"ერთ-ერთი საგასტროლო გასვლისას, მოახერხა და უცხოეთში დარჩა" - ვინ არის დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე, ვინც მეუფე პეტრეს შეცვლის? - კვირის პალიტრა

"ერთ-ერთი საგასტროლო გასვლისას, მოახერხა და უცხოეთში დარჩა" - ვინ არის დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე, ვინც მეუფე პეტრეს შეცვლის?

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორად ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს ვებ-ვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

"ა.წ. 10 მარტიდან ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორის თანამდებობიდან. აღნიშნული ტელევიზიის ხელმძღვანელად დაინიშნა ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მეუფე პეტრემ აღნიშნული თანამდებობდა წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დატოვა.

ვინ არის დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე?

მიხეილ ფოფხაძე, დღეს დეკანოზი მიქაელი, იგივე ლუკა ბეთანელი  გასული საუკუნის 80-იან წლებში მუსიკოსი იყო, გიტარისტი და უკრავდა როკჯგუფში "თეატრონი", რომლის სოლისტი მერაბ სეფაშვილი გახლდათ. თავისუფლებისკენ სწრაფვა ყოველთვის ჰქონდა ამ ადამიანს და ერთხელაც, უცხოეთში ერთ-ერთი საგასტროლო გასვლისას მოახერხა და უცხოეთში დარჩა. მოკლედ, ჯგუფთან ერთად ქვეყანაში აღარ დაბრუნებულა. ამის გამო, კე-გე-ბე- ს გარკვეული პერიოდის განმავლობაში როკჯგუფის წევრები დაკითხვებზე დაჰყავდა, ამის შესახებ მერაბ სეფაშვილსაც ჟურნალისტებთან არაერთხელ უსაუბრია...

მიხეილ ფოფხაძემ აშშ-ში ემიგრანტული ცხოვრება დაიწყო... წლების შემდეგ კი, მღვდლად ეკურთხა და იქ მართლმადიდებლურ ტაძარში სასულიერო ღვაწლს შეუდგა, თუმცა წლების განმავლობაში ლუკა ბეთანელის ფსევდონიმით მსახურობდა "რადიო თავისუფლების" ("ამერიკის ხმა" ვაშინგტონიდან) ქართულ ბიუროში, სადაც სისტემატურად გადმოსცემდა რეპორტაჟებს.

დეკანოზი მიქაელი უკვე 10 წელია, რაც საქართველოს დაუბრუნდა და სულიერ ღვაწლს აქ განაგრძობს. ამჟამად იგი ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარია... (წყარო)