ჭიათურაში 40 მეტრის სიღრმის, ულამაზესი კარსტული ჭა აღმოაჩინეს
ახლახან ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში სპელეოტურიზმის მოყვარულთათვის კარგად ცნობილი მანდაეთის მღვიმის აღმომჩენმა სპელეოლოგმა გია ციცვიძემ და მისმა კოლეგამ - ლადო მუმლაძემ კიდევ ერთ, გასაოცარი სილამაზის კარსტულ სიცარიელეს მიაკვლიეს.
საექსპედიციო ჯგუფმა მოსახლეობისგან შეიტყო, რომ სოფელ სვერში, კოტიას კლდის მღვიმის სამხრეთით, 400 მეტრის მოშორებით, იყო კლდე, საიდანაც წყლის ხმა მოისმოდა და, აგრეთვე, იყო ღრმა ჩასასვლელი.
მოსახლეობა ამ ადგილს "დათას ჭას" უწოდებდა და, თურმე, ნაგავს ჰყრიდა შიგ. ამბობენ, საქონელიც ბევრჯერ ჩავარდნილა ამ "ჭაშიო". ახალგაზრდა სპელეოლოგებს ადრეც უცდიათ მასში ჩასვლა, მაგრამ სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
ერთი წლის წინ მეგობრებთან ერთად თავად დავლაშქრე ჩემი მშობლიური ჭიათურის მღვიმეები და, მახსოვს, ამ მხარეში სპელეოტურიზმის განვითარებაზეც ბევრი ვისაუბრეთ. სწორედ მაშინ დავპირდით გია ციცვიძესა და ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ამ კუთხის პოპულარიზაციისთვის ყველანი გავირჯებოდით. მას შემდეგ დააფუძნა ჩვენი მოგზაურობების მოთავემ, თამთა ჭანტურიამ არასამთავრობო ორგანიზაცია "ხვალინდელი დღე", რომლის პროექტითაც სპელეოლოგებმა ჭაში ჩაღწევა მოახერხეს.
აღმოჩენაზე სასაუბროდ პროექტის ხელმძღვანელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ გიორგი დვალაშვილს დავუკავშირდით:
- ბიჭებმა გაზომეს კარსტული ჭა და 40 მეტრის სიღრმის აღმოჩნდა. ასეთ სიღრმეზე მართლაც ვერ ჩავიდოდნენ საგანგებო აღჭურვილობის გარეშე. ასე რომ, ჩვენი პროექტი - "სპელეოტურიზმის განვითარება ზემო იმერეთში" ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს რომ არ დაეფინანსებია და ამით ეს აღჭურვილობა არ შეგვეძინა, ულამაზესი "დათას ჭა" ნაგავსაყრელად კიდევ კარგა ხანს დარჩებოდა.
მოვიძიე და ამ სპელეოობიექტის შესახებ სამეცნიერო წყაროებსა და კარსტული რელიეფის კადასტრში ინფორმაცია არაფერი აღმოჩნდა.
კარსტული ჭის ბოლოს, მღვიმეში გაედინება ნაკადი. ვვარაუდობთ, რომ კოტიას კლდის მღვიმიდან გამავალი წყლის ნაკადიც აქ უნდა გადიოდეს. ჭაში ძალიან საინტერესო ნაღვენთი ფორმები გამოჩნდა: ლამაზი სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სტალაგნატები, მიწისქვეშა ტბები, გაედინება მიწისქვეშა მდინარე. ამიტომ უახლოეს მომავალში კომპლექსურ კვლევით ექსპედიციას ვგეგმავთ: შევისწავლით ბუნებრივ გვირაბებს, აგრეთვე, გამავალ ნაკადს - სპეციალური ხსნარებით, რათა კოტიას კლდესთან დადგინდეს კავშირი.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შევისწავლით და შევაფასებთ გამავალი ნაკადის მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილს. ძალიან კარგია, რომ მოვახერხეთ ამ კარსტული რელიეფის მიწისქვეშა წარმონაქმნის ფოტოვიდეოგადაღება და მარკირება, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
თავდაპირველად მანდაეთშიც ასე არ იყო? - მხოლოდ ჭის შესახებ იცოდნენ და მერე უზარმაზარი მღვიმე აღმოჩნდა. ასე რომ, ვნახოთ, რა სიურპრიზებს დაგვახვედრებს "დათას ჭა".
ირმა ხარშილაძე (სპეცილაურად საიტისთვის)