გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც ნეპალში ბავშვებისთვის სოციალურ სახლს აშენებს - კვირის პალიტრა

გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც ნეპალში ბავშვებისთვის სოციალურ სახლს აშენებს

ნანო ლიკლიკაძე 23 წლისაა, ანაპოლისში ცხოვრობს (აშშ, მერილენდის შტატი) და მეოთხე წელია, იმავე ქალაქის უნივერსიტეტში, St. John's College-ში სწავლობს. ქართველი სტუდენტი ამჟამად ნეპალში მიემგზავრება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალურ სახლს ააშენებს. გრანტი ნანომ და მისმა მეგობარმა მოიგეს და ახლა ნეპალში ერთად მიემგზავრებიან. სანამ ამ თემაზე ვრცლად ისაუბრებს, მანამდე გიმბობთ, როგორ მოხვდა თბილისელი გოგონა ჯერ ჩეხეთში, შემდეგ კი ამერიკაში.

"ვსწავლობდი პრაღაში, სკოლა რომ დავამთავრე, თავისუფალი მეცნიერებების მიმართულებით უნივერსიტეტებს ვეძებდი და აღმოვაჩინე კოლეჯი, რომელშიც ახლა ვსწავლობ. ამ სასწავლებლით მაშინვე დავინტერესდი, მერე მოვიპოვე დაფინანსება და დავიწყე სწავლა", - ამბობს ნანო. პრაღაში ის და მისი ოჯახი მაშინ აღმოჩნდა, როდესაც მამა, ცნობილი ჟურნალისტი - კობა ლიკლიკაძე "რადიო თავისუფლებამ" იქ სამუშაოდ მიავლინა.

"ერთ დღესაც, მამამ გვითხრა, საცხოვრებლად პრაღაში უნდა გადავიდეთო, - ეს რომ გავიგე, დავნაღვლიანდი, რადგანაც სკოლაში კარგად ვსწალობდი, მეგობრები მყავდა, მომწონდა თბილისში ცხოვრება.

მოკლედ, იქ წასვლა არ მომინდა, თან, მაშინ ინგლისური ენაც სათანადოდ არ ვიცოდი, საქართველოს გარეთ, უცხოეთში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ რადგან ოჯახი მიდიოდა, მეც წავედი, თუმცა ძალიან გამიჭირდა," - ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომელიც მაშინ მეცხრეკლასელი იყო და პრაღაში ჩასული, მთელი წელი მამას სთხოვდა, იქნებ მე მაინც წავიდე აქედან, თბილისში ვისწავლი, ბებოსთან ვიცხოვრებო. მამამ ურჩია, წელიწად-ნახევარი მოეცადა და თუ ვერ შეგუებოდა იქაურობას, მაშინ წამოსულიყო თბილისში.

- და, როგორც ჩანს, მოგეწონა პრაღა...

- კი. ენა ვისწავლე, ბაშვებთან დავმეგობრდი, ინგლისურ სკოლაში ვსწავლობდი. სხვადასხვა აქტივობებში ვმონაწილეობდი და იქ ყოფნით უკმაყოფილო აღარ ვიყავი... ამასთან, ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი მშობლებიც და და-ძმა. მე უფროსი შვილი ვარ, შემდეგ ჩემი ძმაა, რომელიც პრაღაში პოლიტიკურ მეცნიერებას სწავლობს და გვყავს უმცროსი და, რომელიც იმ სკოლის მოსწავლეა, სადაც მე დავდიოდი. დედა ჩეხებს უნივერსიტეტში ქართულს ასწავლის, ბევრ კარგ საქმეშია ჩართული და მოსწონს, რასაც აკეთებს.

- თუმცა, ახლა ამერიკაში დამოუკიდებლად ცხოვრობ. არ გიჭირს?

- არა, ჩემი თავი ვიპოვე. პირველ წელს მარტო ვიყავი ქალაქში, გარშემო არავინ მყავდა. ახლა გარემოსთან შეგუებული ვარ, ადამიანები, ვინც ირგვლივ მყავს, მომწონს. დამოუკიდებლად ცხოვრება არ არის ადვილი, მაგრამ მეორე მხრივ სასარგებლოა, ბევრ რაღცას სწავლობ. მომწონს, რომ ჩემს ცხოვრებას თვითონ ვმართავ...

- მოგვიყევი ნეპალში რა გეგმები გაქვს?

- შარშანაც მქონდა მცდელობა, გრანტი მომეგო, როგორც ახლა, მაგრამ შარშან რაღაც არ გმოვიდა. იმ ორგანიზაციას (Project for Peace), რომელმაც გრანტი მოგვცა, მშვიდობის პროექტს ახორციელებს, დამფუძნებელი ქალია - ქეთრინ ვასერმან დევისი. 100 წლის იყო, როდესაც ახალგაზრდული პროექტების დასაფინანსებლად 1 მილიონი დოლარი გამოყო. განათლებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ფილანტროფი იყო. ამ პროექტების მთავარი მიზანი, მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაა. უკვე 17 წელია, არსებობს და წელიწადში 100 პროექტს აფინანსებს.

შარშან, მე და ჩემმა მეგობარმა, ლიზი ახვლედიანმა, რომელიც უნვერსიტეტში ჩემთან ერთად სწავლობს, მოვამზადეთ პროექტი - პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. გვინდოდა, მათთვის გვესწავლებინა, როგორ შეუძლიათ თბილისში ჩამოსვლა, თუნდაც სხვა ქვეყანაში წასვლა განათლების მისაღებად. მოკლედ, გვესწავლებინა, საკუთარი თავის რეალიზაცია. კარგი პროექტი იყო, მაგრამ ჩვენმა უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ ორი გოგოსთვის პანკისის ხეობაში წასვლა სახიფათო იქნებოდა. ვუხსნიდით, რომ არ იყო საშიში, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა...

არ დავნებდი და წელს, ნეპალელ მეგობრებთან ერთად, ახალი პროექტი წამოვიწყე. ეს ცოტა სხვა ტიპის პროექტია, ვეხმარებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, პატარებს. იცით, რომ იქ შშმ ბავშვების მიმართ არის დიდი სტიგმა. შეიძლება ისინი მშობელმა ქუჩაშიც დატოვონ. ამის შესახებ ჩემმა ნეპალელმა მეგობრებმა უფრო ვრცლად მოგვიყვნენ. მშობლებისგან მიტოვებული და პრობლემების მქონე ბავშვებისთვის გადარჩენის ერთადერთი ადგილი სპეციალური სკოლაა, რომელიც ეხმარება, თავშესაფარს აძლევს. ჩვენ სწორედ იმ სკოლას დავუკავშირდით და დახმარებას შევპირდით. ჰოდა, ახლა იქ ფიზიოთერაპიის ოთახს ვაშენებთ, რაც მეტად სჭირდებათ, დავდგამთ შესაბამის აღჭურვილობას, ტრენინგებს ჩავატარებთ, მოვამზადებთ იმისთვის, თუ როგორ გამოიყენონ ეს ყველაფერი. პროექტმა 10.000 დოლარი მოიპოვა და ამ თანხას, ამ ყველაფერს მოვახმართ. (გაგრძელება)

ლალი ფაცია

AMBEBI.GE