"ცხოვრება უხაროდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მამა გახდა" - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა - კვირის პალიტრა

"ცხოვრება უხაროდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მამა გახდა" - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

ომის განმავლობაში, ალაფად ჩაიგდო რუსული ტანკი, თავად დააზიანა და შემდგომ გამოაგორა კიდეც, მაგრამ ნაწილამდე ვერ მოაღწია...

უკრაინაში კიდევ ერთი მოხალისე ქართველი მებრძოლი, ირაკლი ქუთელია დაიღუპა. ქუთელია დონეცკის აეროპორტის მახლობლად, ოპიტნოეს დასახლებასთან, ქვეითთა საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქებას ემსხვერპლა. მასთან ერთად დაიღუპა უკრაინელი მებრძოლი, 7 კი დაშავდა...

მებრძოლები 93-ე ბრიგადაში მსახურობდნენ და შემთხვევის დროს დავალებაზე გადიოდნენ. დაღუპული ირაკლი ქუთელია უკრაინის მოქალაქეა. არსებული ინფორმაციით, არ ჰყავს მშობლები. უკრაინაში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში გაიზარდა.

ირაკლი მეგობრების თქმით, ის ბმპ-2 ის მძღოლ-მექანიკოსი იყო. მან ომის განმავლობაში, ალაფად ჩაიგდო რუსული ტანკი, თავად დააზიანა და შემდგომ გამოაგორა კიდეც, მაგრამ ნაწილამდე ვერ მოაღწია...

ეკატერინა გორონოვიჩი:

- არ მინდა დავიჯერო, რომ მასზე წარსულში ვლაპარაკობ. ჯერ კიდევ მგონია, რომ ვინმე დამირეკავს და მეტყვის, რომ ეს ტყუილია და ირაკლი გადარჩა... სულ იღიმოდა, სულ მხიარული და პოზიტიური იყო. სიცოცხლე უხაროდა. ჩვენ, მისი მეგობრები ვფიქრობდით და სულ ვამბობდით, რომ ეს ადამიანი ბედნიერი დაიბადა, ისეთი რამეები ჰქონდა გადატანილი, გამოვლილო და მაინც აქეთ დაგამშვიდებდა, ცხოვრების მოტივაციას მოგცემდა... ილოვაიკის ჯოჯოხეთი გამოიარა, იქ ჩავარდა ტყვედ და ხომ წარმოგიდგენიათ, რას გამოივლიდა. დაჭრილი იყო. აფეთქების შედეგად, მრავალჯერადი ჭრილობები ჰქონდა მიღებული. მასთან ერთად მყოფს ორ მეომარს, თავში ესროლეს... ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ, სასოწარკვეთაში არ ჩავარდნილა, - ისევ ბიჭებთან დაბრუნდა. ეს მან წაართვა ტანკი სეპარატისტებს... როდესაც ჩვენთან ჩაის დასალევად მოდიოდა, სულ ვხუმრობდით და ცრემლებამდე ვიცინოდით. არ ვიცი, თუ ვინმეს უხაროდა ისე ცხოვრება, როგორც მას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მამა გახდა... ჩემი ძმა იყო. საიმედო ძმა, რომელსაც ბოლომდე ვენდობოდი.

ალექსანდრე დიჟენკო, ირაკლის მეგობარი:

- ომში იყო, არ გვილხინდა, ბევრი განსაცდელი ერთად გავიარეთ, სიცივე, შიმშილი... ბევრჯერ სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ, მაგრამ ირაკლი ყველას ამხნევებდა. მისი წუწუნი არასდროს გაგვიგია, არადა, ყველა ტყვეობა გამოიარა. ამაზე ლაპარაკი არ უყვარდა და არც ჩვენ ჩავძიებივართ. ომში მძიმე მომენტებზე არ ვსაუბრობთ, პირიქით, ვცდილობთ ყველაფერს მსუბუქად ვუყუროთ. უფრო სწორად, ვცდილობთ, შევხედოთ... ეს ყველაზე კარგად ირაკლის გამოსდიოდა, - შინაგანად ძლიერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არც ბავშვობა ჰქონია დალხენილი, ინტერნატში გაიზარდა თურმე, მშობლების გარეშე. მხოლოდ ბებია ჰყოლია... უკრაინის მოქალაქე იყო, მაგრამ ქართველობდა. აქ ძალიან ბევრი ქართველია, ირაკლი ყველას პატივს სცემდა, საერთოდ, ადამიანები უყვარდა. ბევრს არ შეუძლია ასეთი გულწრფელი სიყვარული. არავის ახსოვს ირაკლი მოწყენილი და დაძაბული. ყველაფერს კაცურად, ვაჟკაცურად იტანდა... სულ გვემახსოვრება, ჩვენი ღიმილიანი, მხიარული, სიკეთით სავსე ბიჭი...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)