"ვერტმფრენს მხოლოდ სიტუაციის შეფასების შემდეგ ვიძახებთ" - რატომ ვერ აქრობენ ბორჯომის ხეობაში ხანძარს? - კვირის პალიტრა

"ვერტმფრენს მხოლოდ სიტუაციის შეფასების შემდეგ ვიძახებთ" - რატომ ვერ აქრობენ ბორჯომის ხეობაში ხანძარს?

ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის ჩაქრობას სახანძრო-სამსაშველო სამსახურთან ერთად ადგილობრივი მაცხოვრებლები, სულ 100-კაციანი ჯგუფი ცდილობს. ისინი ხანძრის ირგვლივ თხრილებს აკეთებენ, რათა ცეცხლის გავრცელება შეაჩერონ.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდაპირველად ცეცხლი დღის პირველი საათისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარ ტყის მონაკვეთზე შენიშნეს. ისინი მაშინვე დაუკავშირდნენ საგანგებო სიტუაცითა სამსახურს, თუმცა ალმოდებული ტყის თავზე ვერტმფრენი დაახლოებით 4 საათის შემდეგ გამოჩნდა. ამ დროს ცეცხლი არა მხოლოდ დამწვარ მასივს, არამედ ტყის ნედლ ფართობებზე გავრცელდა. სოციალურ ქსელში ადგილობრივები აქტიურად წერენ და დაგვიანებულ რეაგირებაში საგანგებოს სიტუაციათა სამსახურს ადანაშაულებენ.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს "ფეისბუკიდან":

"ჩემ თვალწინ ათეულობით ჰექტარის ტყის მასივები იწვის. ძალიან ცუდად ვარ… არადა, მხოლოდ რამდენიმე კვადრატულ მეტრზე იქნებოდა ხანძარი, როცა საგანგებო სიტუაციათა სამსახურში დავრეკეთ. რატომ არის ასეთი უსუსური ეს სისტემა, რატომ ვერ ახერხებენ ხანძრის ლიკვიდიაციას დროულად?! ვერტმფრენი არ ჰყავთ, თუ წყალი არ აქვთ? ვინ იცის ახლა რამდენი ათეული წელი სჭირდება ასეთი ძვირფასი ტყის აღდგენას".

"მთელი ტყე როცა დაიფერფლება, ალბათ მერე გამოვა კვაჭანტირაძე ბრტყელ-ბრტყელი სტატუსებით გამოგვლანძღავს და გვეტყის, უმადურები ხართ, სამაშველო სისტემა იდეალურად მუშაობსო. თურმე ეგენი ყოფილიან გამართულები და სანიმუშოები და იმიტომ წვავენ ტყეს და ჩვენ ვართ დეზინფორმატორები".

"ფაქტია, რომ სამაშველო სისტემის ამოცანა დროული რეაგირებაა!!! თუ ამასაც ვერ ახერხებენ, ვის რაში სჭირდება ასეთი სისტემა?!"

სოციალურ ქსელში გამოთქმული ამ პროტესტის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით საგანგებოს სიტუაციათა სამსახურს, სადაც ბორჯომის ტერიტორიაზე ტყის ხანძარი დაგვიდასტურეს.

- დიახ, ნამდვილად იწვის ხსენებული მონაკვეთი. ეს გახლავთ ის ტერიტორია, სადაც აგვისტოს ომის დროს ტყის მასივი დაიწვა. პირველად ცეცხლი მხოლოდ დამწვარ ტყეს ეკიდა.  ჩვენ დაუყოვნებლივ ვიმოქმედეთ, მოვახდინეთ ათობით მეხანძრის მობილიზება, რომლებიც დაუყოვნებლივ გავიდნენ ხანძრის ჩასაქრობად.. სამწუხაროდ, ხსენებული ტერიტორია რთულად მისადგომი ფერდობებისგან შედგება, რის გამოც იძულებული ვიყავით, რომ ცოცხალ ძალას დავყრდნობოდით. უბრალოდ არ გვქონდა შესაძლებლობა ფერდობებზე ცეცხლის ჩასაქრობად სახანძრო მანქანები შეგვეყვანა.

- ხანძრის დაწყებიდან დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ, ტყის რა ფართობზეა მოდებული ცეცხლი?

- პირველადი მონაცემებით 4-5 ჰექტარი. თუმცა შესაძლოა ეს მონაცემი შემცირდეს, ან პირიქით გაიზარდოს. ცეცხლი უკვე გავრცელდა ნედლი ტყის მასივებში.

- არ შეიძლებოდა, რომ ხანძრის შეტყობისთანავე დაუყოვნებლივ გამოძახებულიყო ვერტმფრენი?

- მსგავს სიტუაციაში ვერტმფრენის გამოძახება ხდება სასაზღვრო ძალებიდან; ვერტმფრენს კი მხოლოდ სიტუაციის შეფასების შემდეგ ვიძახებთ. როდესაც ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრეებმა შეაფასეს სიტუაცია და ნახეს, რომ ცეცხლი ნედლ ტყეშიც ვრცელდებოდა, ვერტმფრენი მაშინ გამოიძახეს.

ეთერ ერაძე  (სპეციალურად საიტისთვის)