"ჩიორა" მე მგავს, სულაც არ მითამაშია"
"დღემდე ჩიორას მეძახიან. ეს ფილმი ჩემთვის ნიშნავს ჩემს სიჭაბუკეს"
არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი, როდესაც ფილმი "ჩიორა" გამოვიდა ეკრანზე, მაგრამ მახსოვს, როგორი პოპულარული გახდა ალექსანდრე ბასილაიას მუსიკა, მისი პერსონაჟები და ფრაზა: "მარი, გიყვარს ნიკა?"
გოჩა აფციაური 20 წლის იყო, როდესაც "ჩიორას" როლზე დაამტკიცეს. დღეს იგი 52 წლისაა.
გოჩა აფციაური:
- მანგლისელი ვარ. სკოლა რომ დავამთავრე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩავაბარე... ერთ დღესაც ქუჩაში მამაკაცმა გამაჩერა, რომელიც რეჟისორის ასისტენტი ვაჟა ბასილაია აღმოჩნდა და ქასთინგზე მიმიწვია. რაღაც ტექსტი წამაკითხეს და ფოტოები გადამიღეს. ვფიქრობდი, ამ სოფლელ ბიჭს ფილმში რატომ გადამიღებენ-მეთქი. თუმცა ორი კვირის თავზე გამომიცხადეს: დამტკიცებული ხარ მთავარ როლზეო. ამის შემდეგ ნიკას როლის სავარაუდო შემსრულებელი გამაცნეს - თენგო გიორგაძე, რუსთაველის თეატრის ახალბედა მსახიობი.
დაიწყო მარის შემსრულებლის ძებნა. მე და თენგო ვისხედით და მოჰყავდათ გოგონები, გვეკითხებოდნენ, მოგწონთო? ხათუნა ჩაგელიშვილი მაშინვე მოგვეწონა. ჰაეროვანი, სიფრიფანა გოგო უზარმაზარი ცისფერი თვალებით, ძალიან ბავშვური, ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო მარი. გადაღებები რომ დაიწყო, 20 წლის ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ცნობისმოყვარე თვალი მიყურებდა, არც შებოჭილი ვიყავი და არც კამერის შემშინებია.
- ძნელი გადასაღები იქნებოდა ავარიის სცენები, რომელსაც ჩიორა აწყობდა.
- გადაღებისას მართლაც დამეჯახა მანქანა, იდაყვები და მუხლისთავები გადამიტყავდა. ეს ეპიზოდი უცვლელად შევიდა ფილმში... გადაღებები, ძირითადად, აფხაზეთში მიმდინარეობდა.
წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ბიჭი, ზღვა, გართობა... მოკლედ საცდუნებელი ბევრი იყო და მთლად ისე არ ვიქცეოდი, როგორც საჭირო იყო და რეჟისორმაც გადაწყვიტა, ჭკუა ესწავლებინა - ოთახში სერიოჟა შემომისახლა ("მოსფილმიდან" მოვლენილი ოპერატორის თანაშემწე). ეს სერიოჟა არც სვამდა, არც ეწეოდა...
ხან კინოში ვეპატიჟებოდი, ხან სანაპიროზე და ყველაფერზე უარს ამბობდა: რა დროს ეგ არის, დავიძინოთ, ხვალ კარგად უნდა გამოიყურებოდე გადაღებისთვისო. აღარ ვიცოდი, რა მომეხერხებინა. ერთ საღამოსაც ბუფეტიდან ამოვიტანე საჭმელი, დავდგი ერთი ბოთლი არაყი და გამოვუცხადე: სერიოჟა, დღეს დაბადების დღე მაქვს-მეთქი. ხომ იცი, არ ვსვამო, მოკლედ მომიჭრა. მერე, კარგი, ერთ ჭიქას დავლევ, ხომ უნდა მოგილოცოო.
ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მესამეს მეოთხე, მერე სიგარეტსაც მოუკიდა და ამ დროს შემოვიდა ჩვენს ოთახში რეჟისორი. გაგიჟდა, შენს გამოსასწორებლად შემოვასახლეთ ეს კაცი და რა უქენიო?! მეორე დღესვე გადაიყვანეს სხვა ოთახში.
- გახმოვანებაზე ვინ მუშაობდნენ?
- ჩიორა კახა თავართქილაძემ გაახმოვანა, ნიკა - რეზო ჩხიკვიშვილმა. ამ გახმოვანებას მოჰყვა რომანი ხათუნა ჩაგელიშვილსა და რეზოს შორის, ოჯახიც შექმნეს...
გადაღება რომ დამთავრდა, ჯარში გამიწვიეს. რომ ჩამოვედი, "ჩიორა" უკვე პოპულარული იყო. ფილმი რომ ვნახე, არ მჯეროდა, რომ მე ვიყავი ის ბიჭი ეკრანიდან.
- მას შემდეგ ფილმში არ გითამაშიათ?
- იყო რამდენიმე მიწვევა. უარი ვთქვი. ვფიქრობდი, ან დიდი მსახიობი უნდა გახდე, ან სულ არ უნდა მოინდომო მსახიობობა-მეთქი. ჩემგან მსახიობი არ დადგებოდა. "ჩიორა" იმიტომ გახდა პოპულარული, რომ მოერგო ჩემს ხასიათს. "ჩიორა" მე მგავს, სულაც არ მითამაშია.
- როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?
- დავოჯახდი. ჩემი მეუღლე თბილისელია, მანგლისის მუსიკალურ სკოლაში გაანაწილეს, გავიცანი და დავოჯახდით.
სანამ აფხაზეთის ომი დაიწყებოდა, სამხედრო ნაწილში ვმსახურობდი, განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონში.
1-ელ ოქტომბერს აფხაზებმა გაგრა რომ აიღეს, ტყვედ ჩავვარდით. 40-45 კაცი გუდაუთაში ვყავდით, ტყვეთა ბანაკში. გვაშიმშილებდნენ, გვცემდნენ, ბიჭები გაჰყავდათ და უკან აღარ შემოჰყავდათ, ხვრეტდნენ.
- ჩიორა იცნეს?
- იცნეს და ამის გამო უფრო მეტი მხვდებოდა. შენ აქ ნამყოფი ხარ, ფილმს აქ იღებდნენ და როგორ წამოხვედი აფხაზეთში საომრადო!
ბოლოს 33 კაცი დავრჩით. ჩვენს ბიჭებს არძინბას ძმისშვილი ჰყოლიათ აყვანილი, რომელსაც თბილისში მკურნალობდნენ. იგი 10 აფხაზ ტყვესთან ერთად გაცვალეს 33 ქართველში.
- დღეს როგორ ცხოვრობთ?
- ახლა 52 წლისა ვარ. მყავს 2 შვილი. შვილიშვილიც შემეძინა, უკვე პაპა ვარ. ამჟამად დაცული ტერიტორიების სააგენტოში ვმუშაობ, ალგეთის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსად. დღემდე ჩიორას მეძახიან. ეს ფილმი ჩემთვის ნიშნავს ჩემს სიჭაბუკეს, ჩემს შეხედულებებს ადამიანობაზე. სიამოვნებით ვიხსენებ ახალგაზრდობის ნათელ დღეებს.
ეკა სალაღაია