"კათოლიკურ ეკლესიას სურს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს კეთილდღეობასა და მშვიდობაში" - კვირის პალიტრა

"კათოლიკურ ეკლესიას სურს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს კეთილდღეობასა და მშვიდობაში"

30 სექტემბერს რომი პაპი საქართველოს ეწვია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დახვდნენ.

ვიზიტის პირველ დღეს, რომის პაპს პრეზიდენტმა და პატრიარქმა უმასპინძლა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რომის პაპის ვიზიტს ისტორიული უწოდა. პატრიარქმა რომის პაპს საპატრიარქოში უმასპინძლა.

”საქართველოს ეკლესია მონაწილეობს დიალოგებში, რომელიც არის კათოლიკურ ეკლესიასა და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ გვეძლევა საშუალება ვიმუშაოთ ხელნაწერებზე, რომელიც მრავლად არის ვატიკანის ბიბლიოთეკაში და რომელიც ასახავს ჩვენს წარსულს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები თქვენს თანხმლებ პირებს. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ეს არის ნამდვილად ისტორიული ვიზიტი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ორი ეკლესია”, - ბრძანა უწმინდესმა.

უწმინდესის პირველი ისტორიული ვიზიტით ვატიკანში ორ ეკლესიას შორის ურთიერთობები განვითარდა და გაძლიერდა.

”თქვენო უწმინდესობავ, მაშინ, როცა თქვენ აღასრულეთ პატრიარქის პირველი ისტორიული ვიზიტი ვატიკანში, თქვენ და რომის ეპისკოპოსმა, მშვიდობის ამბორი მიაგეთ ერთურთს და შეჰპირდით, რომ ილოცებდით ერთმანეთისთვის. ამგვარად გაძლიერდა ის მნიშვნელოვანი კავშირები, რომლებიც ჩვენს შორის არსებობდა ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან. ეს კავშირები განვითარდა და კვლავაც რჩება ურთიერთპატივისცემისა და გულითად ურთიერთობად, ამის ნათელი დასტურია აქ ჩემი წარმოგზავნილებისა თუ წარმომადგენლების თბილი მიღება".

”ქართველ ხალხს სჩვევია ვაზის ნაჟურით შესვას მისი ყველაზე ძვირფასი ფასეულობების სადღეგრძელო, სიყვარულთან ერთად, რომელიც აღგვამაღლებს. აქ განსაკუთრებული ადგილი უკავია მეგობრობას. ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია, კვლავ შეგვახსენებს პოეტი. მსურს, გულწრფელად ვემეგობრო თქვენს ქვეყანასა და ხალხს, რომელიც არ ივიწყებს მიღებულ სიკეთეს და რომლის სტუმართმოყვარე ბუნება სრულიად მიესადაგება იმედით აღსავსე მისი ცხოვრების წესს. მიუხედავად უამრავი სირთულისა, ეს დადებითი სულისკვეთებაც ხომ სულიდან იღებს სათავეს. სწორედ ამიტომაც შესთხოვენ ღმერთს სადღეგრძელოში სუფრასთან მშვდობას და მტრებსაც კი არ ივიწყებენ ამ სადღეგრძელოში. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენში კეთილის სურვილი და ნება ძმური ერთობისა, მშვიდობის, სახარების გასაცხადებლად", - განაცხადა პაპმა.

საპატრიარქოში მისვლამდე, რომის პაპი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ფრანცისკემ განაცხადა, კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობს ამ მიწაზე და განსაკუთრებული ძალისხმევით მოღვაწეობს ადამიანის განმავითარებელ თუ საქველმოქმედო სფეროებში და მოზიარეა ქართველი ხალხის სიხარულისა თუ საფიქრალისა, სურს თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის კეთილდღეობასა და მშვიდობაში, აქტიურად ითანამშრომლოს სამოქალაქო ხელისუფლებასა და საზოგადოებასთან.

”მოთმინება და ძალისხმევა არ დავიშუროთ, რათა უთანხმოება ძალადობაში არ გადაიზარდოს, ეგზომ რომ აზარალებს ადამიანსა და საზოგადოებას. ნებისმიერი განსხვავებულობა – ეთნიკური, ენობრივი, პოლიტიკური თუ რელიგიური – უნდა იქცეს არა წარმოშობილ უთანხმოებათა დაპირისპირებასა და გაუთავებელ ტრაგედიაში გადაზრდის საბაბად, არამედ, რაც სავსებით შესაძლებელია, ურთიერთგამდიდრების წყაროდ და საყოველთაო სიკეთედ. საამისოდ კი, ყოველ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი სპეციფიკურობის სრულად და სასიკეთოდ გამოყენება, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, შესაძლებლობა უნდა მიეცეს მშვიდობიანად იცხოვროს საკუთარ მიწაზე ან დაბრუნდეს იქ, თუ რაიმე მიზეზით მოუწია მისი დატოვება. ვისურვებდი, რომ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე პირებმა განსაკუთრებით გაითავისონ ამ ადამიანების მდგომარეობა, ეძიონ მათი პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული გზები, თუნდაც გადაუჭრელი პოლიტიკური საკითხების პირობებშიც კი."

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო არა კონფრონტაციის, არამედ ქვეყნის დეოკუპაციისა და მშვიდობის გზებს ეძებს.

თქვენ იმყოფებით, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომელიც დღეს უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესიის მსხვერპლია. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და მოსახლეობის თითქმის 15% დევნილადაა ქცეული. ამ ადამიანებს წაართვეს საცხოვრებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეთნიკურად ქართველები არიან. ჩვენგან სულ რაღაც ორმოცამდე კილომეტრში გავლებულია მავთულხლართები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას, მეზობლებს, ნათესავებს ერთმანეთთან ურთიერთობას უკრძალავს...

თქვენო უწმინდესობავ, თქვენი საქართველოში ჩამობრძანება კიდევ ერთი მოწოდებაა მშვიდობისაკენ. იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი გააძლიერებს არა მხოლოდ ვატიკანისა და საქართველოს თანამშრომლობას, არამედ იქნება მძლავრი გზავნილი ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა დაკეთილდღეობის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით