"ვპატიობ, მაგრამ არ მავიწყდება"
ეკა ჩხეიძე, მსახიობი:
ბავშვობაში მინდოდა...
- ძალიან მინდოდა ექიმობა, მაგრამ ქიმია-ბიოლოგიის სწავლა მეზარებოდა. მოკლედ, ექიმობა ჩემი აუხდენელი ოცნებაა.
როცა მაქებენ.....
- ყოველთვის ეჭვით ვუყურებ, რამდენად სამართლიანად მაქებენ. მსახიობზე კარგად არავინ იცის, როდის რა როგორ გააკეთა. საკუთარ თავს ყოველთვის გვერდიდან ვუყურებ, იმიტომ, რომ შეცდომის მეშინია. მომთხოვნი ვარ და ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო. ყველაზე მეტად მე ვარ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული.
პატიობ...
- პატიება და დავიწყება ჩემთვის სხვადასხვა რამეა. ვაპატიებ, მაგრამ არ მავიწყდება. რა თქმა უნდა, ეს უარესია, რადგან წლებთან ერთად ახლობელი ადამიანების რაოდენობაც შემცირდა. ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელთაც ვენდობი და მიყვარს...
მშვიდად ვარ, როცა...
- ვაკეთებ იმას, რაც მინდა. ამ დროს ვგრძნობ, რომ სულიერად კარგად ვარ და ცხოვრება მიხარია. მიხარია, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ, ჩემთან ყოფნა უნდათ, მიხარია, რომ შვილები კარგად არიან.
შეიძლება გამაბრაზოს....
- ძალიან ახლობელი ადამიანის ღალატმა, ტყუილმა... ტყუილი ჩემთვის შიშთან ასოცირდება, როცა ადამიანს სიმართლის თქმის ეშინია... მერე ასეთ ადამიანთან დისტანციას ზრდი, იმიტომ, რომ როგორიც გეგონა, არ არის ისეთი, ისეთი, რის გამოც მასთან ურთიერთობდი. ასე კარგავ ახლობლებს...
რთულ სიტუაციაში...
- ოპტიმისტი არა ვარ... უფრო თავს შევუძახებ ხოლმე, იმიტომ, რომ მქონია შემთხვევები, როცა ცუდზე ფიქრს ძალიან წავუღივარ და აღარაფერი მნდომებია. მერე ვფიქრობ, რომ ცუდ აურას ვიქმნი და ცუდზე ფიქრი ცუდ მოვლენებს იზიდავს. შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ასეც ხდება, მაგრამ რომ ვიფიქრო, დღეს ავად გავხდები-მეთქი, ასეც მოხდება. ეს ფსიქოლოგიური მომენტია... როცა დადებითს გასცემ, დადებითს იღებ, ამიტომ ვცდილობ, თავს შევუძახო...
ვნანობ....
- ისეთი ადამიანებისთვის მიწყენინებია, რასაც ძალიან ვნანობ... განსაკუთრებით, თუ რომელიმე ცოცხალი აღარ არის... ვნანობ, რომ ჩემმა უხეშად ნათქვამმა ვინმეს შეიძლება გული ატკინა და რომ იყოს ამის საშუალება, აუცილებლად გამოვასწორებდი.
დრო არის...
- რაც უკან აღარ ბრუნდება... უნდა ფეხდაფეხ მისდიო და ყოველი წუთი გამოიყენო. ამას ახლა უფრო ვხვდები...
მიუღებელია...
- მამაჩემთან ვერ მივალ და ვერ ვთხოვ, ახლა ეს როლი მინდა-მეთქი... ყველა მიცნობს და ყველამ იცის, რისი გამკეთებელი ვარ, თუ უნდათ, დამიძახებენ... თუ არა და, ამასაც გადავყლაპავ, ძნელია, მაგრამ ასეთი პროფესიაა... რბილად რომ ვთქვა, ვიღაცა ამას სხვანაირად ახერხებს, მე არ შემიძლია. არ მასწავლეს კარის ძალით გაღება, არ მასწავლეს, სადაც არ მეძახიან, იქ მისვლა.= ყველაფერსა და ყველა სფეროში დაპატიჟებას ველოდები, ამასობაში კი წლები მიდის.
მეშინია...
- მეშინია, რომ საჭირო აღარ ვიქნები... მეშინია, რომ გავიღვიძო და აღარსად მეჩქარებოდეს, არ მქონდეს საქმე.
წარმატებისთვის აუცილებელია...
- პათოლოგიურად უნდა გიყვარდეს შენი საქმე და აუცილებლად გამოგივა. ზოგს ღვთის ნაბოძები ნიჭი აქვს, ზოგი წარმატებას ვირული შრომით აღწევს, ზოგს უმართლებს. იღბალს ყველაფერში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა მოხვდე. ტყუილად არაფერი ხდება, თუ გიწერია, მოხდება...
მოხუცი რომ ვიქნები...
- განვლილი დროის ნოსტალგია მექნება. იმასაც გააჩნია, რამდენად სავსე ცხოვრებით იცხოვრებ.
ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
- პრინციპში, პატარ-პატარა წყენების გარდა, არაფერს შევცვლიდი, ოჯახიც და საქმეც იგივე მექნებოდა. მადლობელი ვარ იმისთვის, რაც დღეს მაქვს.