"რაც უნდა აფრიალონ სომხეთის დროშა, კუმურდო არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი" - კვირის პალიტრა

"რაც უნდა აფრიალონ სომხეთის დროშა, კუმურდო არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი"

"კუმურდოს აღდგენა ოშკის და ხანძთის აღდგენის ტოლფასია"

რამდენიმე დღის წინ ახალქალაქის რაიონში, უძველეს სოფელ კუმურდოში (სადაც მხოლოდ ეთნიკური სომხები ცხოვრობენ), X საუკუნის ულამაზესი ტაძარი მოვინახულე. სამწუხაროდ, საქართველოს სხვა განაპირა რაიონების მსგავსად, თავისუფლად გადაადგილება აქაც პრობლემაა. ახალქალაქიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფლამდე არც გზა ვარგა და იმის იმედიც არ გაქვთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით კუმურდოში ჩასული იმ დღესვე გამობრუნდებით. შესაძლოა, ღამის გასათევიც ვერ იშოვოთ. მას შემდეგ, რაც ქართველებმა კუმურდოში სიარულს მოუხშირეს, ვიღაცამ ტაძრის შესახვევთან სომხეთის სახელმწიფო დროშა აღმართა(?!).

ვიღაცამ ტაძრის შესახვევთან სომხეთის სახელმწიფო დროშა აღმართა(?!).

სოფელში იქაური მკვიდრი მოვიკითხეთ, გავლენიანი კაცის მეგზურობა აგვარიდებდა საფრთხეს, რომელიც შესაძლოა, ჩვენს გამოჩენას მოჰყოლოდა. ცენტრალურ გზაზე, ბირჟაზე მდგარი ახალგაზრდები ჩვენს მანქანებს გამოჰყვნენ. "რას აკეთებთ?" "ფოტოებს იღებთ?" "რად გინდათ ამდენი ფოტო?" - კითხულობდნენ. ვუთხარით, - ამ ფოტოების საფუძველზე პროექტი უნდა დამუშავდეს და ტაძარი უნდა აღვადგინოთო. არ მოგცემთ უფლებას! - კბილებში გამოცრა ერთმა. გაგვაფრთხილეს, კამათში არ ავყოლოდით, რადგან არსებობს პროვოკაციის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა ტაძრის რეაბილიტაცია შეაფერხოს.

გუმბათმორღვეული, ორ მხარეს კედლებჩამონგრეული ტაძარი მაინც შთამბეჭდავია. კედლებზე უამრავი ქართული წარწერაა, მასში სრულად არის მოთხრობილი ტაძრის აშენების ისტორია აფხაზთა მეფის, ლეონ III-ის დროს. 964 წელს, იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით, ქართველ ხუროთმოძღვარს, საკოცარს, ტაძრის მშენებლობა დაუწყია. ბაგრატ IV-ის მეფობისას (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. ერთ-ერთ წარწერაში აღნიშნულია, რომ XVI საუკუნეში რეაბილიტაციაც ჩაუტარებიათ და ტაძრისთვის ახალი ნაწილიც მიუმატებიათ...

უგუმბათო და უსახურავო კედლები სინესტისგან დაობებულა. აქაურობა ფრინველთა და მოქეიფეთა თავშესაფრად ქცეულა. საკურთხევლის მხოლოდ ერთ კედელზე შემორჩენილა ფრესკის ფრაგმენტები. ტაძრიდან გამოსულს პატარა ბიჭები ქართულად მომესალმნენ. ისევე როგორც უფროსების უმრავლესობამ, მათაც მხოლოდ სომხური ენა იციან. მოწიფულთაგან ბევრი რუსულადაც ვერ ლაპარაკობს, თუმცა, ერთი-ორმა, რუსულ სიტყვებს ერთმანეთს ძლივს რომ აბამდა, ამაყად მითხრა, - ჩვენი დედაენა რუსულიაო.

სანამ ძეგლთა დაცვის სააგენტოს სამუშაო ჯგუფი თავის საქმეს აკეთებდა, ვცადე, ადგილობრივებს გავსაუბრებოდი. ამაოდ. მხოლოდ ბავშვები მეკონტაქტებოდნენ. როდესაც დროშას ვათვალიერებდი, ხანდაზმული კაცი შეჩერდა. ვკითხე, ეს აქ საიდან მოხვდა-მეთქი. კუმურდო სომხეთის ტერიტორიაა, ცხადია, ტაძარიც, რა გასაკვირია, თუ ჩვენი დროშა აქ ფრიალებსო! არ ვიცი, ვინ შთააგონებს კუმურდოელებს მსგავს დეზინფორმაციებს, თუმცა, ფაქტია, რომ ჯავახეთში სეპარატისტული იდეოლოგიის მქონე ჯგუფები დიდი ხანია ცდილობენ, ადგილობრივი მოსახლეობის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას. ამ დროშის აღმართვაც მსგავსი ჯგუფების "იდეა" უნდა იყოს.

ტაძრის კედლებზე უამრავი ქართული წარწერაა შემორჩენილი

ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე ამბობს, რომ კუმურდოს რეაბილიტაციის დასაწყებად ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი: - მზად არის ძირითადი პროექტი, რომელსაც დააფინანსებს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი. პროექტი ორწლიანია, თუმცა, დაგეგმილი არქეოლოგიური კვლევების დროს მოსალოდნელია მრავლად გამოჩნდეს ისეთი რამ, რაც პროცესს გაახანგრძლივებს.

- როგორ აპირებთ მუშაობას კუმურდოში, შეიმჩნევა, რომ იქ დაძაბული ფონია.

- არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად შარშან ჩასულ ჯგუფსაც შეექმნა პრობლემები, მაგრამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორის ძალისხმევით პროცესები მართვადი გახდა. ვფიქრობ, ყველაფერი მოგვარდება, როგორც კი ახალციხე-ახალქალაქი-კუმურდოს დამაკავშირებელი გზა მოწესრიგდება. ბევრი ადამიანი დასაქმდება რესტავრაციის პროცესში. გაკეთდება ბევრი სასიკეთო საქმე და ის ხალხი იგრძნობს სახელმწიფოს როლს მათ სოფელში.

- რესტავრაციის დასრულების შემდგომ ვინ განაგებს კუმურდოს ტაძარს?

- ეს ტაძარი საკათედროა და საპატრიარქო გადაწყვეტს.

ისტორიკოსი გიორგი კალანდია მიიჩნევს, რომ კუმურდოს ტაძრის აღდგენა ოშკის და ხანძთის ტაძრების აღდგენის ტოლფასია: - საბჭოთა კავშირის დროს და შემდგომაც არათუ საეკლესიო პირის, ქართველის გამოჩენაც კი წარმოუდგენელი იყო ტაძრის ტერიტორიაზე. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მისი აღდგენა არის საუკუნის პროექტი. კუმურდო ქართული ტაძარია და იქ სრულფასოვანი რეაბილიტაციის ჩატარების მნიშვნელობა უნდა ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.

ვიღაც ცდილობს ამ ხალხით მანიპულირებას. ასეთი, მესამე ძალა ყოველთვის გამოჩნდება, მაგრამ ჯავახეთში ან ტაო-კლარჯეთში, შეიძლება შეგვედაონ ნებისმიერ ძეგლზე, გარდა კუმურდოსი, რომელიც ისე არის აჭრელებული ქართული წარწერებით, რომ შეიძლება ითქვას, მას თან აქვს "პირადობის მოწმობა". რაც უნდა მიფრიალო სომხეთის დროშა, ახლომახლო თუ ზედ ტაძრის ეზოში, კუმურდო არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და იქ მცხოვრებ სომხურენოვან საქართველოს მოქალაქეებს და დანარჩენ საქართველოს ერთმანეთთან კეთილი თანაცხოვრების გარდა, სხვა საფუძველი არ გვაქვს. როგორც კუმურდოს ტაძარი, ისე იმ სოფლის მკვიდრი მოსახლეობა, არის ჩვენი კუთვნილება და პროვოკაციული მიზნით ტაძრის ან ხალხის გამოყენების შესაძლებლობა არავის არ მიეცემა.

მატიანე

სოფელი კუმურდო (სომხები მას გუმბურდოს ეძახიან) მდებარეობს ახალქალაქიდან 9 კმ დასავლეთით, მდინარე მტკვრის ღრმა უფსკრულიან მარჯვენა ხევის პირას, ზღვის დონიდან 1,740 მ სიმაღლეზე. სოფელი პირველად იხსენიება VI ს-ში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 506 წ. დვინის საეკლესიო კრებაში კუმურდოს ეპისკოპოსიც მონაწილეობდა.