"მასთან ერთად ჩემი გულიც მოკვდა" - ინტელექტკლუბის "რა? სად? როდის?" წევრი დავით ჭოჭუა გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"მასთან ერთად ჩემი გულიც მოკვდა" - ინტელექტკლუბის "რა? სად? როდის?" წევრი დავით ჭოჭუა გარდაიცვალა

თანამშრომლის გარდაცვალებას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი და ინტელექტუალური კლუბის "რა? სად? როდის?" წევრი, 33 წლის დავით ჭოჭუა გულის შეტევით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ჭოჭუა გულის შეტევისას სახლში მარტო იმყოფებოდა.

დავით ჭოჭუას გარდაცვალება სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" მისმა მეუღლემ, ნინო საღინაძემაც დაადასტურა. "ჩემი დათო გარდაიცვალა. მასთან ერთად ჩემი გულიც მოკვდა", - დაწერა გარდაცვლილის მეუღლე.

თანამშრომლის გარდაცვალებას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი დათო ჭოჭუა აღარ არის ჩვენთან. ძალიან დაგვამძიმა ცნობამ მისი გარდაცვალების შესახებ. გამორჩეული ადამიანი, კეთილშობილი, ერთგული, უაღრესად ნიჭიერი. ყველას დაგვაკლდება - მის კოლეგებს, მეგობრებს, უამრავ სტუდენტს. ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, ჩვენ დავკარგეთ კიდევ ერთი პატრიოტი, რომელიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა თავისი ქვეყნისთვის. ნათელში იყოს მისი სული. ჩვენი ფიქრები დათოსთანაა", - აღნიშნულია facebook-ში სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დავით ჭოჭუა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. ის სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილედ, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწედ, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის პროექტის ანალიტიკოსად. ასევე ეუთო-ს გენერალური სამდივნოს ანტიტერორისტულ განყოფილებაში. ჰქონდა არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დავით ჭოჭუას ოჯახს.

იხილეთ ასევე: დათო ჭოჭუა - "ჩვეულებრივი გენიოსი"