"ვანდალიზმის არცერთი მონაწილე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, არც მათი წამქეზებლები" - "ფბგამოხმაურებები" ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე - კვირის პალიტრა

"ვანდალიზმის არცერთი მონაწილე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, არც მათი წამქეზებლები" - "ფბგამოხმაურებები" ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე

"აქამდე იმით ვამაყობდით, რომ "ველური ევროპელებისგან" განსხვავებით, მშვიდობიან მიტინგებს ვატარებთ, ვანდალიზმს არ მივმართავთო და, აჰა, ეს პრეცენდენტიც შევქმენით"

ბათუმში აქცია, რომელიც გუშინ დაიწყო, ღამით გამწვავდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის რამდენიმე ავტომანქანა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს, ასევე დაამსხვრიეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი, რომელსაც მომიტინგეების წინააღმდეგ რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება დასჭირდა.

რთული ღამის შემდეგ ბათუმში ამჟამად სიმშვიდეა. აჭარის მთავარ სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც.

მომხდას სოციალურ ქსელში მთელი ღამის განმავლობაში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, გთავაზობთ რამდენიმეს:

ზაალ ანჯაფარიძე, ანალიტიკოსი:

"ბათუმის ვანდალიზმის არცერთი მონაწილე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, და არც მათი ორგანიზატორები და წამქეზებლები, თუ ეს არ გააკეთა ხელისუფლებამ, ხვალ, ზეგ იგივე განმეორდება სხვა დიდ ქალაქებში, აქედან გამომდინარე შედეგებით...

იქნებ ჩვენმა ფსიქოლოგებმა ან ფსიქოსოციოლოგებმა ახსნან პროფესიონალურად ამ ახალგაზრდული ბიომასის ქცევის მოტივები?! ჩემთვის პრინციპში უკვე ხდება გასაგები. მაგალითად, თუნდაც იმით, რომ უკვე ერჩიან არა მხოლოდ პოლიციის არამედ ყველა მანქანებს, ანუ ხდება საკუთარი ძლევამოსილების დემონსტრირება და ის სადღაც და ვიღაცაზე უნდა გაჩერდეს."

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"აქამდე იმით ვამაყობდით, რომ "ველური ევროპელებისგან" განსხვავებით, მშვიდობიან მიტინგებს ვატარებთ, ვანდალიზმს არ მივმართავთო და, აჰა, ეს პრეცენდენტიც შევქმენით".

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:

"რომელი პარტიის მთავრობაც არ უნდა იყოს, ჩემი პოზიცია ყოველთვის იქნება, რომ სპეცრაზმმა და პატრულმა უნდა იმოქმედოს სიტუაციის შესაბამისად.

პროპორციული და ადეკვატური ძალის გამოყენება მარტო ძალის გადამეტებისგან თავშეკავებას კი არ ნიშნავს, არამედ არასათანადო რეაგირებისგანაც. გადამეტება ცუდია, მაგრამ საერთოდ სიტუაციიდან თავის გარიდება - ასევე ცუდი.

გუშინდელი არასაკმარისი რეაქციით, შსსმ პრაქტიკულად გადააწვევინა ბათუმი დამნაშავეებს და დიახ, ეგეც ძალის არაადეკვატური და არაპროპორციული გამოყენებაა, ოღონდ მინუს ნიშნით! არავითარი გამართლება ამას არა აქვს!"

გრიგოლ გეგელია, პოლიტოლოგი:

"გული მტკივა, როცა ამ კადრებს ვუყურებ. ასეთი რამ უახლეს ისტორიას ავადსახსენებელი მომენტის შემდეგ არცერთხელ არ ახსოვს.

საქართველოს პრეზიდენტმა დაუყონებლივ უნდა გამოაცხადოს განსაკუთრებული ვითარება რესპუბლიკის მასშტაბით!

პოლიტიკურმა პარტიებმა ყველამ ერთხმად უნდა დაგმონ მიმდინარე აგრესიული აქტები და ერთობლივი პასუხისმგებლობით მოითხოვონ აქციის სასწრაფოდ დაშლა!

ყველა, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს, სამოქალაქო მშვიდობას და ადამიანთა უსაფრთხოებას, უნდა იქნას დაპატიმრებული და შემდეგ საქართველოს კანონის მიხედვით გასამართლებული.

შემდეგ დღეებში, მომხდარის გამოწვევი მიზეზები სიღრმისულად და მთელ პასუხისმგებლობით უნდა გავიაზროთ რათა ამ ყველაფრიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. უნდა გავიაზროთ ის პრობლემები, რამაც ამ მომენტამდე მიგვიყვანა, რათა ისინი აღარ გამეორდეს.

თუმცა, ეს მხოლოდ მშვიდობის ჟამს. ამასობაში კი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი უპირველეს ყოვლისა! მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ელიტებს, დადგნენ ერთად მშვიდობის უკან და არცერთი წამით არ იკადრონ საკითხის დამატებითი პოლიტიზირება"

 

შალვა ოგბაიძე, საკრებულოს დეპუტატი:

"ხვალ რომ მასობრივი არეულობის რამდენიმე ორგანიზატორი დააპატიმრონ, პოლიტიკურ დევნად ჩათვლიან?"

თინა ხიდაშელი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი:

"ქვეყანა არ უნდა აირიოს! დღეს ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია! ხელისუფლებას მხრებზე თავი იმისთვის აქვს, აქამდე არ მიიყვანოს ვითარება! პატრულმა მძღოლი დააჯარიმა და პროტესტის ნიშნად მთელი ქალაქი გამოვარდა ვერსიად არ შემოგვთავაზოთ, ძალიან გთხოვთ, ამდენსაც კი არ იმსახურებს თქვენი ამრჩევი ქვეყანა! ეს ვერსია უბრალოდ სირცხვილია!

თქვენი შიდა დღის წესრიგის სამარცხვინო ამოცანებს ნუ გადააყოლებთ ქვეყანას!"

ზვიად კირთავა, ბლოგერი:

"მგონი, პროგრამა მაქსიმუმი იყო სისხლიანი დაპირისპირება და გადატრიალების მოწყობა, ხოლო პროგრამა-მინიმუმი - აჭარიდან ტურისტების გაქრობა, რომ მერე ხელისუფლებას დააბრალონ, ეკონომიკური ვარდნა თქვენი ბრალიაო!

ანუ, თუ არ გამოვიდოდა ნარატივი - "სისხლისმსმელი ხელისუფლება", მერე დაბრუნდებოდა ნარატივი - "უნიათო მთავრობა"!

ამ ყველაფრის მომწყობები და ორგანიზატორები უნდა იქნან გამოვლენილი და დასჯილი, ვინაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს!"