"ამას წინათ პატრიარქმა მითხრა, მინდა, ისეთი გახდე, როგორიც მაშინ იყავიო..." - ია ფარულავას ცხოვრების პალიტრა - კვირის პალიტრა

"ამას წინათ პატრიარქმა მითხრა, მინდა, ისეთი გახდე, როგორიც მაშინ იყავიო..." - ია ფარულავას ცხოვრების პალიტრა

"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად რთული წინაღობები გხვდება, რამდენად უნდათ, ჩაგქოლონ, ჩაგმარხონ, დაგამცირონ, მეობა წაგართვან. შენც ამის წინააღმდეგ იბრძვი და სწორედ ამ დროს იწრთობი და საბოლოოდ გამოიბრძმედები"

"ჩემს ცხოვრებაში ტარიელი ყველაზე ღირსეული მამაკაცია"

"ჩემი ცხოვრების პალიტრა", - ასე დავარქვი ახალ რუბრიკას, რომელსაც "kvirispalitra.ge"-ზე ვიწყებთ. სტუმრები ის ცნობილი ადამიანები იქნებიან, ვისაც მართლაც ბევრი რამ აქვთ საკუთარი ცხოვრების შესახებ სათქმელი.

პირველი ჯერისთვის მსახიობი ია ფარულავა შევარჩიე. ის რუბრიკაში მონაწილეობამ ძალიან გაახარა, რადგანაც ფერების მიმართ თავისი დამოკიდებულება აქვს, რასაც საკუთარ წიგნში "თამაში "თამაშის" გარეშე" ქვეთავსაც კი უძღვნის: "ფერი პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის გუნება-განწყობაზე და მისი ენერგიის დონეზე. თითოეულმა ფერმა მგრძნობიარე მსახიობში, წესით, სხვადასხვა ემოცია უნდა გამოიწვიოს, რომელიც შეიძლება ძვირფასი მასალა გახდეს სცენაზე მუშაობის დროს - ემოციათა გორგალი ხომ სხვადასხვა ფერითაა სავსე!" - ამბობს წიგნში მსახიობი და ჩემთან საუბარში კი თემას ასე განაგრძობს:

- წიგნში გარკვეული ადგილი მივუჩინე ფერების გამოსხივებას, ჩვენ ყველანი გარკვეულ ფერს ვასხივებთ, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ემოცია. თუკი ფერს შეუძლია გამოიწვიოს ემოცია, მსახიობმაც რაღაც ფერის გამოსხივების შედეგად შეიძლება გამოიწვიოს ემოცია, რასაც "ემოციათა გორგალი" დავარქვი. ეს ტერმინი მსოფლიო თეატრალურ ენციკლოპედიაშიც შევიდა, რომელიც პროფესორმა მერაბ გეგიამ შეადგინა.

"ჩემი ბავშვობა ფორთოხლისფერი მგონია" - ბავშვობის პერიოდს რა ფერს ადარებ?

- ჩემი ბავშვობა ფორთოხლისფერი მგონია, რომელსაც ოქროსფერი ფონი ახლავს. ეს არის პერიოდი, როცა ცხოვრება ლამაზი ფერებით გეხატება, უფრო სწორად, ასეთად მშობლები გიხატავენ. პირველი ასოციაცია ჩემს სათამაშოზე - ქაღალდის თეატრზე მოდის, სხვადასხვა ფერის ფონებით.

- მამა (ოთარ ფარულავა) მხატვარი, მოქანდაკე იყო, ალბათ ამ ყველაფრში დიდი როლი მასაც მიუძღვის.

- მამის როლი ამ საქმეში მართლაც დიდია, რადაგანაც მე და ჩემს ძმას ხშირად ორ ფორთოხლისფერ გარეკანიან, სქელ წიგნს გვათვალიერებინებდა, რომელშიც რენესანსის დროინდელი მხატვრების - მიქელანჯელოს და ლეონარდო დავინჩის, რაფაელის რეპროდუქციებს ვეცნობოდით, ფერებს განვიხილავდით. ვუსმენდით ბახს, მოცარტს, შუბერტს, შუმანს (მალერისტი და ვაგნერისტი არ ყოფილა)... მამაჩემის პირველი მეუღლე, ოპერის მომღერალი მედეა ამირანაშვილი გახლდათ და ამის გამო ოპერის თეატრის ხშირი სტუმარი ვიყავი, კულისებში ვარ გაზრდილი, იქიდან ვუყურებდით წარმოდგენებს... მედას დღემდე მედიკო დედიკოს ვეძახი, - ესეც ბავშვობიდან გამოყოლილი ემოციაა.

"ჩემი ცხოვრება ამ ჩემი ჟილეტივით ჭრელია"

- სკოლის პერიოდს და შენს თინეიჯერობას ცნობილია, რომ ეკლესიური ცხოვრება ახლდა...

- ბავშვობას რაც შეეხება, ერთი კარგი ეტაპი იყო, როცა ფილმში პირველად გადამიღეს ("ძნელი დასაწყისი" 1981 წელი).

სიონში სიარულის წლები რაღაც ძალიან ნათელი, ოქროსფერი პერიოდი იყო, როცა პიროვნულად, სულიერად გავძლიერდი, ფსიქიკა ჩამომიყალიბდა. უწმინდესის სიყვარულს ვგრძნობდი... ამას წინათ შევხვდი პატრიარქს, გაიხსენა ის წლები და მითხრა, მინდა, ისეთი გახდე, როგორიც მაშინ იყავიო...

- ყვითელ ფერზე შენს წიგნში ამბობ, რომ ეს არის სიცხადე, ოპტიმიზიმი, ორიგინალობა - ასეთი ცხოვრებაში რომელი პერიოდი გქონდა?

- ყვითელი ფერი იყო ის პერიოდი, როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, როდესაც სამსახიობო ოსტატობაში 5-იანი მივიღე, ბატონი მიშა თუმანიშვილის ჯგუფში ვაბარებდი, მაგრამ ქართულ ლიტერატურაში დაბალი შეფასება მქონდა და არ მიღებდნენ. ამის გამო ბატონმა მიშამ იბრძოლა, რადგანაც მსახიობის ოსტატოაში 5-იანი მქონდა მიღებული. მოკლედ, ეს პერიოდი იყო ოპტიმიზიმით სავსე ყვითელი ფერი, პირველი კურსის 1-ელი სემესტრი, რომელიც დამთავრდა ოთხ თვეში, ანუ იანვარში, როცა პირველად გავთხოვდი...

- და რა ფრად გადაიქცა?

- რაღაც საშინელი რუხი გახდა იმიტომ, რომ გაჩნდა პრობლემები, იყო მთელი დავიდარაბა, მეუბნებოდნენ მიმეტოვებინა თეატრალური ინსტიტუტი. ამბობდნენ, ჩვენს რძალს სამედიცინოზე ჩავაბარებინოთო. ხომ ვამბობ, ცუდი და ჩამკვდარი ეტაპი დამეწყო, რაც 5 წელი გაგრძელდა.

- მერე ამდენ ხანს როგორ გაძელი?

- მაშინ სად იყო ამდენი სითამამე? ადამიანი წლების შემდეგ, მიღებული გამოცდილებით იწრთობა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად რთული წინაღობები გხვდება, რამდენად უნდათ, ჩაგქოლონ, ჩაგმარხონ, დაგამცირონ, მეობა წაგართვან. შენც ამის წინააღმდეგ იბრძვი და სწორედ ამ დროს იწრთობი და საბოლოოდ გამოიბრძმედები. დღეს მეცინება, როცა ვიღაცები ჭკუას მარიგებენ, - ვფიქრობ, ღმერთო, რატომ მაყენებს ეს ადამიანი შეურაცხყოფას?! ნუთუ ასეთი გულუბრყვილო და გამოუცდელი ვგონივარ, რომ ადამიანი არ ვიცი? ჩემს წიგნზე ვილაპარაკეთ და სწორედ იქ მაქვს აღწერილი, რომ ყველაში "უმაღლესი მეს" დანახვას ვცდილობ და არა მისი ყოველდღიური "ჭუჭყიანი" მესი, რომელიც ყველას აქვს.

- მწვანე ფერზე რას იტყვი?

- მწვანე ფერი იცი, როდის დაიწყო? როდესაც 1993 წელს ლოს-ანჯელესში ჩემი პედაგოგი გიორგი ჟდანოვი გავიცანი. ის იყო სიმშვიდის მომტანი ხანა, ამასთანავე, მამობრივი მზრუნველობით სავსე. იმ პერიოდმა იმედი ჩამისახა, გამაწონასწორა, სიახლე შემძინა. ეს შემოქმედებითი ზრდის ეტაპი 1998 წლამდე გაგრძელდა, მიუხედვად იმისა, რომ მაინც დიდ სირთულეებს ვაწყდებოდი. მარტოხელა გოგოსთვის არ იყო ადვილი ამერიკაში ცხოვრება, როგორც ფინანსურად, ისე სოციალურად.

- წითელზე წერ, რომ ვნებაა, საზეიმო განწყობა, ენერგიულობა, შეუპოვრობა და საფრთხეა...

- კი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში წითლს უფრო შემოქმედებით პერიოდს დავარქმევდი, როცა 2000 წელს დავიწყე გადაცემაზე "ჩემი მშვენიერი ლედი" მუშაობა, როცა ვიყავი სცენარის ავტორი, პროდიუსერიც, თვითონ ვიგონებდი, ვდგამდი, ვწერდი... ჩემი გადაცემები "პირველ არხზე" გადიოდა და მეტად  რეიტინგული იყო.

- უმეტესობა წითელ ფრად სიყვარულს ასახელებს ხოლმე.

- სიყვარული და ვნება ყოველთის თან სდევს ჩემს სხვადასხვა პერიოდს, როგორ შეიძლება ამის გარეშე? მაგრამ პირად ურთიერთობებს ფერებს არ ვანიჭებ... ფერები ჩემი ცხოვრების ძირითადი ეტაპებია და არ მაინტერესებს, რომელ პერიოდში რომელი ქმარი მოჰყვება...

- შავი ფერი, რატომღაც მგონია, მაშინ გქონდა, როდესაც მოულოდნელად ძმა დაგეღუპა...

- შავი ფერი ჩაცმულობაში მსოფლიო დიზაინერების მიერ ფერთა მეფედ არის აღიარებული, მაგრამ ცხოვრებაში ეს ფერი მაშინ დგება, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება. რაც შეეხება ჩემი ძმის დაღუპვას, მაშინდელ ჩემს მდგომარეობას ვერანაირ ფერს ვერ ვუსადაგებ.

- "თეთრი - სისუფთავე, სიწმინდე, ჰარმონია, ამაღლება", - წიგნში ასე ხსნი. ცხოვრებაში როგორ არის?

- მგონი, თეთრი პერიოდი ახლა დამეწყო, - სრული კომფორტი საკუთარ თავთან, გარემოცვასთან, რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ, ვიღაცას რაღაცას ვუთითებ, ვასწავლი კიდეც, კარგი იქნებოდა, სტაბილურად ძლიერი შემოსავლიც მქონოდა, მევლო აქტიურად "შოპინგებზე" უცხოეთში, მაგრამ ეს თეთრი პერიოდი მოიცავს იმას, რომ ეს ყველაფრი აღარ მანიჭებს დიდ ბედნიერებას. ამასობაში ვხედავ, რომ ხალხს ვუყვარვარ, კოლეგები პატივს მცემენ, მორიდებით არიან, მგონი, აღარვის შურს ჩემი, რაღა დროს ეგ არის, სირცხვილია. მოკლედ, კარგი თეთრი პერიოდი მაქვს.

- გიორგი ჟდანოვი, მიხეილ თუმანიშვილი და ცხოვრების განმავლობაში კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანთან გქონია ურთიერთობა, მაგალითად, რობერტ დენიროსთან...

- ჩემს ცხოვრებაში მას არანაირი როლი არ აქვს, უფრო მეტიც, შეეძლო, როგორც მსახიობს მომხმარებოდა, მაგრამ სხვადასხვა ვითარების გამო, არ შედგა ჩვენი ტანდემი. ამიტომ მას ვერც მიხეილ თუმანიშვილს და ვერც გიორგი ჟდანოვს ვერ შევადარებ. უბრალოდ 1987 წელს საერთაშორისო ფესტივალზე მან საუკეთესო ქალად დამასახელა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ის კი იყო ფერთა კასკადი (არადა, 22 წლის გოგო ვიყავი)... კასკადი იმდენად ძლიერი იყო, რომ კარგა ხანს გამყვა.

- ცისფერზე რას იტყვი?

- ცისფერ ჩემთვის სრული ფუფუნებასთან ასოცირდება, ანუ როცა არაფერს ვაკეთებ. ასეთი პერიოდი კი არასდროს მქონია, რომ ეს ფუფუნება მეგრძნო. მაგალითად, პლაჟიდან, მასაჟიდან არ გამოვსულიყავი, ზოგადად არაფერი მეკეთებინა. ასეთი ცხოვრება არც მინდა, მე სულ ვიბრძვი.

- ვარდისფერი შენს წიგნში სიკეთე და სინაზეა.

- ვარდისფერი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში "ნიჭიერის" ჟიურის წევრობისას ჩაირთო იმიტომ, რომ სიყვარული მოვიდა, კავშირი შედგა. ია განაზდა და დამშვიდდა (იღიმება). უნდა გითრხათ, რომ ტარიელი ყველაზე ღირსეული მამაკაცია ჩემს ცხოვრებაში...

- მეტს არაფერს იტყვი ამ თემაზე?

- პირად ცხოვრებაზე ლაპარაკით დავიღალე. მუდმივად რაღაც ანგარიშს ვაბარებდი საზოგადოებას. მგონი, ეს ეტაპიც დამთავრდა და ამიტომაც არის ახლა თეთრი ხანა. მორჩა, დავიღალე პატარა ხომ აღარ ვარ...

- ზოგადად რომ შევაფასოთ შენი ცხოვრება - რა ფერია?

- აი, ამ ჩემი ჟილეტივით ჭრელი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოქსოვე. ეს არის სწორედ იმ ემოციათა გორგალი, რომელიც წიგნში მაქვს განხილული, მაგრამ მასში მაინც ფორთოხლისფერი სჭარბობს...

ბოლოს ვიტყვი, რომ ძალიან მომეწონა ამ რუბრიკაში მონაწილოება. მას გარკვეული თერაპიული დატვირთვაც აქვს. შეიძლება შენი ცხოვრების ისეთი ეპიზოდები აღმოაჩინო, რომელიც არც გახსოვს და მასზე სხვა დროს არც გიფიქრია. ოღონდ, რესპონდენტი გულახდილი უნდა იყოს. მგონი, იპოვი ასეთ ადამიანებს.

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)