"რუსეთი მაშინებს... იმან ტყვია მესროლოს და მე ფეხსაცმელი გავუწმინდო"? - კვირის პალიტრა

"რუსეთი მაშინებს... იმან ტყვია მესროლოს და მე ფეხსაცმელი გავუწმინდო"?

"ადრე დაბადების დღეებზე დავდიოდი, ახლა კვირაში ერთხელ ვიღაცის დაკრძალვაა..."

ბლიც-ინტერვიუს კითხვებს პასუხობს ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე, მომღერალი:

ბავშვობაში მინდოდა...

- მომღერლობა ან მსახიობობა მინდოდა-მეთქი, ვერ გეტყვით, ამაზე არც მიფიქრია. შემთხვევით მოვხვდი ამ სფეროში.

მაშინ უნივერსიტეტებს მუსიკალური ანსამბლები ჰქონდათ და ერთ-ერთში მეც აღმოვჩნდი...

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

- ჩემი ცხოვრება 9 აპრილმა შეცვალა. ჩვენ პირველად ვნახეთ მაშინ თბილისში ასეთი რამ. ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო... თბილისში არ ვიყავი და დილით სახლში დავრეკე. ჩემმა ცოლმა მიპასუხა და მისი განწირული ხმა ახლაც ყურში ჩამესმის... გვხოცავენო, ყვიროდა, რუსი ჯარისკაცები გვხოცავენო... რაღა გამაჩერებდა, წამოვედი და ტანკები რომ დავინახე, ცუდად გავხდი. სახლში როგორ მივედი, არ მახსოვს. თურმე ჩავკეტილვარ ოთახში და ხმამაღლა დამიწყია ტირილი. ამ დღეებმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე.

ყველაზე მძაფრი მოგონება...

- ბავშვობაში გვიჭირდა... ტალონებით მოგვქონდა პური, ჰოდა, დედაჩემმა მომცა ეს ტალონები და პურის მოსატანად გამიშვა. დამეკარგა. მახსოვს, როგორ გულამოსკვნილი ტიროდა დედაჩემი იმ ტალონების დაკარგვის გამო... არ მავიწყდება მისი ცრემლები და ხმა. ბევრჯერ მე და დედაჩემს მშიერს დაგვიძინია, ან დედა თვითონ იყო მშიერი და ჩემს დაპურებას ცდილობდა. აი, ხომ ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც ბაზარში თუ შევედი, ძალიან ბევრ რამეს ვყიდულობ. ჩემი მეუღლე მეჩხუბება, ვინ უნდა ჭამოს ამდენიო, მაგრამ მსიამოვნებს, საჭმელი რომ ბევრია.

ერთხელ გავრისკე და...

- ბევრჯერ გავრისკე, ერთხელ კი არა. ერთს გავიხსენებ... გადაღებები იყო... ერთი სცენა ვერტმფრენში უნდა გადაგვეღო... მაფიოზის როლი მქონდა და ტერიტორიაზე ვითომ ვერტმფრენით ვეშვებოდი. მითხრეს, ორი კაცი რომ ზის, ისინი არიან პილოტები, მიდი, გაიცანი და მალე გადაღებებიც დაიწყებაო... მივედი და რას ვხედავ - ორივე ისეთი მთვრალია, ფეხზე ვერ დგებიან... გავრისკე, ასეთი პილოტის დაძრულ ვერტმფრენში ავედი და იცით, როგორ მართა? იდეალურად... თან შიშით ვკვდებოდი - ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, ჩასძინებოდა... როგორც იქნა, გადავიღეთ. მერე გული მისკდებოდა, მეორე დუბლი რომ დაგვჭირდეს, რა წყალში გადავვარდე-მეთქი, მაგრამ გადავრჩით... იდეალურად დასვა.

მეშინია...

- ახლა მხოლოდ რუსეთის. ისე არ მოხდება, ჩვენ რომ გვგონია - მწვანილს და ღვინოს გავგზავნით, ისინი მაღაზიებში შეიტანენ და ყველაფერი კარგად იქნება. არ არის ასე მარტივად საქმე. ასე რომ, რუსეთი მაშინებს. ყველაფერი, რაც ხდება, კარგს არაფერს გვიქადის.

გადაწყვეტილების მიღებისას...

- ბევრს ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ გადაწყვეტილება, რომ რუსეთში ჩემი ფეხი აღარ იქნებოდა, ადვილად მივიღე. ჩემი დაბადების დღეს რუსეთის პრეზიდენტის დეპეშა მივიღე, დამაჯილდოვა მეგობრობის ორდენით. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ორდენზეც და საჩუქარზეც უარი მეთქვა. რა მეგობრობა! ქვეყანაში მაგათი ტანკები მიდგას და ეგენი მეგობრებად ჩავთვალო? ხშირად მეკითხებიან, რას იტყვით, სხვები რომ ჩადიან და რუსეთში მღერიანო. ეგ ჩემი საქმე არ არის. მე ჩემი ვიცი. იმან ტყვია მესროლოს და მე ფეხსაცმელი გავუწმინდო?

თბილისი წარსულში და ახლა...

- ფრანგი სტუმრები მყავდა თბილისში. მოვატარე ქალაქი. არც გემრიელი პურმარილი დავაკელი, არც - სიმღერა. დუქანშიც შევედით. ხალხი ყველგან ღიმილით გვხვდებოდა, გვესიყვარულებოდა და იცით, რა მითხრეს? ერთი დიდი კოლბა უნდა იშოვოთ და თბილისს დაახუროთ თავზე, რომ ეს სითბო, სიყვარული და ურთიერთობა არ დაიკარგოსო... დაიკარგა... დღეს სულ სხვა თბილისია.. გარეგნულ იერსახეს არ ვგულისხმობ მხოლოდ, ხალხი შეიცვალა... ღია ფანჯარაში რომ გვეძინა, ყველა უბნიდან სიმღერა ისმოდა, ახლა რა ისმის? - ჩხუბი და გინება...

დრო არის...

- რითი ვგრძნობ, დრო რომ გადის? ცოტა ხალხი მირეკავს... მიდიან... შემომეცალნენ მეგობრებიც, ახლობლებიც... ადრე დაბადების დღეებზე დავდიოდი, ახლა კვირაში ერთხელ ვიღაცის დაკრძალვაა...

მენატრება...

- ახალგაზრდობა მენატრება, ის ენერგია, რაც მქონდა, საერთოდ რომ არ ვიღლებოდი. ის ურთიერთობები მენატრება, ის თბილისი, მაშინ რომ იყო და ხალხი, მეგობრები, რომლებიც მიდიან...

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...

- 78 წლის ვარ. ეს იყო ჩემი ცხოვრება და ჩემი არჩევანი, ასე რომ, ახლა რომ ვიწყებდე, ისეთს დავტოვებდი, როგორიც იყო.

იხილეთ ვიდეო