რას ჰყვებოდა მომვლელი ვეფხვების თავდასხმამდე 4 დღით ადრე
"ჩემს თეთრ ლომებთან გალიაში ხშირად შევდივარ და ვეთამაშები... არ მეშინია, აბა, დედისთვის შვილი საშიშია?!"
სწორედ ეს ვეფხვი იყო ერთ-ერთი, რომელმაც 26 მაისს გულიკო ჭიტაძე დაგლიჯა
26 მაისს თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი გულიკო ჭიტაძე ვეფხვებმა დაგლიჯეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ის მტაცებლების ვოლიერის გისოსებთან, მომვლელის სამუშაო ზონაში იმყოფებოდა... დაზარალებული სხეულისა და კიდურების მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროა, რომ პაციენტისთვის მარჯვენა ხელის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ქალბატონი გულიკო უკვე გონზეც მოვიდა და პირველად თავისი ცხოველები მოიკითხა. ზოოპარკის ძიძა-მომვლელს თავისი აღსაზრდელები ენატრება და გულაჩუყებული კითხულობს: "ნეტავ, უჩემოდ როგორ არიან ჩემი პატარები".
გულიკო ჭიტაძე 25 წელზე მეტია, თბილისის ზოოპარკში მუშაობს... "პალიტრა TV"-ს გადაცემა "ლურჯი ვაშლის" შემოქმედებითმა ჯგუფმა ზოოპარკის ძიძა-მომვლელის შესახებ სიუჟეტი მოამზადა და მასთან ინტერვიუ 22 მაისს ჩაიწერა - ინციდენტამდე 4 დღით ადრე, 26 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ გულიკო ჭიტაძე ვეფხვებმა დაგლიჯეს.
გარდა იმისა, რომ ქალბატონი გულიკო ზოოპარკში წლებია მუშაობს, იქვე ცხოვრობდა კიდეც, რადგანაც ღამის საათებში ზოოპარკის პატარა ბინადრების უყურადღებოდ დატოვება უჭირდა. მით უფრო, რომ მათ საათობრივი კვება სჭირდებათ. ის ახლა ორი თვის მაიმუნ მარტასა და ერთი თვის მელიას ზრდიდა.
- ჩემს ხელში გაიზარდნენ: ბეჰემოთი, სპილო, ვეფხვი, ლომი, აფთარი, მგელი, მაიმუნი, ტურა, გეპარდი, კვერნა, ენოტი, კაჭკაჭი (ლაპარაკიც ვასწავლე), შველი, იხვი...
სამედიცინოზე ვსწავლობდი და მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტიც მაქვს დამთავრებული. ცოტა ხანს ტუბდისპანსერში ვიმუშავე, მერე არამიანცის საავადმყოფოში, გინეკოლოგიურ განყოფილებაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ შემამცირეს... ცხოველები ყოველთვის მიყვარდა და ზოოპარკში მოვედი. 90-იანი წლები იყო, არც შუქი გვქონდა, არც გაზი, ცეცხლს ვანთებდით, ცხოველები რომ გაგვეთბო. მათი გაზრდა საპასუხისმგებლო საქმეა...
- შვილები არ გყავთ?
- 2 წლის იყო ჩემი შვილი, როცა გარდამეცვალა... რთული ფეხმძიმობა მქონდა, ნაყოფს ვერ ვინარჩუნებდი ან მკვდარი ჩვილი იბადებოდა...
- მეუღლე გყავთ?
- კი, ისიც აქ მუშაობს, ცხოველების მომვლელია და შეიძლება ითქვას, ორივე აქ ვცხოვრობთ. პატარებს საათობრივად ვკვებავთ, მუდმივი ყურადღება სჭირდებათ, განსაკუთრებით, ღამის საათებში. თუ დროზე არ მიხედე, შეიძლება, ტირილით თავი მოიკლან...
2014 წელს ვეფხვის 10 თეთრი ბოკვერი გავზარდე. უკვე დიდები არიან და სხვა განყოფილებას ჩავაბარე (სწორედ ეს ვეფხვები დაესხნენ თავს. - ავტ.). პატარები 6 თვე არიან ჩემთან, მერე ზრდასრულებად მიიჩნევიან და ხორცის ჭამასაც იწყებენ, დამოუკიდებლად შეუძლიათ ცხოვრება. ჩემს გაზრდილ თეთრ ლომებთან გალიაში ხშირად შევდივარ და ვეთამაშები ხოლმე...
- საშიში არ არის?
- დედისთვის შვილი საშიშია?! თითოეული ცხოველის შესახებ ჩანაწერს ვაწარმოებ და ანკეტა-ისტორიას ვქმნი.
აი, ამ ძაღლმა, დოდოლინამ, რომელიც ჩემთან ცხოვრობს, აფთარი გამაზრდევინა. მაილო კი დაბადების დღეზე მაჩუქეს. ორივე კარგი "გოგოა". დოდო პატარა ცხოველების სერიოზული დამცველია.
- რა უნდა იცოდეს ცხოველთან მომუშავე ადამიანმა?
- ცხოველმა შეიძლება ხანდახან გიკბინოს, მაგრამ არ უნდა შეშინდე - ისინი ხომ ამას თავის დასაცავად აკეთებენ. ხომ იცით, საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა (იღიმის).
მაიმუნმა რომ მიკბინა, მივედი და მივეფერე. დარცხვენილი მიყურებდა. აი, შეხედეთ ჩემს ხელს! მაიმუნი ჭიჭიკოს გამო დამეწვა. საჭმელს ვუმზადებდი და შევნიშნე, რომ ცხელი წყლით სავსე ჭურჭელთან მივიდა. შემეშინდა, ქაფქაფა წყალი არ გადასხმოდა და ამასობაში მე დავიწვი, რადგან ჭურჭელი ამოყირავდა. არ ვნანობ, ასე რომ მოვიქეცი. ჭიჭიკო რომ დამწვარიყო, ჭრილობა დიდხანს არ მოუშუშდებოდა...
კიდევ ბევრი ჭრილობა და ნაიარევი მაქვს, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რომელ ცხოველს როგორ მოვექცე, წლებმა დიდი გამოცდილება შემძინა.
- ცხოველები გცნობენ?
- როგორ არა! დავუძახებ თუ არა, სირბილით მოდიან. ვგრძნობ, რომ ცხოველებს ძალიან ვუყვარვარ...
ჩემი პირველი შვილობილი ხვლიკი იყო. მცხეთაში ვიყავით და ნაკვეთში ვიპოვე, კუდი ჰქონდა ბარის პირით მოჭრილი. იოდი წავუსვი, რამდენიმე დღე ვუმუშავებდი ჭრილობას და კუდი ნელ-ნელა წამოეზარდა. მერე მცხეთაში რამდენჯერაც ჩავედი, ჭიშკრის ბოქლომზე შემოხვეული დამხვდა. როცა აცივდა, თბილისში წამოვიყვანე. ძველი რადიატორებით ლაბირინთი გავუკეთე, რომ შიგ შემძვრალიყო. დავდიოდი და მისთვის ბუზებს, მწერებს ვაგროვებდი... ერთხელაც მეზობლის ბავშვი შემოვიდა და შეეშინდა, გველი ეგონა. ჰოდა, გვიჩივლეს და უბნის ინსპექტორი გვესტუმრა... ზაფხულში ხვლიკი ისევ ნაკვეთში წავიყვანე, სადაც გამრავლდა და როცა ჩავდიოდი, უკვე მთელი ოჯახით მხვდებოდა ჭიშკართან (იღიმის)...
- მუდმივად ცხოველების გარემოცვაში ყოფნა მოსაწყენი არ არის?
- ადამიანებთან ურთიერთობით უფრო ვიღლები. ცხოველს შეიძლება პატარა სიკეთე გაუკეთო და მისგან მადლიერება იგრძნო, ზოგიერთ ადამიანს კი სიკეთეს ვერ დაანახებ...
საღამოს ვოლიერებთან მივდივარ და ჩემს გაზრდილებს ველაპარაკები. ტურები, ლომი გიჟდებიან ჩემზე...
ერთხელ ჩემმა გაზრდილმა სპილომ მადლიერების ნიშნად ზურგზე შემისვა და ვიდრე არ დაიღალა, არ ჩამომსვა. მრცხვენოდა, ამხელა ქალს სპილოზე გადამჯდარს რომ მხედავდნენ, მაგრამ მან ასე მოინდომა და რა მექნა?
ცალი ფეხი დახარა, მერე ხორთუმი ფეხზე შემომხვია და მექაჩებოდა, თავიც დაბლა ჰქონდა დახრილი. მივხვდი, კისერზე უნდა შევჯდომოდი.
- ცხოველს არასდროს დაუშავებიხართ?
- როგორ არა! ნახეთ, თვალზე როგორი იარა მაქვს. ეჭვიანობის გამო, გიბონმა დამაზიანა. რომ დამინახა, პატარას ვუვლიდი, შემომახტა, თვალში მეცა და მიკბინა... გვყავდა ძალიან კეთილი აქლემი მაშიკო, რომელიც ასევე ზურგზე შემომისვამდა ხოლმე. პატარა კვერნებს ჩემს ოთახის ჩუსტებში ეძინათ ხოლმე...
- ახალშობილი ცხოველების მოსავლელად სპეციალური ოთახები გაქვთ...
- მინდოდა, პატარა ცხოველები, როგორც ბავშვები, ჩამესვა კალათში, სათამაშოები ჩამეყარა, პამპერსი გამეკეთებინა...
ხშირად მიფიქრია, იქნებ გამოჩნდეს ადამიანი, ვისაც ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ-მეთქი, მაგრამ ამ საქმით დაინტერესებულს ვერავის ვხედავ.
ლალი ფაცია