"სოფიმ დიდი სიყვარულით გაიხსენა სერგო ზაქარიაძე" - მსოფლიო კინოლეგენდის ვიზიტის უცნობი დეტალები
"მითხრა, არც ამ მძიმე ფრენას ვნანობ, ასე რომ დამღალაო..."
"დაგეგმილი იყო ჩვენს პატრიარქთან მისვლა, მაგრამ ვერ შეძლო, რის გამოც სოფიმ დიდი მწუხარება გამოთქვა. ფიზიკურად არ შესწევდა ძალა, შეუძლოდ იყო. მე შევხვდი პატრიარქს და მოვუყევი სოფის მდგომარეობა. რასაკვირველია, მან გაუგო და უდიდესი სიყვარული გამოხატა მის მიმართ"
(იხილეთ ფოტოგალერეა: სოფი ლორენის ოჯახური ცხოვრება)
13 ივნისს, მსოფლიო კინოვარსკვლავი სოფი ლორენი თბილისს ეწვია. იგი 15 ივნისს ოპერისა და ბალეტის თეატრში ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში შეუერთდა……მსოფლიო კინოს ლეგენდა და ნინო სურგულაძე 2007 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, სწორედ მაშინ ბრძანა ქალბატონმა სოფიმ თურმე, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთში იყო ნამყოფი და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა... 15 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ლა სკალას რეჟისორთან და ქორეოგრაფთან ერთად მსოფლიო პრემიერა მოეწყო, რომელიც ნინო სურგულაძის, ნინო ანანიაშვილისა და თბილისის ოპერის საბალეტო დასის მონაწილეობით, მთლიანად იტალიურმა სადადგმო ჯგუფმა განახორციელა. სპექტაკლს სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი უმცროსი დირიჟორებდა...
ნინო სურგულაძე, ცნობილი საოპერო მომღერალი, საქველმოქმედო ღონისძიების სულისჩამდგმელი:
- ძალიან ბედნიერი ვარ! წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა და შევაგროვეთ თანხა, რომლის მეშვეობითაც ბავშვებს დავეხმარებით! მადლობა მინდა ვუთხრა საზოგადოების თითოეულ წევრს, მხარდამჭერ კომპანიებს, პრესას... მიხარია ეს ღონისძიება ჩვენს ახლადგახსნილ ოპერაში რომ შედგა, რომელიც ჩვენი სიამაყეა! დიდი მსახიობი სოფი ლორენი სრულიად უსასყიდლოდ ჩამოვიდა და ქველმოქმედებაში ჩაება... ერთადერთი არასასიამოვნო ფაქტი ის იყო, გუშინ რომ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს სოფი ლორენმა პატრიარქთან შეხვედრა არ ისურვა. არ მესმის რატომ ცდილობენ ყველა ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენისგან სკანდალი შექმნან?!
- რატომ ვერ მოხერხდა პატრიარქთან შეხვედრა ?
- ქალბატონი სოფი 81 წლისაა, ბოლო პერიოდში ძალიან იშვიათად მოგზაურობს. მისთვის რთულად გადასატანია ფრენა. ორი ადამიანი ჩამოჰყვა, მათ შორის ერთ-ერთი ექიმი. როგორც თვითონ განაცხადა, ფრენის შიში აქვს, მითხრა, ძალიან მძიმე ფრენა იყოო. ლამის ორი საათი მოხვედრილან ტურბულენტურ ზონაში და მთელი გზა ხელით ყოფილა ექიმზე ჩაჭიდებული...
როცა ჩამოვიდა სიარულიც კი უჭირდა, იმდენად დასუსტებული იყო. მაგრამ საოცარი ქალბატონია, ამაყად გამოვიდა აეროპორტიდან, არაფერი შეიმჩნია.
როცა სასტუმროში მივედი სანახავად, თითქმის ვერ გამოდიოდა ოთახიდან. შემდეგ შეხვდა პრემიერს, რომელიც თვითონ მივიდა სასტუმროში. ეს უთბილესი შეხვედრა იყო... დიახ, დაგეგმილი იყო ჩვენს პატრიარქთან მისვლა, მაგრამ ვერ შეძლო, რის გამოც სოფიმ დიდი მწუხარება გამოთქვა. ფიზიკურად არ შესწევდა ძალა, შეუძლოდ იყო. მე შევხვდი პატრიარქს და მოვუყევი სოფის მდგომარეობა. რასაკვირველია, მან გაუგო და უდიდესი სიყვარული გამოხატა მის მიმართ, ისევე, როგორც სოფი გამოხატავდა ძალიან დიდ პატივისცემას და მოწიწებას ჩვენი პატრიარქის მიმართ. ჩვენს კონცერტს დაესწრენ საპატრიარქოს წარმომადგენლები, რამაც ძალიან გაგვახარა.
სპექტაკლის დღეს სოფიმ კიდევ ერთხელ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ შეუძლოდ იყო და პატრიარქთან შეხვედრა ვერ მოახერხა. კიდევ ერთხელ გამოხატა დიდი სიყვარული და პატივისცემა და თქვა რომ შემდეგ ჩამოსვლაზე აუცილებლად ნახავს პატრიარქს, რადგან მასზე ბევრი კარგი რამ სმენია... საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მას პატრიარქისგან გადასცეს თამარ მეფის ჯვრის ანალოგი, რომელიც საოცრად მოეწონა, აღფრთოვანებული დარჩა და განაცხადა, რომ ამ ჯვარს ყოველთვის თან ატარებს..
არაფერს ვიტყვი მათზე, ვინც ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, მაგრამ ეს არ არის სწორი საქციელი! მსოფლიო პრესამ გაავრცელა სოფის ჩამოსვლა, ძალიან კარგად ჩაიარა პრემიერამ, ეს იყო სიკეთის და სიყვარულის გამარჯვება!
- დიდი ზეიმი იყო ოპერაში სოფი ლორენის მოსვლა...
- ძალიან გაგვიმართლა - ორდღიანი დასვენების შემდეგ მოახერხა და ოპერაში მოვიდა. ხალხის ძალიან დიდი სიყვარული იგრძნო და აღნიშნა, რომ არაჩვეულებრივი ქვეყანა გვაქვს, მითხრა, არც ამ მძიმე ფრენას ვნანობ, ასე რომ დამღალაო... როდესაც ვაცილებდი, აეროპორტში ძალიან ცუდი ამინდი იყო და საშინლად ნერვიულობდა. ვუთხარი, იმდენ ადამიანს უყვარხართ, იმდენი ლოცვა მიგყვებათ, შეუძლებელია გზაში ცუდი რამ მოხდეს-მეთქი... შემდეგ მომიყვა, რამდენიმე წლის წინ, ჩვენს თვითმფრინავს მეხი დაეცაო... კიდევ უფრო დავაფასე მისი ჩამოსვლა, ეს მისი მხრიდან თავგანწირვის ტოლფასი იყო...
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა სოფი ლორენს და მის შვილს -კარლო პონტის! ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა იყო ბავშვებს დავხმარებოდით და ღმერთის ნებით ყველაფერი შედგა! დიდ მადლობას ვუხდი საზოგადოებას! ყველაფერი აჩვენებს, რომ გამორჩეული ქვეყანა გვაქვს! სოფი ლორენმა კარგად დაინახა ჩვენი ხალხის სიყვარული, და დამშვიდობებისას მითხრა, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოშიო...
- სერგო ზაქარიაძესთან შეხვედრა ახსოვდა?
- სოფიმ დიდი სიყვარულით გაიხსენა სერგო ზაქარიაძე... მიუხედავად იმისა რომ ასაკშია, ყველაფერი შესანიშნავად ახსოვს. (იხილეთ: ვახშამი სოფისთან)
იხილეთ ასევე: "ჩვენი სიყვარული ღვთის საჩუქარი იყო" - სოფი ლორენის ოჯახური ცხოვრება (ფოტოგალერეა)
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)