ქართველი სტუდენტების გამოგონება - მაჯის საათი უსინათლოთათვის
"ვიზუალითა და ფუნქციებით მესამე საათი წინა ორს ჯობია, მას მუსიკალური ფუნქციაც დაემატა. ახლა ვაპირებთ, ჯი-პი-ეის ფუნქციაც დავამატოთ " უსინათლო თუ სადმე დაიკარგება, საათი ოჯახის წევრებთან კოორდინატებს გაგზავნის"
"ვფიქრობდით, უსინათლოებისთვის რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა და მოვიფიქრეთ " მაჯის უხმო საათი, რითაც სხვების დაუხმარებლად შეძლებენ დროის გაგებას. ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო, უკვე მესამე მოდელი შევქმენით, რომელიც ბევრად სჯობს წინა ორს" გაიცანით ქართველი სტუდენტები, რომლებმაც უსინათლოებისთვის მაჯის უხმო საათი გამოიგონეს.
ნიკოლოზ სიხარულიძე, თორნიკე ფარცახაშვილი, ნიკოლოზ დონაძე და გივი ბერიძე " ეს ნიჭიერი ახალგაზრდები თავისუფალი უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტები არიან. სწავლის პარალელურად, უნივერსიტეტის ლაბორატორიაში სხვადასხვა პროექტზე მუშაობენ. მაჯის უხმო საათიც სწორედ ამ ლაბორატორიაში შეიქმნა და კონკურსშიც გაიმარჯვა. ახალგაზრდები საათის პირველ მოდელზე ერთი თვე თავაუღებლად შრომობდნენ. პირველი წარმატებით წახალისებულებმა მომდევნო მოდელებიც შექმნეს.
ნიკოლოზ სიხარულიძე: " პირველ კურსზე ვიყავით, როცა მეგობრებმა ეს პროექტი მოვიფიქრეთ. უსინათლოებისთვის არსებობს ხმოვანი საათები. თუმცა, ხმაურიან ადგილებში შეიძლება ვერ გაიგონ, რომელი საათია. ამიტომ შევქმენით მაჯის საათი ვიბრაციის ფუნქციით. პირველ მოდელს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე. ვიზუალითა და ფუნქციებით მესამე წინა ორს ჯობია, მას მუსიკალური ფუნქციაც დაემატა. ახლა ვაპირებთ, ჯი-პი-ეის ფუნქციაც დავამატოთ " უსინათლო თუ სადმე დაიკარგება, საათი ოჯახის წევრებთან კოორდინატებს გაგზავნის."
თორნიკე ფარცახაშვილი: - "უსინათლო საათის კორპუსს ხელით შეეხება და ვიბრაციით გაიგებს, რომელი საათია. მაგალითად, 3:25 საათია. ჯერ საათი ოთხჯერ ვიბრირებს, ანუ საათს ითვლის, შემდეგ წუთებს... 25 წუთის დათვლა მოუხერხებელია და ამდენად, ერთი ვიბრაცია 5 წუთის მანიშნებელია. შესაბამისად, 5 ვიბრაცია 25 წუთის აღმნიშვნელია.
- რა დაჯდა მისი შექმნა?
- პირველი საათის შექმნა 30 ლარი დაგვიჯდა. მასალებს ლაბორატორია საზღვარგარეთიდან იწერს, საქართველოში მას ნაკლებად ან თითქმის არ აწარმოებენ. საჭირო მასალა 3D პრინტერის მეშვეობით დავამზადეთ. გამოვიყენეთ სილიკონი, რეზინი, პლასტმასი. ჯერ სქემა შევქმენით და შემდეგ დავაპროექტეთ. პირველი მოდელის აწყობა ძვირი დაჯდა. თუ მოთხოვნა იქნება და ბევრს დავამზადებთ, გაიაფდება. მუსიკალური ფუნქციის დამატება ცოტას გააძვირებს.
- უკვე შესთავაზეთ ვინმეს?..
- ჯერ არა. ელემენტი მალე ჯდება და ჯერ უნდა დავხვეწოთ, რომ ნაკლები ენერგია მოიხმაროს. მისი დატვირთვა ტელეფონის მსგავსად არის შესაძლებელი. საათს დროის გასწორების ფუნქციაც აქვს. ვაპირებთ ისე დავხვეწოთ, რომ ახალი წლიდან ფართო საზოგადოებას გავაცნოთ. დატვირთული სასწავლო გრაფიკი გვაქვს და საათზე მუშაობას მხოლოდ თავისუფალ დროს ვახერხებთ.
- ვიცი, რომ თქვენმა პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა.
- ორჯერ გავიმარჯვეთ... "უნიჰაკი" სტუდენტების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, რომელშიც ახალგაზრდა პროგრამისტები, დიზაინერები და გამომგონებლები მონაწილეობენ. კონკურსის მიხედვით, ყველა მონაწილე 48 საათის განმავლობაში ერთ შენობაში იმყოფება და პროექტზე მუშაობს. შემდეგ ყველა თავის ნამუშევარს ჟიურის წარუდგენს.
სალომე გოგოხია