როგორ დავტენოთ ტელეფონი საკუთარი ენერგიით? - ქართველი ბიჭების გამოგონილი სამაჯური, ქამარი, ჩაფხუტი და კეპი ელექტროგენერატორით
"ჩვენ ადამიანის ენერგიას ვიყენებთ, რომელიც აქამდე ტყუილად იხარჯებოდა..."
16 წლის ამირან აფციაურისა და 15 წლის გიორგი შელეგიას ერთობლივმა გამოგონებებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც გვითხრეს, დიდ ჰონორარსაც სთავაზობდნენ, თუ გამოგონებას ერთი ქვეყნის სახელით წარადგენდნენ.
გიორგი შელეგია: - ჩვენი პირველი გამოგონება იყო პორტატიული ელექტროგენერატორი სამაჯურში. მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ხელის უნებლიე მოძრაობით წარმოქმნას ენერგია, რომელიც აკუმულირდება და USB-პორტის მეშვეობით მუხტავს ტელეფონს, პლანშეტსა და სხვა გაჯეტებს. ამ გამოგონებისთვის "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსზე მესამე ადგილზე გავედით. გავხდით Intel-ის სპეციალური პრიზის მფლობელებიც და კონკურსზე მიგვიწვიეს. Intel ISEF-ი ახალგაზრდა მეცნიერთა პროექტების საერთაშორისო კონკურსია, რომლის შესარჩევი ტური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 7 მილიონ სკოლაში ჩატარდა. Intel ISEF-2016 ამერიკაში, ფენიქსში გაიმართა და მონაწილეობდა 75 ქვეყნის 1.800-მდე მეცნიერ-გამომგონებელი, 800 განსხვავებული პროექტით. საქართველოს სახელით "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსის გამარჯვებულები მონაწილეობდნენ...
- სულ რამდენი გამოგონება გაქვთ?
ამირან აფციაური: - ხუთი... პირველი სამაჯური და ქამარი იყო. თუ ადამიანი ორივეს ერთდროულად ატარებს, სიარულის დროს ელექტროენერგიის გენერირებას ახდენს და შეგროვებული ენერგიით ტელეფონის დამუხტვა შეუძლია. მოძრაობას არ აფერხებს, ხელს არაფერში უშლის და ლამაზი აქსესუარიცაა. ჩვენ ადამიანის ენერგიას ვიყენებთ, რომელიც აქამდე ტყუილად იხარჯებოდა...
მეორე გამოგონებაა ყუთი, რომელიც ასევე ნებისმიერ ვიბრაციაზე იტენება.
მესამე და მეოთხე გამოგონებებია ჩაფხუტი და კეპი, რომლებსაც ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლიათ...
ჩაფხუტს სამი რეჟიმი აქვს: მაგალითად, ცეცხლთან დადებ და ტელეფონი დაიტენება, მეორე რეჟიმით, თავიდან გამოყოფილი სითბო ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, მესამე რეჟიმით კი, ჩაფხუტში დამონტაჟებული მაცივარი ირთვება და სიცხეში თავს აგრილებს... ჩვენი ჩაფხუტით ერთ-ერთი ქვეყანა დაინტერესდა, ჯარისთვის სურდათ. დიდ ჰონორარს გვთავაზობდნენ, მაგრამ ჩვენ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები ვართ.
გიორგი შელეგია: - ჩვენი ბოლო გამოგონებაა ფანჯრის ჩარჩო, რომელიც სიცივისა და სითბოსგან ელექტროენერგიას გამოიმუშავებს... შეგვიძლია ჩავრთოთ ლეპტოპი, მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, ავანთოთ შუქი, დავტენოთ ტელეფონი და ასე შემდეგ. დიდ სხვაობას იძლევა ელექტროენერგიის მოხმარების დროს და კარგი იქნება, თუ დაინერგება.
- როგორც ვიცი, ოქსფორდში მიგიწვიეს...
- საზაფხულო სკოლამ მიგვიწვია... ჩვენ განსაკუთრებული პირობით შემოგვთავაზეს საზაფხულო კურსის გავლა სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში. თუ დაფინანსება იქნება, ნიუ-იორკში ვგეგმავთ წასვლას.
ამირან აფციაური: - ვგეგმავდით გაგვეკეთებინა საიტი "ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი", სადაც უცხოურიდან თარგმნილი მეცნიერული სიახლეები განთავსდებოდა... როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციას გეგმა გავაცანით, თანადგომას- დაგვპირდნენ, შემდეგ კი გვაცნობეს, სახსრების სიმცირის გამო ვერ დაგეხმარებით, თავად ვგეგმავთ მსგავსის გაკეთებას და თუ გსურთ, ჩვენთან ითანამშრომლეთო...
პროექტი "აღმოაჩინე ქართულად" ჩვენი ახალი წამოწყებაა. საქართველოში ბევრი ვერ ფლობს ინგლისურს სამეცნიერო დონეზე და ვერ ახერხებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებას. ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა გადაწყვიტა, დაიწყოს მუშაობა ისეთ პროექტზე, რომელიც ყველა ბავშვს საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად გამოიყენოს ის რესურსი, რომელსაც წარმოადგენს ტექნოპარკი და ფაბლაბი, და დაებადოს მეტი ინოვაციური იდეა. ამისათვის შევქმენით ვებგვერდი http://inncheck.webs.com.
- როგორია თქვენი გეგმები?
გიორგი შელეგია: - უკვე არსებული პროექტების დამუშავებას ვგეგმავთ. როცა ყველაფერი მზად გვექნება, ახალ გამოგონებებზე ვიფიქრებთ. ნიჭიერი მოზარდები საქართველოში მრავლად არიან და თითოეულს მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამას ისახავს მიზნად "ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი".
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)