"აფხაზებს ახალი თაობა აღარ გვყავს, ეს გულს მიხეთქავს" - როგორ აგრძელებს აფხაზეთი ცხოვრებას სოხუმის დაცემიდან 22 წლის შემდეგ?!
"მახსოვს, როგორ გავრბოდით ქუჩაში... გარშემო სროლის ხმა ისმოდა. ქუჩებში პანიკა იყო. ზოგი ზღვისკენ გარბოდა. მე დედ-მამას და ჩემს ძმებთან ერთად კოდორის ხეობისკენ წავედით. 13 წლის ვიყავი, ძმები ჩემზე პატარები იყვნენ... ათი დღე ვიარეთ თურმე. ის დღეები ბუდნოვნად მახსოვს, ბოლო დღებს კი - საერთოდ ვერ ვიხსენებ... ზუგდიდში ერთ-ერთ ნათესავის სახლში მივსულვართ, სადაც მისვლისთანავე მუხლები მომეკეცა... მშობლებმა ვერ გაიგეს ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი, მთელი კვირა გონზე მოუსვლელად მეძინა".- ასე იხსენებს სოხუმელი ქალბატონი მშობლიურ ქალაქის დატოვებას. მაკა გაბელია მას შემდეგ სოხუმს მხოლოდ სიზმარში ნახულობს, როგორც ამბობს, ნაომარი ქალაქი არასდროს დასიზმრებია, მის სიზმრებში ისევ ძველებურად ლამაზი და ფერადია, მაგნოლიების სურნლით გაჟღენთლი...
(იხილეთ ასევე: სოხუმის დაცემა - ქართველების გმირობა და მარცხი)
სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა...
დრომ თავისი გაიტანა და ომის ჭრილობები თანდათან მოაშუშა. ახლობლებს, ნათესავებს და უბრალო ნაცნობებს ერთმანეთის ნახვისა და მოკითხვის ინტერესი გაუჩნდათ. აფხაზების მცირე ნაწილი ქართველების მონატრებზეც ალაპარაკდა. თუ რატომ ვერ შეძლო ორი საერთო ფესვების მქონე ერმა შეირაღებული დაპირისპირების თავიდან არიდება, ამაზე ალბათ დრო და ისტორია გაგვცემს პასუხებს, მანამდე კი ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია, როგორ გრძელდება ცხოვრება ომის შემდგომ აფხაზეთში; რას ელოდნენ და რა მიიღეს მათ 90-იანი წლების მოვლენებიდან...
რამდენიმე დღის წინ, ჩემმა კოლეგამ, რომელი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში ასეთი ჩანაწერი გამოაქვეყნა:
"წუხელ, ცარიელ პალატაში სანახევროდ ჩაძინებულმა გავიგე, როგორ შემოიყვანეს აფხაზი გოგონა - ტორჩუა. დილით კი, 74 წლის გუდაუთელი არშბა, რომელიც ქართულად ვერ ლაპარაკობს, თუმცა, ესმის და საკმაოდ ყოჩაღია. დილა მისი გამამხნევებელი სიტყვებით დაიწყო. - არ გაბედოთ წუწუნი, გაიღიმეთ... მერე რა, რომ აქ ხართ. - "ბაბულკა" დამიძახეთო, - გვთხოვა, - თავად გუდაუთის საავადმყოფოში მუშაობს თურმე. გაოცებით აღნიშნა, - პაციენტები არ გვაყვს, მთქნარებით ვკვდებიო... ლაპარაკში მეორე აფხაზი ჩაერთო, - აფხაზებს ახალი თაობა არ გვყავს ეს გულს მიხეთქავსო, რასაც "ბაბულკა" თავის ქნევით დაეთანხმა და თავისი ამბავი გააგრძელა, - ცუდად რომ გავხდი, აუცილებელი გახდა ჩემი თბილისში გადმოყვანა. გუდაუთიდან გალის საზღვრამდე (!) აფხაზებმა ისე არ გამოატარეს, ვიდრე 100 ათასი რუბლი (200 დოლარი) არ გადავიხადეთ. ქართულ საგუშაგოსთან ჩემმა გოგომ ფული მოამზადა, გვეგონა, ქართველებისთვის უნდა გადაგვეხადა, მაგრამ უპრობლემოდ გამოგვიშვეს. იქიდან აქამდე რეანომობილით მოგვიყვანესო... - მოხუცს გული სწყდებოდა, რომ გზადაგზა საზღვრები და საგუშაგოებია, რომ ქართული დაავიწყდათ და ამ ყველაფერთან ერთად აფხაზურიც ავიწყდებათ და ერთმანეთში სასაუბრო ენად რუსული ექცათ..."
ეს რიგითი აფახაზების მონაყოლია, თუმცა ისინი არაფერს აჭარბებენ, აფხაზები დემოგრაფიული კატასტროფის პირას დგანან. სამწუხაროდ, ჯერ ამ საფრთხეს აფხაზთა მხოლოდ მცირე ნაწილი ხედავს... და მაინც, რა განწყობით ხვდებიან აფხაზები 27 სექტემბერს;
ნიკა, სოხუმელი აფხაზი:
- საერთოდ არ მახსოვს ქართველები, მაგრამ ვიცი, რომ მათთან ბრძოლას ათასობით აფხაზი, მათ შორის, მამაჩემის ძმები და ნათესავები შეეწირნენ... ძალიან ბევრი ქართველი ნათესავი მყავს, მაგრამ კითხვაზე, ვისურვებდი თუ არა მათ აფხაზეთში დაბრუნებას, პასუხის არ მაქვს, რადგან მეშინია, 90-იანი წლები არ განმეორდეს. იმ წლებმა ხომ აჩვენა, რომ მათი თანაცხოვრება არ შეიძლებოდა და რა გარანტია გვაქვს, რომ ეს ყველაფერი არ განმეორდება... დიახ, აფხაზეთში მძიმე ვითარებაა, უმუშევრობა, უსამართლობა კლანური მმართველობა, უმძიმეს სოციალური ფონი, რასაც ამ ბოლო დროს მუსლიმთა რადიკალური დაჯგუფებების, ე,წ, ვაჰაბისტების გააქტიურობაც დაემატა, მაგრამ ეს ქვეყანა ვითარდება ისე, როგორც შეუძლია, რისი საშუალებაც აქვს. მადლობა რუსეთს, მან უმძიმეს წლებში დაგვიცვა და შეგვიფარა, ზოგჯერ მართლა მგონია, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა მხოლოდ "პარადის" დღეებში ახსენდებათ ჩვენც და იმათაც, მათ ზოგჯერ ზედმეტი მოსდით, ამდენ ჩახუტებაში გვეშინია არ გაგვგუდოს, მაგრამ არის ბევრი რამ, რისთცისაც მისი მადლობელი უნდა ვიყოთ... რაც შეეხება ენის საკითხს, რომელიც ახლანდელ აფხაზეთში მართლაც მწვავედ დგას, მას რუსეთი არ გვართმევს, მას ჩვენით ნებით ვთმობთ და სწორედ ამიტომ გვმართებს გამოფხიზლება.
დოდო, გაგრაში მცხოვრები:
- მთელი ყურადღება ტურიზმზე იყო გადატანილი, რომ რუსეთიდან შემოსული ტურისტები ეკონომიური კრიზისსს დაგვაძლევინებდნენ და თანდათან ყველაფერი გამოსწორდებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, - ზღვის "ერთჯერადი" ტურისტები, რომლებიც თუნდაც დილიდან საღამომდე ჩერდებიან სასტუმროებში, მათ შორის, საოჯახოში, იკვებებიან რესტორნებში და აქაურ მაღაზიებში დადიან, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ამით მძიმე სოციალური ფონი ვერ შეიცვლება. მე მყავს ისეთი დამსვენებლები, რომლებთანაც ურთიერთობა ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული მაქვს, ისინი სულ უფრო მეტად იკავებენ თავს აქ ჩამოსვლისგან. მათ უსაფრთხოებას არ არსებობა აშინებთ. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მათი ნომრები გაძარცვეს, ან პლაჟიდან შინ მიმავალი, დღისით-მზისით, პირდაპირ ქუჩაში დააყაჩაღეს. დამსვენებლები ამბობენ, რომ მხოლოდ ზღვაზე წოლა და გარუჯვა არ არის დასვენება, კლუბები, ბარები, რესტორნები და ზოგადად, ხმაურიანი დასვენება უნდათ. ხარისხიან მომსახურებას, ითხოვენ, კომფორტი კი, ძვირი ღირს. თანთადან მატულობს თურქული და გერმანული ტექნიკის მაღაზიები, მაგრამ ჯერ საკმარისი არაა. თანამედროვე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟება, ძვირი გვიჯდება, ერთი სიტყვით, ჯერჯერობით აქ ის კომფორტი არ არის, რასაც ისინი ითხოვენ, რის გამოც, ერთ კვირაში ტოვებენ აქაურობას. თუმცა, ადგილობრივ ტელევიზიებში მუდმივად ტრიალებს რეკლამა, თუ როგორი მიმზიდველი და ლამაზი გახდა აფხაზეთი, მეგობარი რუსეთის ხელშეწყობით, რაც მოსახლეობის აღიზიანებს. ხელისუფლება კი, დღითიდღე კარგავს ხალხის ნდობას...
ლალი პაპასკირი (სპეციალრად საიტისთვის)