ტაძარი, სადაც სამასმა არაგველმა ფიცი დადო
აქ 1795 წელს, კრწანისის ბრძოლაში მიმავალმა 300-მა არაგველმა ფიცი დადო, რომ იბრძოლებდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და დაბრუნდებოდნენ გამარჯვებულები ან ბრძოლის ველზე გმირულად დაეცემოდნენ...
დუშეთის რაიონში ერთი პატარა სოფელია, ნაღვარევი, არაგვს გაღმა-გამოღმა მთებს შუა ხეობას შეფენილი, ზამთარ-ზაფხულ მშვენიერი და იდუმალი. გზის პირას, სოფლის ბოლოს, მე-12 საუკუნის პატარა ტაძარი დგას. აქ 1795 წელს, კრწანისის ბრძოლაში მიმავალმა 300-მა არაგველმა ფიცი დადო, რომ იბრძოლებდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და დაბრუნდებოდნენ გამარჯვებულები ან ბრძოლის ველზე გმირულად დაეცემოდნენ... არც ერთი მათგანი უკან არ დაბრუნებულა, 300 მთიული გმირ არაგველებად შემორჩა ისტორიას...
ნიაღვრით მობრძანებული ტაძარი
თურმე ნაღვარევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ადრე მთიდან გადმოჰყურებდა ხეობას. მე-16 საუკუნეში ნიაღვარს საძირკვლიანად და გაუბზარავად ბარში ჩამოუტანია... სხვადასხვა ცნობა ადასტურებს, რომ ნიაღვრით ჩამობრძანებული ეს ეკლესია სამეფო კარის სალოცავი იყო და არა სამრევლო... მე-16 საუკუნეში მისთვის გამაგრების მიზნით სამრეკლო მიუშენებიათ.
...მუხლამდე თოვლში გზას ძლივს მივიკვლევ. ტაძრის ეზოში უცნაური განცდა მეუფლება - რამდენიმე საფლავის ბორცვი ამოზიდულა, ერთგან ქვის ჯვარი მოჩანს... შორიახლო ლამაზი სახლი დგას. მისი დიასახლისი თამარ გოჩიაშვილი ხატმწერი-რესტავრატორია. პატრიარქის კურთხევით მან და მისმა მეგობრებმა რამდენიმე წლის წინ დრო-ჟამისგან დაზიანებულ ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარეს.. ექსკურსიამძღოლობას სწორედ ეს ქალბატონი მიწევს.
თამარ გოჩიაშვილი: "30-იან წლებში დაიმეწყრა სოფელი და ეკლესია მიწამ დაფარა. შემდეგ აქ მოსახლეობა მომრავლდა... 80-იან წლებში მოსახლეობამ გაწმინდა ეკლესია, ხოლო 2008-2009 წელს მე და ჩემმა მეგობარმა აღვადგინეთ ტაძარი.
კომუნისტების დროს ტაძარი გარედან და შიგნიდან კირით შეილესა. კედლებს ბათქაში მოვხსენით და ეკლესიას პირვანდელი სახე დავუბრუნეთ. შიდა კედლებიდან კირის ფენის ჩამოხსნის შემდეგ საოცარი ფრესკები, საკურთხევლში, სარკმელთან კი ძალიან მნიშვნელოვანი წარწერა გამოჩნდა.
2008 წელს, პატრიარქის კურთხევით, დავიწყეთ ნაღვარევის ეკლესიის რესტავრაცია. უწმინდესის ბავშვობის ოცნება ყოფილა მიტოვებული ეკლესიის აღდგენა და სადარბაზე ტაძრის სამრევლოდ გადაქცევა. პატრიარქი, მოგეხსენებათ, ხევიდან არის. სნოში მიმავალი ყოველთვის ჩერდებოდა ნაღვარევში და მოილოცავდა სალოცავს.
"ტაძრის კედლებიდან კირის ფენის ჩამოხსნის შემდეგ საკურთხეველში საოცარი ფრესკები, სარკმელთან კი მნიშვნელოვანი წარწერა გამოჩნდა"
რესტავრაციის პროცესში ბევრი უნიკალური ფაქტი აღმოჩნდა. სამხრეთ კედელზე ამაღლების ფრესკის ფრაგმენტია. შეუძლებელია, ეს ფრესკა პირველი რეგისტრი ყოფილიყო, უთუოდ მეორე რეგისტრია. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ტაძრის ქვეშ, მიწაში, 2 მეტრი სიმაღლის კედელია...
რესტავრაციის პროცესში არ ვიყავით დარწმუნებული, რომ გადაღებილი ფენების ქვეშ ფრესკები აღმოჩნდებოდა. მუშაობისას საკურთხეველში გამოჩFნდა წმინდა გიორგის ძალიან მკრთალი ფრესკა. ამან გვაფიქრებინა, რომ ტაძარი მოხატული იქნებოდა. ჩვენი სახსრებით ვეღარ შევძელით ყველა სამუშაოს ჩატარება. საპატრიარქოს საბჭომ მოგვანიჭა ტაძრის რესტავრაციის უფლება, რადგან იმ დროისთვის ეკლესიას არ ჰქონდა ძეგლის სტატუსი. ამჟამად ნაღვარევის ტაძარი ძეგლთა დაცვის სააგენტოში შედის და ვიმედოვნებ, დასრულდება აუცილებელი სამუშაო...
საკურთხეველში, სარკმლის ქვეშ, წარწერაა - "მოიხსენე, უფალო, მხატვარი მათე და მისი ოჯახი". ეს მეტყველებს, რომ მხატვარი სამეფო კართან დაახლოებული პირი იყო, რადგან სხვა ტაძრებში ვერ ნახავთ მსგავსი შინაარსის წარწერას.
ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში ვკითხულობთ, რომ ნაღვარევი არის არა მოსახლეობით სავსე სოფელი, არამედ "მეფეთა მოსასვენებელი ალაგი". ნაღვარევის ეკლესია მხოლოდ ამ ფაქტით არ არის უნიკალური. უცნობია, რომელ საუკუნეში, თუმცა დადასტურებულია, რომ ტაძარი 2 კილომეტრით მაღლა იდგა. შემდეგ მეწყერმა ეკლესია მოწყვიტა და იქ ჩამოიტანა, სადაც ახლა დგას. სოფლის სახელი - ნაღვარევი, ნიაღვრებსა და მეწყერს უკავშირდება. ამიტომაც უწოდებენ მთიულები ამ წმინდა ადგილს ნიაღვრით მობრძანებულ ეკლესიას".
300 არაგველის ფიცი
მთიულეთს ბატონი არ ჰყოლია, ის მეფეს ემორჩილებოდა. საერთოდ, მთიელნი ლომისის ტაძრის ყმებად იწოდებიან. როცა მათ მეფე შიკრიკის პირით იხმობდა, არაგვის ხეობის მებრძოლები იკრიბებოდნენ ნაღვარევის ეკლესიაში და აქ დებნენ სამშობლოს ერთგულების ფიცს, რადგან დროის სიმცირის გამო ვერ ასწრებდნენ ლომისის მთის წვერზე ასვლას.
გადმოცემით, კრწანისის ველისკენ წასვლამდე არაგველმა მებრძოლებმა ხატს ბარძიმი შესწირეს. ეს ცნობა დასტურდება ჯანაშიას მუზეუმში დაცული ექსპონატით, რომელიც კრწანისის ომის წლისთავზე ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილს, არაგველების შთამომავლებთან ერთად, მათი სულების საოხად, ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესიისთვის შეუწირავს. მასზე ამგვარი წარწერაა:
"შენ წმინდისა და დიდებულისა მთავარმოწამისა გიორგისა ეკლესიასა ლომისად წოდებულისა. თასი ესე მსასოებელმა მფარველობისა შენისამან ყოვლისა საქართველოსა მეფის ირაკლის მეორის ძემან ვახტანგ მპყრობელმან არაგვისამან ოდეს ჩღჟზ წელსა აღამაჰმადხანის მეორედ მომავლობა გვეგულებოდა და ჩვენ შენს დღესასწაულზე მოვედით და არაგველნი სრულ აქ გვახლდნენ და შენი დიდებული ბავარაყი ნაღვარევის ეკლესიაში ჩამოვასვენეთ და იქ იფიცეს ერთობით არაგველთ ჩვენს ერთგულებაზედ და უნაკლოდ ლაშქრობაზედ და თუ ვინმე შემსახიზნავად სულ იყვნენ იმის კეთილად დაცვაზედ და ამისათვის შენი დიდებულის ბავრაყის პატივისაცემლად მოგართვით თასი ესე. შეიწირე, მსგავსად მეუფისა შენისა და იოხენ მათთვის, რომელნიც არაგველნი აღამაჰმადხანის ომში მოისრნენ, რათა საუკუნესა ცხოვრებასა ღირს იქმნენ. მისხალნი პ. (80)".
გადმოცემის მიხედვით, მთიულეთში, ხადის ხეობაში, კრწანისის ველიდან დაბრუნდა ერთ-ერთი მებრძოლის დაჭრილი, შუბგაყრილი ცხენი... ახალგაზრდა ვაჟკაცს კი შინ ახალშერთული ცოლი და მამა ელოდნენ... ამ გადმოცემას ლეგენდის სახე აქვს, თუმცა იმ ოჯახის შთამომავლები ინახავენ შუბს, რაც თქმულებას ფაქტით ამტკიცებს.
სისხლიანი ხანჯალი
ნაღვარევის ეკლესიის რესტავრატორის, თამარ გოჩიაშვილის ოჯახში ინახება კრწანისის ველიდან წამოღებული ხანჯალიც, რომელსაც სისხლის კვალი ახლაც ამჩნევია...
- 2006 წელს თბილისში, მშრალ ხიდზე, ვეძებდი მელქიორის მასალას, - გვიყვება ქალბატონი თამარი, - მიმასწავლეს კრწანისის ზემოთ მდებარე შავსოფელში მცხოვრები ქალბატონი - მას აქვსო. სოფელს ეს სახელი კრწანისის ომის შემდეგ დაერქვა. გადმოცემით, როდესაც კრწანისის ველზე ქართველი მეომრები დაეცნენ, ამ სოფლიდან ჩავიდნენ დედები, დაიტირეს გმირები და 300 არაგველს საჭურველი აყარეს.
ამ ქალბატონის ოჯახში აღმოჩნდა ხანჯალი. გვითხრა, ჩემი მამაპაპისეული რელიკვიააო. გადმოცემით მანაც ასე იცოდა, რომ ნივთი კრწანისის ბრძოლის ველიდან წამოღებული ვერცხლის ქარქაშიანი ხანჯალი იყო. გაჭირვების გამო ქალბატონმა ეს ხანჯალი მოგვყიდა.
ამ ამბის ნამდვილობის დასადასტურებლად ხანჯალი ექსპერტიზაზე წავიღეთ. მისი ასაკი, ჭედურობა და და ფორმა ზუსტად ემთხვევა იმდროინდელ ხანჯალს. ყოველ შემთხვევაში, მთიულეთში ნაპოვნ საბრძოლო იარაღს ეთანადება. საინტერესოა, რომ ხანჯალს სისხლის კვალი დღემდე ამჩნევია. ეს დაღესტნური იარაღი თავიდან ბოლომდე მოჭედილია, ბუდეებში, როგორც ჩანს, ძვირფასი თვლები იყო ჩასმული. თვლები დაკარგულია და მის ადგილას სპილენძის ბურთულებია ჩასმული.
თორნიკე ყაჯრიშვილი