"რეჟისორს ეუბნებოდნენ, ეს ბავშვი­ არ გაგიმართლებს, ტყუილად წვალობო" - ბიჭი "გაღმა ნაპირიდან" - კვირის პალიტრა

"რეჟისორს ეუბნებოდნენ, ეს ბავშვი­ არ გაგიმართლებს, ტყუილად წვალობო" - ბიჭი "გაღმა ნაპირიდან"

"ყველაზე მეტად ტირილის სცენა გამიჭირდა. ვერ ვტიროდი. ბოლოს ისევ გიორგიმ "ამატირა", თანაც ისე, ჩემი გაჩერება გაუჭირდათ"

2009 წელს გამოვიდა ფილმი "გაღმა ნაპირი". მთავარ როლს უცნობი ბიჭუნა - თედო ბექაური - ასრულებდა, რომელიც ამ ფილმის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ გავიდა წლები და იგი საზოგადოების თვალთახედვიდან ისევ გაქრა.

თედო ახლა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ორბეთში ცხოვრობს და მისი ცხოვრება არაფრით ჰგავს "გაღმა ნაპირზე" მამის საძებნელად წასული ბიჭისას.

თედო ბექაური:

- მსახიობობაზე არასდროს მიოცნებია. ალბათ, ბედია, ასე რომ მოხდა. ორბეთში ვიზრდებოდი. ერთ დღეს კლინიკაში სრულიად შემთხვევით შევხვდი გიორგი ოვაშვილს და ამ შეხვედრამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. მაშინ 9 წლის ვიყავი. გიორგი თავის შვილებთან ერთად იყო. ბიჭი სულ პატარა იყო, ხელში სათამაშო ეჭირა. გოგომ გამოგლიჯა და თავში ჩაარტყა. ამაზე, ეტყობა, ისე გულიანად გამეცინა, რეჟისორის ყურადღება მივიქციე. მოვიდა, გამომელაპარაკა. მე მორიდებით ვპასუხობდი... მერე დედაჩემი ნახა.

ამის შემდეგ თბილისში ჩამოვედი სინჯებზე. ბატონმა გიორგიმ მითხრა, ახლა მე მაგიდაზე დავუკრავ და შენ იცეკვეო. ჯერ მორცხვად ვიდექი, მერე კი ძალიან ენერგიულად ავცეკვდი.

გადასაღებ მოედანზე ყველაფერს დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს. პირველი ორი თვე ძალიან გამიჭირდა. - უცხო ატმოსფერო, უცხო ხალხი... ვმორცხვობდი და ვერაფერს ვაკეთებდი. გადამღები ჯგუფი რეჟისორს ეუბნებოდა: ეს ბავშვი არ გაგიმართლებს, ტყუილად წვალობ და ფულსაც ტყუილად ყრიო. ეს უფრო მთრგუნავდა. მერე ბატონი გიორგი დამიჯდა, დამელაპარაკა... ამის შემდეგ ისე დავიწყე მუშაობა, ყველა გაკვირვებული მიყურებდა. შევძელი, როგორც იქნა. გადაღებები 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაშინ პირველად ვნახე ზღვა. ყველაზე მეტად ტირილის სცენა გამიჭირდა. ვერ ვტიროდი. ბოლოს ისევ გიორგიმ "ამატირა". თანაც ისე, ჩემი გაჩერება გაუჭირდათ...

ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა - კანი, ოსკარი, ბერლინალე... უამრავი ფესტივალი მოიარა და პრიზიც ბევრი მიიღო. მე გერმანიაში ვახლდი შემოქმედებით ჯგუფს. ყველაზე პატარა ვიყავი მონაწილეთა შორის. ჟურნალისტები ამას ხმამაღლა აღნიშნავდნენ და დიდ ყურადღებას მაქცევდნენ. მახსოვს, სერბეთში ჩვენების ბოლოს ერთი კინომოღვაწე წამოდგა და დაიძახა, თედო აქ, ამ დარბაზში ზისო. მთელი დარბაზი შემომეხვია, ყველა დიდ სიყვარულს გამოხატავდა. გაოგნებული ვიყავი. ერთი ჩამეხუტა და ტირილი დაიწყო, მერე ჯიბიდან ფული ამოიღო და მაჩუქა - ფილმმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, მართლა ძალიან გაჭირვებული ვეგონე. ამ თანხით აეროპორტში ტკბილეული ვიყიდე.

- როგორც მსმენია, თვალთან დაკავშირებული შენი პრობლემაც ერთი მაყურებლის დაფინანსებით მოგვარდა.

- ოპერაცია პარიზში გამიკეთეს. თანადგომა არ მომაკლეს გიორგი ოვაშვილმა და საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ. ფრანგმა პროფესორმა ქალბატონმა გამოთქვა სურვილი - მე მინდა ამ ბავშვს დავეხმარო, თუ უნდა, საქართველოში ჩავალ და იქ გავუკეთებ ოპერაციას, მაგრამ მირჩევნია, თედო ჩამოვიდეს პარიზშიო. ამ ქალბატონმა დააფინანსა ყველაფერი. პარიზში ყოფნის პერიოდში მამუკა კუდავასთან ვცხოვრობდი.

- ახლა სად სწავლობ?

- ჩემი შეცდომა იყო, რომ მეცხრე კლასიდან გამოვედი. ჩავაბარე სერგო ზაქარიაძის სახელობის თეატრალურ კოლეჯში. რომ დავამთავრე, ისევ სკოლას დავუბრუნდი და ახლა მეთორმეტე კლასში ვარ.

- რამდენი წლის ხარ?

- 19 წლის ვარ. წელს ვეცდები, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარო.

- "გაღმა ნაპირის" შემდეგ თუ გქონდა კიდევ მიწვევა რომელიმე ფილმში?

- "სიმინდის კუნძულში" გადამიღო გიორგი ოვაშვილმა ჯარისკაცის როლში. ახლა იწყებს კიდევ ახალ ფილმზე მუშაობას და მითხრა, შენთვის როლი მაქვსო.

- ოჯახზე მიამბე...

- ორბეთში ვცხოვრობ. მყავს მშობლები და ორი ძმა. ერთი დაოჯახებულია და თბილისში ცხოვრობს. მე ნაბოლარა ვარ. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს: სკოლა - სახლი, კიდევ - ბაღის საქმეები. კარტოფილის ამოღება გვაქვს დაწყებული. ლობიო უკვე დავაბინავეთ, პომიდორი მოილია. კაკლის ბერტყვა დაიწყება მალე. ოთხი მოზვერი გვყავს და ორიც - ძროხა. ზამთრისთვის თივა მოვიმარაგეთ, მაგრამ ძალიან კი დავიღალე.

- ნახირში დადიხარ?

- რატომაც არა. მორიგეობითაა, როდესაც ჩემი რიგია, მივდივარ. ქათმების მიხედვა დედას ავალია, მაგაში მე არ ვერევი. მეტი რა გითხრათ, ასე მიდის ჩემი სოფლური ცხოვრება. თუ სტუდენტი გავხდი, ისევ დავუბრუნდები ქალაქურ ცხოვრებას.

"გაღმა ნაპირი"

ფილმი "გაღმა ნაპირი" 2009 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მისი პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2009 წლის 7 თებერვალს გაიმართა. აქედან მოყოლებული, ფილმი ოცდაათამდე ქვეყანასა და ორმოცდაათამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. აღებული აქვს 32 პრიზი.

ცნობილია, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით გიორგი ოვაშვილის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "გაღმა ნაპირი" აფხაზურ ენაზეც ითარგმნა. პროექტის მიზანი იყო ოკუპირებულ აფხაზეთში ფილმის გავრცელება და პოპულარიზაცია.

"გაღმა ნაპირი" აფხაზეთიდან დევნილი 12 წლის ბიჭის თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც თბილისიდან აფხაზეთში მამის საძებნელად მიემგზავრება. ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა, თედო ბექაურმა, დაკას (ბანგლადეში) საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიმსახურა ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის; პალმ სპრინგის (აშშ) საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ფიპრესის ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ხოლო საერთაშორისო კინოფესტივალზე "ოქროს ფორთოხალი" (ანტალია, თურქეთი) - პრიზი "ოქროს ფორთოხალი", მამაკაცის საუკეთესო როლისათვის.

ეკა სალაღაია

იხილეთ ასევე: ხელოვანი "ბურნუთა" ხელოსნობით ირჩენს თავს