არის უერთგულესი მეგობარი, უღალატო და უცვლელად მხარში მდგომი. თავის საამაყო მეგობარს გურამ რჩეულიშვილს მან უპირველესი ჭირისუფლობა გაუწია. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაწერა ღრმაშინაარსიანი წერილები მეგობარზე, რომანიც კი მიუძღვნა მის ხსოვნას და დიდად შეუწყო ხელი გურამ რჩეულიშვილის თვითმყოფადი შემოქმედების ფართო პოპულარიზაციას.
ბოლო წლებში მეტად საინტერესო წერილები და ესეები გამოაქვეყნა. აქაც საკუთარი სიტყვა თქვა, აქაც საკუთარი გზიდან არ გადაუხვია. თავისი შემოქმედებით ის არის უკომპრომისო, პრინციპული, სიმართლის პირში მთქმელი პიროვნება, რაც შეიძლება ზოგჯერ გამუქებულად და გადამეტებულად მოეჩვენოთ, მაგრამ დიდი ილიას სიტყვები რომ გავიხსენოთ, ისიც კარგად ჩანს "ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია".
გურამ გეგეშიძე არის ტრადიციული დიდი ქართული ოჯახის შვილი. ჩემს ნოსტალგიურ ბუნებას ერთ-ერთ ნატვრად შემორჩა მისი მამისეული ბინა ქალაქის ცენტრში, მაჩაბლის პირველ ნომერში, სადაც ხშირად ვიკრიბებოდით, და გურამის შესანიშნავი მშობლები ბატონი შალვა და დეიდა ოლია სიყვარულით თავს გვევლებოდნენ.
გურამ გეგეშიძეს, როგორც ამბობენ, ხელი ერთი წუთითაც არ აუღია ქვეყნის ლიტერატურული ცხოვრების პულსიდან, იყო და არის ჩვენი ურთულესი ეპოქის, ანუ ვთქვათ ასე, კატაკლიზმებით სავსე მთელი მეოცე საუკუნის მემატიანე და მადლობა ღმერთს, მისი მოღვაწეობა ოცდამეერთე საუკუნეშიც მთელი ძალით გრძელდება, ჯერ კიდევ უშრეტი ენერგიით აღსავსე ამთავრებს ახალ რომანს და შედარებით მცირე მოცულობის ნაწარმოებებსაც ხშირად უბრუნდება.
სიმართლით გაჟღენთილი, მაღალმხატვრული, ორიგინალური, მხოლოდ მწერლისათვის დამახასიათებელი ღრმა ხედვით ასახული ცხოვრება იქცა გურამ გეგეშიძის უმნიშვნელოვანესი შემოქმედებითი ცხოვრების მყარ ქვაკუთხედად.
ამავე დროს, ჰემინგუეის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, იგი წერს "წრფელი სისადავით", ხალხს ხიბლავს, იზიდავს, აჯერებს და ყოველთვის აღწევს ჩანაფიქრის ადამიანურ რეალიზებას.
გურამ გეგეშიძე გონიერი, კულტურული, განათლებული მკითხველისთვის საყვარელი და სასურველი მწერალია, იგი ძალზე პოპულარულია საკუთარი ხალასი შემოქმედებითა და ცხოვრებით. კარგად მახსოვს, როცა სამეცნიერო-მხატვრულ ჟურნალ "სიტყვის" პირველი ნომრის მასალებს ვამზადებდით 2005 წელს, სარედაქციო კოლეგიის წევრებმა ერთხმად მოითხოვეს გურამ გეგეშიძის რომელიმე, თუნდ ადრეული მოთხრობა დაგვებეჭდა. სექტემბრის თვე იდგა და იქნებ ამანაც გვიბიძგა, მწერლის ერთ-ერთი პირველი ნოველათაგანი "სექტემბერი ბორჯომში" კვლავ გამოგვექვეყნებინა. ეს არის ზედმიწევნით საინტერესო, ღრმა და კოლორიტული ნაწარმოები, თუმცა გურამს უფრო ღრმა და შთამბეჭდავი მოთხრობები უხვად გააჩნია. შერჩეულ ნოველას მცირე წინასიტყვაობა მე წავუმძღვარე. დღეს ამ წინასიტყვაობიდან ამონარიდის მოტანაც მინდა, რადგან განვლილი გზების თვალის გადავლებისას ყოველთვის საინტერესოდ, უფრო დამაჯერებლად მიმაჩნია ის წერილი თუ სტატია, რაც იმ გარდასული და გამქრალი მომენტისათვის იწერებოდა.
"სექტემბერი ბორჯომში" იმ მიზნით დავბეჭდეთ, რომ დავინახოთ, როგორი ძიებებით იწყებდნენ დიდი მწერლები საკუთარ შემოქმედებას, როგორ ცდიდნენ, ეძებდნენ, აგნებდნენ, თან მხოლოდ უწმაწური გინების ნატურალური გამოყენებით და სექსუალური მომენტების სკრუპულოზური აღწერით, ჟარგონისა და სლენგის მოშველიებით კი არა, არამედ ადამიანური ურთიერთობების ხატვით, ცხოვრებისეულ მოვლენებში ღრმად ჩაწვდომით, კლასიკური მემკვიდრეობის პატივისცემით. გურამ გეგეშიძე არის ჭეშმარიტად ძლიერი პროზაიკოსი, ვისაც ხელეწიფება შეეჭიდოს უხეში ზიგზაგებით მიმავალ ჩვენი ისტორიის საეტაპო მონაკვეთებს, მხატვრულად ასახოს მთელი ეპოქა და ეპოქები, რაც, ბუნებრივია, რჩება შთამომავლობას.
წლებით, სიბრძნით, სიკეთით დახუნძვლასთან ერთად გურამ გეგეშიძე შვილიშვილებითაც დაიხუნძლა. მის ორ მშვენიერ შვილს, ფილოლოგსა და ენების მცოდნე მანანას, ისტორიკოსს, მწერალსა და ცნობილ ჟურნალისტ მიხას უკვე ხუთი შვილი ჰყავთ.
ამერიკის შეერთებული შტატების ჟურნალისტურ სარბიელზე, ოღონდ საქართველოს განხრით, თავის გამოჩენასთან ერთად მიხა გეგეშიძე ჩვენს ქვეყანაში ფართოდ არის ცნობილი იმითაც, რომ დაწერა სიმართლითა და ნიჭიერებით განათებული ბრწყინვალე წიგნი "დაკარგული ქვეყნის მეომრები", აფხაზეთისათვის რუსებთან წარმოებული უთანასწორო ომის ჭეშმარიტი მატიანე, სადაც თვალსაჩინო მწერლურ მიღწევაში სახელოვანი მამის გენები ნათლად იგრძნობა.
ახალგაზრდობის უღრუბლო წლებში გურამ გეგეშიძესთან ერთად ბევრი მივლია და ბევრგან ვყოფილვარ, 17-18 წლის ბიჭები მყინვარწვერზეც ვიყავით და ულამაზეს ხევსურეთის ჭიუხებზეც, საქართველოს ბევრი რაიონი გვაქვს მოვლილი, ვყოფილვართ მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ვარშავაში, ფრედერიკ შოპენის სამშობლო "ჟელიაზოვა ვოლიაში", ლოძში და სხვაგან.
რახან განვლილი წლების თვალის გადავლებამ წესისამებრ ძალიან გამიტაცა, მომინდა თუნდაც ერთი ფაქტი გავიხსენო. 1961 წელს გურამი უმაღლეს სასცენარო კურსებზე სწავლობდა მოსკოვში. მეც საკმაოდ დიდი დროით ვიყავი მასთან სტუმრად, დავდიოდით, ვსეირნობდით, ვწერდით თუ ვსვამდით სულ ჩვენს უახლოეს მეგობარს გურამ რჩეულიშვილს ვიხსენებდით, ის მხოლოდ ერთი წლის წასული იყო ჩვენგან და უიმისობას ვერაფრით ვურიგდებოდით. იმ შორეული დღეების კოლორიტის აღსადგენად მინდა მოვიტანო ლექსი, რომელსაც სათაურად ქვია "გურამ რჩეულიშვილის გახსენება", ეძღვნება გურამ გეგეშიძეს და დაბეჭდილია 1980 წელს გამოქვეყნებულ პატარა კრებულში საერთო სათაურით
"ყველა სიმღერა იწყება შენით"
"თავს გვახსენებდა სიცივესავით იმ გაუხუნარ დღეთა ხილვები,
გვსურდა წარსულის განმეორება, ზამთარიც იდგა ჩვეულ ყინვებით.
გაბოლილ ქუჩებს მიაცურებდა კვლავ მანქანების ჭრელი ნაკადი,
თითქოს ბევრი რამ იყო ახალი და უფრო მეტი იყო აქამდი.
მისრიალებდა თოვლში ტრამვაი და შორს რჩებოდა ცენტრი
ქალაქის,
ჩვენ გვაგონებდა გარდასულ წუთებს თოვლიც, სიცილიც და ლაპარაკიც.
ყინულად ქცეულ ვეება არხებს ეფარათ თოვლის მძიმე ფარდები
და გვამშვიდებდა იმის შეგრძნება, რომ წინ გველოდა დღე უდარდელი.
სხვა საზრუნავი იმ დღეს არც გვქონდა, გარდა ოცნების
და გახსენების,
ჩანდა მოსკოვი გადახატული ზამთრის კრიალა, მკვეთრი
ფერებით.
განზე გვივლიდა წლების
ჯირითი
და ისევ ვგრძნობდით მხარში
ერთმანეთს,
ხეები ფიფქებს ისე გვაყრიდნენ, თითქოს თოვლიან ქურქებს
ფერთხავდნენ.
დაუვიწყარნი რბოდნენ დღეები და წარუშლელი კვალიც
დატოვეს,
ახლა ის კვალი ისევ ატყვიათ
სახლებს,
ბულვარებს,
საპარადოებს.
გვაგონდებოდა დღევანდელივით
დრო საოცარი ძალით მბრუნავი,
მიწური სახლი თოვლში და ქარში, სახლი, რომელსაც ერქვა
გურამი.
და გასიპული შესახვევიდან გამოვარდნილი ქარი თებერვლის,
ქუჩებს რომ უცებ აანამქერებს მოულოდნელი ერთი შებერვით.
დიდი ქალაქის მყუდრო ქუჩაზე პატარა სახლი თოვლის აკვანში,
ისევ გვახსენებს დიდი ცხოვრების სამარადჟამო ფურცელს
გადაშლილს.
დაფიქრებული ვაჟკაცი ბიჭი გაჰყურებს ეზოს თეთრად
დაბარდნილს,
უკვე რამდენი რამე შეიქმნა, მამულს რამდენი ფიქრი ჩაბარდა.
რამდენი კიდევ სულში ტრიალებს, როგორც მსუსხავი ქარი
თებერვლის,
ქუჩებს რომ უცებ აანამქერებს გოლიათური ერთი შებერვით.
ივსება მკერდიც ქარის სიმძლავრით, მკვეთრი მიზნებით და
სურვილებით,
ასე მირბოდნენ, ასე მიდიან ჩვენი დღეები დაუსრულებლივ.
მოგონებათა რგოლი ათასი უკან მოგვყვება ჩუმი ჟღარუნით,
ასე მოვედით,
ასე მივდივართ,
დარდით,
ოცნებით
და სიყვარულით."
გაირბინეს შემოქმედებითი წვით, სიყვარულითა და მეგობრობით სავსე წლებმა, გაირბინეს ქარიშხალივით, ან როგორც დიდი მწერალი ბრძანებდა "ნაბდით დაჭედილი ბედაურებივით." დიდი ქართველი მწერალი გურამ გეგეშიძე უკვე დაბადებიდან ოთხმოცი წლისთავის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს.
გვინდა ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდი შემოქმედებითი წარმატებები.
ნუგზარ წერეთელი