ნონა გაფრინდაშვილი: "3 ქორწილი მქონდა"
ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში. ამ დიდ წარმატებას 21 წლის ასაკში მიაღწია, მერე კი ეს სიხარული კიდევ ოთხჯერ განიცადა. იმდენი პრიზი აქვს მიღებული, ადამიანს სათვალავი აგერევა. ინტერვიუს ქალბატონ ნონასთან ჟურნალი "გზა" აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:
- ოჯახში სანატრელი გოგო იყავით?
- ოთხი ბიჭის შემდეგ, ბუნებრივია, გოგოს დაბადება ოჯახში დიდი სიხარული იყო. ამიტომ ჩემი თბილისში გამოშვება ძალიან უჭირდათ. მაშინ ზუგდიდში გოგონებისთვის ჭადრაკის წრე არ არსებობდა. ჩემი დეიდა და ბიძა თბილისში ცხოვრობდნენ, მათ მემკვიდრე არ ჰყავდათ. როცა ნახეს, ჭადრაკს კარგად ვთამაშობდი, ჩემებს არაერთხელ უთხრეს, - გამოუშვით, ჩვენთან იცხოვროსო.
- პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, ვილჰელმ სტეინიცი ამბობდა: ჭადრაკი უნებისყოფო ადამიანების თამაში არ არისო. ეთანხმებით?
- რა თქმა უნდა, ვეთანხმები. ერთხელ ერევანში, მამაკაცებს შორის, ჩემპიონატი ტარდებოდა და მე სტუმრის სტატუსით მიმიწვიეს. იქ ფიზკულტურის ინსტიტუტის ფსიქოლოგიური განყოფილების წარმომადგენლებმა მოჭადრაკეებს ტესტი ჩაგვიტარეს. ჩემი და ტალის (ცნობილი რუსი დიდოსტატი მიხეილ ტალი) პასუხები ერთმანეთს დაემთხვა. ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო, - "რა გირჩევნიათ, 2 ყაიმი თუ ერთი მოგება და ერთი წაგება?" ჩემი პასუხი იყო: "ერთი მოგება და ერთი წაგება". პარტიას რომ წავაგებდი, ერთი სული მქონდა, როდის დავჯდებოდი სათამაშოდ. არავითარ შემთხვევაში ყაიმზე არ ვფიქრობდი. ძალიან ძლიერი მოჭადრაკეები, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონი კაცებიც კი წაგების შემდეგ, პარტიას ძალიან მოზომილად თამაშობდნენ.
- ჭადრაკის ფიგურებიდან გამორჩეულად რომელიმე გიყვართ?
- ყველა ფიგურა მიყვარს, რომელიც მოგებას მომიტანს. წლების წინ, სუნამოები გამოუშვეს: "დედოფალი ნონა" და "პაიკი ნანა" ალექსანდრია. ნანამ იკითხა, რატომ პაიკიო? ეს დედოფალში გამსვლელი პაიკიაო, - უპასუხეს.
აქ ყველაზე პატივსაცემი მეფეა, ყველაზე მეტი დედოფალს შეუძლია, მაგრამ დანარჩენ ფიგურებსაც თავისი როლი და დანიშნულება აქვთ. პაიკი გადის ბოლომდე. მას შეუძლია, მეფე გააცოცხლოს.
- თქვენს ოჯახზე მიამბეთ.
- ჩემი მეუღლე პროფესიით ექიმი და ამავე დროს, საკავშირო კატეგორიის მსაჯი გახლდათ. ერთმანეთი ბაქოში გავიცანით, მე მომამაგრეს, როგორც ქართველს. მერე ისიც საქართველოში დაბრუნდა, კარგი ურთიერთობა გვქონდა, ერთმანეთს ვხვდებოდით. ოჯახი 29 წლის ასაკში შევქმენი. ორსულობის პერიოდს თამაშში ხელი არ შეუშლია. მეუღლე დიდი ხნის წინ გარდამეცვალა. 1 შვილი და 2 შვილიშვილი მყავს.
- როგორი ქორწილი გქონდათ?
- 3 ქორწილი გვქონდა: ერთი ქორწილი ჩემმა ოჯახმა გადაგვიხადა, მეორე - მეუღლის ოჯახმა და მესამე ქორწილი ჩემმა ძმამ, ზუგდიდში გადაიხადა.
- თქვით, ბაზარში დავდიოდიო. როგორი კულინარი ხართ?
- აქტიური მოჭადრაკე რომ ვიყავი, მაშინ მოჭადრაკეებს შორის მგონი, გამონაკლისი ვიყავი, ვინც ოჯახში კერძებს ამზადებდა. ზოგმა მხოლოდ სალათის მომზადება იცოდა. დედა მყავდა ძალიან კარგი კულინარი, მას ვუყურებდი, ვაკვირდებოდი, რას როგორ ამზადებდა და მისგან ყველაფერი ვისწავლე. მხოლოდ, ცომეულს იშვიათად ვამზადებდი, "ბლინჩიკს" თუ არ ჩავთვლით, რომელიც ჩემს ოჯახში ყველას უყვარს.
თამუნა კვინიკაძე