მხატვარი, რომელმაც ქართულ დამწერლობას ახალი სიცოცხლე აჩუქა
"მხატვრობა სასწაულია, მთელ სამყაროს იტევს და სრულ თავისუფლებას გაძლევს, სულის თავისუფლებას"
"ჩვენი წამოწყება დასაბამს მისცემს ჩვენი დიდი მემკვიდრეობის საფუძველზე ქართული შრიფტის განვითარების ახალ ეტაპს"
ქართული დამწერლობა, რომელიც ძვ. წ. III საუკუნეში იბერიის პირველმა მეფე ფარნავაზმა შექმნა, დღეს მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობათაგან ერთ-ერთი უძველესია. საუკუნეების მიუხედავად, ქართულმა კულტურამ არ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, ის ისევ ვითარდება, 21-ე საუკუნემდე ქართულმა ანბანმა უამრავი სახეცვლილება განიცადა და შედგება სამი ისტორიული სახისგან: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული, რომელიც დღეს გამოიყენება.
ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ქართული ანბანის გამოყენებით შეიქმნა შრიფტები, სწორედ ამ საკითხზე ასოციაცია "ქართლი შრიფტის" ერთ-ერთ დამფუძნებელ ნინო ჯიშკარიანს დავუკავშირდით, რომელმაც ქართული შრიფტის გამოფენას უხელმძღვანელა.
- დღეს კომპიუტერიზაციამ ბევრი რამ გაამარტივა. ვიცით, რომ შრიფტი წიგნის ენაა, წიგნი კი ჩვენი კულტურის საფუძველი. ადრე ყურადღება ექცეოდა რა ტიპის წიგნი რა შრიფტით უნდა დაბეჭდილიყო: საბავშვო ლიტერატურა, სამეცნიერო, მხატვრული და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შრიფტის ადვილსაკითხაობას, ის თვალის არ უნდა ღლიდეს და ა.შ. ტექნოლოგიების განვითარებიამ კი, ვფიქრობ, ხელი უნდა შეუწყოს ხელნაწერების საფუძველზე ახალი, თანამედროვე, დახვეწილი პოლიგრაფიული შრიფტების შექმნას. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის დაინტერესება და მონაწილეობა.
ეს ჩვენი წამოწყება დასაბამს მისცემს ჩვენი დიდი მემკვიდრეობის საფუძველზე ქართული შრიფტის განვითარების ახალ ეტაპს. ერთად მოვუაროთ ქართულ შრიფტს, რომელიც ასე განსაკუთრებულია...
ქართული შრიფტის განვითარებასა და ქართული კალიგრაფიის დახვეწილობაზე დღეს უკვე ახალგაზრდა მხატვრები ზრუნავენ. ჩვენ დავუკავშირდით ქართველ კალიგრაფს, რომელიც ადრეული ასაკიდან გამოირჩევა ხატვისა და ქართული ენის სიყვარულით, 12 წლის ასაკში მისი ნამუშევრები ლურვის ექსპერტებმა შეაფასეს და გიორგი სისაური ვირტუოზად აღიარეს. მხატვარმა კალიგრაფმა ქართულ დამწერლობას ახალი სიცოცხლე აჩუქა.
- პატარაობიდანვე მიზიდავდა გრაფიკული ნახატები. თავს მაშინ ვგრძნობ კარგად როცა ვხატავ, მაშინ მთელს სამყაროს ვწყდები და დროსაც ვერ ვგრძნობ. 12 წლის რომ ვიყავი ჩემი ნახატები საფრანგეთში ლუვრის ექსპერტებმა ნახეს და თავიდან არ იჯერებდნენ რომ ბავშვის შესრულებული იყო. დამიკავშირდნენ და თურმე ვირტუოზადაც მაღიარეს. საფრანგეთში მიმიწვიეს, მაგრამ ვერ მოვახერხე გამგზავრება.
- როგორ დაინტერესდით ქართული კალიგრაფიით?
- სანამ ხელოვნების ამ სფეროს მოვკიდებდი ხელს, მანამდე მხატვრობაში ვიყავი აქტიურად ჩართული. გარდა ამისა 4 წიგნის ავტორი ვარ და მოკლედ რომ ვთქვა, ბევრი სხვადასხვა სახე ცხოვრობს ჩემში. ცოტა უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ ასე ვცხოვრობ 12 წლიდან. პრაქტიკულად უარი ვთქვი ბავშვობაზე და საკუთარი თავის გაზრდაზე ზრუნვა დავიწყე. და ახლაც ამ პროცესში ვარ. სასწაულია მხატვრობა, მთელ სამყაროს იტევს და სრულ თავისუფლებას გაძლევს, სულის თავისუფლებას. რეალურად მხატვრობის მიმართ არანორმალური სიყვარული გახდა განმაპირობებელი იმისა, რომ ხელოვნებათმცოდნეობის განხრით სწავლა გამეგრძელებინა. მე-9 კლასში პრეზიდენტის თანხმობით სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ლექციებს ვესრებოდი.
- თქვენს ნამუშევრებში ხშირად ვხვდებით რელიგიურ თემას..
- მე ვქმნი ისეთ შრიფტს, როგორიც აქამდე არავის დაუხატავს. აბსოლუტურად ინდივიდუალური სტილია და ეს ემიჯნება კლასიკურ, ძველ კალიგრაფიულ შრიფტებს. მეც ვმუშაობ კლასიკურ შრიფტზე, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ დავხატო ისე, როგორც აქამდე არ დაუხატავთ არა მარტო ჩვენთან საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნის კულტურაშიც. კალიგრაფები იყენებენ გადაშუშვის ხერხს, მე კი ვცდილობ შევქმნა თვითმყოფადი სტილი და ეს არ იქნება არცერთ სხვა ძველ სტილზე დაფუძნებული. რაც შეეხება სიმბოლოებს- სახედაო ასოებში სიმბოლოებს დეკორაციებშ გამოვსახავ, ეს შეიძლება იყოს როგორც ქრისტიანული დატვირთვის, ასევე ოკულტური. ზოგიერთი მათგანი უკვე გადმომაქვს ხატსახეების სახით ფერში და ფორმაში.
ასოებთან ერთად ხშირად ვხატავ ანგელოზებს, ვმუშაობ ლოცვების და ტროპარების გადაწერაზე. ნახატებს ვასრულებ სხვადასხვა საღებავით და ვიყენებ ოქროს ფირფიტებს. თუმცა ხშირად ვიყენებ კალამს და მელანს, ეს მაშინ, როცა გრაფიკულ ნახატზე ვმუშაობ. წელს პირველად მოხდა, როცა ქართული კალიგრაფიული ნამუშევრები საზღვარგარეთ გაიცნო საზოგადოებამ. ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გამოფენა მოეწყო,როელიც ქართული კულტურის უცხოელებისთვის გაცნობას ისახავდა მიზნად.
ეკა გადახაბაძე