სიმულაცია ეროვნულ საგანძურზე?! - სასტუმრო "ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე
ჟანრი ლოლაშვილი: "ერთ ოთახში "სმენად მხეცნი მოვიდიან", მეორეში ტარიელის სახელობის ქვა იქნება, იქ დაჯდება სატირლად მისული კაცი"
თბილისში, თავისუფლების #4-ში არსებული შენობის პირველ და მეორე სართულებზე 15-ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყოს. მთავარი მოთხოვნა კი ის არის, რომ სასტუმრო "ვეფხისტყაოსნის" მოტივებს დაეფუძნოს. ამ იდეამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია - ზოგმა მოიწონა პროექტი, რადგან ის ეროვნულ მოტივებზეა შედგენილი, თუმცა, გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც, რომლებმაც ეს პროექტი "ქაჯეთის ციხედ" მონათლეს. საგულისხმოა, რომ პროექტს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ახორციელებს. ინვესტიციის მოცულობა კი 5 მილიონი აშშ დოლარია.
ჟანრი ლოლაშვილი, მსახიობი:
-არ ვიცი, რა გითხრათ... ალბათ, სასტუმროს ერთ ნაწილში ქაჯეთის ციხე იქნება, შემდეგი ოთახი იქნება, სადაც "სმენად მხეცნი მოვიდიან", სხვა ოთახში ტარიელის სახელობის ქვა იქნება და იქ დაჯდება სატირლად მისული კაცი. მერე ალბათ, ერთ დიდ ადგილსამყოფელში ყველა ერთად შევიკრიბებით და დავიყვირებთ: "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი" და გავიფლითავთ გულმკერდს..."
ლაშა თაბუკაშვილი, მწერალი, ფილოლოგი:
- შეიძლება ძალიან კარგი რამე აქვთ ჩაფიქრებული, მაგრამ... არ ვიცი, ქაჯეთის ციხეს ააშენებენ? რა არქიტექტურაა. არ მინდა ვინმე შეურაცხვყო, მაგრამ ამ წამოწყებას დიდი აფერის სუნი ასდის. ეტყობა, ვიღაცას ეროვნულ საგანძურზე სიმულაციით ფულის გაკეთება უნდა. თავად იდეა, "ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე სასტუმროს აშენებისა, ჩემთვის დაბოლებაა და ვისაც უნდა, თავი დაიბოლ-გაიბოლოს...
ჩვენ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მენეჯერებს: ანი კვირიკაშვილსა და მარიამ კაპანაძესაც ვესაუბრეთ.
ანი კვირიკაშვილი:
- რადგან "ვეფხისტყაოსნის" მოტივებზეა, მაინცდამაინც ის ხომ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ქაჯეთის ციხე დაგვხვდება, ან როსტევან მეფე იჯდება მენეჯერად. გვსურს "ვეფხისტყაოსნის" კიდევ ერთხელ პოპულარიზაცია. "მარიოტსა" და "რედისონს" ტურისტი ნებისმიერ ქვეყანაში ნახავს და რაც ჩვენი სიამაყეა, მსოფლიოში ნაკლებად პოპულარიზებულია. ჯერ ჩვენც არ ვიცით, როგორი იქნება, დიზაინერებს ველოდებით. წინასწარ კრიტიკას კი ვერ მივიღებთ. თუმცა, ყველას აქვს უფლება, თავისი აზრი გამოთქვას.
- საზოგადოებისთვის რთულად მისაღებია ჩვენს საგანძურთან ასე იოლად შეხება...
- კი, ბატონო, მაშინ დაელოდონ და ნახონ, როგორ შევეხებით... არ ვაპირებთ "ვეფხისტყაოსნის" გარემიქსებას. თუ მაინც ექნებათ პრეტენზიები, მზად ვართ, მოვისმინოთ მათი ინიციატივა...
მარიამ კაპანაძე:
- მსგავსი ტიპის სასტუმრო-ბუტიკი თბილისში არ არსებობს, ალბათ, ამიტომაც გამოიწვია ხალხის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. დარწმუნებული ვარ, ბევრსაც მოეწონებოდა. მისასალმებელია, როცა ქართულ მოტივებზე ასეთი რამ იქმნება. სასტუმრო ძირითადად ისრაელიდან ჩამოსულ ტურისტებს მოემსახურება. "ვეფხისტყაოსნის" მოტივებით მოხატული თითოეული ნომერი კონკრეტული პერსონაჟის სახელობისა იქნება...
"წიგნი როსკოშისა"
"ვეფხისტყაოსნის" პირველი, ვახტანგისეული გამოცემა 1712 წელს დაბეჭდილა. დღეს მსოფლიოში "ვეფხისტყაოსნის" 430 გამოცემაა, მათ შორის 100-ზე მეტი ქართულია. ეს პოემა 49 ენაზეა თარგმნილი. განსაკუთრებულია 1888 წელს გამოცემული "ვეფხისტყაოსანი", რომელსაც ქართველიშვილისეულ გამოცემას უწოდებენ და ყველაზე ძვირფას გამოცემად ითვლება. "წიგნი როსკოშისა" - ასეც მოიხსენიებდნენ მას თავის დროზე. XIX საუკუნის 80-იან წლებში ქართველმა მოწინავე ინტელიგენციამ გადაწყვიტა "ვეფხისტყაოსნის" გამოცემა. სარედაქციო კომისიის თავმჯდომარედ ილია ჭავჭავაძე აურჩევიათ. თითქმის ყველა გამოჩენილი მოღვაწე მონაწილეობდა ამ წამოწყებაში: გრიგოლ ორბელიანი, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი...
იმ პერიოდისთვის "დროების" რედაქტორი ივანე მაჩაბელი სათავადაზნაურო ბანკშიც თანამშრომლობდა. ერთ დღეს რედაქციაში ცნობილი მეცენატი, გიორგი ქართველიშვილი მისულა: - ვანო, ერთი მილიონი მანეთი დამიგროვდა, საქმე ვერ მომიძებნია, აბა, ერთი მწერალს და ბანკირს თუ გაქვს ნიჭი მოსაგები და მირჩიოო. "სწორედ დღეს მომივიდა კორესპონდენცია ქართლიდან - პურის მოსავალი კარგია, მაგრამ მყიდველი არ ჩანსო, - უთქვამს მაჩაბელს, - იყიდე მაგ ფულებით და მოუგებლობა ხომ არ იქნებაო". ქართველიშვილმა ყურად იღო მისი რჩევა და მოგებაც ნახა... ამით გახარებულს მაჩაბლისთვის უთქვამს: - ათი ათასი მანეთი გადამიდვია შენს განკარგულებაში, რა საქმესაც მეტყვი, იმას დავახარჯებო. "ვეფხისტყაოსნის" მდიდრულ გამოცემას ვამზადებთ და იქ გამოვიყენოთო, - არ დაბნეულა მაჩაბელი. ქართველიშვილმა პირობა შეასრულა. 1888 წელს მართლაც უნიკალური "ვეფხისტყაოსანი" გამოიცა. მასში არც ერთი გვერდი და ორნამენტი, რომელიც აღებულ იქნა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებიდან, არ მეორდებოდა. ქართველიშვილისეული "ვეფხისტყაოსანი" მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული ილუსტრაციებით არის დასურათებული.
სტალინის ჩასწორებული "ვეფხისტყაოსანი"
შალვა ნუცუბიძეს "ვეფხისტყაოსნის" რუსულ ენაზე თარგმნა 1937 წელს დაუწყია. მოულოდნელად იგი დააპატიმრეს და მოსკოვში, "ლუბიანკის" ციხეში ჩასვეს. დაიწყო გაუთავებელი დაკითხვები... ერთ-ერთი დაკითხვისას ნუცუბიძეს გამოუცხადეს, რომ მისცემდნენ დაწყებული საქმის დასრულების საშუალებას. მეორე დღიდან საკანში "ვეფხისტყაოსანი" და სადილი შეუტანეს. "მთელი კვირის განმავლობაში ვწერდი, რაც შემდეგ საკნიდან მიჰქონდათ. როგორც შემდგომ შევიტყვე, ამ მასალას იოსებ სტალინი კითხულობდა", - წერდა მოგვიანებით ნუცუბიძე. რამდენიმე ხნის შემდეგ გაათავისუფლეს, ოღონდ ერთი პირობით, პოემის თარგმნა წელიწად-ნახევარში უნდა დაესრულებინა. მეცნიერი "სოკოლნიკებში" მოათავსეს. "სოკოლნიკი", როგორც თავად განმარტავდა, რაღაც საშუალო იყო ციხესა და საგიჟეთს შორის... დათქმული დროისთვის, 1939 წლის პირველ მაისს, "ვეფხისტყაოსნის" თარგმანი დასრულებულა. თუმცა მეცნიერს ხელნაწერები აღარ ჰქონდა, მათზე ბელადი მუშაობდა. სასიგნალო ნომერზე დღემდე დაცულია მისი გაკეთებული შენიშვნები და გადახაზული ილუსტრაციები, რომლებიც სტალინს არ მოსწონდა. ცნობილია, რომ ბელადი უპირატესობას მიხაი ზიჩის ილუსტრაციებს ანიჭებდა.
ომი კარს იყო მომდგარი, სტალინი კი ნუცუბიძის თარგმანს ეცნობოდა. შემდეგ ბერიას უთხრა: "აქამდე ძალიან მომწონდა "ვეფხისტყაოსნის" პეტრენკოსეული თარგმანი, მაგრამ ნუცუბიძის ვერსია რომ წავიკითხე, დავრწმუნდი, ის საუკეთესოა. მეც ვცადე ერთი სტროფის თარგმნა და იქნებ ნუცუბიძემ თავის თარგმანში შეიტანოს".
1940 წელს წიგნის ბეჭდვა უკვე დაწყებული იყო. სასიგნალო ეგზემპლარი სტალინს მიუტანეს. 1416-ე - სტალინისეული სტროფიც ჩართული იყო მასში. ყველასათვის მოულოდნელად ბელადმა წიგნი დაიწუნა და მასში რამდენიმე შესწორება შეიტანა. პირველ გვერდზე, სადაც ეწერა შალვა ნუცუბიძის თარგმანი, სტალინმა ჩაამატა სიტყვა: "ქართულიდან". ეს თქვენ იცით, რომ ქართულიდან თარგმნა შალვა ნუცუბიძემ, ციმბირში, ან სხვაგან არავინ იცის ამის შესახებო. იმ საღამოსვე ძველი ტირაჟი დააპატიმრეს და რამდენიმე თვეში გამოვიდა ახალი, სტალინის მიერ ჩასწორებული ვარიანტი, რომელიც 1941 წლით დათარიღდა...
1943 წელს, ბერლინში ქართველი ტყვეებისთვის მინიატიურული "ვეფხისტყაოსანი" დაიბეჭდა. ამ გამოცემის თაოსანი გრიგოლ რობაქიძე გახლდათ.
ეკა სალაღაია