"ასე მგონია, ფიროსმანის მეეზოვე ვარ" - უშგულელი მხატვრის საოცარი ნახატები - კვირის პალიტრა

"ასე მგონია, ფიროსმანის მეეზოვე ვარ" - უშგულელი მხატვრის საოცარი ნახატები

ფოტოგალერეა

"ჩემი ნამუშევრები ტრანსცენდენტალურ ჟანრს მიაკუთვნეს, სადაური სიტყვაა ისიც არ ვიცი"

"ლანდები მოდიან ჩემთან, სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგჯერ ხატვაზე უარს ვამბობ, თუმცა თავს არ მანებებენ და მეც ვიწყებ…" - ასე დაიწყო "კვირის პალიტრასთან" საუბარი მხატვარმა ფრიდონ ნიჟარაძემ, რომელსაც უშგულელ გენიოსსაც ეძახიან. მის ნახატებში საოცარი სამყაროა ასახული, რომელიც ერთი ნახვით ატყვევებს მნახველს…

- ბატონო ფრიდონ , როდის დაიწყეთ ხატვა?

- ბავშვობიდან ვხატავ, დაახლოებით, 3 წლის ვიქნებოდი. ძველად სად იყო ან ვინ მოგცემდე სახატავ საშუალებებს , ამიტომ ნახშირით ვხატავდი კარადებზე, თოვლზე... თავდაპირველად, ქუთაისის ტექნიკურ სასწავლებელში ჩავაბარე, შემდეგ ჯარში წავედი, მოსკოვში ვმსახურობდი. 1967 წ- 73-წლებში სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი. აკადემიის დამთავრების შემდეგ კი, ეკლესიის სიწმინდეების დაცვის გამო, ფსიქიატრიულში მოვხვდი.

- შთაგონების წყარო რთული გამოსაცნობი არ იქნება ისეთ ადგილას ცხოვრობთ... რომელ მიმდინარეობას მიაკუთვნებთ თქვენს ნამუშევრებს?

- ბუნება და ხალხია შთაგონების წყარო... ჩემი ნამუშევრები ტრანსცენდენტალურ ჟანრს მიაკუთვნეს, სადაური სიტყვაა ისიც არ ვიცი. რეალისტურ ნამუშევრებსაც ვქმნიდი, თუმცა დღეს ძალიან ცოტაღა მაქვს შემორჩენილი. ასეთი ნამუშევრებს ვჩუქნიდი დაბადების დღეებზე, ქორწილებში...

- თქვენს ნახატებში იმდენი სინათლეა, საინტერესოა, დღის რა მონაკვეთში ხატავთ ძირითადად?

- დღის რომელიმე მონაკვეთს კონკრეტულად ვერ გამოვყოფ, ადრე სინათლე არც იყო ხოლმე, მითუმეტეს აქ, სვანეთში. მოგეხსენებათ, ხანგრძლივი ზამთარი იცის და ლამფის შუქზე გვიწევდა ყოფნა. მოდიოდნენ ლანდები ნებისმიერ დროს, ჩემთან, სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგჯერ ხატვაზე უარს ვამბობდი, თუმცა თავს არ მანებებდნენ და მეც ვიწყებდი... ასე იქმნებოდა ეს ნამუშვრები.

- გამოფენები თუ გქონიათ?

- გამოფენა არ მქონია, შეგიძლიათ სახლში მობრძანდეთ და აქ დაათვალიეროთ ჩემი ნახატები. მუზეუმში რამდენჯერმე ჩავიტანე, მაგრამ ისევ უკნ წამოვიღე, ჩრჩილი ჭამდა იქ... დაინტერესება არავისგან მოდის, არც ადგილობრივი ხელისუფლებისგან ხელი, რომ შემიწყონ და გავაკეთო გამოფენა. იყო პერიოდი როცა მშრალ ხიდზე ვიდექი და ვყიდიდი ჩემს ნამუშევრებს იმისათვის, რომ ლუკმა-პური მეშოვა... ეს იყო შემოსავლის წყარო.

- გარდა მხატვრობისა, სხვა რას საქმიანობთ?

- სკოლაში ხატვის და ხაზვის პედაგოგად ვმუშაობდი, მაგრამ 1984 წელს, რაღაც ინციდენტის გამო, თავი გავანებე. გარდა ამისა, 1974 წლიდან მოყოლებული გარკვეული პერიოდი მუზეუმში ვმუშაობდი და საეკლესიო სიწმინდეებს ვიცავდი. მიყვარს ლექსების წერა, კითხვა. ვცხოვრობ ისე, როგორც სოფლის მკვიდრს შეეფერება, ასე მგონია, ფიროსმანის მეეზოვე ვარ. მიხარია, ბოლო პერიოდში ტურიზმი ამუშავდა, უშგულში ხალხი მომრავლდა, ეს კარგია სვანეთისთვის…

- რას ეტყოდით ახალგაზრდა მხატვრებს?

- ჰყავდეთ ოჯახები და ბევრი ხატონ.

თემურ ნიჟარაძე (ფრიდონ ნიჟარაძის ძმა):

- ფრიდონს ბოლო ერთი წელია აღარაფერი დაუხატავს. ადრე უფრო ხშირად ხატავდა. ნახატები სახლში აქვს გამოფენილი. ბოლო პერიოდში გაიზარდა მნახველების რიცხვი. მოდიან ტურისტები, სტუდენტები, მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)