"დედამ ისე იმუშავა თეატრში, არავისთან ინტრიგა ან კონფლიქტი არ ჰქონია, ნატოც ასეა და მეც"
"ერთმანეთის მოსმენა არ შეგვიძლია, ეს არის ჩვენი უბედურება"
"ძალიან მიყვარს ეს ფოტო, თუმცა, დედას არ მოსწონდა. რაღა ამ სურათში გამოვედი ცუდადო - ამბობდა. ახალი გაღვიძებული იყო და უმაკიაჟოდ არ მოსწონდა თავი... ამ ფოტოზე იგრძნობა ჩვენი ურთიერთობა და სიყვარული..."
ფილმი "ჩვენი ეზო" 1956 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მასში თავისი პირველი როლი ითამაშა კოტე მახარაძისა და მედეა ჩახავას 6 წლის ქალიშვილმა - მაკა მახარაძემ. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა... ჩვენი საუბარი ქალბატონი მაკას მიერ რეალურ ცხოვრებასა და ფილმებში განვლილ კადრებს მიეძღვნება.
- 6 წლის ვიყავი, როდესაც ნანი ჩიქვინიძესთან ერთად ფილმში "ჩვენი ეზო" ეპიზოდური როლი ვითამაშე. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ შემდეგში ჩემი რძალი გახდებოდა. ფილმში ყურში ვეჩურჩულებით ერთმანეთს. მერე ვხუმრობდი, საქმეს ვუწყობდი ჩემს ძმას-მეთქი.
შემდეგ შოთა მანაგაძის ფილმი "საბუდარელი ჭაბუკი" გადაიღეს, სადაც იმედო კახიანის პატარა დის, მაცაცოს როლი ვითამაშე. ვკითხულობ ლექსს "თხამ შეჭამა ვენახი". მახსოვს, როგორ მასწავლიდა დედა ამ ლექსს. გადაღებები ზაფხულში მიმდინარეობდა. რის შემდგომაც პირველად შევდგი ფეხი სკოლაში. რატომღაც კამერის წინ არასდროს ვღელავდი, სცენაზე გასვლისგან განსხვავებით. წესით, როცა ეჩვევი სცენას, ნელ-ნელა დაძაბულობაც უნდა გაქრეს. მე პირიქით ვიყავი. ასე იყო დედაჩემიც. ასაკის მატებასთან ერთად ისე ნერვიულობდა სცენაზე გასვლის წინ, როგორც პირველკლასელი. სულ ოცამდე ფილმში ვარ გადაღებული. ბოლოს 2013 წელს ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ზაზა რუსაძის ფილმში "ჩემი საბნის ნაკეცი" გადამიღეს.
- მიუხედავად ყველაფრისა, თქვენთვის მაინც ბალეტი იყო ცხოვრებაში მთავარი.
- ყველა გოგოს მოსწონს ფაშფაშა კაბები და სარკის წინ პრანჭვა-გრეხა. ასე ვიყავი მეც. ის მიკვირს, გოგონები სამბოსა და ძიუდოზე რომ შედიან. ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო ბალეტის კულტი. მამას დამთავრებული ჰქონდა საბალეტო სტუდია. კარგ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ. მას ორი კერპი ჰყავდა - ვახტანგ ჭაბუკიანი და აკაკი ხორავა. ბოლო წუთს შეიცვალა გადაწყვეტილება სამსახიობო კარიერის სასარგებლოდ. დედაც მოყვარული იყო ხელოვნების ამ დარგისა. კარგი საბალეტო მონაცემებიც ჰქონდა. დედას სურათი მაქვს - 75 წლის არის, დარბაზში დგას და ფეხი ძელზე უდევს. ძალიან მოქნილი იყო. ბალეტი მის აუხდენელ ოცნებად დარჩა. ისე გამოვიდა, რომ მე შევასხი ფრთები დედ-მამის ოცნებებს.
- მიუხედავად ამისა, არაერთი ფილმის პერსონაჟი განასახიერეთ. რომელს გამოყოფდით?
- ვერც ერთს. დედაც ასე იყო. თავისი როლების ყურება არ უნდოდა, თუ ტელევიზორში მოჰკრავდა თვალს, გარბოდა. როცა სიბერისკენ წავიდა, ღიმილით უყურებდა ფილმებს თავისი მონაწილეობით, ახლა უკვე მომწონსო - ამბობდა. ფოტოზეც იტყოდა ხოლმე, - რა საშინელებაა, დავხევო. ვეხვეწებოდი, არ დახიო, 10 წელიწადში მოგეწონება-მეთქი. ასეც ხდებოდა. მე ჯერ არ დამდგომია ეს დრო...
- შვილების პროფესიულ არჩევანზე თუ მოახდინეთ გავლენა?
- ნატო ძალიან კარგად ხატავდა და ძერწავდა. გვეგონა, მამამისის ხაზს გაჰყვებოდა, მაგრამ უცებ მოინდომა და ისე მოემზადა, არც დედაჩემი გაიკარა, არც მამაჩემი, არც თემური, არც ნანი. ერთხელ მაინც გამოვცადოთ, სად მიდის, თავი არ მოგვჭრასო, - ამბობდნენ. წავიდა და თეატრალურში ჩააბარა...
- ახლა ვუყურებ ფოტოს, რომელზეც თქვენი ოჯახის 3 თაობის ქალბატონი ხართ.
- ძალიან მიყვარს ეს ფოტო. თუმცა, დედას არ მოსწონდა. რაღა ამ სურათში გამოვედი ცუდადო - ამბობდა. ახალი გაღვიძებული იყო და უმაკიაჟოდ არ მოსწონდა თავი. მეჩითოვმა გამოგვიჭირა სამივე და ასეთი კარგი ფოტო გადაგვიღო, რომელშიც იგრძნობა ჩვენი ურთიერთობა და სიყვარული...
- რითი ჰგავხართ ერთმანეთს?
- სამივე უკონფლიქტო ვართ. ცნობილია, რომ დედამ ისე იმუშავა თეატრში, არავისთან ინტრიგა ან კონფლიქტი არ ჰქონია, ნატოც ასეა და მეც. არ შემიძლია პირზე დადგომა - "მე ასე ვუთხარი", "იმან ისე მითხრა". განსხვავებაც ბევრია ჩვენ შორის. სხვადასხვა ტიპაჟები ვართ... დედას ძალიან უყვარდა სამზარეულო, სახლის დალაგება. მე დალაგება მიყვარდა, ოღონდ სამზარეულოში ნუ შემიშვებდით. ნატო ჩვენი ოჯახის დიზაინერია. ახლა მე მიწევს სამზარეულოში შესვლა. თუ შინ არ ვარ, ნატო ითავსებს მზარეულის ფუნქციას, სხვა რა გზა აქვს.
- ნატო ხმამაღალი პოლიტიკური შეფასებებით გამოირჩევა...
- ჰო, ნატო უფრო კატეგორიულია, თუმცა, თავშეკავებულიც. მე შინ თუ ვაფიქსირებ ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს. არ არის საჭირო ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა. ხომ შეიძლება მივუშვათ და დავაცადოთ საქმის კეთება. ბევრი ხელოვანი მოვიდა პოლიტიკაში და ეს არ მომწონს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. გამონაკლისი მხოლოდ გამორჩეულმა, ზემოაზროვნე ადამიანმა უნდა გააკეთოს. მაგალითად ისეთმა, როგორიც რეზო თაბუკაშვილი იყო. მისნაირებს ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა შეუძლიათ.
ყოველი არჩევნების წინ ძიძგილაობასა და სიძულვილის გამოვლენაში გადის წლები. დრო მიდის და გათავდა, წავიდა ცხოვრება. ცხოვრებაში მთავარი სიყვარული და ურთიერთგაგებაა. ერთმანეთის მოსმენა რომ არ შეგვიძლია, ეს არის ჩვენი უბედურება.
თუ მიგიქცევიათ ყურადღება - თეატრში კომედია უფრო მოგებიანი იყო ყველა დროს, ტრაგედიაც ემოციებს იწვევს და გვეტირება. ის სპექტაკლი კი, რომელსაც მოსმენა და გააზრება სჭირდება, მაყურებელს ნაკლებად უყვარს... ისედაც მძიმე ცხოვრება გვაქვს და თეატრშიც დავიძაბოო, - ამას რომ ამბობენ, ვგიჟდები...
იხილეთ ფოტოგალერეა: ცნობილი ქართველი ქალბატონები და მათი ლამაზი ქალიშვილები
ეკა სალაღაია