როგორ გადაურჩა "გაზის ჯარიმას" მარგველაშვილი - რას ჰყვება პრეზიდენტზე მისი "მოურავი"
"მარგველაშვილმა ნისიების რვეული მოითხოვა..."
ძნელია წინასწარ განსაზღვრო, გაითვალისწინებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი მოწოდებებს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის ნებით დატოვებაზე. ვერც იმას ვიტყვით გადაჭრით, რომ ვინმე შეეცდება რეზიდენციიდან მის იძულებით გამოსახლებას. თუმცა, ზუსტად შეგვიძლია გითხრათ, რომ გიორგი მარგველაშვილის ყველაზე საყვარელი "რეზიდენცია" დუშეთში მდებარე მისი სახლია.
რამდენიმე დღის წინ დუშეთში გახლდით და შევიტყვეთ, რომ გიორგი მარგველაშვილი ორჯერ გადაურჩა დაჯარიმებას ერთ-ერთი ენერგეტიკული კომპანიისგან, რომელიც რაიონს ბუნებრივი აირით ამარაგებს. პირველი გაფრთხილება 2013 წელს მისვლია - თუ ფულს დროულად არ გადაიხდიდა, აირის მიწოდებას შეუწყვეტდნენ. მეორედ მიმდინარე წლის დასაწყისში გააფრთხილეს არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი დანადგარის გამო - თუ უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავდა, ბუნებრივ აირს გამოურთავდნენ. გიორგიმ სასწრაფოდ მიიღო ზომები და ჯარიმას გადაურჩაო, ამბობენ დუშელები. ისინი პრეზიდენტს დღესაც ისევე მიმართავენ ან მოიხსენიებენ, როგორც გაპრეზიდენტებამდე: გიორგა, გიო, სახლიკაცი გიორგი...
-„განა რამე შეიცვალა? რა კაციც იყო, ისევ ის დარჩა, კეთილი, თავმდაბალი. ისევ ძველებურად მარტო დადის მანქანით, ზოგჯერ თუ ამოჰყვება ხოლმე დაცვის ავტომობილი. დუშეთში სულ ფეხით დაიარება, მაღაზიაში ჩვენსავით ყიდულობს პროდუქტს, ეკლესიაში ჩვენსავით დადის წირვაზე, ბაზარშიც ძველებურად შეივლის ხოლმე", - ამბობენ დუშელები.
სამწუხაროდ, პრეზიდენტის აგარაკის დაცვამ ეზოშიც არ შეგვიშვა. ისევ სამეზობლოში მოვიძიეთ ინფორმაცია და იმ კაცსაც მივაგენით, კინაღამ რომ ჯარიმა აჰკიდა პრეზიდენტს. ეს ამბავი ეამაყებათ დუშელებს, ამბობენ, დუშეთი ევროპული მენტალიტეტით გამოირჩევაო...
გოჩა გედევანიშვილი რამდენიმე თვის წინ ენერგოკომპანიაში მუშაობდა და დროდადრო მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით შიდა შემოწმებას ატარებდნენ.
გოჩა გედევანიშვილი: - ვნახეთ, რომ ერთ-ერთი დანადგარი არასწორად იყო დამონტაჟებული. წესია, როდესაც ასეთ დარღვევას ნახავ, უნდა გააფრთხილო მოქალაქე.
ვიღაც იტყვის, პრეზიდენტს ეგ როგორ დაუწერეო. ვითომ რატომ არ უნდა დამეწერა, პრეზიდენტი ხომ საქართველოს ნომერი პირველი მოქალაქეა, რა, მას არ შეიძლება ეშლებოდეს რაღაც? კანონი ყველასთვის ერთი არ არის? მით უფრო, პრეზიდენტისთვის.
გიორგი არ გვაძლევს იმის საბაბს, რომ განსხვავებულად მოვექცეთ. ჩვენ ასეთი პრეზიდენტი მოგვწონს. ბატონოსაც კი ვერ ვუმატებთ მიმართვისას მის სახელს.
- საზოგადოების ნაწილი უწუნებს ნაბიჯს, რომ თბილისში, ავლაბრის რეზიდენციაში გადასახლდა, ფუფუნებისა და კომფორტის სიყვარულმა სძლიაო.
- რას ამბობთ? სულ აქ არის, სამუშაოს დასრულების შემდეგ, გვიან ღამით ამოდის სახლში. ცოლ-შვილი აქ ჰყავს. ბავშვი 12 მარტს რომ ამოიყვანეს, მას მერე დუშეთში იზრდება. პატარას ამ ორღობეში ასეირნებს ხოლმე მომვლელი ქალი.
მთის ხალხმა იცის თავისუფლებისა და თანასწორობის ფასი და ამიტომაც გიორგისა და მისი ოჯახის საქციელს სათანადოდ ვაფასებთ. ცილისწამებაა, რომ ფუფუნება უყვარს. აბა, ნახეთ მაგის სახლის კედლები, ეტყობა, მოყვარული ხელოსნის შებათქაშებული რომ არის. ბევრ რამეს თვითონ აკეთებდა, ზოგჯერ ჩვენც ვეხმარებოდით.
იდუკა შეთეკაური, დუშეთის მკვიდრი: "ის სასახლე, სადაც პრეზიდენტი მიღებებს მართავს, განა პრეზიდენტის სასახლედ არ აშენდა ჩვენი ფულით? სახელმწიფოს საკუთრებაა და ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც პრეზიდენტი იქნება, იქ უნდა იყოს.
მიშა რომ მოდიოდა, სულ გადაკეტილი იყო ყველა ქუჩა, სახლიდან გამოსული შინ ვერ დაბრუნდებოდი და თუ გამოსვლა გინდოდა, ცხვირს არ გამოგაყოფინებდნენ. ვერტმფრენებით ზვერავდნენ ზეცას და სახურავებზე სულ სნაიპერები იყვნენ...გიორგიმ კი, ბუნებრივი აირის მილები რომ გაჰყავდათ, თვითონაც გამოიტანა ბარი და მიწის გათხრაში ეხმარებოდა მუშებს. ეზოსაც თვითონ უვლის "მოურავთან" ერთად".
საუბარში "მოურავიც" შემოგვიერთდა. ასე შეარქვეს დუშელებმა ფრიდონ ბულაურს. ძალიან ხელმოკლე ოჯახი ჰყოლია და ამიტომაც მარგველაშვილი - მას, "მოურავი" კი პრეზიდენტის კარ-მიდამოს პატრონობს.
ფრიდონ ბულაური: "ყოველღამ აქ არის გიორგი. მგონი, უდუშეთოდ ცხოვრებაც არ შეუძლია. მაგის ყველაზე დიდი ჩინი ადამიანობაა.
არასოდეს გვიგრძნია ქედმაღლობა. ხომ შეუძლია დაცვა ან თუნდაც მე გამიშვას მაღაზიაში, არავის შეაწუხებს, თვითონ გადის საშინაოდ ჩაცმული, მაღაზიასაც მოივლის, ბაზარსაც. არც სალამი დაენანება, გულიანად მოგიკითხავს".
ციური ვარსიმაშვილი მაღაზიაში მუშაობს: "ერთხელ ვცადე, ურიგოდ გამეტარებინა. მოკრძალებული ღიმილით მითხრა, მიხედეთ ხალხს, მოვა ჩემი რიგიცო. ერთხელაც შეესწრო, აქაურმა ნისიად რომ წაიღო პროდუქტები. რომ გავიდა ის კაცი, მთხოვა, ნახე ნისიების რვეულში, ვალი რამდენი აქვსო და სულ გაუსტუმრა. წინა პრეზიდენტს, ან ახლა რომ მთავრობაში არიან, რამდენის ვალი გადაუხდიათ? გიორგი ბევრს დახმარებია. რამდენჯერ ეზოში უნახავს, ბავშვები ნაყინის ფულს რომ ითვლიდნენ, შემოვიდოდა, ნაყინს იყიდდა და ბავშვებს დაპატიჟებდა. მისი ღირსება იმაშიც ჩანს, დაუმსახურებელ ცილისწამებას მშვიდად რომ იტანს".
მიუხედავად იმისა, რომ დაცვამ პრეზიდენტის სახლთან მისვლის უფლება არ მოგვცა, მაინც შევძელით გადაგვეღო მისი სახლი, რომლის ეზოს გალავნისა და ალაყაფის კარის ნაცვლად, უბრალო მავთულის ღობე და რკინის ჭიშკარი აქვს. ეზოში ბაღჩაც მოჩანს, რომლის მოვლაც ძალიან ჰყვარებია პრეზიდენტს, ისევე როგორც ციცრების, ეზოში რომ კენკავენ ბალახს.