"ალამ მითხრა, ბუბა, ძალიან მომენატრეო"
"ლაიმას უთხოვია ნანისა და ვალერისთვის, "თბილისო" იმღერეთო. ადრე მოსკოვში ალა პუგაჩოვას საღამოზე ვიმღერეთ მე, ნანიმ, ვალერიმ და თამრიკო გვერდწითელმა. განსაკუთრებულად უყვართ იქაურებს "თბილისოც" და ნანიც"
"ჩემს იუბილეს ალა პუგაჩოვა და გალკინი და კიდევ ბევრი მსოფლიოში ცნობილი მომღერალი დაესწრება"
ახლახან ინტერნეტში ვიდეო დაიდო, სადაც ოთხი ქართველი - ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ვალერი მელაძე - ასრულებს სიმღერას "თბილისო" და რამდენიმე დღეში მილიონზე მეტი ნახვა მოიპოვა. 4 ქართველის გამოსვლა იურმალაში ფესტივალ "რანდევუს" მსვლელობისას ჩაწერეს.
ამის შემდეგ ბუბა კიკაბიძე ბაქოში, ფესტივალ""ჟარაზე" გაემგზავრა. ცნობილი მომღერალი "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრება:
- მშვენიერი ფესტივალი იყო. ყველანი კარგად შემხვდნენ - კოლეგებიც და მსმენელებიც. ერთი რამ მოხდა, რამაც, ცოტა არ იყოს, გამაკვირვა - სცენაზე რომ ავედი, მთელი დარბაზი ფეხზე ადგა."პოპური შევასრულე, ბულატ ოკუჯავას სიმღერა და "მიმინო". იყო ბევრი ტაში, სცენიდან აღარ მიშვებდნენ.
- ალა პუგაჩოვასთან ერთად ხართ ფოტოზე.
- ალამ მითხრა, ბუბა, ძალიან მომენატრეო. ფესტივალი "ნოვაია ვოლნა" დაკეტეს, ახლა ლაიმა ვაიკულე და მისი მეგობრები ჩაუდგნენ სათავეში - სულ სხვა საერთაშორისი ფესტივალი -"რანდევუ" ჩაატარეს. მეც ლაიმას მიწვევით ჩავედი.
- დაგეგმილი გქონდათ "თბილისოს" შესრულება, თუ იქ გადაწყდა მოულოდნელად?
- ლაიმას უთხოვია ნანისა და ვალერისთვის, "თბილისო" იმღერეთო. ადრე მოსკოვში ალა პუგაჩოვას საღამოზე ვიმღერეთ მე, ნანიმ, ვალერიმ და თამრიკო გვერდწითელმა. განსაკუთრებულად უყვართ იქაურებს "თბილისოც" და ნანიც.
- იურმალიდან ბაქოში ჩახვედით ფესტივალ "ჟარაზე".
- 4 დღე გრძელდებოდა ფესტივალი. ვნახე გრიგორი ლეპსი, ლევ ლეშენკო, სოსო პავლიაშვილი, რუსული შოუბიზნესის გოგოები... როგორ ხართ, მოგვენატრეო, ბევრი თბილი სიტყვა ვუთხარით ერთმანეთს. ყველა მეუბნებოდა, ძალიან გვინდა თბილისში ჩამოსვლაო. მერე ვინ გიშლით, თბილისი ისევ ლამაზი, თბილი, მშვიდობიანი და სტუმართმოყვარე ქალაქია-მეთქი.
- თვითონ არ დაგპატიჟეს რუსეთში?
- არა, ყველამ იცის, რომ მე რუსეთში კატეგორიულად არ ჩავდივარ.
- ფოტოები ვნახე, სადაც ლეილა ალიევასთან ერთად ხართ.
- ლეილა ალიევა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილია - ძალიან ჰგავს დედას, მეჰრიბან ალიევას. ყავა მივირთვით, თან ვიმუსაიფეთ. მოვუყევი, როგორ შევხვდით პირველად მე და ბაბუამისი მრავალი წლის წინ ბაქოში გამართულ საკავშირო კინოფესტივალზე. "ჟარას""ორგანიზატორები მომღერალი ემინი და ლეილა არიან. ემინი ალიევების ოჯახის წევრია (ლეილა ალიევას ყოფილი მეუღლე. - ავტ.).
- როგორც ამბობენ, ემინს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, კლიპშიც ჰყავს გადაღებული.
- ასეთი რამ მეც გამიგონია. ემინმა მითხრა, თქვენს იუბილეზე აუცილებლად ჩამოვალო. იუბილეს ალა და გალკინი და კიდევ ბევრი მსოფლიოში ცნობილი მომღერალი დაესწრება. მანამდე კი 18 აგვისტოს, ტრადიციულად, ბათუმში ვაპირებ კონცერტის გამართვას. ჩემთან ერთად იმღერებენ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ლიზა ბაგრატიონი.
- კინოკარიერაში რა სიახლე გაქვთ?
- ჩემი სცენარი, რომელსაც ჰქვია "დიაგნოზი ქართველი" მაქვს გადასაღები, თანხები უნდა მოვიძიო.
- თქვენი და გიორგი დანელიას ტანდემი წარმატების მომტანი აღმოჩნდა.
- გიორგი ჩემზე 8 წლით უფროსია. ახლა ცოტას ავადმყოფობს, ტელეფონით ვეკონტაქტები. დღეს საუკეთესო მეგობრები ვართ, თუმცა, როცა გავიცანი, ძალიან არ მომეწონა. ეს სასტუმრო "საქართველოში" მოხდა, როცა ბენჟამინ ღლონტის როლის შემსრულებელს ეძებდა. იმდენს ეწეოდა, კინაღამ დავიხრჩვე. სერიოზული იყო, სიცილზე ლაპარაკი ზედმეტია - არც იღიმოდა. მერე, როლზე რომ დამამტკიცეს, გასტროლებიდან დაბრუნებულს აეროპორტში ვიღაც კაცი დამხვდა, მიცინოდა. ნაცნობი სახე ჰქონდა, ვფიქრობდი, სად მინახავს-მეთქი... ძლივს ვიცანი, დანელია იყო. მას შემდეგ ჩვენი მეგობრობა ნახევარ საუკუნეზე მეტია გრძელდება.
ბენჟამინ ღლონტის როლი ჩემთვის ყველაზე საყვარელია. ამას წინათ "მიმინო" ვნახე, იმდენი ვიცინე, ლამის გავიგუდე. დღეს ასეთ ფილმებს აღარ იღებენ. ეკრანებზე სულ მეძავებია, "კანონიერი ქურდები", მილიონერები... აღარ არიან ძველი რეჟისორები, კომპოზიტორები და მწერლები.
"ახალგაზრდებს მაისურებზე მიწერილი ჰქონდათ - "ლარისუ ივანოვნუ ხაჩუ"
სოსო აბზიანიძე, პროდიუსერი: - რიგაში ჩასვლისთანავე აეროპორტის თანამშრომლებმა მოუწყვეს ბუბას შეხვედრა, ხელს ართმევდნენ, ტკბილეულს სთავაზობდნენ, თბილ სიტყვებს ეუბნებოდნენ, ავტოგრაფს ართმევდნენ. გასტროლებზე ჩასულთ ტრანსპორტთან ერთად ყოველთვის გვთავაზობენ დაცვას, ბუბა ყოველთვის უარს ამბობს. იურმალაში არ იცით, რა მოხდა? - წესით, ყველა მომღერალს ერთი სიმღერა უნდა შეესრულებინა, ბუბამ კი სამი შეასრულა. ქართული დღე იყო იურმალაში, რომელიც "თბილისოთი" დახურეს.
ფესტივალზე ახალგაზრდებს მაისურები ეცვათ, რომელსაც ვალიკო მიზანდარის ცნობილი ფრაზა - "ლარისუ ივანოვნუ ხაჩუ" - ჰქონდა მიწერილი. მკერდზე ბუბას პორტრეტი მისი უკვდავი ფრაზით და კიდევ მკრტიჩიანის პორტრეტი წარწერით "პუსტ პადრუგუ ტოჟე ვაზმიოტ". ალა ძალიან ეფერა, ბუბას 80 წლის იუბილეზე ჩამოვალ მეუღლესთან ერთადო. საიუბილეო კონცერტი თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ბევრ იმ ქალაქში ჩატარდება, სადაც ანშლაგებით მიმდინარეობს ხოლმე ბუბა კიკაბიძის კონცერტები.
უყვარს ბუბა კიკაბიძეს მსმენელთან ურთიერთობა. მახსოვს, ერთ-ერთ კონცერტზე დეკორაციები იყო გადასაადგილებელი, ბუბამ კორექტივები შეიტანა. მუშები გაქაფული შრომობდნენ, ბუბამ, რომ მორჩებიან, მოიტანე არაყი, ძეხვი და რაიმე მისაყოლებელიო. ასეც მოვიქეცი. არ იცით, რა დაემართათ, ბუბა რომ მათთან ერთად ჩამოჯდა სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან. მერე ერთმა უთხრა, მამაჩემს ძალიან უყვარხართ, ახლა ლოგინადაა ჩავარდნილიო. ბუბამ ვიდეოზარი გააკეთებინა და ემუსაიფა ამ კაცს, გამოჯანმრთელება უსურვა, გაამხნევა.