"არის შემთხვევები, როდესაც მშობლები არასრულწლოვან შვილებს აიძულებენ სექსმუშაკად მუშაობას" - როგორ ყვლეფენ ტურისტებს ქართულ ბარებსა და კლუბებში?! - კვირის პალიტრა

"არის შემთხვევები, როდესაც მშობლები არასრულწლოვან შვილებს აიძულებენ სექსმუშაკად მუშაობას" - როგორ ყვლეფენ ტურისტებს ქართულ ბარებსა და კლუბებში?!

"მაქვს ფაქტები, როდესაც სპეციალურ ბუკლეტებს არიგებენ სტამბოლში, იზმირსა და სხვა თურქულ ქალაქებში, რომელშიც მითითებულია აჭარაში არასრულწლოვანთა სექსუალური მომსახურებისთვის აქა და აქ უნდა მიხვიდე, თბილისში კი - აქა და აქო"

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პროსტიტუცია ლეგალიზებული არ არის, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბიზნესი ქვეყანაში კარგადაც კია ორგანიზებული, მით უფრო ჩვენს დედაქალაქში. პროსტიტუციის კერების არაკანონიერი ფუნქციონირება თავის მხრივ უამრავ უკანონობას წარმოშობს, არასრულწლოვანთა პროსტიტუციიდან დაწყებული, ტრეფიკინგით დასრულებული, რაზეც დიდი ხანია წერს მედია, ლაპარაკობენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

გარკვეული ხნის წინ ამ თემას პრემიერიც შეეხო. რამდენიმე დღის წინ კი შსს-ს მხრიდან პრევენციის მიზნით კონკრეტული ნაბიჯები იქნა გადადგმული. როგორც ვიცით, 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჩატარებული რეიდების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბარიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით მიიყვანეს: 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი; ასევე, 56 მამაკაცი, მათ შორის, 15 ქართველი და 41 უცხოეთის მოქალაქე.

შექმნილ ვითარებაზე გვესაუბრება საქართელოს ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე გიორგი ბურჯანაძე:

- ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, მხედველობაში მაქვს ღონისძიება, რომელიც შსს-მ განახორციელა შესაძლოა 2 ახსნა ჰქონდეს. ერთი ის, რომ მართლაც კონკრეტულად დაიწყო შსს-მ მსგავსი გარყვნილების ბუდეების ლოკალიზება; მეორე - ისმის კითხვა, ამით ხომ არ მიუთითებენ აღნიშნული დაწესებულებების მესვეურებს, ფული, რომელიც გარკვეულ ჩინოვნიკებთან გაქვთ გასაგზავნი დროულად გააგზავნოთო, ანუ კორუფციული მექანიზმი ხომ არ გაძლიერდა.

- რატომ ფიქრობთ ასე?

- მოგახსენებთ, ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტები, ფირები, ის მასალები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდება, ცხადყოფს, რომ რატომღაც სეზონურად ახსენდება შსს-ს ეს ადგილები. თქვენ რა გგონიათ, რადგან იქ დაიჭირეს ვიღაც, ის ხვალ და ზეგ აღარ იმუშავებს? აღნიშნული სახის პრევენციები, არაფერს ასწორებს. გამიხარდება, თუ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა და მე ვცდები...

არავის ეგონოს, რომ ღამის კლუბში მხოლოდ და მხოლოდ პროსტიტუციის პრობლემა მძვინვარებს, არამც და არამც.

- თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

-  მოგეხსენებათ, უამრავი სქემა მუშაობს, თუ როგორ მიმდინარეობს ტურისტების გაღლეტვა მსგავს კლუბებსა თუ ბარებში. ვთქვათ, შედის ევროპიდან ჩამოსული ტურისტი, რომელიც პირობითად ვისკის დალევას გეგმავს, ჯერ ყოველ შემთხვევაში. სინამდვილეში რა ხდება - 78 დაზარალებული გვყავს, რომელიც გვიყვება ერთი და იგივე სცენარს - მსგავსი ვისკი ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ღირს 150-200 დოლარი. ამავე განწყობით შედის ეს ტურისტი თბილისურ კლუბშიც. დალევს და გასვლისას, როგორ გგონიათ, რას მოსთხოვენ საფასურს?

- არ ვიცი.

- 1500-2000 ლარამდე. ამაზე გიჟდება ტურისტი, ეს ხომ სტანდარტული, ესა და ეს სასმელია და რატომ მეუბნებით ამხელა ფასსო?! ითხოვს კორექტირებას, ამ დროს 2 ბეხლეწი დაადგება თავზე და ეუბნება: არა, ბატონო, ჩვენთან ეს სასმელი ამდენი ღირს. ერთი კვირის უკან იყო ფაქტი, როდესაც ერთ-ერთ ინდუს მოქალაქეს შამპანურ სასმელში 50000 ლარი მოსთხოვეს. ეს ყოვლად არაადეკვატური ფასია, მაგრამ კანონმდებლობის თანახმად მსგავს დაწესებულებაში თუ მენიუს არ გაეცნობი და წარმოდგენილი ფასი ქვითართან ერთად გადმოგეცემა, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კანონიერადაა და შესამოსვლების სამსახურში რეგისტრირდება შემოსავალი, აღნიშნული ჭიქა, ჩვეულებრივ იბეგრება. როგორ გგონიათ ის ტურისტი აქ პირს იზავს როდესმე? - არამც და არამც.

ახლა მეორე მექანიზმს გაგაცნობთ - ადამიანი სექსუალური მომსახურებისთვის შედის კონკრეტულ დაწესებულებაში. შეუკვეთავს სასმელს, მიდის მასთან სექსმუშაკი და სთხოვს, მეც დამპატიჟეო. მამაკაცი პატიჟებს და მანდილოსანი, რატომღაც ზუსტად ამ 2000 ლარიან სასმელს ირჩევს, რომლის მირთმევის შემდეგაც პირველ შემთხვევაში განვითარებული სცენარის ფინალამდე მივდივართ.

არსებობს ასეთი სქემაც - თუ დაწესებულების სტუმრის საფულე სქელის შთაბეჭდილებას ტოვებს, მიდის მასთან სექსმუშაკი, თხოვნით "დამპატიჟეო". ოღონდ ამჯერად შედარებით დაბალფასიან 150-200 ლარიან სასმელს მოითხოვს. მიირთმევენ და სასტუმროსკენ აიღებენ გეზს სექსუალური მომსახურებისთვის. ჯდებიან ტაქსიში, გზად, მამაკაცი მედიკამენტის მოქმედებას გრძნობს, რომელიც ქალმა სასმელთან ერთად შეაპარა მალულად. ამ დროს ეს მამაკაცი გონებით აზროვნებს, ხედავს, გრძნობს, მაგრამ პარალიზებულია, განძრევა არ შეუძლია, პირსაც ვერ აღებს. შესაბამისად, სექსმუშაკი ძარცვავს, აუცილებელი წინაპირობაა რომ აღნიშნული მოქალაქის პასპორტი თან უნდა წაიყოლოს.

- პასპორტი რისთვის სჭირდება?

- მოგეხსენებათ, ჯანზე მოსული "კლიენტი" მარტო, ან მეგობართან ერთად, მიდის კლუბში, საიდანაც სექსმუშაკი წამოიყვანა. ყვება მომხდარზე და მოითხოვს პასპორტისა და თანხის დაბრუნებას. საქმეში ერთვებიან გაკვირვებული დაცვის თანამშრომლები - როგორ აქ მოხდა ასეთი რამ? ის უყვება, - კი, აქ ვიჯექი, ამდენი გადავიხადე, - იხსენებს დეტალებს. ამის შემდეგ, სიმშვიდის შენარჩუნების პირობით, აძლევენ სექსმუშაკის ამოცნობის საშუალებას. დაზარალებული, რა თქმა უნდა, ამოიცნობს. დაცვა მის მონაცემებს გაეცნობა და გაოცებული რჩება - როგორ, ეს არასრულწლოვანია?! როგორ შემოგვეპარა ამ კლუბში?! სასწრაფოდ გააგდეთ! მითუმეტეს ეს პატივცემული მამაკაცი ამტკიცებს სექსმუშაკი ყოფილა, ჩვენ კი გვეგონა დედასთან ერთად გვსტუმრობდა. პარალელურად კი "კლიენტს" უხსნის, რომ ქართული კანონმდებლობით არასრუწლოვანთან სექსუალური ურთიერთობა კანონით ისჯება და რომ მოვალენი არიან, ამ ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობონ. სთხოვენ დაწეროს განცხადება, რათა განყოფილებაში გადაიყვანონ და საქმეს მსვლელობა მისცენ. მამაკაცი გიჟდება, რა შარში გავყავი თავიო. დაცვას სთხოვს, დამიბრუნეთ პასპორტი და დამანებეთ თავიო და უკანმოუხედავად გარბის.

ეს სქემები დეტალებში ვიცით, არა მხოლოდ დაზარალებულების მხრიდან. არა ერთი სექსმუშაკი პრობლემების გამო ჩვენ მოგვეკედლა და ისინიც გვაწვდიან ინფორმაციას.

- მოკედლება რატომ დასჭირდათ?

- რატომ და, ადრე თუ აღნიშნული სქემით მიმდინარეობდა ძარცვა, შემდეგში, მოხდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც გზად ამ მძარცველ სექსმუშაკებს ტაქსისტები ძარცვავდნენ. ჯანზემოსული კლიენტი რომ მოდიოდა დაცვასთან, ეუბნებოდა, იცი, დაცვის უფროსო, მე ამ გოგომ 5000 დოლარი ამომაცალაო და ამ დროს გოგოს ნახევარიც არ ჰქონდა მიტანილი ადგილზე, ცხადი ხდებოდა, რომ რაღაცაშია საქმე. ახლა ცვლილებები შეიტანეს აღნიშნულ სქემაში, რომლის მიხედვითაც სექსმუშაკი ვალდებულია ჩაჯდეს იმ კონრეტულ ტაქსიში, რომელიც ახალი რგოლის სახით დაემატა კორექტირებულ სქემას.

რაზეც გესაუბრებით ყველაფრის დამადასტურებელი ვიდეო და აუდიო მასალა გვაქვს, რომელსაც ახლო მომავალში საზოგადოებაც ნახავს. არ ვამბობ, რომ ჩვენი აქტიურობითა და მონიტორინგებით საქართელოში პროსტიტუციას აღმოვფხვრით, ერთადერთი რაც ყველაზე მეტად მაღელვებს და მტკივა - ამ საქმეში არასრულწლოვნების ჩართულობაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ არასრულწლოვნები ჩამოვაცილო ამ კორუმპირებულ და გარყვნილ სფეროს. არის შემთხვევები, როდესაც მშობლები არასრულწლოვან შვილებს თვითონ აიძულებენ სექსმუშაკად მუშაობას, რათა ფული მიიტანონ შინ.

მაქვს ფაქტები, როდესაც სპეციალურ ბუკლეტებს არიგებენ სტამბოლში, იზმირსა და სხვა თურქულ ქალაქებში, რომელშიც მითითებულია აჭარაში არასრულწლოვანთა სექსუალური მომსახურებისთვის აქა და აქ უნდა მიხვიდე, თბილისში კი - აქა და აქო. ასევე მითითებულია ისიც, რომ ამ დაწესებულებებში ნებისმიერი სახის სექსუალურ მომსახურებას მიიღებენ.

არ შეიძლება 2-3 გარყვნილი ჩინოვნიკის აზრებს, იდეებს დაექვემდებაროს ჩემი, თქვენი და ქვეყნის აზროვნება. მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს იმ სიტყვებისათვის, რომელიც მან თქვა მთავრობის სხდომაზე, რომ კრიმინალური და გარყვნილების სფეროდ გადაიქცა ღამის კლუბები. მოვუწოდებ შსს-ს გააგრძელოს დაწყებული ღონისძიებები და ნუ შემოიფარგლება ერთჯერადი ქმედებებით.

ეკა სალაღაია (სპეციალურად საიტისთვის)