ზღაპრული კეთილი გოლიათი - კვირის პალიტრა

ზღაპრული კეთილი გოლიათი

"ოცნებობდა, შექსპირის ტრაგედიებიდან რომელიმე როლი ეთამაშა. მის მაგიდაზე შექსპირის წიგნი მუდმივად იდო. "რიჩარდ მესამესა" და "ოტელოს" ხშირად კითხულობდა"

დოდო აბაშიძე იყო მსახიობი, რომელიც ლეგენდად იქცა ცხოვრებაშიც და კინოშიც. იგი გარეგნულადაც ზღაპრულ კეთილ გოლიათს ჰგავდა.

მისი დებიუტი კინოში 1954 წელს შედგა ფილმით "ჭრიჭინა", რომელშიც ბიჭიკოს როლი შეასრულა. ამას ბევრი ცნობილი ფილმი მოჰყვა და მალე ის ყველა რეჟისორისთვის საოცნებო მსახიობად იქცა. შექმნა აბდუშაჰილის ("ბაში-აჩუკი"), დღვირის ("თეთრი ქარავანი"), ალუდას ("ხევსურული ბალადა"), ომარის ("მაცი ხვიტია"), სოსანას ("დიდი მწვანე ველი"), ალექსანდრეს ("სინათლე ჩვენს ფანჯრებში"), მამამზე ერისთავის ("დიდოსტატის მარჯვენა") და სხვა სახეები. და მაინც, სიცოცხლის ბოლო წლებში ინანა, რომ თეატრი მიატოვა. ოცნებობდა, სცენაზე რიჩარდ III ან ოტელო ეთამაშა.

დოდო აბაშიძე 1924 წლის 1-ლ მაისს თბილისში დაიბადა. მისი მშობლები მსახიობები იყვნენ, მაგრამ სამსახიობო განათლება არც ერთს არ მიუღია. დედას, ნინო ანდრონიკაშვილს, საფინანსო ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, მამა, ვანიკო აბაშიძე, კონსერვატორიაში სწავლობდა ვოკალის განხრით, საბოლოოდ კი მსახიობი გახდა. სანდრო ახმეტელთან მეგობრობდა, მაგრამ როგორც კი რეპრესიები დაიწყო, ლანჩხუთის თეატრის ორგანიზატორად გაგზავნეს. 1936 წელს დასი ჩამოაყალიბა და სეზონიც გახსნეს, მაგრამ მხოლოდ ორი სპექტაკლის დადგმა მოასწრო. სპექტაკლებში თვითონაც თამაშობდა. მესამე სპექტაკლზე მუშაობის დროს დააპატიმრეს და 1937 წელს ისევე, როგორც სანდრო ახმეტელი, დახვრიტეს. დოდო მაშინ 13 წლის იყო. ნინო ანდრონიკაშვილი, როგორც რეპრესირებულის ცოლი, რუსთაველის თეატრში არ მიიღეს და მუსკომედიის თეატრში გადავიდა. ცოტა ხნის შემდეგ იგი დასის ადმინისტრატორი გახდა. თავის ბიძაშვილთან, ნატო ვაჩნაძესთან ერთად სოფლებში ხშირად ჩაჰყავდა მსახიობები და მოსახლეობას ახვედრებდა.

დედის ნათელ ხსოვნას მსახიობმა ლექსი მიუძღვნა:

დედის საფლავზე

ვინღა მომეფეროს დედასავით?

ფიქრი აფთარივით მომახტება,

გულზე დამეტაკა ელდასავით

შენი საოცარი მონატრება.

ვდგავარ შენს საფლავთან თავის

მოხრით,

სხვაზე ვეღარ ვფიქრობ ამას გარდა,

წარსულს გადავხედე ამოოხვრით,

გული საგულედან ამოვარდა.

გკოცნი ნელა-ნელა, ცრემლებმოძალებით,

სიკვდილ-სიცოცხლეზე გადებულო,

შენც კი მყვარებიხარ მოკრძალებით,

ქვაო, დედის გულზე დადებულო.

ახლა შენს ქვეშაა მოქცეული,

ჩემი დედამიწის მთელი სფერო,

იქნებ შენ ჩაიდგა დედის სული,

იქნებ დედასავით მომეფერო.

იქნებ შეიწოვე დედის სისხლი,

იქნებ მისი ბოლო ამოსუნთქვა

გათბობს, ვიცი მხოლოდ ამით

მიხსნი

ქვაო, ნუ იქნები ჩემთვის გულქვა.

ქვაო, დედის ნეშტი მოგაბარე,

შენ გთხოვ, დედასავით დამირწიე,

ქვაო, დედასავით მომეფერე,

დედის მაგივრობა გამიწიე!

დოდო აბაშიძემ მისაღები გამოცდები ჩააბარა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩაირიცხა. როგორც ნიჭიერ სტუდენტს, მალე მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნეს. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი რუსთაველის თეატრის დასში ჩაირიცხა.

ომის მძიმე წლებში მაღაზიაში პურის გამყიდველად დაიწყო მუშაობა. ბევრი გოგონა მოიხიბლა სიმპათიური გამყიდველით, მაგრამ მალე ვალები დაუგროვდა და მტვირთავად მოეწყო - კინოთეატრ "სპარტაკიდან" "რუსთაველში" კინოფირები გადაჰქონდა.

თეატრიდან კინოსტუდიაში რომ გადაინაცვალა, უკვე ორ ფილმში თამაშობდა. ეს იყო ყველასთვის საყვარელი ფილმები -"ჭრიჭინა" და "მაგდანას ლურჯა". სულ 52 როლი შეასრულა კინოში.

როდესაც უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტი მარინა ახვლედიანი შეუყვარდა, მისი გულის მოსაგებად თვითონაც ამ ინსტიტუტში ჩააბარა. მართალია, სიზარმაცის გამო ერთი წლის შემდეგ გამორიცხეს, მაგრამ მარინას გული მაინც მოინადირა.

ზაზა აბაშიძე იხსენებს: "1957 წელს ლევან ხოტივარმა გადაიღო ფილმი "მე ვიტყვი სიმართლეს", რომელშიც დედაჩემი, მარინა ახვლედიანი, ქეთევანის როლს ასრულებდა, დოდო კი - უშანგის როლს. მარინა უცხო ენების ინსტიტუტში მუშაობდა. მამამ მისი ხათრით ინგლისური ენის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომ მასთან ახლოს ყოფილიყო, თუმცა სწავლას თავი მალევე მიანება. ამის შემდეგ დედაჩემთან ურთიერთობაც შეწყვიტა, ოთხი წლის შემდეგ კი ერთმანეთს ისევ შეხვდნენ გადასაღებ მოედანზე. იქ, როგორც ჩანს, გრძნობებმა თავი ისევ იჩინა და მალევე შეუღლდნენ. ჩემი მშობლების ქორწინება ახვლედიანების ოჯახისთვის დიდი ტრაგედია იყო. მათ არ უნდოდათ სიძედ მსახიობი, რომელიც განთქმული მოქეიფე და მოჩხუბარი იყო".

მსახიობი მთელ დროსა და ენერგიას მეგობრებთან ხარჯავდა. 1970 წელს იგი მეუღლეს გაშორდა. მერე რამდენჯერმე კი სცადეს შერიგება, მაგრამ არ გამოუვიდათ.

ყველასთვის ცნობილი იყო, რომ დოდო აბაშიძე როლების ტექსტებს ვერ იმახსოვრებდა. გიგა ლორთქიფანიძე იხსენებდა, რომ ფილმ "დათა თუთაშხიას" გადაღებისას მას მთელ ტექსტს კარნახობდნენ.

"გული მწყდება, რომ დოდო აბაშიძესთან, ამ შესანიშნავ მსახიობთან და მართლაც სამაგალითო ქართველ ვაჟკაცთან, მხოლოდ ერთხელ მომიხდა მუშაობა. ეს იყო ფილმში "დათა თუთაშხია", სადაც დოდომ სეთურის როლი ითამაშა. დოდო ტიპური კინოარტისტი იყო. არ უყვარდა ტექსტის სწავლა, თავს კი იმით იმართლებდა, მეხსიერების ამბავი არ მაქვს მთლად კარგადო... სიზარმაცეს ვერც სეთურის ხათრით მოერია. რა უნდა მექნა? დოდო ამ როლში მართლაც შეუცვლელი იყო და... მე თვითონ ვიკისრე სუფლიორის მოვალეობა. ამ სცენის გადაღების დროს თქვენი მონა-მორჩილი იდგა კადრს მიღმა და დოდოს ტექსტს ჰკარნახობდა. ერთხელაც დოდომ ვერ გაიგონა, რა ვუკარნახე, კისერი დაიგრძელა, ცალი თვალი მოჭუტა და ჩამეკითხა: "ჰა?" ეს იმდენად სახასიათო სცენა გამოვიდა, რომ კადრიდან ამოსაჭრელად ვერ გავიმეტე და დავტოვე. ეს ეპიზოდი შეიძლება ვინმეს უადგილოდაც კი მოეჩვენოს, მაგრამ ეს დოდოსეული "ჰა?!" ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი კადრია...

ერთი-ორჯერ ვნახე დოდო ჩხუბის დროს და იცით, რა დამემართა? იმ წუთებში ჩემ თვალწინ "ვეფხისტყაოსანი" გაცოცხლდა და თვალნათლივ დავინახე, რას ნიშნავდა "კაცი კაცსა შემოვსტყორცნე..." დოდო აბაშიძე ჩემთვის იყო ტარიელიც, ავთანდილიც და ფრიდონიც, ის იყო ჩემთვის ქართველი გმირის განსახიერება - ფიზიკურად უძლიერესი კაცი, ბავშვური სილაღით. ვერც ერთი ოსკაროსანი, რომელსაც ეს ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მიუღია, ვერ მივა დოდო აბაშიძის სოსანასთან, რომელიც მან განასახიერა ფილმში "დიდი მწვანე ველი".

გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ვნახე დოდო. ეს უზარმაზარი ვაჟკაცი დაპატარავებული იწვა საწოლზე, თუმცა, სენიც და სიკვდილიც მხოლოდ ხორცზე ზეობს. ლეგენდები არც ავად ხდებიან და არც კვდებიან."

გიორგი შენგელაიაც იმავეს იხსენებს - "ვერის უბნის მელოდიების" გადაღებისას უკნიდან ვკარნახობდით, როდის რა ეთქვაო.

ზაზა აბაშიძე: "მამა იმპროვიზაციას ხშირად მიმართავდა. მაგალითად, "ვერის უბნის მელოდიებში" არის სცენა, როდესაც პოლიციის უფროსი (დოდო) და ვაჭარი (რამაზ ჩხიკვაძე) საუბრობენ. იქვე იხვი ზის, რომელმაც ხმა გამოსცა, რაც სცენარში გათვალისწინებული არ ყოფილა. ამ დროს დოდომ იკითხა, ეს რა არისო. რამაზიც არ დაიბნა და უპასუხა, ჩიტია, გულნარაო.

პუნქტუალური იყო. შუაღამეს რომ მოსულიყო სახლში, თუნდაც ნაქეიფარი, დილით მაინც დროულად ადგებოდა. გადაღებაზე დაგვიანება არ უყვარდა.

ბოლო წლებში სცენა მოენატრა და განიცდიდა, თეატრიდან რომ წამოვიდა. ენატრებოდა სცენაზე თამაში, ოცნებობდა, შექსპირის ტრაგედიებიდან რომელიმე როლი ეთამაშა. მის მაგიდაზე შექსპირის წიგნი მუდმივად იდო. "რიჩარდ მესამესა" და "ოტელოს" ხშირად კითხულობდა".

ბოლო ფილმი, რომელშიც დოდო აბაშიძე მონაწილეობდა, იყო "ფესვები". მან ემიგრანტი ქართველი განასახიერა, მაგრამ ფილმის დასრულებას ვეღარ მოესწრო - 65 წლისა მისი მონტაჟის დროს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1989 წელს, მას რუსეთის კინოაკადემიის პრემია "ნიკა" მიენიჭა.

გარდაცვალებამდე რეჟისორის ამპლუაშიც სცადა ბედი - სერგო ფარაჯანოვთან ერთად გადაიღო "სურამის ციხე". "სურამის ციხე" მისი, როგორც რეჟისორის, პირველი და უკანასკნელი ფილმი იყო - მეტის გადაღებას არც ფიქრობდა, სამაგიეროდ, აპირებდა კიდევ ბევრი როლის თამაშს, მაგრამ ვერ მოასწრო.

ინსულტის შემდეგ ვეღარ მოძრაობდა. ორი წელი ძალიან იწვალა. ავადმყოფობის ბოლო თვეებში ყოფილ მეუღლეს დაურეკა და სთხოვა, მასთან მისულიყო, მაგრამ მარინა არ მივიდა.

მეგობრებს დავრდომილი დოდოს ნახვა ძალიან უჭირდათ. ერთი მეგობარი ჰყავდა, ნოდარ ყანჩაველი. ერთხელ საავადმყოფოში მივიდა მის სანახავად. იქიდან გაფითრებული გამოვიდა და მას მერე აღარც მისულა.

დოდო აბაშიძე 1990 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

იხილეთ ასევე: "თვითონ სხვას არასოდეს დაჩაგრავდა, მაგრამ მისი დაჩაგვრაც შეუძლებელი იყო..." - ქართული კინოს რაინდი

იხილეთ ფოტოგალერეა: გენიალური ქართველი მსახიობი დოდო აბაშიძე