მსოფლიოს ყველაზე გასაოცარი კლდოვანი ქალაქები - კვირის პალიტრა

მსოფლიოს ყველაზე გასაოცარი კლდოვანი ქალაქები

ვარძია, საქართველო

გასაოცარი მღვიმეების ქალაქი ვარძია ბორჯომიდან 100 კმ-ში მდებარეობს და საქართველოს ისტორიის ოქროს ხანის მოწმეა, როცა ქვეყანას თამარ მეფე მართავდა. მამამისის, მეფე გიორგი III-ის ბრძანებით, მდინარე მტკვართან მდებარე დათვის მთის ტუფის კედელში მიწისქვეშა მონასტერი აიგო.

გადმოცემით, პატარა თამარი ჯერ კიდევ დაუსრულებელი მონასტრის მღვიმეში ბიძამისთან ერთად თამაშობდა, დაიკარგა და დაიყვირა: "აქ ვარ, ძია", - ასე იშვა ქალაქის დასახელება. მოგვიანებით ვარძია შეივსო ახალი სამრეკლოებით, ეკლესიებით, სატრაპეზოებითა და ბიბლიოთეკებით, რომლებიც კლდის სიღრმეში 50 მეტრზეა განთავსებული და რვასართულიანი შენობის სიმაღლეს აღწევს.

კაპადოკია, თურქეთი

აქაური საოცარი მოთეთრო-ვარდისფერი ტუფის კლდეებში ადამიანები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში სახლობდნენ. სიტყვა "კატპატუკა" ("მშვენიერი ცხენების ქვეყანა") ძველი სპარსულიდან მომდინარეობს. აქ ძვ.წ. მეთვრამეტე-მეთორმეტე საუკუნეებში ხეთები ცხოვრობდნენ, რომლებიც დროთა განმავლობაში "ზღვის ხალხებმა" განდევნეს. მოგვიანებით კაპადოკიას სპარსელები დაეპატრონნენ და დარიოს I-სა და მისი ვაჟის, ქსერქსეს დაუმარცხებელ საცხენოსნო არმიას ათას ხუთასი წმინდა სისხლის ბედაური შეემატა.

სპარსელები ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა, მისი იმპერიის დაცემის შემდეგ კი კაპადოკია რომის პროვინციად იქცა. ათსართულიანი შენობის სიმაღლის კლდოვან ციხესიმაგრე ორთაქისარს მეტყველება რომ შეეძლოს, ძველი რომაელების ცხოვრებაზე ბევრ რამეს შევიტყობდით. გამოქვაბულების ლაბირინთების მშენებლობაში წვლილი შეიტანეს ბიზანტიელებმა და სელჩუკებმა, უჩქისარის ციხესიმაგრეში კი ოსმანები ცხოვრობდნენ.

მესა-ვერდე, კოლორადოს შტატი, აშშ

მესა-ვერდეს ტყიან პლატოზე ადამიანები ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში დასახლდნენ. თავდაპირველად მიწურებში ცხოვრობდნენ, კენკრას და კაკალს აგროვებდნენ და ირმებზე ნადირობდნენ, თუმცა, როგორც კი კლდოვანი ქალაქი ააგეს, სიმინდის მოყვანა ისწავლეს. როდესაც დიდი გვალვა დაიწყო, ქალაქის მკვიდრნი საცხოვრებელი ადგილებიდან აიყარნენ. დღეს მესა-ვერდეს ეროვნულ პარკში ექვსი ასეული უძველესი დასახლებაა, გიგანტური კლდოვანი სასახლისა და 120-ოთახიანი სახლის ჩათვლით. მესა-ვერდეს სანახავად ყოველწლიურად 10-ჯერ იმაზე მეტი ადამიანი ჩადის, ვიდრე აქ 700 წლის განმავლობაში უცხოვრიათ.

სასი-დი-მატერა, ბაზილიკატის რეგიონი, იტალია

სამხრეთ იტალიაში ქალაქ მატერას მღვიმის სახლები კლდეში სხვადასხვა ცივილიზაციამ ამოკვეთა სხვადასხვა საუკუნეში. ისინი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაცარიელდა.

"ჰაერი და სინათლე მღვიმეში მხოლოდ კარიდან აღწევდა, ზოგიერთ მათგანს კი კარიც არ ჰქონდა. ამ მიწურისკედლებიან შავ ხვრელებში გაცვეთილი საბნები და ძონძები ეყარა. იატაკზე იწვნენ ძაღლები, თხები, ცხვრები, გოჭები. Yყველა ოჯახი ასეთ გამოქვაბულში ცხოვრობდა, სადაც ყველას ერთად ეძინა: მამაკაცებს, ქალებს, ბავშვებსა და ცხოველებს", - წერდა კარლო ლევი თავის წიგნში "ქრისტე ებოლიში შეყოვნდა", რომელიც მაშინდელ მატერაში არსებულ სიღატაკესა და ანტისანიტარიას აღწერდა.

წიგნის გამოცემის შემდეგ მატერას პრობლემა უმალ გადაიქცა"ერის სირცხვილად" და 1952 წელს ხელისუფლებამ გამოქვაბულების ქალაქიდან 15 ათასზე მეტი მცხოვრები გადაასახლა ახალ კვარტალებში. ბევრ მათგანს ქალაქის დატოვება არ სურდა და მაშინ მთავრობამ მღვიმის შესასვლელები ცემენტით ამოქოლა. 40 წლის შემდეგ სასო-კავეოზოს, სასო-ბარიზანოსა და ჩივიტუს რაიონები, სადაც უძველესი ქალაქი-მღვიმეები შემორჩა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს.

ანდალუსიის კლდოვანი ქალაქები, ესპანეთი

პირველი ადამიანები გუადიქსში ("სიცოცხლის მდინარე" - ასე უწოდეს ამ ადგილს მავრებმა) ჯერ კიდევ პალეოლითის დროს დასახლდნენ. კეისრის დროს რომაელები აქ ვერცხლს მოიპოვებდნენ. მათი მმართველობის ხანაში ქალაქი აყვავდა და გრენადასთან დავაც კი წამოიწყო სავაჭრო და კულტურული ცენტრის წოდების გამო.

მე-15 საუკუნეში ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, გუადიქსი მავრებისგან გაეთავისუფლებინათ და ისინიც იძულებული გახდნენ, თავი მღვიმის მაღაროებისთვის შეეფარებინათ. აქაურები ირწმუნებიან, რომ გამოქვაბულებში ცხოვრება საამურია - დღისით გრილა, ღამით თბილა, თანაც ფართობის საკითხიც მარტივად გადასაწყვეტია - თუ სივიწროვეა, კლდეში კიდევ ერთი ოთახის ამოკვეთა შეიძლება.

პეტრა, იორდანია

კლდოვანი ქალაქი პეტრა ჩვენს წელთაღრიცხვამდეა აშენებული და მთელ მსოფლიოს ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლის გადასახედიდან გადაჰყურებს. აქ გადაიღეს ფილმები ინდიანა ჯონსისა და მეორე ტრანსფორმერების შესახებ. მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ამ ერთ-ერთის ნახვა ნამდვილად ღირს.