"მამა აფხაზებმა მომიკლეს" - აფხაზი ქალი, რომელიც ქართველებისთვის იარაღს აწყობდა
"რა აფხაზი ხარ, აფხაზური არ იციო. არადა, თვითონ რუსულად ლაპარაკობდნენ. ვეკითხებოდი, რატომ ფიქრობთ, რომ თუკი რუსულად არ ვმეტყველებ, ამიტომ აფხაზი არ ვარ-მეთქი"?
"მე აფხაზეთში ქართულად სიტყვას ვერ ვამბობ, თქვენ კი აქ აფხაზურად როგორ მღერითო"!
"სვანებმა რომ გამიგონ, აფხაზს ვაცმევ მაშინ, როცა აფხაზებმა გამომაგდეს სოხუმიდან, დედას ხომ მიტირებენო..."
დღეს ჯვართამაღლებაა და სოხუმის დაცემის დღე... დღე - სასწაული და ქართულ-აფხაზური გოლგოთა...
ზუსტად 23 წლის წინ, 1993 წლის 26-27 სექტემბრის მიჯნაზე მოუხდა სოხუმის დატოვება. წინ გრძელი, სუსხიანი, მტანჯველი გზა ელოდა, ოღონდ ამის შესახებ ჯერ არაფერი იცოდა. იმედიანად იყო, რომ უკან მალე დაბრუნდებოდა, თუმცა მას შემდეგ 23 წელიწადი გავიდა... უაფხაზეთოდ... და დღემდე - უსახლკაროდ: ხან ერთ დასთან ცხოვრობს, ხან -მეორესთან, ხან სხვა - ნათესავთან, ხან - მეგობრებთან. მეც სწორედ მისი მეგობრებისგან - თემურ ადეიშვილისა და თინა ნაცვლიშვილისგან გავიცანი. მათგან გავიგე, რომ ადამიანმა ჭუბერი მშვიდობით გადმოიარა და თბილისში დაეჯახა მანქანა. ავარიის შედეგად სახე ისე დაუზიანდა, ლამის თავიდან აუწყვეს.
ქალბატონ მარინა ემუხვარს სოხუმის, ოჯახის წევრებისა და ომის დღეების გახსენება უმძიმდა. სვენებ-სვენებით მელაპარაკებოდა და ხანდახან, ყელში ბურთმომდგარი გაბზარული ხმა ან თვალზე ცრემლი რომ არ შემემჩნია, ხანგრძლივ პაუზას აკეთებდა. ცოტათი რომ მომეხსნა სიმძიმე, საუბრის დაწყება წინაპრების გახსენებით ვთხოვე:
- მამაჩემის - კოლია ემუხვარის მამა პლატონი და მისი ორი ძმა გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში ცხოვრობდნენ. დაახლოებით 1920-იან წლებში ბაბუას უმცროსი ძმა კი დაინდეს, მაგრამ თვითონ მეორე ძმასთან ერთად რუსეთში გადაასახლეს. მათ შესახებ მას მერე არავის არაფერი სმენია. ბებია 5 ბავშვით მარტო დარჩა და ერთხანს მერხეულში ცხოვრობდა, კოლმეურნეობები რომ შეიქმნა, გლეხები, თურმე, სამუშაოდ არ გადიოდნენ, თუ თავადის ქალიც (ბებია ანჩაბაძის ქალი იყო) არ წავიდოდა. ავადმყოფსაც არ ინდობდნენ და მიჰყავდათ, თურმე. ამის გამო ბიძაჩემს რამდენჯერმე გაულახავს ბრიგადირი და ბებიას უნერვიულია, ასე თუ გაგრძელდა, ბიჭი დაიღუპებაო, ამიტომ შვილებთან ერთად მერხეულიდან სოხუმში გადასულა საცხოვრებლად...
- მოდი, საქართველოს ისტორიის უახლესი პერიოდი გავიხსენოთ, რამაც მამათქვენის სიცოცხლე შეიწირა, თქვენ კი დევნილად გაქციათ.
- დედაჩემის - ეთერ კარანაძის ავადმყოფობა 1989 წელს, ქართულ-აფხაზური შეტაკების შემდეგ დაიწყო. მშობლები ბურდილაძის წამლისთვის იმყოფებოდნენ რაჭაში და აფხაზეთის ამბებიც იქ გაიგეს. უთქვამთ, ძიძარიას ქუჩაზე ქართველები ამოხოცესო. იმ ქუჩაზე ჩემი გათხოვილი უმცროსი და ცხოვრობდა. მასპინძლებს უთხოვიათ, სად მიდიხართ, პატარა ბავშვი გყავთ მანქანაში, დარჩითო. - თუ გვხოცავენ, ბარემ ყველა ერთად ამოგვხოცონო, - უპასუხია დედას და 4 დღის შემდეგ ძლივს დაბრუნდნენ სოხუმში. მერე, ელდასა და შიშზე დიაბეტი დაემართა... დედა ე.წ. შერიგების პერიოდამდე გარდაიცვალა, დიდი დაბომბვევი რომ იყო, სწორედ იმ დღეს დავკრძალეთ...
ერთხანს ოჯახი თბილისში ვცხოვრობდით, მე ქართულ სკოლაში ვსწავლობდი და აქაურ ქართველებს არასოდეს უგრძნობინებიათ, ქართველი არ ხარო. მერე გადავედით სოხუმში, იქაც ქართულ სკოლაში განვაგრძე სწავლა. ზოგიერთი მეუბნებოდა, რა აფხაზი ხარ, აფხაზური არ იციო. არადა, თვითონ რუსულად ლაპარაკობდნენ. ვეკითხებოდი, რატომ ფიქრობთ, რომ თუკი რუსულად არ ვმეტყველებ, ამიტომ აფხაზი არ ვარ-მეთქი? გახსოვთ, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოდ რომ დააწესა ქართულის ცოდნა? ერთხელ სამსახურში მოვკარი ყური, ერთი ჩემნაირი - დედით ქართველი და მამით აფხაზი - ლაპარაკობდა, ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ არაქართველები თანამდებობებზე არ დაგვნიშნონო. მივუბრუნდი და, - სხვა რომ ამბობდეს, კიდევ მესმის, მაგრამ შენ რა გაქვს სალაპარაკო, ქართულიც იცი და საერთოდაც, ქართველი ხარ-მეთქი. - არაო, ეს იმიტომ ხდება, აფხაზური ენა რომ არ განვითარდესო. ვუხსნიდი, - მე თათბირზე თუ რუსულად ვილაპარაკებ, ამით აფხაზურს განვავითარებ-მეთქი? მაინც ვერაფერი გავაგებინე.
სოხუმელ თანამშრომლებთან ერთად
- ომის პერიოდში სოხუმში იყავით თუ თბილისში?
- სოხუმში. გათხოვილი არ ვიყავი და მშობლებთან, ჩემს მეორე დასთან, სიძესა და ბავშვებთან ერთად ვცხოვრობდი. "სოხუმხელსაწყოში", გალვანურ საამქროში ვმუშაობდი. ქართველებიც იყვნენ იქ, რუსებიც, აფხაზებიც, ოღონდ უფრო ქართული ორიენტაციის, და სომხებიც. ზოგადად, ხელსაწყოებს ვაკეთებდით ანუ მეტალებს კოროზიისგან ვიცავდით, ვფარავდით, მაგრამ ომის დროს იარაღებსაც - დაზიანებულს ან დაჟანგულს, აღვადგენდით და ქართველ მებრძოლებს ვაძლევდით. სხვათა შორის, აფხაზებმა რამდენჯერმე დაბომბეს ჩვენი ქარხანა. გაგრა რომ დაეცა, ჩემი და და ბავშვები სოხუმს გავარიდეთ და თბილისში გავამგზავრეთ. მეორე დის მეუღლე იბრძოდა, ამიტომ დამ შვილები თბილისში, მულთან გაუშვა, თვითონ კი სოხუმში დარჩა. მამა არ იბრძოდა, მაგრამ სოხუმიდან ფეხი არ მოუცვლია. მე და ჩემი ამხანაგი მაინც ყოველდღე დავდიოდით სამსახურში. სოხუმი წამდაუწუმ იბომბებოდა. უკვე ჯარიც ტოვებდა ქალაქს და ჩემი და სხვებთან ერთად 25 სექტემბერს წავიდა სოხუმიდან ფეხით. 26 სექტემბერს ითქვა, ყველანი უნდა გახვიდეთ ქალაქიდანო, ოღონდ არა აფხაზეთის, არამედ - სოხუმის დროებით დატოვებაზე იყო ლაპარაკი.
კოლია ემუხვარი
იმ დღეს ქარხნიდან რომ დავბრუნდით, მამას გამოვუცხადე, ყველაფერს გავამზადებ და ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე-თქო. უცებ დაბომბვა დაიწყო. ჩემმა ამხანაგმა ამბავი მომიტანა, ქარხანას ყუმბარები მოხვდა და ცეცხლი უკიდიაო. ვიცოდით, ჩვენი ამხანაგები იქ იყვნენ. ქარხანასთან ახლოს ვცხოვრობდით და მაშინვე გავიქეცით. ორი ბიჭი დაჭრილი დაგვხვდა, ერთს კონტუზია დამართნოდა და სასწრაფოდ გულრიფშის ჰოსპოტალში წავიყვანეთ. იქ ბედად ჩემი კლასელი, ექიმი ვახო ბარკალაია დამხვდა და იმან მიხედა. უკან დაბრუნებულები კი უკვე სოხუმში აღარ შეგვიშვეს. მამა ვერ გამოვიყვანე, ხმაც ვერ მივაწვდინე. ასე დარჩა სოხუმში. თუმცა იმედიანად ვიყავი, რადგან მამა აფხაზებსაც ძალიან უყვარდათ და დიდ პატივს სცემდნენ. იმიტომაც იყო გასაკვირი, იმავე აფხაზებმა რომ მოკლეს მერე.
მე ქარხნის თანამშრომლებთან ერთად წამოვედი ჭუბერით. წამოღება ვერაფრის მოვასწარი და ქოშებით ვიყავი. საშინელება იყო, გზადაგზა გაყინულ ადამიანებს რომ ვხვდებოდით, უბრალოდ, პლედგადაფარებულ მიცვალებულებს... ერთ-ერთში ჩვენმა თანამშრომელმა ჩვენივე თანამშრომელი ამოიცნო... დიდხანს მოვდიოდით, რადგან ერთმანეთს ველოდებოდით. მე და ჩემი დაქალი ბილიკით გავუყევით, გვითხრეს, 12 კილომეტრია გასავლელი და იოლად გახვალთო. თავიდან არხეინად ვიყავით, ლამაზი ბუნებით ვტკბებოდით. უცებ კივილი რომ ატყდა, ვიღაც დაეცა და გარდაიცვალაო, ვიფიქრეთ, ალბათ გულით ავადმყოფი იყო და ვერ გაუძლო სიარულს-თქო. მერე და მერე მსგავსი რამ ხშირად მეორდებოდა და მივხვდით, ეს ბილიკი იყო, რაც იყო... უსასრულოდ გაგრძელდა. ორჯერ მდინარეში ჩავვარდი, ქვედა ბოლო სულ გაიყინა, წყლისგან წინ წამოღებული და ასევე მიყინული თმა კი სვანური ქუდივით მეხურა თავზე. ქოშებიც გადამისკდა და ამხანაგის მამამ "ბათინკები" მომცა, ოღონდ ცოტათი პატარა მქონდა, რადგან ფეხები დამისივდა. ჩემს თანამშრომელ რომას დავადექი თავზე: გვარიშვილობის მეტი აღარაფერი დამრჩენია და იქნებ ეს "ბათინკები" ჩამაცვა-მეთქი. თავისი ავტომატი გადამკიდა და თან მაცმევდა, თან ბურდღუნებდა: სვანებმა რომ გამიგონ, აფხაზს ვაცმევ მაშინ, როცა აფხაზებმა გამომაგდეს სოხუმიდან, დედას ხომ მიტირებენო... გზაზე გამოსულები ახლობლების სახელებსა და გვარებს ყვიროდნენ, თავისიანებისთვის რომ მიეგნოთ. ამ დროს რამდენჯერმე ჩამესმა "მარინა ემუხვარი!" ვიფიქრე, რა ნაცნობი სახელი და გვარია-მეთქი და იმასაც ვერ მივხვდი, მე რომ მეძახდნენ... ქუთაისში დაძმობილებული ქარხანა გვყავდა, მანქანათმშენებლობის, არჩილ მურღულია იყო მისი დირექტორი. მათ შეგვიფარეს, სამუშაო პირობებიც შეგვიქმნეს და ხელფასსაც კი ვიღებდით. თბილისში კი მოგვიანებით გადმოვედი.
მამა პირველად იმავე წლის ნოემბერში ჩამოვიდა თბილისში. სოხუმში ვერ გაიგეს, რადგან ბაქოთი წამოვიდა, იქ კი ხმა გაავრცელა, მოსკოვში მივდივარო. კიდევ ორჯერ ჩამოვიდა ასე, შენიღბულად, მაგრამ ჩანს, ბოლოს გაუგეს და უკან დაბრუნებული მალევე მოკლეს. ომის დამთავრებიდან ერთი წელი იყო გასული. იქვე დაასაფლავეს ნათესავებმა...
პირველი ჩამოსვლისას ბიჭებმა გასაოცარი შეხვედრა მოუწყვეს აქ, ქართულად, მეგრულად და აფხაზურადაც უმღერეს, მამა კი ტიროდა: მე აფხაზეთში ქართულად სიტყვას ვერ ვამბობ, თქვენ კი აქ აფხაზურად როგორ მღერითო! სოხუმში მომხდარ საშინელ ამბებს ჰყვებოდა. თვითონ არავის შეუვიწროებია, პირიქით, აფხაზ ნათესავს მიუკითხავს ამბის გასაგებად, როგორ ხარ, გოგონები როგორ არიანო? ჩემი მამიდაშვილი იბრძოდა ქართველების მხარეს და 16 მარტს, სოხუმზე შეტევისას დაიღუპა. მამიდაჩემი ძალიან განიცდიდა, აფხაზებს რატომ ებრძვიო. ის ეუბნებოდა, მე კი არ ვებრძვი, ისინი მებრძვიან, მე ჩემს სოხუმს ვიცავ, აქ მინდა ცხოვრებაო. რომ დაიღუპა, მამიდაჩემი მხოლოდ იმას ტიროდა, არძინბამ და შევარდნაძემ - ორივემ ერთად მომიკლეს შვილიო.
ამას წინათ აფხაზეთიდან ჩვენი თანამშრომელი, რუსულენოვანი ქართველი იყო ჩამოსული საოპერაციოდ. მეუბნებოდა, რა თქმა უნდა, ერთად უნდა ვიცხოვროთო. მერე დააყოლა: ყველაფერი სომხების ხელშია. ასე თუ გაგრძელდა, მალე აფხაზეთში აფხაზი აღარ დარჩება, საერთოდ გაქრებიანო...
ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)