"ყველას ვთხოვთ, ვისაც შეუძლია და ევალება, დაგვეხმაროს ნიკას მოძებნაში..." - სად გაქრა 8 წლის ბიჭუნა?
"როგორ შეიძლება პატარა ბიჭი ასე უკვალოდ გამქრალიყო, ვიღაცას ხომ მაინც უნდა შეენიშნა სადმე..."
უკვე რამდენიმე დღეა სენაკში 8 წლის ნიკა გაბეჩავას უშედეგოდ ეძებენ. ბიჭი 24 თებერვალს, დაახლოებით დღის 3 საათზე ჩავიდა ეზოში და გაქრა... ოჯახმა და მეზობლებმა, სამართალდამცველებთან ერთად, თითქმის ყველა ის ადგილი მოიარეს, სადაც ბავშვი შეიძლებოდა წასულიყო, თუმცა, ამაოდ. მშობლები შვილის პოვნის იმედს არ კარგავენ. პატარა ნიკას გაუჩინარების დეტალებზე ოჯახის მეზობელი ლამზირა შენგელაია გვესაუბრება:
- სენაკი პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს იცნობს, ბავშვის გაუჩინარებიდან რაც დრო გადის, უფრო და უფრო იძაბება ვითარება - გაბეჩავების წუხილს იზიარებს ყველა და ამავდროულად საკუთარი შვილების უსაფრთხოების ეშინიათ. როგორ შეიძლება პატარა ბიჭი ასე უკვალოდ გაუჩინარებულიყო, ვიღაცას ხომ მაინც უნდა შეენიშნა სადმე...
ჩვენს კორპუსში სულ ოთხი ოჯახი ვცხოვრობთ. ერთი წლის წინ კი ხობის ერთ-ერთი სოფლიდან გაბეჩავებიც ჩამოვიდნენ, ნიკასა და მის უმცროს დასთან ერთად და ბინა იქირავეს. როგორც ნიკას დედამ გვითხრა, საცხოვრებელი ადგილი შვილების გამო შეიცვალეს, უფრო კი ნიკას გამო. გაბეჩავებისგან ვიცით, რომ ნიკას გულის მანკი აქვს, ერთი ოპერაცია უკვე აქვს გაკეთებული, 9 წლის ასაკში კი მეორე ოპერაცია და განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება, ამიტომ დედა უმცროს ქალიშვილთან ერთად, თურქეთში წავიდა სამუშაოდ, ნიკა კი მამასთან დატოვა.
- ახლა ისევ იქ არის?
- საბრალო, მაშინვე გამოიქცა თურქეთიდან, როგორც კი ეს ამბავი შეატყობინეს. ქალი გამუდმებით ტირის, მაგრამ იმედს არ კარგავს, ცუდზე ფიქრის უფლებას ჯერჯერობით ვერავინ აძლევს თავს!
არც ნიკას მამა აღმოჩნდა უსაქმური, - ბოლო ხანს მანაც იშოვა სამუშაო, მანქანებს რეცხავს, გახარებული იყო შემოსავალი რომ გაუჩნდა. ნიკა მამის შინ დაბრუნებამდე დეიდაშვილთან, 14 წლის გოგონასთან რჩებოდა, რომელიც ყოველთვის აკონტროლებდა. ბიჭი ძალიან ყოჩაღი და შრომისმოყვარეა, ბოლო დროს ჯართს აგროვებდა და აბარებდა, მთელ ეზოს გვიყვებოდა რას და როგორ ეძებდა, ამბობდა - ფულს დავაგროვებ და ველოსიპედს ვიყიდიო. დეიდაშვილს იმ დღეს დღის სამ საათზე ეზოში კი გაუშვია, მაგრამ მალევე გადაუხედია ფანჯრიდან და დაუძახია, - ამოდიო, - ნიკას კი უპასუხია, - მალე ამოვალო. რომ დააგვიანა, გოგონამ კიდევ გადასძახა, მაგრამ ბიჭმა აღარ უპასუხა და მანაც მაშინვე ძებნა დაიწყო, ნიკას მამასაც მაშინვე დაურეკა. მანაც შეატყობინა პოლიციას. მთელი ღამე ვეძებდით...
- ნიკას გაუჩინარების შემდეგ რამდენიმე ვერსია გავრცელდა. მათ შორის ის, რომ თითქოს ბავშვი სასაფლაოზე იპოვეს გარდაცვლილი.
- საბედნიეროდ, ეს სიმართლე არ არის. ასეთი ვერსიაც იყო, რომ ბავშვი თითქოს ტაქსის მძღოლმა დაინახა რკინიგზის ლიანდაგებზე, არც ეს აღმოჩნდა მართალი.
- ალბათ ბიჭი იმ ადგილებშიც მოძებნეს, სადაც ჯართის აგროვებდა. მსგავსი ადგილები საკმაოდ სახიფათოა...
- რა თქმა უნდა, ვეძებეთ. 3 დღის განმავლობაში ლამის მთელმა ქალაქმა ყველა ადგილი შეამოწმა, სადაც ბავშვი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. მათ შორის, კანალიზაციის ჭებიც კი. ცუდზე ფიქრი არ მინდა, ღმერთმა დაიფაროს პატარა! ყველას ვთხოვთ ვისაც შეუძლია და ევალება, დაგვეხმაროს ნიკას მოძებნაში...
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)